"ცოცხალი მშობლისგან წილს ვერ მოითხოვთ, შეუძლია თავისი ქონება აჩუქოს ნებისმიერს და შვილები ამას ვერ აუკრძალავენ" - რა არის სანოტარო მედიაცია
შეკითხვებს ამჯერად პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
მემკვიდრეობით მივიღე სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში ოფიციალურად გადმოვიფორმე ჩემს სახელზე. ახლა გამოჩნდა ნათესავი და მედავება, რომ ეს ქონება მისი საკუთრებაა. მან საჩივარი შეიტანა საჯარო რეესტრში და ითხოვს ქონების მის სახელზე გადაფორმებას. ამ საჩივრის გამო რეესტრში მეუბნებიან, რომ არა მაქვს ამ ქონების გაყიდვის უფლება. არადა, მყავს მყიდველი. ნათესავი, რომელიც ამდენი წელი გადაუფორმებელი ქონებით არ დაინტერესებულა, ახლა ცდილობს ფულის გამოძალვას, როგორ მოვიქცე?
- მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქონებაზე არის გარკვეული სახის შეზღუდვა/აკრძალვა. თქვენს შემთხვევაში გასარკვევი იქნება, რის საფუძველზე გედავებიან. რადგან ასეთი შეზღუდვაა, ერთადერთი გამოსავალია იბრძოლოთ თქვენი უფლების დასაცავად და თუ წარმატებით დასრულდა დავა, ამის მერე შეძლებთ ქონების განკარგვას. საქმეს რომ მოიგებთ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და დავრჩით მარტო მე და ჩემი და. ჩემს დას არ უნდა ჩვენი სოფლის სახლი, რომელიც დედაჩემის სახელზე იყო, მეუბნება შენ გქონდესო. მე ოჯახში ყველაზე უმცროსი ვარ. მყავდა ასევე მეორე და, რომელიც გარდაცვლილია, ასევე მისი შვილიც, ანუ ჩემი დისშვილი. მაინტერესებს ჩემი დის შვილიშვილს ეკუთვნის თუ არა ამ სახლიდან წილი. მისი ცოლი ითხოვს ბავშვისთვის წილს.
- კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები, (მშვილებლები). ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
დედაჩემმა ქონება აჩუქა შვილიშვილს და გადაუფორმა რეესტრით. მე, მის შვილს, წილი არ მომცა. მე რა უფლებები მაქვს? დედა ცოცხალია, შემიძლია თუ არა ჩემი წილი მოვთხოვო იმ ქონებიდან ჩემს ძმისშვილს?
- მესაკუთრე თვითონ გადაწყვეტს, როგორ განკარგოს თავისი ქონება. ცოცხალი მშობლისგან წილს ვერ მოითხოვთ. ცოცხალ ადამიანს შეუძლია თავისი ქონება აჩუქოს ნებისმიერს და შვილები ამას ვერ აუკრძალავენ. ძმისშვილისგან ვერაფერს მოითხოვთ.
ვიყავი ოფიციალურ ქორწინებაში, მეუღლე იყო უცხოელი, ხელი გვაქვს მოწერილი საქართველოში, მაგრამ ამჟამად არ ვცხოვრობ საქართველოში. ჩვენ არ გვყოლია საერთო შვილი, მას ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი. 15 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად, მეუღლე გარდაიცვალა, რაც ქონება გააჩნდა, მის სახელზე იყო. ახლა როგორ გადანაწილდება ქონება? მეუღლე ესპანეთის მოქალაქე იყო. როგორ შემიძლია ვიდავო ჩემს წილზე?
- ამ შემთხვევაში იმოქმედებს ესპანეთის კანონმდებლობა და იქაური კანონმდებლობის მიხედვით განაწილდება მემკვიდრეობა, რადგან მამკვიდრებელი იმ ქვეყნის მოქალაქეა და ქონების ადგილსამყოფელიც იქ არის.
შევარდნაძის პერიოდში ჩვენთვის საკუთრებაში გადმოცემული მიწები მთავრობამ რეკრეაციულ ზონად გამოაცხადა. მაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. როგორ შემიძლია ვიდავო?
- რეკრეაციული ზონის სტატუსი ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებ. მიწების ნაწილი ახლა შეცვლილი სტატუსითაა მთელი თბილისის მასშტაბით. თავის დროზე ეს მიწები არასწორად გაიყიდა, შემდეგ კი დაუბრუნეს ის სტატუსი, რომელიც სინამდვილეში უნდა ჰქონოდა. დაზარალებულებმა მერიას უნდა მოსთხოვოთ სხვა მიწით ჩანაცვლება ან ფულადი ანაზღაურება.
წლების წინ ვიყიდე მიწის ნაკვეთი, მაგრამ რადგან დევნილი ვიყავი, მაშინ ვერ გადავიფორმე და დარჩა ძველი მესაკუთრის სახელზე, თუმცა წლებია ჩვენ ვიყენებთ. ის მამაკაცი გარდაცვლილია, მას ერთადერთი შვილი ჰყავს, რომელიც ცხოვრობს ცხინვალში, მას არა აქვს ქართული პასპორტი, მისი თანხმობის გარეშე კი ვერ ვიმტკიცებ ქონებას. მეუბნებიან, ან პირადობა უნდა ჰქონდეს, ან თვითონ უნდა ჩამოვიდესო. მას იქ რუსული პასპორტიც კი არა აქვს. რა გამოსავალი არსებობს ასეთ დროს?
- თუ ქონება სხვის საკუთრებაში ჩანს, მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს იზამთ, სწორად გეუბნებიან. უნდა მოახერხოთ იმ პირისგან თანხმობის მიღება ქონების გადაფორმებაზე.
მაქვს კაპიტალური ავტოფარეხი, აშენებული გამგეობისა და მეზობლების თანხმობით. მერიამ დამაჯარიმა და ყადაღა დამადო, ითხოვს დავანგრიო. როგორ მოვიქცე, რომ ეს ქონება შევინარჩუნო?
- თუ უნებართვოდაა აშენებული, საფუძველი შეიძლება ეგ იყოს. უძრავი ქონების ლეგალიზება თუ არის შესაძლებელი, უნდა დააზუსტოთ მერიაში.
დედაჩემს ბანკიდან აქვს გამოტანილი სესხი, მაგრამ ბინა არ არის ჩადებული, არც დედის სახელზე. ცოტა ხნის წინ მე გადმოვიფორმე, შეუძლია თუ არა ბანკს დააყადაღოს ან გაყიდოს ეს ბინა? ვცხოვრობთ ერთად.
- თქვენს სახელზე არსებულ ბინას პირდაპირ ვერ დააყადაღებს და ვერც გაყიდის, მაგრამ შეუძლია იდავოს თვალთმაქცურ/მოჩვენებით დადებული ხელშეკრულების ბათილობაზე და სასამართლო ეტაპზე შესაძლებელია ქონების განკარგვის აკრძალვა. თუ ხელშეკრულება გაბათილდა, მერე დაედება ქონებას ყადაღა და აუქციონზეც გაყიდის აღსრულება ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში.
მინდა ბინის გაყიდვა, სადაც ჩაწერილია ჩემი არასრულწლოვანი შვილი, ისიც ბინის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში ბინის გაყიდვას შევძლებ, თუ უნდა დაველოდო მის სრულწლოვანებას?
- ბავშვის ქონების განკარგვის მოთხოვნით უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ნებართვა. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეძლებთ 18 წლამდე მისი ქონების განკარგვას. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის უფლებების შესაბამისად.
5 წლის წინ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელად დამეკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა, რაც არ გადამიხდია, ამიტომ გადავიდა აღსრულებაში, რაც ასევე დღემდე არ გადახდილა. როგორც გავიგეთ, გამოვიდა ამნისტია და ამნისტირებულ მუხლებს შორის წერია ეს მუხლიც. ხომ არ გავრცელდება ეს ამნისტიაც ჩვენზე და სად შეიძლება ამის გარკვევა, რომ ავიღოთ ცნობა და წარვადგინოთ აღსრულებაში, რათა მოიხსნას ჯარიმა.
- დიახ ვრცელდება არასაპატიმრო სასჯელებზეც. რადგან საქმე უკვე აღსრულებაშია, უნდა მიმართოთ საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დავწერე განცხადება და ვითხოვდი სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეეყვანა ჩვენი ოჯახი, რადგან ვართ უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა შემოწმების შედეგად მომივიდა მაღალი ქულები. მაინტერესებს, როგორ ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულის გასაჩივრება?
- ოჯახს, რომელიც მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება. ოჯახმა ხელახალი გადამოწმება შემწეობის მისაღებად შეიძლება მოითხოვოს ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ხელახალი გადამოწმების დროს გამოიყენება პირველადი შემოწმების წესები, პროცედურები და ვადები. ოჯახის ხელახლა გადამოწმებაზე უარის ან ხელახლა გადამოწმების დროს მინიჭებულ ქულაზე კვლავ არდათანხმების შემთხვევაში, ოჯახს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სოციალური მომსახურების სააგენტოში (ცენტრალურ ოფისში). ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოშიც.
დავა მაქვს მეზობელთან მიწის გამო, ახლობელმა მირჩია მივმართო სანოტარო მედიაციას და ის დამეხმარება სასამართლოს გვერდის ავლით ამ პრობლემის მოგვარებაში. რამდენად რეალურია ეს გზა?
- დიახ, სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. ასეთ დროს დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.
ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეები მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან და მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას. საბოლოოდ მისი დახმარებით შეთანხმებას აღწევენ. მედიაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ. თუ ამ გზას მიმართავთ, მოდავე მხარეებს აღარ მოგიწევთ სასამართლოში წასვლა. რაც შეეხება მომსახურების საზღაურს, ესეც განისაზღვრება მხარეებსა და ნოტარიუსს შორის მოლაპარაკების შედეგად. ეს არის ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი, მეორე მხარეც უნდა იყოს თანახმა, რომ ნოტარიუსმა გადაწყვიტოს დავა. მედიატორი ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და ეხმარება შეთანხმების მიღწევაში; დაცულია კონფიდენციალურობაც - ნოტარიუსს არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციისას გახდა ცნობილი; მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება. დავის მოგვარების შემდგომ ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით. ამ დოკუმენტით განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობანი.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები