ხვი-ჩაო ნაპოლი! Allez Kvara! - კვირის პალიტრა

ხვი-ჩაო ნაპოლი! Allez Kvara!

იტალიურ ენაზე ჩიაო სალამსაც ნიშნავს­ და დამშვიდობების დროსაც გამოიყენება. 2022 წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიამ ისეთი ხმაურიანი "ჩაო" უთხრა იტალიურ ფეხბურთს, არა მხოლოდ ნეაპოლელი ტიფოზები და მთელი საქართველო, იტალიის სერია A და ჩემპიონთა ლიგაც აალაპარაკა, "ნაპოლის" 33 წლის განმავლობაში ნანატრი სკუდეტო მოაგებინა და წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა!

ნეაპოლში გატარებული ორ-ნახევარი წლის შემდეგ კვარა "ნაპოლიდან" წავიდა. დატოვა მარადონას ქალაქი, ბევრი სასიამოვნო მოგონება და გულდაწყვეტილი­ ტიფოზები... ნაწყენებიც. ზოგიერთი ძალიან გაბრაზებულიც - აქაოდა, მაღალ ხელფასში­ გაგვცვალაო (დაბალი არ უხსე­ნებიათ!),­ შუა სეზონში როგორ მიგვატოვაო და სხვ. თუმცა მჯერა, რომ ნეაპოლელი ყოველთვის მადლიერი იქნება ბიჭის, რომელიც მისთვის სადებიუტო წელს გახდა იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც ბოლომდე გადაიყვანა ჭკუიდან ფეხბურთზე ისედაც შეშლილი ნაპოლიტანები და სამხრეთ იტალიის უდიდეს ქალაქს 33 წლის განმავლობაში ნანატრი სკუდეტო დაუბრუნა! ხვიჩამ წარმატება დააბრუნა ნეაპოლში.­ გულშემატკივარს ძველებური, ნამდვილი,­ ლაღი ფეხბურთი გაახსენა.­ პირველივე წელს ნამდვილი ფურორი მოახდინა იტალიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა­ ლიგაზე. გაიტანა და თანაგუნდელებსაც გაატა­ნინა ბევრი გოლი, რამდენჯერმე­ გახდა­ თვის საუკეთესო მოთამაშე... იტალიურ­ მედიაზე­ ახალი რა უნდა ვთქვათ, მაგრამ საერთა­შორისო გამოცემებიდანაც ერთიც არ დარჩენილა, კვარაცხელიას გვარი არ ეხსენებინოს.

წარმატებას არ შეუცვლია: ისეთივე­ წესიერი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე ფეხბურთელია, საქართველოს ჩემპიონატში­ რომ იყო. ხვიჩა არ შეცვლილა, მაგრამ არ შეცვლილა "ნაპოლიში" მისი ხელფასიც - მესამე წლის ბოლოსაც ისეთივე ანაზღაურებას იღებდა, რამდენსაც 2022 წელს, როცა ნეაპოლურმა კლუბმა 10 მილიონ ევროდ შეიძინა... მესამე წლის ბოლოსაც, გუნდის ერთ-ერთ (თუ ყველაზე არა!) საუკეთესო მოთამაშეზე მეტი ხელფასი ჰქონდა ყველას - სათადარიგო ფეხბურთელებს, ახალწვეულებს, ლამის დამლაგებლებსაც კი... ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფულზე, რომელიც სულაც არ არის მთავარი ხვიჩას ცხოვრებაში - დაუფასებლობაზეა, ფაქტობრივად, დამცირებაზეც კი!

ცხადი იყო, კვარა "ნაპოლიში" აღარ დარჩებოდა და წავიდა კიდეც: "ნაპოლიმ" 70 მილიონი ევრო და ბონუსები მიიღო, ხვიჩამ - "პარი სენ ჟერმენთან" 4,5-წლიანი­ კონტრაქტი, 7-ნომრიანი მაისური და წლიურ ხელფასად 9 მილიონი ევრო...

მაგრამ კვარას ნამდვილად უყვარდა და უყვარს ქალაქიც, კლუბიც, გულშემატკივარიც და ისე ვერ წავიდოდა, ეს არ ეთქვა. აკი თქვა კიდეც გამოსამშვიდობებელ ვიდეორგოლში, რომელიც ემოციურიც გამოდგა და დამაინტრიგებელიც - მოვა დრო, და ყველაფერს მოგიყვებითო, უთხრა ქართველმა ნეაპოლელებს:

5-1737312936.jpeg

"...მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. "ნაპოლი" ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდით. არასდროს დამავიწყდება პირველი გოლი და განცდები, ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი... ჩემთვის ძალიან საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა ვუთხრა კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და რაც მთავარია, თქვენ - გულშემატკივრებს! გემშვიდობებით, მაგრამ ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია, კიდევ შევხვდებით.

ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატება გისურვოთ... აქ მოვედი როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა, ახლა კი აქაურობას ვტოვებ როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ნახვამდის, "ნაპოლი".

გაბრაზებული ხალხი ვახსენეთ და, იქნებ ზემოთ აღნიშნულის გამო ყველაზე ნაწყენი სწორედ ხვიჩა უნდა იყოს, რომელსაც არც თავი დაუზოგავს, არც სტატისტიკა და არც მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონია წინა წლებზე უარესი. და თუ ისეთივე შედეგიანი და ფეერიული არ ჩანდა, როგორც წინა წელს, ამის მიზეზები ნეაპოლელთა მწვრთნელებში, თანაგუნდელებში, ტაქტიკურ დავალებებში, კლუბის პრეზიდენტ დე ლაურენტისის დამოკიდებულებაში უფრო უნდა ვეძებოთ!

არასდროს დაზარებია უკან ჩასვლა და დაცვის ხაზისთვის დახმარება, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ არასწორია ხვიჩას მონაცემების ფეხბურთელის ლამის საკუთარ საჯარიმოსთან ჩაწევა. ის სულ უნდა უტევდეს, თავისუფლად თამაშობდეს, მეტოქის მცველებს ახვევდეს თავბრუს, მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მისასვლელად 60 მეტრის გარბენა არ უწევდეს...

იმედია, "პარი სენ ჟერმენში" სწორედ ასეთი თავისუფლება ექნება და სწორედ მაშინ ვნახავთ „ნამდვილ“ ხვიჩას: ლაღს, ტექნიკურს, ღიმილიანს, მხოლოდ მეტოქის კაზე დაგეშილს... ნამდვილ ვარსკვლავს, მაგრამ, იმავდროულად, ჯერაც პატარა ბიჭს, რომელიც კიდევ უფრო მიუახლოვდა თავისი (და ქართველი ქომაგის) დიდი ოცნებების ასრულებას, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ შემთხვევით არ აცვია მაისური, არც ისე დიდი ხნის წინ პარიზულ კლუბში კილიან მბაპეს რომ ეცვა!

4-1737312936.jpeg

დიდ კლუბში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს უთამაშია - ასაკით კვარაზე­ დიდებს, უფრო გამოცდილებს, შესაძლოა უფრო ნიჭიერებსაც, მაგრამ... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ მათგანს არ დახვედრიან ასე პომპეზურად, ასეთი მოლოდინით...

კვარა გასული კვირის ბოლოს ჩავიდა პარიზში, დეტალური სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა, კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, ახალი კლუბის მაისურით ფოტო/ვიდეოკამერების ობიექტივის წინ პოზირებაც მოასწრო და პსჟ-ს ტელევიზიისთვის მცირე ინტერვიუს მიცემაც. აი, ინტერვიუს მთავარი მომენტები:

"...პსჟ-ს მაისურის მორგება დიდი პატივია ჩემთვის. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც „პარი სენ ჟერმენში“ გადმოსვლის შანსი მომეცა, დიდხანს არ მიფიქრია. ბედნიერი ვარ... ლუის ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ვიცი, რომ მისგან ბევრს ვისწავლი. ბედნიერი ვარ, რომ მის გუნდში ვითამაშებ. მინდა ახალ მიზნებს, გამოწვევებს, ოცნებებს შევეჭიდო. მინდა უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და გუნდს უმაღლესი შედეგების მიღწევაში დავეხმარო... ფაბიან რუისთან ერთად "ნაპოლიში" მითამაშია. ვიცნობ დონარუმასაც, რომელსაც პარიზში გადმოსვლამდეც ველაპარაკე. პსჟ-ს შთამბეჭდავი ბაზა აქვს. აქ ყველაფერია იმისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პროგრესი რომ განიცადონ... მოუთმენლად ველი პარიზელ გულშემატკივრებთან შეხვედრას, დადებითი ემოციების გაზიარებას. მალე შევხვდებით!"

დიახ, იმაზე სწრაფადაც კი, ვიდრე წარმოგვედგინა, შესაძლოა კვარამ უკვე ამ კვირაში ითამაშოს - 25 იანვარს პსჟ-რეიმსია... რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას, ჯგუფური ეტაპის განაცხადი ვეღარ შეიცვლება და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპის დარჩენილ ორ მატჩში ("მანჩესტერ-სიტის" და "შტუტგარტის" წინააღმდეგ) ხვიჩა ვერ ითამაშებს. თუმცა, თუ "პარი სენ ჟერმენი" მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს, პლეი-ოფის მატჩებში კვარაცხელიასაც­ ვნახავთ.

საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე მიესალმა­ ხვიჩას, თანაც ქართულად: "კეთილი იყოს შენი ფეხი საფრანგეთში. საქართველოს ქუჩებიდან პარიზის გულში. ხვიჩა კვარაცხელია აქ არის", - დაწერა "ლიგა 1"-ის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა. თავის­ მხრივ, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებას ზედიზედ რამდენიმე პოსტი მიუძღვნეს სოცქსელებში პსჟ-ს ოფიციალურმა გვერდებმა და ქართველი მომხმარებლებისგან უკვე ტრადიციად ქცეული განსაკუთრებული აქტიურობაც დაიმსახურეს. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლის მსგავსად, ახლა საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ვნახავთ ქართველ ტურისტთა და გულშემატკივართა­ კიდევ უფრო დიდ ჯგუფებს.

პარიზი ნეაპოლზე გაცილებით დიდი და ჭრელი ქალაქია - მილიონობით ადგილობრივი მცხოვრებითა და კიდევ უფრო მეტი ტურისტით. სამხრეთ იტალიის ქალაქთან (სადაც, უმეტესწილად, იტალიური და ნეაპოლური ლაპარაკი ისმის) შედარებით, პარიზი ბევრად დიდი, მრავალფეროვანი და მრავალეროვანი ქალაქია. საფრანგეთის დედაქალაქშიც და მისი მთავარი კლუბის სტადიონზეც გაცილებით რთული იქნება ყურადღების მიქცევა, თუმცა... ეჭვი არავის შეეპაროს: ამას ქართველი გულშემატკივრებიც შეძლებენ და ახლა უკვე "პარიზის მთავარი ქართველი" - ხვიჩა კვარაცხელიაც!

ნეაპოლში კვარა საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, მყისიერი საყოველთაო აჟიოტაჟის გამო ქუჩაში თავისუფლად სიარულსაც ვერ ახერხებდა... უზარმაზარ პარიზში კი ქართველი ბიჭი გაცილებით "შეუმჩნეველი" და თავისუფალი იქნება...

ასე რომ, მიეცი ქართველს ბურთი, მიეცი თავისუფლება და... დანარჩენი თვითონ იცის!

ხვიჩა კვარაცხელია კარიერის ახალ ეტაპზეა. ახლა მას მხოლოდ ნდობა, ბევრი სათამაშო დრო და იღბალი სჭირდება. დანარჩენი ყველაფერი აქვს...

ჩაო, "ნაპოლი"! Bonjour Paris! Allez Kvara!