"საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის"
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ევროპას, უკრაინას, რუსეთს, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, 20 იანვარი აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეც დადგა. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი არაპროგნოზირებად პოლიტიკოსად მიიჩნევა, ეს გარემოება დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში.
რაა იმის მიზეზი, რომ თავად ამერიკაშიც საკმაოდ დიდი ნაწილია შეშფოთებული ტრამპის არჩევით და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც?
- აშშ-ს საზოგადოების ნაწილშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეშფოთების მთავარი მიზეზია ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რაც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან სახიფათოდ ჩანს. ასეა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში არის მსოფლიო კონფლიქტი დასავლეთსა და ჩინეთის მოკავშირეებს შორის. როგორც „ცივი ომის“ დროს იყო. ჩამოყალიბებულია ორი ბანაკი და შეიძლება ითქვას, რომ მეორე „ცივი ომი“ უკვე მიმდინარეობს.
ასეთ სიტუაციაში ამერიკის, როგორც დასავლეთის მთავარი სამხედრო და ეკონომიკური ძალის მქონე ქვეყნის იზოლაციონიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა და შეშფოთებას იწვევს ევროკავშირშიც, ბრიტანეთშიც და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც აშშ-ს პარტნიორები არიან. ისეთ ურთულეს ვითარებაში, როცა დასავლეთსა და ჩინეთისა და მის მოკავშირეებს შორის აქამდე არნახული მასშტაბის კონფლიქტია, შესაძლოა, დასავლეთმა დაკარგოს ინიციატივა.
მათ შორის ურთულეს და ახლა უმწვავეს უკრაინის საკითხში. ასევე ევროკავშირს, ევროკავშირის უსაფრთხოებას. ასევე პრობლემური იქნება ეკონომიკური უთანხმოება აშშ-სა და ევროკავშირს შორის.
ტრამპი ტარიფების გაზრდას გეგმავს არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ასევე კანადასაც ემუქრება ტარიფების გაზრდით და სხვა მის მოკავშირეებს.
- დიდი მოლოდინი და ინტერესი არსებობს შვეიცარიაში დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით. არავინ იცის, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ისინი.
ბევრი თვალსაზრისით ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ჰგვანან. ტრამპი პატივს არ სცემს მსოფლიოში დადგენილ წესებს, იგი ხშირ შემთხვევაში არღვევს ძველ წესებს და ქმნის საკუთარს.
ტრამპის მსგავსად არც პუტინი აღიარებს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დადგენილ წესებს, მათ შორის საერთაშორისო სამართალის პრინციპებსა და ნორმებს....
- ტრამპის მსგავსად პუტინიც იზოლაციონისტია. საქმე ისაა, რომ აშშ-ში მოვიდა იზოლაციონისტი პრეზიდენტი, იზოლაციონისტი პრეზიდენტი პუტინი ისედაც იყო.
პუტინმა პოლიტიკური სახე მაშინ შეიცვალა, როცა კრემლმა მთავარ პრობლემად უკრაინა მიიჩნია და ყირიმი და დონბასი დაიკავა.
მანამდე პუტინი იზოლაციონისტი არ იყო და პოზიციონირებდა, როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსი.
- კი პოზიციონირებდა პროდასავლელ პოლიტიკოსად, მაგრამ რამდენად იყო პროდასავლელი, ეს კიდევ სხვა საკითხია...
- პროდასავლელი იმ თვალსაზრისით იყო, რომ რუსეთი შედიოდა G8-ში, რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა იყო მიმართული იმაზე რომ ხორციელდებოდა დასავლეთის ეკონომიკასთან და დასავლურ სამყაროსთან მაქსიმალური ინტეგრაცია.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთში ძალოვნები გახდნენ მთავარი პოლიტიკური ძალა, ლიბერალები და ლიბერალური ეკონომიკის გამტარებელი ძალები დასუსტდნენ, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მოხდა ცვლილებები.
- ტრამპის განცხადებებს არჩევნებამდე ვადევნებდით თვალს. თუ იგი პუტინს რუსეთთან და უკრაინის საკითხში ევროპის ლიდერებთან შეუთანხმებელი პოზიციების ესაუბრა და შესაბამისი პოლიტიკა გაატარა, ტრამპი ბევრი თვალსაზრისით დაემსგავსება სსრკ-ს ბოლო ლიდერს გორბაჩოვს.
გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ დაშალა სსრკ, რასაც პუტინი მისტირის. თუ ტრამპმა ისეთივე ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, როგორც თავის დროზე გორბაჩოვმა, ეს რა საფრთხეებს შეუქმნის აშშ-ს?
- ტრამპი გორბაჩოვს იმ მხრივ ჰგავს რომ სსრკ დაღლილი იყო ომებით და სსრკ-ს საშუალო ფენა იყო ძალიან უკმაყოფილო, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად ვერ ვითარდებოდა.
აშშ, დაწყებული ბუში უმცროსისგან 20 წელი ომობდა ერაყში, ავღანეთში, ტრილიონები დახარჯეს, ბევრი ჯარისკაცებით დაეღუპათ. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ამერიკის დეინდუსტრიალიზაცია.
ამ პროცესმა დაარტყა საშუალო ფენას. აშშ-ს საზოგადოების მთავარი დასაყრდენი სწორედ საშუალო ფენაა. აშშ-ში ომებით უკმაყოფილობა და დაღლილობა დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც აშშ-ში ტრამპი გახდა პოპულარული ფიგურა.
ახლა აშშ-ში იმას ამბობენ, რასაც სსრკ-ს დროსაც ხალხი ამბობდა - რად გვინდა აფრიკისა და სხვა ქვეყნებს რომ ვეხმარებით. ახლა ტრამპი ამბობს პრაქტიკულად იმავეს და ამას ეფუძნება მისი იზოლაციონიზმი. აშშ-ს კონსერვატიული ამომრჩეველი თვლის, რომ ის არის ნამდვილი ამერიკელი, - ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მსოფლიოში რა ხდება და ჩვენმა პრეზიდენტმა უნდა მოუაროს თავის ქვეყანას.
განსხვავება იმაში, რომ სსრკ-ს არ ჰქონდა ისეთი ეკონომიკური ბერკეტი, როგორიც დოლარის არსებობაა. ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შინაარსი ასეთია - ამერიკის რეინდუსტრიალიზაცია, ქარხნები უნდა დაბრუნდნენ ამერიკაში და ამისთვისაცაა საჭირო სხვა ამერიკული ფინანსებით სხვა ქვეყნების წარმოებულ საქონელზე ტარიფების აწევა.
აშშ ისედაც პირველი ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ, ტრამპი უარყოფს, ე.წ. მწვანე ეკონომიკას, თვლის რომ ნავთობი არის აშშ-ს უპირატესობა, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ამერიკამ უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება. ეს კი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.
ტრამპი ამბობს, რომ ინვესტიციები უნდა დაბრუნდეს განვითარებადი ქვეყნებიდან ისევ აშშ-ში. ამერიკული ინვესტიციებით ბევრმა ქვეყანამ ისარგებლა და საკმაოდაც გამდიდრდა. ტრამპს უნდა ფული და ამერიკული წარმოებები დააბრუნოს ამერიკაში.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ბევრი, მათ შორიც თქვენც ვარაუდობთ, რომ ტრამპის მეორე ვადის პერიოდი იქნება „ძველი მსოფლიო“ წესრიგის განადგურების ეპოქა.
ეს როგორ ჯდება აშშ-ს პოლიტიკაში უკრაინის საკითხში რუსეთის მიმართ პოლიტიკაში და რა ფორმა შეიძლება მიიღოს მან?
- ტრამპი ანადგურებს გლობალიზმის პოლიტიკას. გლობალიზმი დაიწყო მაო ძე დუნთან ნიქსონის ვიზიტით აშშ მიერ გლობალისტური პოლიტიკის გატარებით.
ამერიკულმა ფირმებმა ჩინეთში მიუხედავად იმისა დაიწყეს საქმიანობა, რომ ჩინეთს კომუნისტები მართავდნენ. ახლა ტრამპი დეგლობალიზაციის პოლიტიკის ლიდერია მსოფლიოში.