"როგორ შეუძლია ევროპას, "ფონ დერ ლაიენის წყევლა" მოიხსნას და რა გავლენას მოახდენს ის "ბრექსიტის წყევლის" მოხსნაზეც?" - რას წერს Financial Times!
ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 20 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „როგორ შეუძლია ევროპას, „ფონ დერ ლაიენის წყევლა“ მოიხსნას“ (ავტორი - მარკ დე ვოსი, ბრიუსელში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის - Itinera-ს დირექტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ყველამ ვიცით, რისი გაკეთებაცაა აუცილებელი, მაგრამ ხშირად არ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ“, - თქვა ჟან-კლოდ იუნკერმა ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა იგი ევროპის კომისიის პრეზიდენტი იყო. იმ დროს მის ნათქვამს „იუნკერის წყევლა“ უწოდეს.
გადმოვინაცვლოთ 2025 წელში: ევროპისათვის „იუნკერის წყევლა“ ახლებურად ასე გამოიხატება - „ევროპელმა პოლიტიკოსებმა იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ არ იციან, რისი გადახდა როგორ მოუწევთ“. დავარქვათ ამას „ფონ დერ ლაიენის წყევლა“ - ევროპის კომისიის დღევანდელი პრეზიდენტის სახელი.
გასული წლის ბოლოს სამი დიდი მოხსენება გამოქვეყნდა: როგორც იტალიის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ენრიკო ლეტა და მარიო დრაგი, ასევე, ფინეთის ექსპრეზიდენტი საული ნიინისტე თავიანთ ნაშრომებში მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, რომ უფრო მეტად გააღრმავონ საბაზრო ინტეგრაცია, სტიმულირება გაუწიონ ინოვაციებს და ინვესტიციებს კრიტიკულ სექტორებში და ტექნოლოგიურ სფეროებში, ასევე, მეტი თავისუფლება მიენიჭოთ ევროკავშირის წევრებს, რომ ისინი კრიზისებსა და კონფლიქტებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ.
პრინციპში, მოხსენებები ძალიან კარგ მოწოდებებს და იდეებს შეიცავენ. მათი მიზანი ევროკავშირის განვითარებაა, მაგრამ... აყვავებისაკენ, გაძლიერებისაკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ სწრაფვას თავისი უპრეცედენტო ფასი აქვს: მარიო დრაგის გათვლებით, ევროკავშირს მოუწევს დამატებით 800 მილიარდი ევროს ხარჯვა ყოველწლიურად. იბადება კითხვები: სად მოძებნის ევროკავშირი ამდენ ფულს? როგორ შეუძლია ბრიუსელს ხარჯების ასეთი მასშტაბით მობილიზება საერთო პრიორიტეტების მხარდასაჭერად და არა - ვიწრო ეროვნული ინტერესებისათვის?
ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნებოდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის სქემების მასშტაბური აწყობა, ბანკების მონაწილეობით, მაგრამ ამ საკითხის კოორდინირება ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის წარმოუდგენელია. უბრალო მაგალითი - ისინი უკრაინის ელემენტარულ დახმარებაზე ვერ შეთანხმებულან, ახლა კი მათთვის დამატებითი უზარმაზარი ხარჯები როგორ რეაქციას გამოიწვევს?!
რასაკვირველია, თანხების მოზიდვა შეიძლება გადასახადების მომატებით. შესაძლოა, უფრო მეტი თანხისაც, ვიდრე მოხსენებებშია გამოთვლილი, მაგრამ გადასახადების მომატება ზიანს მიაყენებს თვით ევროკავშირის ეკონომიკას...
რჩება კიდევ ერთი საშუალება - ვალის აღება. მაგრამ ევროკავშირში მკაცრი ფინანსური დისციპლინა სუფევს - სტრატეგიული ინვესტიციებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის წინასწარ დაგეგმვა რთული და არაპოპულარულია, ევროპის კომისია ვალდებულია, თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან მოილაპარაკოს. საერთო ევროპული ვალი, რომელიც ბრიუსელიდან იქნება ნაკარნახევი, წევრი ქვეყნებისათვის ერთგვარი „პოლიტიკური რუბიკონად“ იქცევა, რომლის გადალახვას ბევრი ვერ გაბედავს და არც მოისურვებს.
ევროკავშირს არა მარტო მცირე რესურსები აქვს, არამედ, მან არ იცის, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად დახარჯოს ის, რაც აქვს. ფინანსური პროცესები გაჭიანურებულია, მრავალჯერადი შემოწმებებით და - არცთუ ისე გამჭვირვალე. ამასთან, ევროკავშირს უწევს კონკურენცია ჩინეთთან, რუსეთთან და აშშ-სთან, თუმცა ახლავე ჩანს, რომ ბრიუსელი ვერ უმკლავდება პეკინთან, მოსკოვთან და ვაშინგტონთან მეტოქეობას. ამასთან, რეალობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში, ერთმანეთისაგან განსხვავებით, დაწინაურებულები არიან და მათ მეტი გამოცდილება აქვთ, მაგალითად, პოლონეთს - თავდაცვის სფეროსათვის თანხების გამოყოფაში. ერთი შეხედვით, ამგვარი გამოცდილება არასაკმარისია, თუმცა გზის პირველმკვალავის დამსახურება მაინც მნიშვნელოვანია და მისაბაძი.
როგორ შეუძლია ევროკავშირს „ფონ დერ ლაიენის წყევლის“ მოხსნა?
აი, მოკლე რჩევა-დარიგებები ევროპის კომისიისათვის:
მიეცით უფლება სახელმწიფოებს, გაერთიანდნენ თავიანთი ინტერესების შესაბამისად; დაივიწყეთ ევროპული ბაზრის ძველი დანაწილება და შიდაევროპული სახელმწიფოებრივი დახმარებები, რაც ხელს უშლის საკუთარი ინიციატივების გაფართოებას; დაივიწყეთ გადაწყვეტილების მიღების დღევანდელი მექანიზმი, რომელიც ხშირად ბლოკავს ევროკავშირის მოქმედებებს და ამის ნაცვლად შექმენით სივრცე სპეციალური შეთანხმებებისათვის, ბლოკის საერთო სტრატეგიის ჩარჩოებში;
და ბოლოს, დაივიწყეთ ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა და „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს შორის განსხვავებები - მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს სწორი გეოპოლიტიკური კოალიცია, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება. სხვათა შორის, ევროკავშირმა კოალიცია უნდა შექმნას დიდ ბრიტანეთთანაც, ვთქვათ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
სხვათა შორის, „ფონ დერ ლაიენის წყევლის“ მოხსნა კეთილ და პოზიტიურ გავლენას მოახდენს „ბრექსიტის წყევლის“ მოხსნაზეც.
მოამზადა სიმონ კილაძემ