თუკი ტრამპი პანამას არხის, ხოლო დანიას გრენლანდიის წართმევას დაუპირებს,მაშინ რითი განსხვავდება ის საქართველოსა და უკრაინაში შემოჭრილი პუტინისგან? - კვირის პალიტრა

თუკი ტრამპი პანამას არხის, ხოლო დანიას გრენლანდიის წართმევას დაუპირებს, მაშინ რითი განსხვავდება ის საქართველოსა და უკრაინაში შემოჭრილი პუტინისგან?

ტრამპმა დაიწყო თავისი დანაქადის შესრულება, როდესაც მისი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის წინ, მსოფლიოს ირონიულად მიმართა - არ გამორთოთ ტელევიზორები, პრეზიდენტად დაბრუნების პირველსავე დღეს ძალიან ბევრ ახალ რამეს შეიტყობთო...

მართლაც, უკვე ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, მეორე ნახევარში, კვლავ გაპრეზიდენტებულმა დონალდ ტრამპმა მოასწრო წინამორბედის, ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის რვა ათეულამდე კანონისა და ბრძანებულების გაუქმება და როგორც ჩანს, ასეთივე ტემპით აპირებს განახლებულ ოვალურ კაბინეტში მუშაობის გაგრძელებას...

მაგრამ ბაიდენის ბრძანებულებების „გადახევის“ გარდა, აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ იმეორებს იმას, რითაც რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, ხოლო პანამისა და დანიის მთავრობები და მოსახლეობაც ძალზე გააღიზიანა და აღაშფოთა...

პანამის არხი ისევ ამერიკამ უნდა დაიბრუნოს, დანიას კი ვურჩევ, გრენლანდია კარგ ფასში დაგვითმოს - პრეზიდენტ ტრამპის ასეთ ღია მოწოდებას არ შეიძლება არ გამოეწვია საპასუხო რეაქცია პანამასა და დანიაში.

თუკი დანიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უპასუხა ტრამპს, რომ გრენლანდია არ იყიდება, პანამელების პასუხი კიდევ უფრო ხისტი იყო - არხი პანამას ეკუთვნის და მასზე კონტროლის გადაცემა სხვა ქვეყანაზე გამორიცხულიაო...

2-pan-1737456828.jpg
81,6 კმ-იანი პანამის არხი წყნარ და ატლანტის ოკეანეებს მოკლეზე აკავშირებს...

განა ტრამპს ცოტა პრობლემა აქვს მოსაგვარებელი ჯერ უშუალოდ აშშ-ში თუ სხვა მიმდინარე კონფლიქტებში, რომ თავად იწყებს ორი ახალი დაძაბულობის კერის შექმნას?

81,6 კმ სიგრძის პანამის არხი ერთმანეთს მოკლეზე აკავშირებს წყნარი ოკეანის პანამის ყურესა და ატლანტის ოკეანის კარიბის ზღვას, რაც გემებს საშუალებას აძლევს, აღარ შემოუარონ სამხრეთ ამერიკის კონტინენტს, რამაც საზღვაო გზა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე 22,5 ათასი კმ-იდან 9,5 ათას კმ-მდე შეამცირა.

პანამაზე არხის გაჭრის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყო, სანამ 1904 წელს საქმეს აშშ-ის სამხედრო სამინისტრო არ ჩაუდგა სათავეში და ათ წელში არ დაამთავრა არხის გაჭრა, რაც, საერთო ჯამში, მაშინდელი 400 მლნ დოლარი დაჯდა, სამუშაოებში 70-ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

პირველმა გემმა პანამის არხი 1914 წლის 15 აგვისტოს გადაკვეთა და მას შემდეგ სწორედ აშშ გახლდათ პანამის არხის მთავარი ექსპლუატანტი.

1977 წელს, აშშ-ისა და პანამის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ არხი 2000 წელს სრულად გადავიდოდა პანამის იურისდიქციის ქვეშ, რაც კიდევაც განხორციელდა.

დღეს პრეზიდენტი ტრამპი ამას უდიდეს შეცდომად თვლის და მიიჩნევს, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს აშშ-ის „ფრთებქვეშ“, რადგან ჩინურმა კომპანიებმა დიდი ფინანსური ინვესტიციები ჩადეს პანამის არხის მოდერნიზებაში და მალე ის შეიძლება, საერთოდ, პეკინის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც აშშ-ის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ემუქრება.

მსოფლიოში უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე ნორვეგიელი ვიკინგები ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში გადასხდნენ, თუმცა გრენლანდიის ხელახალი კოლონიზაცია მე-18 საუკუნეში დანიამ დაიწყო.

1953 წელს გრენლანდიას მოეხსნა კოლონიის სტატუსი და დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი გახდა, ხოლო 1979 წელს მიიღო ფართო ავტონომია შიდა და არა - საგარეო საქმეებში.

დანიის ნატოს წევრად გახდომის შემდეგ, 1951 წელს, აშშ-მა და დანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გრენლანდიის კუნძულის ერთობლივ თავდაცვაზე და იქ ორი მსხვილი ამერიკული სამხედრო ბაზა შეიქმნა.

ამერიკელებმა დანიელებს გრენლანდიის მიყიდვა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შესთავაზეს და 100 მლნ დოლარის გადახდას დაჰპირდნენ, რაც მაშინ საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ, მაგრამ დანიამ უარით გამოისტუმრა.

ტრამპს ჯერ არ გაუმჟღავნებია, თუ რა თანხის შეთავაზებას აპირებს დანიისთვის გრენლანდიის მიყიდვაზე, მაგრამ შემთხვევითი სულაც არ არის ის, რომ ამერიკელებს ასე აღელვებთ გრენლანდიაზე თავისი სრული იურისდიქციის დამყარება.

alada-1737456880.png
გრენლანდიის კუნძულზე არსებულ ტულეს სამხედრო ბაზას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია აშშ-ისთვის რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების მასობრივი სტარტის ადრეულად აღმოსაჩენად...

საქმე ის არის, რომ სწორედ გრენლანდიაზე გადის ის უმოკლესი მარშრუტი, რომლითაც ჩრდილოეთ პოლუსზე გავლით შეიძლება სტრატეგიული ბირთვული დარტყმების მიყენება, ბალისტიკური რაკეტებითა და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებით, როგორც ჩრდილოეთ ამერიკიდან რუსეთზე, ისე - რუსეთიდან აშშ-ზე.

გრენლანდიაში მოქმედებს ტულეს მსხვილი ამერიკული საჰაერო ბაზა, აგრეთვე, აშშ-ის კოსმოსური ძალების ანტისარაკეტო ბაზა, რომელზეც განთავსებულ მძლავრ ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორს შეუძლია, რამდენიმე ათას კმ-ის დაშორებით ადრეულად აღმოაჩინოს სტარტაღებული რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური „ტოპოლები“ და „იარსები“...

ისევე, როგორც პანამის არხს, გრენლანდიასაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია აშშ-ის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, რის გამოცაა, რომ ტრამპს ასე სწადია ორივე მათგანის ხელში ჩაგდება, ან შესყიდვის გზით, ან კი...

მეორე გზა კი შეიარაღებული დაპირისპირებაა, რაც ტრამპის წინამორბედს, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსს ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს, როდესაც ამერიკელი მოქალაქეების დაცვისა და „დემოკრატიის აღდგენის“ მოტივით, 1989 წლის 20 დეკემბერს აშშ-ის არმიამ პანამაში შეჭრა განახორციელა...

თუკი ტრამპი პანამას არხის, ხოლო დანიას - გრენლანდიის წართმევას დაუპირებს, მაშინ რით განსხვავდება ის საქართველოსა და უკრაინაში შემოჭრილი პუტინისგან?

ან როგორ მოსთხოვს ამის შემდეგ ტრამპი პუტინს უკრაინის დატოვებას?