"პრეზიდენტო პუტინო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორბანისტანში" - "რუსეთის ღია, თუ ფარული იმპერიული პოლიტიკის გატარების დასაბუთება/გამყარებისთვის "კრ - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტო პუტინო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორბანისტანში" - "რუსეთის ღია, თუ ფარული იმპერიული პოლიტიკის გატარების დასაბუთება/გამყარებისთვის "კრემლმა" ისტორიის გადაწერა/გაყალბება დაიწყო"

2015 წლის 17 თებერვალი ვლადიმერ პუტინისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო: რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვია. სწორედ უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა, სადაც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის, 2014 წლის ივლისში მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფისა და ევროკავშირის მიერ ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ პუტინი მიიწვიეს. ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი უნგრეთში დიდი სკანდალი ატყდა, რაც რუსეთში ვითომ ვერ შეამჩნიეს.

„ჰიბრიდული ომის“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი იარაღია ისტორია, უფრო ზუსტად: ისტორიიული ფაქტების გაყალბება და შემდეგ დეზინფორმაციისთვის გამოყენება. პუტინის რეჟიმის გაძლიერებას თან მძლავრი „იდეოლოგიური დივერსია“ მოჰყვა: რუსეთის ღია, თუ ფარული იმპერიული პოლიტიკის გატარების დასაბუთება/გამყარებისთვის „კრემლმა“ ისტორიის გადაწერა/გაყალბება დაიწყო. რუსეთის დიქტატორის დავალებით საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ისტორიის სახელმძღვანელოებში ფაქტები ისე შეცვალეს, როგორც მოსკოვს აწყობდა და უკვე წლებია ასე ზრდიან მომავალ თაობას.

რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა დიდი ხანია, ფარულად და ღიად, გართულებული იყო არა იმდენად იმ ფაქტით, რომ მეორე მსოფლიო ომში უნგრელები გერმანიის მხარეს იბრძოდნენ, არამედ, 1956 წლის მოვლენებით, როდესაც საბჭოთა ჯარებმა სისხლით მორწყეს უნგრეთის ქალაქები: მაშინ დაიღუპა სამი ათასამდე და დაიჭრა დაახლოებით 19 ათასი უნგრელი. ოკუპანტი საბჭოთა ჯარების ზარალმა შეადგინა: 811 მოკლული და 1,5 ათასი დაჭრილი. უნგრელებისთვის 1956 წლის ოქტომბერ-დეკემბერი ისეთივე მძიმედ გასახსენებელი ტკივილია, როგორც ქართველებისთვის 1921 წლის თებერვალი და 1989 წლის 9 აპრილი. უნგრეთში პროსაბჭოთა რეჟიმის არსებობის დროს, 1956 წლის მოვლენებს "კონტრრევოლუციურ აჯანყებას" უწოდებდნენ, ხოლო კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ კი – "1956 წლის რევოლუციას". სწორედ მაშინ ჩაიწერა უნგრეთის კონსტიტუციაში: „ჩვენი დღევანდელი თავისუფლება 1956 წლის რევოლუციის საფუძველზე წარმოიშვაო“. გასული საუკუნის 90-იან წლებში უნგრეთში საბჭოთა იმპერიული სიმბოლიკა (ჩაქუჩი, ნამგალი და წითელი ვარსკვლავი) ფაშისტურ სიმბოლიკასთან იყო გაიგივებული და აკრძალული, ხოლო ე.წ. „საბჭოთა პერიოდი“ ოკუპაციად გახლდათ აღიარებული.

თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთში „ისტორიის ალქიმიკოსები“ ამოქმედდნენ და ძველი, თუ ახალი ისტორიული მოვლენების დამახინჯება/გაყალბება დაიწყეს. პარალელურად ამ დეზინფორმაციის „ექსპორტსაც“ მიჰყვეს ხელი. ეს ბევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს (რის შესახებაც შემდეგ ვისაუბროთ) და უნგრეთსაც შეეხო. რუსეთში ოფიციალურად დამტკიცებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის მონაწილეებს ახლაც „ფაშისტებად“ და „აჯანყებულ რადიკალებად“ მოიხსენიებენ, რომლებიც მხეცურად თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ „მშვიდობიან“ საბჭოთა ჯარისკაცებს. ამ „ისტორიის სახელმძღვანელოებში“ სიტყვა–სიტყვითაა გამეორებული საბჭოთა რეჟიმის დროს არსებული კლიშეები:

„უნგრეთის კრიზისი გამოიწვია დასავლეთის სპეცსამსახურების მოქმედებებმა“ და „შიდა კონტრრევოლუციურმა ოპოზიციამ“. მკითხველმა შეიძლება იფიქროს: „ეს ხომ მხოლოდ სიტყვებია, რუსეთისგან რა გასაკვირია და უარესიც გვინახავს, რაც გინდა ის ასწავლონ საკუთარ ქვეყანაშიო“. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ როდესაც პუტინის რეჟიმმა უნგრეთში ამ, „მხოლოდ სიტყვების“ რეალობაში განხორციელება დაიწყო, რა პოზიცია უნდა ჰქონოდა უნგრეთის ხელისუფლებას? 2012 წლის აპრილში რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ბუდაპეშტის ცენტრში არსებულ „კერეპეშის“ სასაფლაოზე სარესტავრაციო სამუშაოები. ეს არის ძველი,

beso-1737460804.jpg

„რუსული დესანტი“ სპეცსამსახურებისა და სამღვდელოების შემადგენლობით რესტავრაციის დაწყების კურთხევისას. ბუდაპეშტი, 2012 წელი.

ჯერ კიდევ 1847 წელს გახსნილი სასაფლაო, სადაც დაკრძალული არიან ცნობილი უნგრელი პოეტები, მხატვრები და სამხედრო მოღვაწეები.

იქვე, ცალკე ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარისკაცების სამხედრო მემორიალი იყო, სადაც დაკრძალული იყვნენ მეორე მსოფლიო ომისა და 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცები. საბჭოთა სამხედროების საფლავები ცალკე მესრით იყო შემოსაზღვრული. ბუნებრივია, ეროვნული გმირებისა და დამპყრობი ოკუპანტების საფლავების გვერდიგვერდ არსებობა უნგრელებისთვის არ იყო და არ არის მარტივი ასატანი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ჩვენი რეაქცია თბილისში საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვერდით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბრძოლების დროს დაღუპული რუსი ოკუპანტების მემორიალი რომ მოეწყოს. რუსეთის ოფიციალური მასმედია მემორიალის აღდგენის ფაქტით აღფრთოვანებული იყო და იმ მნიშვნელობის "ეპოქალურ მოვლენას" უწოდებდა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა "გაუგებრობების" დაძლევას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას... რუსეთი აღადგენს არა მხოლოდ სასაფლაოს, არამედ, უნგრეთში თავის იმიჯსაცო“.

„კრემლის ტრუბადურები“ უფრო შორს წავიდნენ და ეს ფაქტი ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის პიროვნული მეგობრობის დაწყების ერთ-ერთ ნიშნადაც აღიარეს.

beso-1-1737460785.jpg

„ასი გრამის“ გარეშე ოკუპაცია (არც სამხედრო და არც იდეოლოგიური) არ არსებობს

1956 წლის სახალხო აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის აღმნიშვნელი, დიდი წითელი ვარსკვლავით „დამშვენებული“ ობელისკი ამაყად გადაჰყურებს უნგრელი პატრიოტების საფლავებს. რუსეთის ხელისუფლებას არ გაუჭირდა ობელისკზე ადრე არსებული წარწერის აღდგენაც: „მარადიული ხსოვნა ჯარისკაცებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უნგრელი ხალხის თავისუფლებისთვის 1956 წლის ოქტომბრის კონტრრევოლუციური აჯანყების დროს“. ათწლეულების მანძილზე უნგრელები საბჭოთა ოკუპანტების სასაფლაოს „სისხლიანი იმპერიის სიმბოლოდ“ მიიჩნევდნენ და უცბად, ერთ „მშვენიერ“ დღეს ის რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მუხლმოყრისა და ყვავილებით შემკობის „სიმბოლოდ“იქცა. უნგრეთის კულტურის მაშინდელი მინისტრი გეზა სეჩი აცხადებდა: „ კანონი საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ უნგრეთის შიდა საქმეა, მხოლოდ პოლიტიკოსებს ეხება და არანაირად არ ვრცელდება ქვეყნის სტუმრებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ ტანსაცმელზე სიმბოლოები ატარონ.

beso-2-1737460749.jpg

უნგრეთის კულტურის მინისტრი გეზა სეჩი (მარჯვნიდან პირველი) საბჭოთა სიმბოლიკის გამართლებას ცდილობს

მით უმეტეს, ეს არ ეხება საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებს, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს ამ სიმბოლოებისთვისო". პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის წევრი რომ ცუღლუტობდა, მალევე დადასტურდა. 2015 წლის 17 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ვიზიტი სწორედ საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. გვირგვინს, რომელიც რუსეთის დროშის ფერებიანი ლენტით იყო შეკრული, წარწერაც ჰქონდა: „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან“.

beso-3-1737460588.png

პუტინის მორიგი „სადაზვერვო–დივერსიული ოპერაცია“ ბუდაპეშტში წარმატებით დამთავრდა.

ამის შემდეგ პუტინმა მემორიალს დინჯად, „გამარჯვებული ფალავანივით“ ჩამოუარა და საბჭოთა ჯარისკაცის გვარების კითხვა დაიწყო. ეს პუტინის მიერ დაწერილი „სცენარის“ პირველი ნაწილი იყო, შემდეგ კი იყო გაგრძელება, სადაც უნგრეთის პრემიერ–მინისტრსაც ჰქონდა თავისი როლი. რუსეთის პრეზიდენტი დიდსულოვნად შეპირდა ვიქტორ ორბანს სათბობ–ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ხელსაყრელ პირობებს, ასევე „პაქშის“ ატომური ელექტრო სადგურის გაფართოებისთვის (ეს სამუშაობი, ტენდერის გარეშე რუსეთმა „მოიგო“) 14 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას და „თბილ“ ცხოვრებას.

ბუდაპეშტის ცენტრში მოქალაქეთა მცირე ჯგუფს ეჭირა პლაკატები წარწერებით "რუსებო, დაბრუნდით" და "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პრეზიდენტო პუტინო". თუმცა უნგრელთა უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს. ბუდაპეშტში უნგრეთის პარლამენტის წინ დიდი ბანერი იყო გაშლილი:

"პრეზიდენტო პუტინო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორბანისტანში".

იმ დღის შემდეგ რუსეთის ყველა დონის ოფიციალურ–არაოფიციალური დელეგაციები და ტურისტები ბუდაპეშტში ვიზიტს საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის გვირგვინებით შემკობით იწყებენ. ასე გაიყიდა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი უნგრელი პატრიოტების ხსოვნა იაფ რუსულ ბუნებრივ გაზსა და ნავთობზე! რუსეთის ხელისუფლების ბოროტი ზრახვები გასაგებია, თუმცა რა ვუწოდოთ იმ ქვეყნების ლიდერების პოზიციას, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ისტორიის დასმახინჯებას არ აპროტესტებენ და პირიქით – მორჩილად ეთანხმებიან?

(მერვე ნაწილის დასასრული)