"საზმაუს" სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხებს საზოგადოების მოთხოვნებს... აქ პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებასაც" - ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან
"მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ "პირველი არხის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას. ეს მან პირველად 30 ნოემბერს, "მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე პირდაპირ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.
ზოგადად რას ფიქრობს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რამ გამოწვია პოლიტიკური კრიზისი და რას მიიჩნევს შექმნილი კრიზისიდან გამოსავლად, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორ აფასებთ იმ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდეგ ხდება?
- 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებული მოვლენები რომ შევაფასოთ, ვფიქრობ, ჯერ ის მოვლენები უნდა შეფასდეს, რაც 28 ნოემბერს უძღოდა... მგონი, ყველაფერი იქიდან იწყება, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა გადაწყვიტა, პოლარიზაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინა. დასრულდა საუბარი და დარჩა მხოლოდ განცხადებები, გინდა ერთი მხრიდან, გინდა - მეორე მხრიდან… ამან 28 ნოემბრამდე მიგვიყვანა და იქამდე, რომ თურმე ვიღაცამ რაღაც ვერ გაიგო... ისინი რაღაცას გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ არ გვესმის. საზოგადოებას ეუბნებიან, - გინდა თუ არა, ეს ასეა, - თქვენ კი არაფერი იცითო. ასევე, - არ იფიქროთ, არ განსაჯოთ, არ შეხვიდეთ დისკუსიაში, არ დასვათ კითხვები, ყველაფერი მოცემულობად მიიღეთო...
28 ნოემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილება და ისევ იგივე ვითარებაა, ღრმა პოლარიზაცია და იგივე განწყობა - "ჩვენ ვიცით“... არადა, საზოგადოებას აქვს კითხვები, რაზეც პასუხებს ვერ იღებს, "ჩვენ ვიცით“ პასუხად ვერ ჩაითვლება... გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, "ამღვრეულ წყალში ვიღაც ცდილობს თევზის დაჭერას,“ - ეს ვითარებაა. სამწუხაროდ, ისევ იმ ყულფში ვყოფთ თავს და გვაყოფინებენ, რაშიც არაერთხელ აღმოვჩენილვართ. ამ დაპირისპირებით და წყლის ამღვრევით ვიღაც მართლაც ცდილობს თევზის დაჭერას... გააგრძელეთ კითხვა