"ტრამპმა პუტინი მსუბუქი ირონიით მოიხსენია" - რა რჩევა მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას - დაიწყება თუ არა რუსული ეკონომიკის აღსასრული? (BBC) - კვირის პალიტრა

"ტრამპმა პუტინი მსუბუქი ირონიით მოიხსენია" - რა რჩევა მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას - დაიწყება თუ არა რუსული ეკონომიკის აღსასრული? (BBC)

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) კომენტარს უკეთებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „დონალდ ტრამპის რჩევა ვლადიმერ პუტინს: „ნუ დაანგრევ რუსეთს და გაურიგდი უკრაინას“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და ხაზი გაუსვა კრემლის გასაგონად: „როცა ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს უკრაინასთან ომის შეჩერებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე, ამით რუსეთს ანგრევს“. აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა მსუბუქი ირონიით მოიხსენია: „მისთვის არ შეიძლება სასიამოვნო იყოს ის, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, როგორ სიტუაციაშია ჩავარდნილი ვლადიმერ პუტინი: იგი ომის დასრულებას ერთ კვირაში იმედოვნებდა, ბრძოლები კი სამი წელია, გრძელდება“.

როცა ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს შეახსენეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებას იგი ერთ დღე-ღამეში აპირებდა, პრეზიდენტმა ხუმრობით მიუგო - „რაც თეთრ სახლში მოვედი, ჯერ ერთი დღე-ღამე არ გასულაო“.

ვის დაურეკავს დონალდ ტრამპი პირველ რიგში?

პენტაგონში დონალდ ტრამპის გუნდის წევრმა და ვეტერანთა საქმეების სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა რობერტ უილკიმ ინტერვიუ მისცა BBC-ის ჟურნალისტს და კომენტარი გაუკეთა დონალდ ტრამპის განცხადებას, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის თაობაზე.

რობერტ უილკის თქმით, დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს თავის ორივე კოლეგაზე - როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ასევე - ვლადიმერ პუტინზეც, საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. „დონალდ ტრამპი, პირველ რიგში, ვლადიმერ პუტინს დაურეკავს ტელეფონით და მიანიშნებს, რომ თუ იგი უარს იტყვის უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე, ამერიკა კიევს ყველაფერს მისცემს, რაც მას დასჭირდება [რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად].

„შემდეგ დაურეკავს ვოლოდიმირ ზელენსკის და იგი იტყვის უარს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, განაცხადებს, რომ ამერიკული და ბრიტანული მთავრობის აზრით, მან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, არასაკმარისად იმოქმედა და ძალიან ცოტა გააკეთა თავისი ქვეყნის დასაცავად“, - თქვა ინტერვიუში რობერტ უილკიმ.

„დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ეტყვის, რომ იგი არ იწვევს არმიაში უკრაინის მოსახლეობის დიდ ნაწილს... და თუ თქვენ მთელი ქვეყნის რესურსების მობილიზაციას არ ახდენთ, მაშინ არ უნდა სთხოვოთ თქვენს მეგობრებს და მოკავშირეებს უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე თქვენ თვითონ არ იქნებით ამისთვის მზად“, - აღნიშნა რობერტ უილკიმ BBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსული ეკონომიკის აღსასრული?

"კრემლს მოუწევს, ძალიან ღრმად შეაფასოს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თავისი უარის შედეგები", - ამბობს რობერტ უილკი, - „და მე განგიმარტავთ, რატომაც: იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერება, სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ამერიკული ენერგეტიკული პოტენციალი აკრძალვისაგან თავისუფლდება.

გაიღება ამერიკული თხევადი გაზის ონკანები და ბუნებრივი „ცისფერი საწვავი“ ევროპაში გაიგზავნება - დონალდ ტრამპი გააუქმებს მორატორიუმს ლიცენზიების გაცემაზე, [რაც, თავის მხრივ, ევროპაში გაზზე ფასების შემცირებას გამოიწვევს]“.

მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე აშშ-ის ყოფნის გაძლიერება-გაფართოება გავლენას მოახდენს ფასებზე: ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარიდან 40 დოლარამდე დაეცემა, როგორც ეს იყო დონალდ ტრამპის პირველი ვადის პრეზიდენტობის დასასრულს. აშშ-ის ასეთი პოლიტიკის შედეგად რუსეთის ეკონომიკა გაკოტრდება, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის სამხედრო წარმოება დიდი დატვირთვის ქვეშ მოხვდება, ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება“, - ამბობს ინტერვიუში რობერტ უილკი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ