„პირველ დღეებში მწყერს თოთო ბავშვივით უნდა მოუარო“
მცირე ზომის ფრინველის - მწყრის ხორცი გემრიელი, კალორიული და სასარგებლოა. ის დიეტურია და ალერგიული ადამიანებისთვისაც ადვილი ასატანი. მწყრის ხორცში ცილა 21-22%-ია, ხოლო ცხიმი - 2,5-4% (მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაა). შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A ვიტამინს და გამოირჩევა D ვიტამინის მაღალი შემცველობითაც. დიეტოლოგების რეკომენდაციით, რკინის მაღალი შემცველობის გამო მისი მიღება ანემიის პროფილაქტიკისთვისაც დიდ როლს ასრულებს.
ამ პატარა ფრინველს საქართველოს ყველა კუთხეში ამრავლებენ. ამჯერად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში მწყრის საოჯახო ფერმის შესახებ გიამბობთ. ფერმერი ამირან გოგუაძე გვეუბნება, რომ მისი დასაქმების სფერო სწორედ სოფლის მეურნეობაა.
ამირან გოგუაძე:
- ჩვენს საოჯახო მეურნეობაში ოჯახის ყველა წევრი ვართ ჩართული. ამ საქმეში მნიშვნელოვანია ჩემი მშობლების როლი. ძირითადად, ფრინველს ვაწარმოებთ, მწყერთან ერთად ქათამს და იხვსაც.
- კონკრეტულად მწყრებზე აქცენტი რატომ შეაჩერეთ?
- იმიტომ, რომ თავად ძალზე ჭირვეული ვარ საკვების არჩევისას - არ ვეკარები გაყინულ პროდუქტსა და პრემიქსზე გაზრდილ ფრინველის ხორცს. ამიტომ გადავწყვიტე ჯანსაღი პროდუქტის წარმოება. მწყრის ხორცი მისი სასარგებლო თვისებების გამო შევარჩიე და თავიდან მისი გამრავლება ოჯახისთვის დავიწყე. შევიძინე მცირე ინკუბატორი, მწყერი გამოვაჩეკინე, გავზარდე და ოჯახში მოსახმარ რაოდენობაზე მეტი რომ მივიღე, უკვე ბაზარზე გავედი.
დღესდღეობით, რასაც ჩემს ოჯახს ვაჭმევ, მომხმარებელსაც იმას ვთავაზობ. ისე არ ვიქცევი, რომ ჩემთვის სუფთა პროდუქტი ვაწარმოო და ბაზარზე გასატანად პრემიქსზე გამოზრდილი მწყერი გავიტანო. ფრინველს არც რომელიმე წამალს ვაძლევ, ასეთი რამ გამორიცხულია. მწყრის ხორცს ბაზარზე უკვე წელიწად-ნახევარია ვყიდი.
- რით კვებავთ?
- სიმინდის მარცვალს და საერთოდ, ყველანაირ მარცვლეულს ვაძლევ. შინ საკუთარი წისქვილი გვაქვს, სადაც ვფქვავთ და ბუნებრივ საკვებს ვაწვდით.
მოთხოვნა მწყერზე უფრო სეზონურია, თუმცა საერთოდ მოთხოვნადი პროდუქტია. მასზე მოთხოვნა თვითონ ჩვენს მოსახლეობაშიც არის, ერთხელ რომ გასინჯეს, მოეწონათ და მუდმივი მომხმარებლები გახდნენ.
ჩვენთან ბევრნაირი მწყერი შემოდის, მათ შორის, თურქული, 2-ლარიანი, რომელზეც ძირითადად რესტორნები მუშაობენ და ხარისხი დიდად არ აინტერესებთ. ჩემი მწყერი 5-ლარიანია. გასუფთავებულის წონა 180-200 გრამი გამოდის. უმეტესად ჩემი პროდუქტი ოჯახებში მიაქვთ. თუმცა ხარისხი ვისაც აინტერესებს, ის რესტორნები ჩემგან იძენენ.
- რა ჯიშისაა?
- ტეხასურია, თუმცა ხუთი სხვადასხვა ჯიშის მწყერია. თავიდან მწყრის 100 ცალი კვერცხი მეგობრისგან შევიძინე, როგორც მოყვარულს რომ მომეშენებინა. ახლა ისეა საქმე, დასავლეთ საქართველოს ვამარაგებთ. ვყიდი ხორცადაც და კვერცხსაც.
- რა რაოდენობას?
- საახალწლოდ იმდენი გავყიდე, ყველაფერი ამოიწურა. მინდოდა კიდეც ამოწურულიყო. იმიტომ აღარ დავიტოვე, რომ შენობას, რომელშიც მწყერი მყავს დაბინავებული, ვაახლებ და ვაფართოებ. იანვრის ბოლოდან კვლავ შევუდგები მოშენებას.
მწყრის მოვლა შრომატევადი საქმეა. დაბადებიდან პირველ 5 დღეს ტემპერატურის დაცვა სჭირდება. მაგ დროს ისე უნდა მოუარო, როგორც თოთო ბავშვს. ზოგჯერ იმ 5 დღის განმავლობაში თითოეული ჩვილ ბავშვზე მეტადაც სათუთია, მერე კი უკვე ყველაფერს ძლევს, პრობლემა აღარ აქვს. მოკლედ, თუ კრიზისული დღეები გადალახა, ჩავთვალოთ, რომ `ჩვენია~. არასდროს არანაირი წამალი არ მიმიცია. ფერმაში მაქვს ინკუბატორის ვარიანტები, სადაც შესაბამის ტემპერატურას ვიცავთ, კარგად ვაბალანსებთ და, ფაქტობრივად, დანაკლისი არა მაქვს.
- გამოდის, ამ საქმეში ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ყოფილა მთავარი. 5 დღის მერე სად გადაგყავთ?
- სხვა გალიაში და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა იქაც საჭიროა, თუმცა ისე მკაცრად არა. 10 დღის მერე ღია გალიებში ვსხამ... საკვები მუდამ დაყრილი უნდა ჰქონდეთ, ხოლო წყალს 1-1,5 საათში სჭირდება გამოცვლა.
- გასაყიდად რამხელა გაგყავთ?
- 35-40 დღისას ვყიდი. 42 დღის მწყერი უკვე ზრდასრული ხდება და კვერცხის დებას იწყებს. ამ პერიოდში მათი წონა 160-დან 200 გრამამდეა (თითოეულს ინდივიდუალური წონა აქვს).
- აცრა სჭირდებათ?
- სანამ საქმეს ასე აქტიურად შევეჭიდებოდი, არაერთ ფერმაში ვიკითხე და გაირკვა, რომ აცრას არ უტარებენ. სამაგიეროდ, წამალს აძლევენ ან წყალში ურევენ. მე არაფერი გამომიყენებია, რადგან მწყერი ერთ თვეში გასაყიდია, იმ მცირე დროში კი წამალი ორგანიზმიდან ვერ გამოვა. როგორც გითხარით, წამლიან პროდუქტს თვითონ არ ვეკარები და მომხმარებელს როგორ შევთავაზო?!
- სეზონზე რამდენ მწყერზე ადიხართ?
- სეზონზე 8-10 ათასზე ავდივართ, სისტემატურად ვაჩეკინებ... მე ასე ვიტყოდი - აბსოლუტურად ყველა საქმე გამართლებულია და აუცილებლად გამოვა, თუ გულით მიუდგები. უშრომლად არაფერი მოდის და თუკი არ გეზარება, შედეგი აუცილებლად გექნება.
- როგორც თქვით, ქათამსა და იხვსაც ზრდით.
- კი, ჩვეულებრივი სოფლის ქათამი მყავს, რადგან მოთხოვნა სოფლის ქათამზეა. იხვებიც მრავლად მყავს.
- ციტრუსი და თხილი თუ მოგყავთ?
- ფრინველის მოშენებით იმდენად დაკავებული ვართ, მცენარეული კულტურებისთვის ვეღარ ვიცლით... 500-მდე ძირი თხილი მქონდა, ავიღე და იქ თევზის აუზი გავაკეთე, სწორედ იმიტომ, რომ დროს ვერ ვუთმობდით. ახლა აუზში კობრი და ამურია გაშვებული. თევზის რაოდენობა 3-დან 5 ტონამდე მერყეობს - მოკლედ, მცირე მეურნეობა გვაქვს.
იხვი, ქათამი და თევზი ბუნებრივ კვებაზე მყავს. ერთადერთი, ქათმის თხიაპის (თხიაპას/ხიაპეს გურიაში წიწილის ყელის ავადმყოფობას ეძახიან. - რედ.) წამალს ვყიდულობ ხოლმე... იხვები მდინარეზე მყავს მიშვებული და ჩვენს მოწეულ სიმინდს ვაძლევ. ზოგჯერ სიმინდის შეძენა მჭირდება, ისიც არა ჰიბრიდულის და არა წამლიანის.
თევზს საკუთარი ეზოს ბალახს, სიმინდის, ხორბლის ნარჩენს ვუყრი. აუზში წყალი მუდმივად გამდინარეა.
- შრომა არ გეზარებათ, საქმესაც პრაგმატულად უდგებით და იმ მიმართულებებს მიჰყვებით, რასაც შედეგი მოაქვს...
- შრომა აუცილებლად დაფასდება - ყველას ამას ვეუბნები. ქვეყანას უნდა მივხედოთ, გაველურებული ფართობები ავაყვავოთ, არ უნდა დაგვეზაროს. შეიძლება სხვა ქვეყანაში წასვლით მეტი ფული იშოვო, მაგრამ მუშაობა მაინც აქ ჯობია. საბოლოოდ ხომ ყველა თავის კერას უბრუნდება?! თუ ავიყარეთ და წავედით, მოსახედი არაფერი გვექნება. ყველა შრომისუნარიან ახალგაზრდას ვურჩევ, მამულს მიხედოს. მოდი, დღეს არ ვჭამოთ კარაქიანი პური, ვჭამოთ მჭადი და ზეგ აუცილებლად დადგება ის მომენტი, რომ ყველანი კარაქიან პურს შევჭამთ. ეს არის ჩემი სათქმელი.
- 2025 წლისთვის რა გაქვთ დაგეგმილი?
- გასულ წელს ჩვენს საოჯახო მეურნეობაში დიდი შრომა გავწიეთ. მოგებიანი წელიწადი იყო. წლეულს გაფართოებას ვაპირებთ, შენობა-ნაგებობებით, ფრინველების რაოდენობით... ვცდილობთ გავიზარდოთ და ამას შევძლებთ.