"მალე დადგება პოსტზელენსკური ეპოქა - ომისაგან დაღლილი უკრაინული საზოგადოება სულ უფრო ნაკლებად ენდობა ხელისუფლებას - ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა უ - კვირის პალიტრა

"მალე დადგება პოსტზელენსკური ეპოქა - ომისაგან დაღლილი უკრაინელი საზოგადოება სულ უფრო ნაკლებად ენდობა ხელისუფლებას - ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა უკრაინისათვის ახალ პერსპექტივას ქმნის"

ამერიკულ ჟურნალ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა უკრაინისათვის ახალ პერსპექტივას ქმნის - მალე დადგება პოსტზელენსკური ეპოქა“ (ავტორი - სტივ კორტესი, ვიცეპრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის ყოფილი მრჩეველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

დონალდ ტრამპის შთამბეჭდავი გამარჯვება - აშშ-ის პრეზიდენტად მისი მეორე ვადით არჩევა - შესაძლებლობას აძლევს მას, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეცვალოს და მკვეთრად განამტკიცოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. აშშ-ის საზღვრების დაცვის კრახმა და ქვეყანაში უამრავი კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტის მოზღვავებამ, ამერიკელები დაარწმუნა, რომ ჯო ბაიდენისა და ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტის მიერ მთელ მსოფლიოში განხორციელებული გლობალური ავანტიურები არ ემსახურებოდა აშშ-ის ინტერესებს, არც სტრატეგიული და არც ეკონომიკური მიმართულებით.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის გადაფასება-გადახედვის ჩარჩოებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაასრულებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოაქვს არა მარტო უკრაინისათვის (უამრავი დაღუპულ-დაჭრილის, უდიდესი ნგრევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა-წამების სახით), არამედ - აგრესორი რუსეთისთვისაც. ომით ზარალდება ამერიკის შეერთებული შტატებიც - ვაშინგტონი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისაგან მიღებულ დიდძალ ფულს და სახსრებს ხარჯავს უკრაინის დასახმარებლად, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი.

მაგრამ ახლა, როცა დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა და სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა რეალური გახდა, შეიძლება ურთიერთობის ახალი პერიოდი დაიწყოს, როგორც ვაშინგტონისათვის, ისე - კიევისათვის. გასულ წელს, უკრაინის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და ის პოსტიდან უნდა წასულიყო, მაგრამ მან არჩევნები გადაავადა - საომარი ვითარების მიზეზით, რაც სადავო გახდა და... ქვეყნის მეთაურის თანამდებობა შეინარჩუნა. ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთ გადაწყვეტილებას მაინცდამაინც დემოკრატიულ ნაბიჯად ვერ ჩავთვლით, რადგანაც მსოფლიოში ბევრჯერ ჩატარებულა ომის პერიოდში არჩევნები - შორს რომ არ წავიდეთ - ჩვენთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში ხელი არ შეუშლია სისხლიან სამოქალაქო ომს (როცა აბრაამ ლინკოლნი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს) ან აშშ-ის ომს იაპონიასთან და გერმანიასთან, მეორე მსოფლიო ომის ჩარჩოებში (როცა ფრანკლინ რუზველტი პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს), თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის ვადის გაგრძელებას დასავლური სამყარო მაინც გაგებით შეხვდა.

მაგრამ დადგა 2025 წელი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი უფლებამოსილების შესრულებას დე-იურედ შეუდგა. რესპუბლიკელი კანდიდატის დაპირებათა შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, უკვე გარდაუვალი გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ აგრესიულ და კატეგორიულ მოთხოვნა-პრეტენზიებს აყენებდა აშშ-ის წინაშე, დონალდ ტრამპის ნოემბრის ტრიუმფის შემდეგ უფრო დამთმობი გახდა: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კონფლიქტი [2025 წელს] დავასრულოთ, თანაც - დიპლომატიური საშუალებებით“, - აი, მისი ტრანსფორმირებული პოზიცია.

მოსკოვიც და კიევიც უკვე გზავნიან ვაშინგტონში შემრიგებლურ სიგნალებს - ანუ, შეიძლება ითქვას, აღიარებენ იმას, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მომრიგებელი შუამავლის როლის შესრულება დიპლომატიური მეთოდებით. რასაკვირველია, მოლაპარაკების ჩატარებისა და ხელშეკრულების პირობები ზოგიერთებს გააღიზიანებთ და გააბოროტებთ კიდეც, მაგრამ საომარი მოქმედებების თუნდაც ხანმოკლე, დროებით შეჩერებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

და თუ ასე მოხდება, ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც პოლიტიკოსი, იმწუთასვე მოწყვლად ფიგურად გადაიქცევა. ამასწინანდელი გამოკითხვების მიხედვით, რომელიც ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ, უკრაინის პრეზიდენტის წარსული პოპულარობისაგან კვალიც კი აღარ არის დარჩენილი: ომისაგან დაღლილი უკრაინელი საზოგადოება სულ უფრო ნაკლებად ენდობა ხელისუფლებას და სულ უფრო მეტად ადანაშაულებს პრეზიდენტს და მის მთავრობას შიდასახელმწიფოებრივი პრობლემების ზრდაში.

როგორც კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ჩანს, ამჟამად ზელენსკის უკრაინელთა მხოლოდ 52% ენდობა (არადა, 2023 წელს მას მხარს 77% უჭერდა) ანუ ერთი წლის განმავლობაში მისი მოწინააღმდეგეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე ნაკლები პოპულარობით უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში სარგებლობს, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

პრეზიდენტისადმი ნდობის კრახის საფუძველია არა მარტო საომარი მდგომარეობა, არამედ - უკრაინაში გამეფებული კორუფცია, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების ყველა რგოლში არსებობს. კორუფციის საცეცებშია მოქცეული ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვაც - მისი ადმინისტრაცია, ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით. რასაკვირველია, ასეთი მაღალი დონის კორუფცია უკრაინაში უეცრად არ გაჩენილა, მას თავისი ისტორია აქვს - ფესვები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიდგა, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში გაღრმავდა და ახლა მექრთამეობა მთელ სახელმწიფო მმართველობის სისტემას აქვს მოდებული.

დიახ, ქვეყანაში კორუფციის არსებობას ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ დავაბრალებთ - ჯერ კიდევ 2025 წელს წერდა ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“, რომ „უკრაინა ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას წარმოადგენსო“, მაგრამ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებამ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ (თანაც სისხლიანი ომის დროს, როცა ფრონტზე უამრავი ადამიანი იღუპება) ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკვე მრავალჭირნახული და ცამდე გაზრდილ კორუფციას მიჩვეული უკრაინელებიც კი განრისხდნენ.

უკრაინის კორუმპირებული სახელმწიფო სისტემისაგან კონტრასტულად მოჩანს გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელსაც სავარაუდო არჩევნების დროს, პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. ვალერი ზალუჟნიმ, როცა იგი უკრაინის არმიის მთავარსარდალი იყო, მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა: მან თავისი ხალხი და მსოფლიო სამხედრო მამაცობით და სწორი სტრატეგიით განაცვიფრა და იმ დროს მოიგერია რუსეთის აგრესია, როცა ყველა უკრაინის კრახს წინასწარმეტყველებდა.

იმ მომენტისათვის, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი მთავარსარდლის პოსტიდან გაათავისუფლა, გენერალს უკრაინელებში გასაოცრად მაღალი რეიტინგი ჰქონდა - 92%. დღეს ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის მოვალეობას ასრულებს, მას ლიდერის ყველანაირი თვისება აქვს: უშიშარია, პატიოსანია, უმწიკვლოა და კარგად ერკვევა პოლიტიკაშიც.

ამერიკელებიც დაიღალნენ უკრაინის წინაშე აღებული ვალდებულებების ტვირთით, განსაკუთრებით - რესპუბლიკელები. მათი აზრით, უკრაინის ომი აშშ-ისათვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომს აშშ-ის ინტერესებისათვის „სერიოზულ საფრთხედ“ რესპუბლიკელთა მხოლოდ 19% თვლის (2022 წელს კი საფრთხედ 51% მიიჩნევდა).

ამრიგად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინაშე, მეორე ვადის პერიოდში, მთელი რიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობების „კარი იღება“: მას შეუძლია იმ ამერიკელებს, რომლებმაც იგი თავიანთ პრეზიდენტად ხმების დიდი გადაჭარბებით აირჩიეს და თეთრ სახლში დააბრუნეს, ისეთი პოლიტიკა აჩვენოს, რომელიც დაემყარება რეალიზმს და თავშეკავებას და რომელიც ორიენტირებული იქნება უშუალოდ ამერიკაზე, ამერიკელი ხალხის ინტერესებზე. დონალდ ტრამპს შეუძლია ისტორიული მშვიდობა დაამყაროს ევროპაში და ომს ბოლო მოუღოს.

და ბოლოს, დონალდ ტრამპს შეუძლია, ახალი პერიოდი შექმნას უკრაინის ისტორიაში - პოსტზელენსკური ეპოქა, როცა ქვეყნის მართვას, უწმინდური კლეპტოკრატების ნაცვლად, პატიოსანი და საქმის მცოდნე პროფესიონალი ადამიანები დაიწყებენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ