"მამის მეუღლე ჩემთან ერთად ხარობდა ჩემი სიხარულით... ბიოლოგიურმა დედამ შემომითვალა, შენი ნახვა არ მსურსო" - ცისნამი საყვარლიშვილი ოჯახზე, რომელიც ახლა იპოვა
ახალგაზრდა ქართველი მწერლის ცისნამი საყვარლიშვილის ცხოვრება ფილმს ჰგავს. გოგონამ, რომელმაც წლების წინ ოჯახის დანგრევის შემდეგ, მცირეწლოვანი შვილი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, უკვე იცოდა, რომ ჩვილობისას კახეთის სოფელ ვაჩნაძიანში იშვილეს, მაგრამ არ ჰქონდა ინფორმაცია ბიოლოგიური მშობლების შესახებ. გავიდა წლები, როდესაც საქართველოში დროებით ჩამოსულმა დედის შესახებ გაიგო, შეხვდა, მაგრამ ამ შეხვედრამ ემოციების გარეშე ჩაიარა.
"დედა მმალავს, რადგან ეშინია... მისმა მეუღლემ არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კაცისგან შვილი ჰყავს" - ამბობდა ცისნამი ჩვენთან ინტერვიუში.
შემდეგ იყო მეორე ქორწინება, ამერიკელ ბარონზე, წლების შემდეგ შეხვედრა შვილთან და უამრავი ბედნიერი და ტკივილიანი დღეები მის ცხოვრებაში. გავიდა დრო და ბიოლოგიურ მამას და სამ დას შეხვდა, ამისთვის სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა და ერთ თვეზე მეტი მამის ოჯახთან გაატარა. ახლა როცა ემოციები შედარებით დამცხრალია და ცისნამი ამერიკაში დაბრუნდა, მწერალთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ მის ცხოვრებაში მომხდარ ბოლო ამბებზე...
- ცისნამი, შენი ცხოვრება ალბათ ნებისმიერი რეჟისორისთვის საოცნებო სცენარია. მოდი, მოგვიყევი, პირველად როგორ მისწერე ბიოლოგიურ მამას რომ მისი შვილი იყავი?
- გპირდებით რომ ერთ დღეს ჩემს ცხოვრებას დიდ ტელეეკრანებზე ნახავთ. წითელთმიანი გოგონას ცხოვრებას, რომელსაც ძალიან უყვარს სიცოცხლე და სიყვარული. მამისთვის არ მიმიწერია, გაბრაზებული პოსტი დავდე ფეისბუქზე და საჯაროდ დავწერე დედის და მამის სახელი და გვარი. ჩემმა დამ, ქეთი კაპანაძემ ნახა, შოკი მიიღო, ცუდად გახდა. ჩემი გამომწერი ყოფილა ფეისბუქზე, თუმცა არ იცოდა რომ მე მისი ნახევარ და ვიყავი. ცოტა რომ დაამუშავა მისმა გონებამ, რაში იყო საქმე, შეტყობინება დამიტოვა და მითხრა რომ მამამისზე, ბადრი კაპანაძეზე ვსაუბრობდი და ჩვენ საერთო მამა გვყავს.
- როგორ მიიღე გადაწყვეტილება ჩამოსვლის შესახებ, ოჯახმა დაგპატიჟა?
- მას შემდეგ ონლაინით გავიცანი მამა, მამის არაჩვეულებრივი მეუღლე- ნარგო დევიძე, დები - ქეთი, მადონა, ნინო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ბიცოლები. საკუთარ ოჯახში რა დაპატიჟება მინდოდა?! ჩემმა მეუღლემ ალექსანდრემ საშობაო საჩუქარი გამიკეთა და ულამაზესს ბრილიანტ-ზურმუხტის ყელსაბამთან ერთად საქართველოს ბილეთები მაჩუქა. საერთოდ არ ვგეგმავდი ზამთარში ჩამოსვლას. სიცივეს ვერ ვიტან და ზამთარში მგზავრობას. უფრო ზაფხულისკენ ვგეგმავდი ვიზიტს, მაგრამ ალემ ეს ისეთი ამბავია, დიდი ხანი არ უნდა იცადოო. ასე რომ, ეს ალექსანდრეს იდეა იყო. კრედიტი მას ეკუთვნის.
- ძალიან ემოციური იყო ის კადრები, როდესაც აეროპორტში მთელი ოჯახი დაგხვდა...
- კი, ძალიან გამიხარდა ყველას დანახვა. პირველად ჩემს დისშვილს, მადონას გოგონას ანას ჩავეხუტე, შემდეგ მამას. მთელ ტანში ცხელი სისხლის მჩქეფარებას ვგრძნობდი და თავი მიხურდა. თითქოს ჩვენი სისხლი შეერწყა ერთმანეთს. სასწაული გრძნობა იყო. ენით ვერ აღვწერ, უნდა განიცადო ადამიანმა. შემდეგ სიყვარულით თავბრუ დამახვიეს და მთელი სამი კვირა და სამი დღე სიყვარულში გავატარე. ყველა ნაშვილებ ბავშვს ვურჩევ გაიცნოს საკუთარი ბიოლოგიური ოჯახი და ეს “სისხლის ყივილი” განიცადოს. თავი დანტეს სამოთხეში მეგონა, განსაწმენდლიდან ახლად ამოსული ვიყავი. გააგრძელეთ კითხვა