ქართულ-უნგრული სკანდალი ანუ რა როლს ასრულებდა უნგრეთის "რუხი კარდინალი" არპად ჰაბონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში?!
თუ დააკვირდით, როგორ დაკარგა სიტყვა „სკანდალმა“ ძველი, მამაპაპური ეშხი და აქტუალობა, განსაკუთრებით - პოლიტიკაში. ადრე ერთი „სკანდალური ინფორმაცია“ რამდენიმე კვირას იყო ხოლმე განხილვისა და ანალიზის საგანი, ახლა კი ყოველდღიურად პოლიტიკოსებისგან იმდენ „არაჩვეულებრივ“ და „გაუგონარ“ განცხადებას ვისმენთ, რომ ეს ყველაფერი ისეთივე ჩვეულებრივი გახდა, როგორც უთოვლო ახალი წელი თბილისში.
პატარა ქვეყანა ვართო კი გავიძახით მორცხვად, მაგრამ დღევანდელ გლობალურ „პოლიტიკურ ორომტრიალში“ საქართველოს ხსენების გარეშე ვერ ძლებს ვერც მტერი და ვერც მოყვარე. ერთნი გველეშაპებთან მებრძოლ დავითს გვადარებენ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის შეუპოვრად იბრძვის, მეორენი კი ამ ბრძოლას გამოგონილ „ქარის წისქვილებზე“ შეტევად აღიქვავენ. დაბნეულია საქართველოს მოსახლეობა (განსაკუთრებით სოფლად): კარგად ვერ გაუგიათ, საით უნდა წავიდეთ და საით მივდივართ. თუმცა ამ გასაჭირში ჩვენს გვერდით არიან „ახალი მეგობრები“: ვიქტორი და რობერტი. სულ რაღაც ორი-სამი წელია, რაც გამოჩნდნენ ჩვენს „მზიურ ორბიტაზე“, ნეტავ, მანამდე სად იყვნენ? ადრე ამ დუეტშიც არ იყო ყველაფერი რიგზე. რობერტი ამბობდა, ვიქტორი და მისი ქვეყანა ჩვენთვის მთავარი საფრთხეაო, თუმცა „ვოვა ბიძიამ“ შეარიგა, გვერდზე დაიყენა და ნათლად „აუხსნა“, რომ მათი მტერი მოსკოვი კი არა, არამედ - ბრიუსელია.
თან ისიც დაავალა, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ჩვენსავით „გზააბნეულ ბატკნებს“, რათა შემთხვევით ვაშინგტონმა და ბრიუსელმა არ „შეგვჭამოს“. ამ საქმეში განსაკუთრებით ვიქტორი აქტიურობს: მას აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის არევა-დალაგების დიდი გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, ამ დროს ის „კრემლის კონსპექტებით“ სარგებლობდა და სარგებლობს, რომელსაც ყდაზე „უნგრული რეცეპტები“ აწერია. ვიქტორს პოლიტტექნოლოგების „სწრაფი რეაგირების რაზმიც“ ჰყავს, რომელსაც უნგრეთში „რუხ კარდინალად“ წოდებული არპად ჰაბონი ხელმძღვანელობს. თქვენ არაფერი გსმენიათ მის შესახებ? ვიქტორ ორბანიც ამას ამტკიცებს: „ ხალხო, ვინ არის ეს კაცი, არ ვიცი, აბა, ნახეთ, უნგრეთის მთავრობის რომელიმე უწყების სახელფასო უწყისებში თუ ნახავთ მის გვარსო“.
ამ დროს კი ეს „უჩინარი კაცი“, ორბანის დავალებით, დღეს რომ ბელგრადშია, ხვალ - ბრატისლავაში, ზეგ კი - ფლორიდაში, ტრამპის მამულში (Mar-a-Lago) ცდილობს მოხვედრას. არპად ჰაბონს თბილისიც ძალიან ჰყვარებია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო ატმოსფერო და „ქართული იდილია“ მოსწონს და, რა თქმა უნდა - პოლიტიკური კომბინაციების ხლართვა. არპად ჰაბონს ერთ-ერთი უძველესი პროფესია აქვს: ის „პოლიტტექნოლოგია, გამოძახებით“.
დიახ, სწორედ ეს გახლავთ არპად ჰაბონი
ვინ არის უნგრეთის რუხი კარდინალი?!
მოდი, უფრო ახლოს გავიცნოთ ბატონი ჰაბონი. ღია წყაროებში (მათ შორის, უნგრულშიც) ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება მის შესახებ: დაიბადა ბუდაპეშტში, 1968 წლის 1 იანვარს, არის უნგრელი ბიზნესმენი და პოლიტიკური კონსულტანტი, 2006 წლიდან ვიქტორ ორბანის პირადი სტრატეგიული მრჩეველია. 2022 წელს უნგრელმა ჟურნალისტებმა ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ჰაბონი მე-12 ადგილზე დაასახელეს. მისი ზუსტი ოფიციალური სტატუსი არავინ იცის, ამიტომაც „უჩინარი რუხი კარდინალი“ შეარქვეს.
იგი 2006 წლიდან არის ვიქტორ ორბანის მშობლიური პარტიის, „ფიდესის“ ყველა დონის საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ავტორი. ელექტორატის ზომბირებისა და მანიპულირებისთვის აქტიურად იყენებს „ნეიროლინგვისტური პროგრამირების“ (“ნ ლ პ”) მეთოდებს. სანამ არპად ჰაბონის შესახებ გავაგრძელებ საუბარს, მინდა, მკითხველს “ნ ლ პ”-ზე (რომელსაც დღეს პოლიტტექნოლოგიების მთავარ მეთოდადაც კი მიიჩნევენ) მივაწოდო მცირე ინფორმაცია.
რას ნიშნავს "ნეოროლინგვისტური პროგრამირება" და როგორ იყენებენ მას პოლიტიკაში
„ნეიროლინგვისტური პროგრამირება“ ფსიქოტექნიკური ინსტრუმენტების ერთობლიობაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, შევცვალოთ მისი შეხედულებები და რწმენა. “ნ ლ პ”-ს ავტორებად მიჩნეულნი არიან ამერიკელი მეცნიერები: ჯონ გრინდერი და რიჩარდ ბენდლერი, რომლებმაც 1970-იანი წლების დასაწყისში შექმნეს ე.წ. ეფექტიანი ურთიერთობის თეორია, რომლის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ შესაბამისი ფსიქოტექნიკური მეთოდებით სავსებით შესაძლებელია ხალხთა მასების მანიპულირება, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე - მოსახლეობის დიდი ჯგუფების მენტალიტეტის შეცვლა და ა.შ. ამასთან ერთად ამტკიცებენ, რომ ეს თეორია განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული ხალხის, - ელექტორატის მანიპულირებისთვის. „ნეიროლინგვისტური პროგრამირების“ პრაქტიკოსები თვლიან, რომ ჩვენი სუბიექტური რეალობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება რწმენით, აღქმითა და ქცევით და, შესაბამისად, შესაძლებელია ქცევის შეცვლა და რწმენის გარდაქმნა. ამისთვის კი, “ნ ლ პ”-ს მეთოდიკა ითვალიწინებს საზოგადოებრივი აზრის ხშირ (როგორც წესი, „დახურულ“) გამოკითხვებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და ყველაზე პრობლემატური საკითხების მიხედვით. ამის შედეგად იკვეთება ‘შეტევის“ სტრატეგიული მიმართულებებიც.
ზოგადად ადამიანის, კონკრეტულად კი - პარაფსიქოლოგიის და ტელეპათიის, შესაძლებლობები მართლაც რომ ამოუწურავი და ბოლომდე შეუსწავლელია. ამიტომ ადამიანის ცნობიერების დამორჩილებისკენ მიმართული თეორიული კვლევები და პრაქტიკული ცდები საკმაოდ „ძვირი სიამოვნებაა“ და ყველა ქვეყანას არ შეუძლია ამ პროცესის ეფექტიანი მართვა.
ახლა კი უნგრეთის „უჩინარ რუხ კარდინალს“ დავუბრუნდეთ, რომელიც კულისებიდან ცდილობს უნგრეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, საქართველოს და ა.შ. ელექტორატის მანიპულირებას. სლოვაკეთში არპად ჰაბონი რობერტ ფიცოსა (ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი) და პიტერ პელეგრინის (ამჟამინდელი პრეზიდენტი) პარტიების გამარჯვებისთვის ირჯებოდა, სერბეთში კი ვუჩიჩის პრორუსულ პარტიას უწყობდა „პასიანსს“.
ამ რამდენიმე დღის წინ უნგრულ ელექტრონულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არპად ჰაბონი 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს ( ძირითადად - თბილისი და ბათუმი) ხშირი სტუმარი იყო. ბუნებრივია, ვიქტორ ორბანის „პირადი პოლიტტექნოლოგი“ აქ ხინკლის საჭმელად არ ჩამოვიდოდა: საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება – აი, რა იყო არპად ჰაბონის „სპეცრაზმის“ მთავარი მიზანი.
თუ გამოიცნობთ, რომელ ქვეყანაშია არპად ჰაბონი?
ვიქტორ ორბანის „მსტოვარი“ საქართველოში ხელცარიელი არ ჩამოსულა, მან თან „უნგრული რეცეპტების“ სქელტანიანი ტომეულიც ჩამოგვიტანა „საჩუქრად“. საქართველოს ელექტორატის ზომბირების ამ რჩევა-რეკომენდაციებიდან ნაწილმა იმუშავა, ნაწილმა - ვერა. თუმცა, ჩემი აზრით, ერთი საკითხის პროვოცირება აღმოჩნდა გადამწყვეტი: „ომი გინდათ? მაშინ აირჩიეთ ოპოზიცია!“ .
2022 წლის 3 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მანამდე ჩატარებული გამოკითხვები ორბანის პარტიის მხოლოდ მცირე უპირატესობას აჩვენებდა. 2022 წლის 24 თებერვალის შემდეგ უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინას და დაგმეს რუსეთის აგრესია. ერთი შეხედვით, ვიქტორ ორბანი ჩიხში მოექცა: ის ღიად რუსეთს ვერც დაუპირისპირდებოდა და ვერც პუტინის აგრესიას მოიწონებდა. სწორედ აქ გამოჩნდა არპად ჰაბონის, როგორც პოლიტტექნოლოგის უნარები: მან და მისმა „სპეცრაზმმა“ სასწრაფოდ შეიმუშავეს ახალი საარჩევნო სტრატეგია, რომელიც მილიონობით უნგრელის (ისევე, როგორც ქართველის) ბუნებრივ და ობიექტურ სურვილებს მოერგებოდა. ვიქტორ ორბანის საარჩევნო რიტორიკა ამგვარი გახდა: „ჩვენ ვიცავთ პრინციპულ პოზიციას: - ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სტაბილურობას. ჩვენი ოპონენტები კი მხარს უჭერენ სახიფათო კურსს, რომელსაც შეუძლია, უნგრეთი ომში ჩაითრიოსო. საარჩევნო კამპანიის დროს „ფიდესის“ მხარდამჭერები აკრავდნენ ბანერებსა და პლაკატებს, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები რუსეთთან ომის მსურველ „საშიშ პოლიტიკოსებად“ იყვნენ ასახულნი. უნგრელი პოლიტოლოგები თვლიან, რომ „ფიდესმა“ აგრესიული პროპაგანდით შეძლო ამომრჩევლის (უპირველესად, რეგიონებში) დარწმუნება, რომ „ოპოზიციას სურს უნგრეთის ომში ჩათრევა“. სწორედ ამ რიტორიკამ განაპირობა ვიქტორ ორბანის პარტიის მნიშვნელოვანი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციამ კი ადეკვატური პასუხი ვერ მოიფიქრა. ეს მოხდა 2022 წლის 3 აპრილს. არპად ჰაბონის „საბრძოლო არსენალში“ სხვა მეთოდებიცაა, რომლის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.