ცუდი ამბები ფრონტიდან: უკრაინის დამცველები რუსულ "ტომარაში" მოხვდნენ - ალყაში, სავარაუდოდ, ქართველებიც არიან
თვით მოსკოვის დაბომბვაც კი ვერ შველის ალყაში მოქცეულ უკრაინელ მებრძოლებს...
23-24 იანვრის ღამეს უკრაინამ ამ წელს ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა მიაყენა აგრესორ რუსეთს, მისსავე ტერიტორიაზე...
უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა შეუტიეს რუსეთის ფედერაციის 14 რეგიონს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 121 უკრაინული დრონის თითქოს ჩამოგდების შესახებ იუწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მასობრივ საჰაერო შეტევაში კიდევ უფრო მეტი საფრენი აპარატი მონაწილეობდა, რომლებმაც რიაზანში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააფეთქეს, ბრიანსკში რადიოდეტალების საწარმოს შეუტიეს, ისევ „ესტუმრნენ“ სარატოვის „ენგელსს“ და თვით მოსკოვზეც კი მიიტანეს იერიში, რის გამოც რუსეთის დედაქალაქის აეროპორტები დროებით დაიკეტა...
მაგრამ, მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი საჰაერო შეტევისა, რამაც ნახევარი რუსეთი „გააღვიძა“(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც, რადგან იმ რუსულ ქალაქებში, რომლის თავზეც საზენიტო რაკეტები უკრაინული დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ისმოდა აფეთქებების გამაყრუებელი ხმები და ნაკლებად ვინმე თუ დაიძინებდა), ეს სამწუხაროდ, ნაკლებად იმოქმედებს დადებითად უკრაინის იმ დამცველებზე, რომლებიც მორიგ რუსულ „ტომარაში“ მოჰყვნენ აღმოსავლეთ ფრონტზე, ველიკა ნოვოსილკასთან...

იმიტომ ვწერთ - უკრაინის დამცველები, რომ ამ ალყაში უკრაინის არმიის არაუკრაინელი სამხედროებიც, სავარაუდოდ, ქართველებიც აღმოჩნდნენ...
რა ხდება ველიკა ნოვოსილკასთან?!
ველიკა ნოვოსილკა უკვე დაცემული კურახოვოდან 30-იოდე კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და თითქოს არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტს, მაგრამ რატომღაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კვლავ დროულად არ გასცა ბრძანება იქ თავდაცვაში მყოფი უკრაინის არმიის 110-ე მექანიზირებული და, ასევე, 110-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დანაყოფების პირადი შემადგენლობის დროული და ორგანიზებული უკანდახევის შესახებ...

შესაბამისად, ახლა, როდესაც რუსი ოკუპანტების ფლანგური შეტევების შედეგად ალყის „ტომრის“ პირის შეკვრას ერთი კმ-იღა აშორებს, უკრაინის არმიის მებრძოლებს ორცეცხლსშუა უწევთ უკან დახევა, უფრო სწორედ, უბრალოდ, არაორგანიზებული გაქცევა, რათა ტყვეობაში არ მოხვდნენ, რადგან რუსი ოკუპანტები ომის კანონების სრული უგულვებელყოფით ხშირად ადგილზევე ხვრეტენ ტყვედ აყვანილ, იარაღდაყრილ მოწინააღმდეგეს...
უკვე მერამდნედ ხდება, რომ პუტინის არმიის გენერლებს წარმატებით გამოსდით ფლანგური შეტევები, უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეების გვერდებიდან შემოსავლელად და მათ ალყაში მოსაქცევად...
ერთი წლის წინ სწორედ ასე დაიკარგა ავდეევკა, რომელსაც მოჰყვა ბახმუტის დაცემა და ა.შ.
რა ძირითადი მიზეზია იმის, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე მუდმივ თავდაცვაში მყოფი უკრაინის არმიის დანაყოფები ასე ხშირად ხვდებიან ალყის „ტომარაში“?
როგორც თავად უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, ამის უმთავრესი მიზეზი არც სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის უკმარისობაა და პირადი შემადგენლობის დამატებითი რაოდენობის მოძიებაც შეიძლება ფლანგების უკეთესად გადასაკეტად - ისინი ამ წარუმატებლობაში, პირველ რიგში, უკრაინის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, კერძოდ კი - პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ გენერალ სირსკის ადანაშაულებენ...

სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ სურს მოისმინოს მორიგი უკრაინული დასახლებული პუნქტის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია, სირსკი და მისი გენშტაბი ცდილობს, მებრძოლები ბოლო წუთამდე შეატოვოს იმ პოზიციებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე დაკარგულია და მის შესანარჩუნებლად დამატებითი მსხვერპლის გაღება ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული...
უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები, მათ შორის - DeepState-დან და „ცენზორიდან“ - იური ბუტუსოვი, აღარ ერიდებიან იმას, რომ მათი კრიტიკით შეიძლება მტრის - რუსეთის პროპაგანდამ ისარგებლოს და უფრო და უფრო ხმამაღლა განაგრძობენ უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ღიად დადანაშაულებას ამ რუსული ალყის „ტომრების“ გამეორებების გამო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი სირსკი კი გამოდის ინიციატივით, დაწესდეს მკაცრი ცენზურა უკრაინის მასმედიაზე, ომის კანონების შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილ მორიგ ალყაში მოქცევამდე, უკრაინის დამცველებს ორგანიზებული უკანდახევის ბრძანება დროულად მისცეს...