პატიმარი ნომერი 112021 - აუშვიცის ტყვის ისტორია: შეხვედრა "სიკვდილის ანგელოზთან" და ქათმის წვნიანი, რომელიც 80 წლის შემდეგაც არ ავიწყდება - კვირის პალიტრა

პატიმარი ნომერი 112021 - აუშვიცის ტყვის ისტორია: შეხვედრა "სიკვდილის ანგელოზთან" და ქათმის წვნიანი, რომელიც 80 წლის შემდეგაც არ ავიწყდება

27 იანვარს 80 წელი შესრულდება, რაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის აუშვიც-ბირკენაუ გაათავისუფლეს. აუშვიცის ერთ-ერთი ყოფილი ტყვე აივორ პერლი ახლა 92 წლის გახლავთ. ის BBC-ს ტყვეობაში გატარებულ წლებზე ესაუბრა.

ქათმის წვნიანი

აივორი უნგრეთში 1932 წელს ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. უნგრეთი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ჰყვაოდა და ებრაელების შემავიწროვებელი უამრავი კანონიც მიიღეს, თავდაპირველად აქ ცხოვრება გარკვეულწილად უსაფრთხოც იყო.

მაგრამ 1944 წელს გერმანელები უნგრეთში შეიჭრნენ და ახალი წესრიგი დაამყარეს. 1944 წლის 15 მაისიდან 9 ივლისამდე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაახლოებით 430 ათასი უნგრელი ებრაელი გადაიყვანეს.

აივორი იმ პერიოდში 12 წლის გახლდათ.

„საშინელი მგზავრობა იყო. ძალიან მტკიოდა მუცელი და უბრალოდ იატაკზე ვიწექი. ჩემს თავზე დავფიქრდი - მე ხომ ბავში ვიყავი, ეს ხომ სახალისოა? მატარებლით ვმგზავრობდი, რომლითაც იმ დრომდე არ მიმგზავრია“, - იხსენებს აივორი, რომელსაც ახსოვს, რომ გზად საჭმელი არ მისცეს.

„მახსოვს, როგორ მოვედი სახლში 2 დღით ადრე, ვიდრე სკოლიდან წაგვიყვანდნე, მახსოვს ქათმის წვნიანის სურნელი. ამ დროს უკვე იყო საკვების დეფიციტი. „დედა, დედა, შეიძლება ცოტა წვნიანი მივირთვა"? - არ შეიძლება, რადგან ჩვენ გვითხრეს, რომ მატარებლით წავალთ, არ ვიცი როდის, არ ვიცი საით, მაგრამ გზად საჭმელი უნდა წავიღოთ“ , - მითხრა დედამ".

ოჯახი ამ დროს უკვე ცხოვრობდა გეტოში, მათ არ ჰქონდათ ელექტროენერგია. კერძი გრილად რომ შეენახა, აივორის დედამ წვნიანი ხის ჩრდილში დადო, ალბათ აპრილის ან მაისის თვე იქნებოდა...

ძალიან მალე აივორი ოჯახთან ერთად მატარებელში ჩასვეს, ბიჭის დედამ კი სულ მალე გაიაზრა, რომ წასაღებად გამზადებული წვნიანი დარჩათ...

screenshot-2025-01-24-152814-1737718138.png

რამდენი წლის ხარ?

როცა მატარებელმა აუშვიცის გვერდით ჩაიარა, აივორს მუცელი მაშინაც სტკიოდა. მოხრილი იწვა იატაკზე როცა ვიღაცამ იდიშურ ენაზე უთხრა: - თუ გკითხავენ, უთხარი რომ 16 წლის ხარ.

უეცრად მატარებელში მოთავსებული ხალხი ორ ნაწილად გაყვეს, ერთ მხარეს მამაკაცები დააყენეს, მეორე მხარეს კი ქალები და ბავშვები. როგორც აივორი იხსენებს, ახსოვს, რომ დაინახა თეთრ ხელთათმანიანი ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ ექიმი მენგელე იყო. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, იოზეფ მენგელე საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ ტყვეებზე ცდებს ატარებდა. მას „სიკვდილის ანგელოზსაც“ ეძახდნენ.

„მის სახეს თითქმის ყოველ დღე ვხედავ... მკითხა wie alt bist du? - რამდენი წლის ხარო, ვუპასუხე, რომ 16 წლის ვიყავი და იმ მხარეს გამიშვა, სადაც ჩემი ძმა იდგა“ , - შეშინებულმა აივორმა დედასთან მიირბინა, რომელიც მეორე ჯგუფში იდგა და ჩაეხუტა, სწორედ აქ ნახა დედა აივორმა ბოლოჯერ. აივორის დედა 2 უმცროს დასთან და ძმასთან ერთად მარცხნივ გაუშვეს. მათ გაზის კამერები ელოდა...

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთის ქალაქ ოსვენციმში 1940 წელს ააშენეს. ყველაზე დიდი ბანაკი აუშვიც-ბირკენაუ გახლდათ. ისტორიკოსთა ცნობით, აუშვიცში დაღუპულთა 90 % სწორედ ბირკენაუში გარდაიცვალა. საუბარია დაახლოებით მილიონ ადამიანზე, უმეტესი ნაწილი კი ებრაელი გახლდათ, ასევე იყვნენ პოლონელები, ბოშები და სხვა.

საკონცენტრაციო ბანაკში ძმებმა შემთხვევიც მამაც დაინახეს, რომელიც ერთ დღეს სამსახურში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. როგორ მოხვდა მამაკაცი ბანაკში, შვილებთან არ უსაუბრია.

screenshot-2025-01-24-152824-1737718139.png

მთელი ამ ხნის განმავლობაში აივორმა არ იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა აუშვიცში. დაცვის წევრებმა მათ უთხრეს, რომ კვამლი საცხობის საკვამურებიდან ამოდიოდა... როგორც თავად იხსენებს, ძმამ სიკვდილს სამჯერ გადაარჩინა.

ერთხელ აივორი ტიფით დაავადდა და საავადმყოფო ბლოკში აღმოჩნდა. ჩვეულებრივ ამ ბლოკიდან პაციენტები გაზის კამერებში მიჰყავდათ, ძმამ ის აქედან იხსნა და გამოიყვანა.

როგორც საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი აივორი იხსენებს, ძმები ხშირად კამათობდნენ და ერთხელ მათი კამათი დაცვის წევრმაც შეამჩნია. „გვითხრა: ჩხუბი გინდათ? გაჩვენებთ, როგორ უნდა იჩხუბოთ. მაიძულა ჩემი ძმის წინ დავმდგარიყავი და იმდენი ხანი გვეჩხუბა, სანამ ხელები ბოლომდე სისხლით არ დაისვარა“.

„ყველაფერი რაც იქ ხდებოდა იმდენად არაადამიანური იყო, რომ ამაზე საუბრისას თავს საშინლად ვგრძნობ“ , - აღნიშნა აივორმა და თქვა, რომ იმ პერიოდის გახსენება არ უყვარს.

screenshot-2025-01-24-152842-1737718139.png

ყველა ადამიანს, ვინც კი მოხვედრილა საკონცენტრაციო ბანაკში, სხეულზე ტატუს სახით ნომერი ჰქონდა დაწერილი, აივორს კი გაუმართლა, ნომრის დასაწერად რიგში იმდენი ებრაელი იდგა, გერმანელებს მელანი აღარ ჰქონდათ.

„არ ვიცი სირცხვილის გრძნობას განვიცდი თუ არა. იცით, ვფიქრობდი, რომ სრული საზღაური არ გადამიხდია, დღემდე მახსოვს ჩემი ნომერი, 112021. თუ მკითხავთ ჩემი ტელეფონის ნომერს - საერთოდ არ მახსოვს, რომ მკითხოთ ჩემი შვილების სახელები, შეიძლება ისიც დამავიწყდეს, მაგრამ ეს ნომერი მაინც მახსოვს“ , - - აღნიშნავს აივორი იმ ფაქტზე, რომ სხეულზე ტატუირება არ აქვს.

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა საკონცენტრაციო ბანაკები გაათავისუფლა ძმები პერლები მიუნხენთან ახლოს აღმოჩნდნენ. მათი მიზანი იყო უნგრეთში ფეხით წასულიყვნენ, იქნებ ცოცხლად დარჩენილი ნათესავები ეპოვნათ, მაგრამ ურჩიეს წითელი ჯვრისთვის მიემართათ და ასე გაიგებნდნენ ახლობლების ბედს. საბოლოოდ, აივორმა ინგლისში დარჩენა არჩია, მას ძმასთან ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა. აივორის ძმა გათავისუფლებიდან 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

უამრავი სირთულის მიუხედავად აივორი ფიქრობს, რომ სიყვარული სიძულვილზე ძლიერია და სიყვარული ადამიანს ყველაფერს შეაძლებინებს. ის იხსენებს, რომ გათავისუფლებიდან ძალიან მალე ხმა გავრცელდა, მინდორში სადაც ყოფილი ტყვეები იყვნენ სს-ის წარმომადგენლები მანქანებით ჩაივლიდნენ, ხალხმა ხელკეტები მოიმარჯვა... აივორმა კი აგრესია არ მიიჩნია საჭიროდ და მათ არ შეუერთდა. წყარო

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ჰოლოკოსტს გადარჩენილი 245 ათასი ებრაელია დარჩენილი. მათი 96% 1928 წლის შემდეგ დაიბადა და მათ "გადარჩენილ ბავშვებად" მიიჩნევენ.