"მოკვლის შემდეგ მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან არის გადმოგდებული" - რა დეტალები ხდება ცნობილი 26 წლის ახალგაზდრის მკვლელობის ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"მოკვლის შემდეგ მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან არის გადმოგდებული" - რა დეტალები ხდება ცნობილი 26 წლის ახალგაზდრის მკვლელობის ფაქტზე?

სადისტურად მოკლული 26 წლის ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, ბიძის სახლში გადაასვენეს. ამ დრომდე ოჯახს არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ გაიმეტა სადისტურად მოსაკლავად ლევანი, მისმა უახლოესმა მეგობარმა. ეს სულისშემძვრელი უმძიმესი ფაქტი, თბილისში, ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე 12 იანვარს მოხდა. მომხდარზე შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან ჯანგულაშვილს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ახლა სასამართლო პროცესს მოუწევს მკვლელობის დეტალებზე საუბარი. მან უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ რატომ გაიმეტა მოსაკლავად უახლოესი მეგობარი.

ლევან ჯანგულაშვილს 12 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. ახლობლების თქმით, დამნაშავე ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმავე უბანში ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა და ლევანის ოჯახს, რომელიც შვილს ეძებდა თავს არიდებდა. ლევანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ახლობელმა გაავრცელა. ოჯახის ახლობელი წერდა, რომ დედა დაკარგულ შვილს ეძებდა და მის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა. ლევან ჯანღულაშვილის კვალი 12 იანვარს დაიკარგა და მას შემდეგ ვერ პოულობდნენ.

"ბოლოს 12 იანვარს საღამოს 7 საათზე გოძიაშვილის ქუჩაზე ნახეს, აცვია შავი მუხლს ქვემოთ დუტის ქურთუკი, შავი ნაქსოვი სვიტერი, ბრტყელი ნაცრისფერი ზოლით, თამბაქოსფერი შარვალი და შავი ბოტასი თეთრი ძირით. მარცხენა ყურს ქვემოთ ყელთან აქვს ტატუ, თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც გოძიაშვილის ქუჩაზე ითიშება", - ეწერა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახლობლები ყველგან ეძებდნენ ლევანს, მეორე დღიდან ბუნებრივია საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთნენ და მისი ცხედარი 22 იანვარს ძალოვნებმა იპოვეს.

"ლევანი საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე კარგი ადამიანი, ვისაც შეიძლება შეხვდე ცხოვრებაში. ის ძალიან უყვარდა მეგობრებს, ახლობლებს. არ იყო კონფლიქტური ბიჭი. თბილისში, ვაშლიჯვარში დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დედაზე დამოკიდებული ბიჭი იყო, ძალიან კარგი დედაშვილობა ჰქონდათ, კარგი მეგობრები იყვნენ და რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, დედას ეტყოდა. ყოველთვის დედასთან კონტაქტზე იყო, 12 რიცხვში საღამოს რომ არ გამოჩნდა და დედას არ დაურეკა, მას მერე დავიწყეთ მისი ძებნა. სხვადასხვა ჯგუფებში დავწერეთ, რომ ვეძებდით ლევანს და ფოტო გამოვაქვეყნეთ. ვიცოდით, რომ ბოლოს თავის უბანში იყო. დედა ელაპარაკა ტელეფონზე და უთხრა სახლთან ვარო და რომ მალე ავიდოდა სახლში, ამის შემდეგ ვერ ვპოულობდით. ჯერ ნათესავებთან, მეგობრებთან მოვიკითხეთ, მეორე დღეს პოლიცია ჩაერთეთ და მას შემდეგ ვეძებდით ყველანი.

- როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული მისი უახლოესი მეგობარია, მასთან გქონდათ კომუნიკაცია?

- გიდასტურებთ, რომ დაკავებული არის ლევანის უახლოესი მეგობარი, მისი ვინაობა ვიცი, მაგრამ ვერ დაგისახელებთ. ამ ბიჭთანაც გვქონდა კომუნიკაცია ეს დღეები, მაგრამ ყოველთვის თავს არიდებდა. ამ ამბის შემდეგ ის ჩვენთან არ საუბრობდა. მან თქვა რომ არაფერი არ იცოდა, რომ არ უნახავს. გავრცელდა ინფორმაცია, თითოს მან თქვა, რომ ნახა ვიღაცასთან ერთად ლევანი და შეეცადა კვალის არევას, ეს ასე არ იყო. ჩვენთან კომუნიკაციას თავს არიდებდა. მხოლოდ ის თქვა, რომ არ უნახავს ლევანი და მორჩა. ჩვენ იმ ტერიტორიიდან დავიწყეთ ძებნა, გოძიაშვილის ქუჩიდან, ჩვენივე ძალებითაც ვეძებდით და ცალკე ეძებდა პოლიციაც. ყველაფერი გადავჩრიკეთ, ტყეები, ყველა მიტოვებული სახლი დავათვალიერეთ და იმ ადგილას, სადაც ლევანის ცხედარი იპოვეს ჩვენც გადავწყვიტეთ მისვლა, ჩვენამდე იქ მივიდა პოლიცია, ჩვენამდე ზუსტად 5 წუთით ადრე, თუმცა მერე იქ შესვლის უფლება პოლიციამ არ მოგვცა, რადგან იქ უკვე მიდიოდა საგამოძიებო სამუშაოები. ეს ერთი კორპუსი გვქონდა მხოლოდ სანახავი, დანარჩენი ყველაფერი ვნახეთ და სწორედ ამ კორპუსიდან გადმოაგდო დამნაშავემ ლევანი. ლევანის საცხოვრებელი სახლიდან ძალიან ახლოს არის ეს კორპუსი, დაუმთავრებელი კორპუსია. იქვე ახლოს, ფეხით 10 წუთის სავალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა დედა-შვილი. ლევანი მოკვლის შემდეგ მერვე სართულიდან არის გადმოგდებული, მერე ცხედრის კვალის წაშლის მიზნით ცეცხლი აქვს წაკიდებული. ჩვენ აღარ შეგვიშვეს შიგნით, მერე დაგვიდასტურეს ერთ საათში, რომ ნაპოვნი იყო ლევანის დამწვარი ცხედარი. 22 რიცხვში ვიპოვეთ ცხედარი და რატომ გაიმეტა უახლოესმა მეგობარმა ის არ ვიცით. ვერსიები მართლა არ ვიცით, არ ვიცით რა შეიძლება იყოს მიზეზი, რადგან ის იყო მისი საუკეთესო მეგობარი. ლევანი მშვიდი, წყნარი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, რომელიც ყველაზე ზრუნავდა, რატომ გაიმეტა მან სასიკვდილოდ, არ ვიცით ჯერჯერობით და გამოძიებას ველოდებით ამ საკითხებზე. მკვლელიც იმავე უბანში ცხოვრობს, ახლოს ცხოვრობდნენ.

- დედა რა ვერსიას განიხილავს?

- დედა განადგურებულია, არანაირი ვერსია მას არ აქვს. მარტოხელა დედაა, ორი შვილი გაზარდა, ერთი გოგონა დარჩა, ლევანისთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა დედას. ეს დღეები სულ იმას იძახდა, ლევანი თავს არ მოიკლავდაო. იმდენად უყვარდა სიცოცხლე. მართლა გამორჩეული ბიჭი იყო, საუკეთესო, თითით საჩვენებელი. უნდა გენახათ მეზობლები როგორ ტიროდნენ. ყველასთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან კეთილი, მშვიდი, სიცოცხლით აღსავსე ბიჭი მოკლეს. მკვლელიც იმავე უბნელია, ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია, ამ შემზარავი დანაშაულის მერე ჩვეულებრივ აგრძელებდა დამნაშავე ცხოვრებას. გვინახავს ეს დღეები მკვლელი. ჩვეულებრივ დადიოდა უბანში. მასზე ეჭვი მიტანილი იყო, ისე ყველა დაიკითხა, ვინც იყო ლევანის გარშემო. მკვლელი დააკავეს, როგორც ვიცი ის აღიარებს ყველაფერს. ლევანი გადმოაგდო დაუსრულებელი კორპუსის მერვე სართულიდან, კარკასია, სადაც ეს მძიმე დანაშაული მოხდა. ლევანის სახლიდან ფეხით ალბათ 10 წუთის სავალზე, ეტყობა გაყვა უპრობლემოდ მეგობარს, ეჭვს ვერაფერში მიიტანდა და გაყვებოდა უახლოეს მეგობარს.

- მაინც რა ვერსია განიხილება, გოგოს გამო ხომ არ მოხდა?

- გოგოს თემა გამოირიცხა. მართლა არ ვიცით რა იყო მიზეზი, ჩვენც ველოდებით გამოძიებას. ჩვენც გვაინტერესებს მოტივი რატომ მოკლა? ლევანი გადასვენებულია კახეთში, დედის ოჯახში, ბებია-ბაბუას სახლშია დასვენებული. მარტოხელა დედამ გაზარდა ძალიან კარგი შვილი და მას ასე მოუკლეს. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა დედას ეტყობა, რადგან ძალიან განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, კარგი მეგობრები იყვნენ. დედა თვითმკვლელობას გამორიცხავდა, სულ იმას იძახდა თავს არ მოიკლავდაო, მართლა ძალიან უყვარდა სიცოცხლე, გეგმებით სავსე იყო და ასე გაიმეტა უახლოესმა მეგობარმა.