"რას იმუქრებოდით, ეს იყო თქვენი მუქარაო?!. . ნუ გადაგვიმტერებენ, არ ღირს! არ ვაპირებთ აგრესიულ ფორმას მივმართოთ" - ანა ქურთუბაძე პროტესტსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე
"რთული იყო მოგვეძებნა ფორმა, რომ ჩვენი მანიფესტი მაყურებლისთვის სწორად მიმართული ყოფილიყო... ჩვენ გვწამს და გვჯერა ჩვენი მაყურებლის და მინდა, მადლობა გადავუხადო... ბოლო პერიოდში მათგან საოცარი გვერდში დგომა ვიგრძენით. მართლა განსაკუთრებულები არიან და რომ არა ისინი, 23 იანვრის საღამო ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო" - გვეუბნება ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის" მსახიობი ანა ქურთუბაძე.
ის "ახალმა თეატრის" მიერ წარმოდგენილ მანიფესტზე გვესაუბრა, ასევე კოლეგა, ანდრო ჭიჭინაძეზე და შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომლის პირისპირაც ყველა ერთად აღმოვჩნდით.ანა ქურთუბაძე:
- მანიფესტზე მუშაობისას, ფორმას, დოისთან ერთად ვეძებდით და ერთობლივი ნამუშევარი ასე წარმოვადგინეთ. ვფიქრობდით იმაზეც, გამომსვლელთა სიტყვებს მაყურებელში აგრესია არ გამოეწვია, ან არასწორად არ ყოფილიყო აღქმული. მოკლედ, ბეწვის ხიზე იყო გასავლელი... თან ძალიან ვღელავდით. რამდენი სპექტაკლი გვითამაშია, მაგრამ ყველა ერთად აღვნიშნავდით, რომ ეს ღელვა არ ჰყავდა პრემიერის წინ, ან სპექტაკლის წინ ღელვას, რაღაც სხვანაირი იყო, უცნაური...
- ეს ალბათ იმ პასუხისმგებლობით იყო გამოწვეული, რაც მიზნად დაისახეთ - თქვენი თეატრი ამ მანიფესტით ხომ თავის კედლებს გასცდა და გარეთ გამოვიდა...
- ასეა... თუმცა სცენაზე გავედით თუ არა, მაყურებლისგან ისეთი სწორი ემოცია წამოვიდა, რომ მე და ჩემს მეგობრებს (ვინც სცენაზე იდგა), ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ თითქოს სცენასა და აუდიტორიას შორის ზღვარი დაიკარგა - ის ზღვარი, რომელიც სცენაზე დგომისას მაყურებელთან არსებობს ხოლმე. თითქოს ყველანი გავერთიანდით და ერთ რიტმში ვსუნთქავდით...
- ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა, დღევანდელ სიტუაციაში, ისე ჟღერდა, თითქოს ახლა იყო შექმნილი...
- კი, ირაკლის სიმღერები თავის ტექსტებით სრულად პასუხობს დღევანდელ მოვლენებს. ზოგადად თავის დროზე ირაკლის შემოქმედების ასე აღება და სპექტაკლად გაკეთება, დიდი პასუხისმგებლობა იყო. დღეს კი, როცა თეატრი გარეთ გამოვიდა და ამ ფორმის პროტესტი გამოვხატეთ, მისი შემოქმედება კიდევ უფრო სხვანაირად გაისმა. მართლაც იყო შეგრძნება, რომ ირაკლიმ ეს ყველაფერი დღევანდელი დღისთვის ჩვენთან ერთად შექმნა და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად იყო...
- მანიფესტის მთავარი მოტივი იყო - თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ადამიანს, რომელიც თქვენი თეატრის მსახიობია და დღეს დაპატიმრებულია...
- კი, მთავარი მოტივი იყო - თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა უდანაშაულო პატიმარს, ვინც საპატიმროშია. ამას ბევრჯერ გავუსვით ხაზი... როდესაც ვამბობთ ანდრო ჭიჭინაძეს, მხოლოდ ანდროს არ ვგულისხმობთ... ის ადამიანები, ვინც დღეს საბედნიეროდ გისოსებს მიღმა არ არიან, თუ საკუთარ თავში ჩაიხედავენ, დაფიქრდებიან და ხმას მაინც არ ამოიღებენ, ძალიან სამწუხარო იქნება... უნდა ვიცოდეთ, რომ კარზე ყველას მოგვიკაკუნებენ. ამიტომ დღეს ვართ ანდრო ჭიჭინაძეები, ამ შემთხვევაში ჩვენი სახელი და გვარი პირობითად, ანდროა. ყველა ის ერთი ადამიანი ვართ, ვინც ახლა გისოსებს მიღმაა და თავისუფლებისთვის იბრძვის. თვითონ ანდროსგანაც მოვისმინეთ, რომ ასეთი თავისუფალი ჯერ არასდროს ვყოფილვარო... იმ, საღამოს ჩვენც გვქონდა ეს შეგრძნება, რომ ასეთი თავისუფლები ჯერ არ ვყოფილვართ და ასეთი თავისუფალი საქართველო არასდროს ყოფილა. ჩვენს ქვეყანას, რისთვისაც ამდენი წელია იბრძვის, სწორედ ახლა აქვს იმის შანსი, რომ მიაღწიოს.
- ლამის 60 დღეა ხალხი ქუჩაშია და საპროტესტო აქციები იმართება... ასეთი ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი აქამდე არ ყოფილა...
- აქ განსაკუთრებით სტუდენტების როლია მნიშვნელოვანი, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვხედავთ, ქვეყნისთვის და მომავლისთვის როგორ იბრძვიან. ჩვენ ყველანი მათ ზურგს უკან ვდგავართ - როგორც შეგვიძლია, ზურგს ვუმაგრებთ და ასე იქნება ბოლომდე... იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს, ან ცუდი პროპაგანდის მსხვერპლნი არიან (განსაკუთრებით უფროს თაობას წარმომადგენლები), ვისაც ეშინიათ და ჰგონიათ, რომ თუ ხმას ამოიღებენ, შეიძლება ომი დაიწყოს, მათ ჩვენი ხმა ამ ფორმით უნდა მივაწვდინოთ.
- თქვენი მანიფესტის მიმართ რაღაცნაირი ქილიკიც გაისმა...
- კი, მცირე ქილიკი მეც მოვისმინე. რას იმუქრებოდით, ეს იყო თქვენი მუქარაო?!. არ ვიცი, რა ეგონათ, - არამშვიდობიანი გზით რამეს დავაპირებდით?! არა, ჩვენ მსახიობები ვართ, დოი კიდევ რეჟისორი, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი. ის, რაც დოიმ დააანონსა, რომ რეგიონებში გავალთ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რამ მგონია... გააგრძელეთ კითხვა