"ნარკომანს არ აშინებს სიკვდილი. მინდოდა დამენებებინა, ბევრჯერ მიყვირია, გადამარჩინეთ-მეთქი, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. დღეს სერიოზული პრობლემაა კლუბური ნარკოტიკი, კლავს!" - ნარკომომხმარებლის აღსარება
"სინთეტიკური ნარკოტიკი რამდენჯერაც დაუტესტავად გავსინჯე, იმდენჯერ ზედოზირებით მოვხვდი კლინიკაში. ძირითადად, სუნთქვა მიჭირდა. აღმოჩნდა, რომ მასში ე.წ. ზღვის მარილები იყო, ბევრჯერ ძლივს გადამარჩინეს"
ნარკოტიკის მოხმარება თინეიჯერული ასაკიდან დაიწყო. მას მერე დიდი დრო გავიდა და წამალი მისი ყოველდღიურობა გახდა. ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ზედოზირებითაც ბევრჯერ მოხვდა კლინიკაში, კომიდან ძლივს გამოიყვანეს, ბევრჯერ სცადა თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ, ისევ ნარკოტიკს უბრუნდებოდა. ახლა კიდევ ერთხელ დადო ფიცი, რომ წამალს არ გაეკარება, კლინიკაში მკურნალობს და იმედი აქვს, რომ სპეციალისტებთან ერთად, საბოლოოდ დაამარცხებს ამ მძიმე სენს. ამბობს, რამდენი ხანია დანევროზებული დავდივარ რემისიის გამოო.
- დავით, დიდი ხანია ნარკოტიკების მომხმარებელი ხართ?
- სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია, 18 წლის ასაკიდან აქტიურად მოვიხმარ სხვადასხვა სახის ნარკოტიკს, მანამდეც, უფრო ადრეულ ასაკში რამდენჯერმე გავსინჯე. თითქმის ყველა სახის ნარკოტიკი გამისინჯავს - კლუბურიც, არაკლუბურიც. ასე ვცხოვრობდი 20 წელზე მეტხანს.
დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუ გინდა სახლში მოგიტანენ, სადარბაზოსთან ჩასვლაც კი არ დაგჭირდება. ინტერნეტით უკვე ყველაფრის ყიდვა შეგიძლია, ან მიდიხარ კლუბებში და იქ ყიდულობ. სინთეტიკური ნარკოტიკები ისე მასიურია, რომ ახალგაზრდები ძირითადად მაგით გაბრუებულები დადიან.
ეს ძირითადად, კლუბებში ვინც დადის, მათთვის არის სასურველი, რადგან მერე მოზღვავებულ ენერგიას ცეკვით ხარჯავენ. მე გარეთაც თავისუფლად ვშოულობდი და ჩემი დოზა შემქონდა.
- კლუბებში შესვლის წინ ჩხრეკა არ ტარდება?
- ფორმალურია ეს ყველაფერი. კლუბებში ნებისმიერი ადამიანი ვერ ხვდება.
- კლუბური ნარკოტიკით არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა, სანამ მოიხმარ, თუ არკვევ შემადგენლობას?
- მაგით ბევრი არ ინტერესდება, ისე არაერთხელ დამიტესტავს, მაგრამ შეიძლება დაგეზაროს და არ დატესტო. მე მაინც მგონია, რომ ძირითადად დოზას ვერ აკონტროლებენ და ამიტომ ხდება ზედოზირება. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, ჯობია მაინც დატესტვა, ახალი სინთეტიკური ნარკოტიკი რამდენჯერაც გავსინჯე დაუტესტავად, იმდენჯერ მოვხვდი ზედოზირებით კლინიკაში. ძირითადად, სუნთქვა მიჭირდა. აღმოჩნდა, რომ ე.წ. ზღვის მარილები იყო, ბევრჯერ ძლივს გადამარჩინეს.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მოიხმარ, მაშინ ვინ გყავს გვერდით. მეგობარი არ უნდა დაიბნეს, ბევრჯერ მეგობრებს გადავურჩენივარ. ყველა ზედოზირებიდან გამოსულს მითქვამს, არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ მერე ისევ იწყებ თავიდან.
მქონდა რთული პერიოდებიც, შედეგზე აღარ ვფიქრობდი. 5 დღე ვყოფილვარ კომაში, ამ დროის განმავლობაში, სულ აპარატზე ვიყავი შეერთებული. როგორც ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხმარებისას გვერდზე გყავდეს გამოცდილი ნარკომომხმარებელი, რადგან მან იცის, როგორ დაგეხმაროს. ყოველთვის გამოცდილებთან ვიკეთებ წამალს, ეს წესად მექცა. მე ვშოულობდი და მე ვირჩევდი, ვისთან ერთად გამეკეთებინა.
ყველას ვურჩევ არ გაეკაროს ე. წ აბაზანის მარილებს. დოზას ვერ აკონტროლებ. რომ გგონია არ ხარ კაიფში, უცებ იმატებს, იმატებს, ნელ-ნელა ხსნის, მერე გული და ტვინი ვეღარ უძლებს ამას და მომენტალურად ხდები ცუდად, ვერ გამოდიხარ მდგომარეობიდან. სპაზმები გემართება, იხრჩობი, ჰაერი არ გყოფნის, სუნთქვა გეკვრება და გგონია, გული სადაცაა გასკდება. გიბნელდება თვალები და გიჭირს სუნთქვა, იქ მთავრდება ყველაფერი, მერე აღარაფერი გახსოვს.
მოიხმარ და მალევე რაღაცნაირად მოუსვენრობა გემართება, ნელ-ნელა მიდიხარ, თუ მოასწარი დაძახება, მიშველეთო, ხომ კარგი, თუ არადა ითიშები. კომაში ჩავარდნის მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ მეტი დოზა მივიღე.
როცა ნარკომომხმარებელი გავხდი, ხაზნახევრით დავიწყე. ინსულინის შპრიცით კუბნახევარს ვიკეთებდი, მერე დოზას ვზრდიდი. დიდი ხნის მომხმარებელი როცა ხარ, მეტი მოთხოვნილება გიჩნდება, თუმცა ყველაფერი ხარისხზეა დამოკიდებული. გააჩნია იმას, რასაც მოიხმარ, როგორი გაკეთებულია, როგორი შეზავებულია. შეიძლება 5 გრამი გაიკეთო და არ იყოს ისეთი ძლიერი, შეიძლება ერთნახევარმა დაგანგრიოს. ყველაფერი გამომიყენებია.
ერთ კაკალი "სუბოტექსი" 5 კაცსაც გაგვიკეთებია და კარგად ვყოფილვართ. ყველაფერს ცოდნა უნდა. სუბოტექსს რამდენიმე ვიყოფდით, არც იმისთვის მიდევნებია თვალი, ის როგორ ამოჰყავდათ. ერთი სული მქონდა, როდის გავიკეთებდი. ჩემი ვალდებულება ჩემს სამეგობროში იყო წამლის მოტანა, ყოველთვის შემომტანი ვიყავი, სხვები ამზადებდნენ.
დღეს ინტერნეტი სავსეა. ამდენი ახალგაზრდა კვდება, ყოველთვის ჯგუფურად ხდება მოხმარება, აბა, მარტო ხომ ვერ იკაიფებ. ბოლო დროს, კლუბური ნარკოტიკს საერთოდ არ ვეკარებოდი. დღეს სერიოზული პრობლემაა კლუბური ნარკოტიკი. მთავარია, მოიხმარონ, შემადგენლობით არ ინტერესდებიან. მე როცა მომქონდა, პირველი მე ვსინჯავდი, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს უკან კიდევ 10 კაცი იყო და მათ წინაშე პასუხისმგებლობა მქონდა, ამიტომ, სულ ვსინჯავდი და მერე მომქონდა.
როცა დაინტერესებული ხარ, ყველა გზა იცი. მერწმუნე, ნარკომანს არ აშინებს სიკვდილი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ პრობლემები სერიოზულად იქმნება მაშინაც, როცა რაღაცას დაამატებ, მაგალითად, სტიმულატორი, სასმელი, ან მდმ-ა, ან კიდევ, სხვა რამე, უნდა იცოდე, რომ გაგანადგურებს. სამწუხაროდ, ახალბედები არც იმას უფიქრდებიან, რომ პირველად მოიხმარენ და ამიტომაც ექმნებათ პრობლემები, რაც შეხვდებათ იმას იღებენ. ამდენი წლის მომხმარებელი ვარ და ახლა რომ თავიდან ვიწყებდე, მე მათ ადგილას უფრო ფრთხილი ვიქნებოდი. ისევ ერთი ხაზით დავიწყებდი და არა ისე, ესენი რომ აკეთებენ. მერე გული ვეღარ ქაჩავს და იღუპებიან.
ახლა რომ ვუყურებ, ამ ძალიან პატარა გოგო-ბიჭებს, ვფიქრობ, ეს არ არის ნარკომანია, ეს არის რაღაც სხვა სიმპტომი, რომელიც ახალგაზრდებს აგიჟებს...
მე, როგორც ამ ხნის მომხმარებელი, ვთვლი, რომ ყველაზე საშიშია ეს კლუბური სინთეთიკური ნარკოტიკი და ვურჩევ ყველას, არ გაეკარონ. ჯობია ისევ სხვა რაღაც მოიხმარო, ვიდრე ეს კლუბური ნარკოტიკი მიიღო, რადგან ჩვენ თვითონ არ ვიცით, რით მზადდება.
ეს რომ კარგი იყოს, როგორც ამდენი ხნის მომხმარებელი, რომელსაც ბევრნაირი რანკოტიკი მაქვს გასინჯული, წამლისთვის თავის დანებებაზე არ ვიფიქრებდი. დავჯდებოდი ამ კლუბურ ნარკოტიკზე და ამდენი ხანი რემისიის ქვეშ რომ ვარ, დანევროზებული, ასე არ ვიქნებოდი, მაგრამ ეს მომაკვდინებელია! იციან, რომ კლავს და მაინც იღებენ.
- ახლა მკურნალობთ, ფიქრობთ, რომ ამ სენს საბოლოოდ თავს დააღწევთ?
- მე როგორც გითხარით, ადრეც მქონდა თავის დანებების მცდელობა, მაგრამ მაშინ არ გამომივიდა. ბევრჯერ დავმდგარვარ და მიყვირია, გადამარჩინეთ-მეთქი, ძალიან მდომებია გადაგდება, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. ახლაც ვებრძვი ამ პრობლემას და ვფიქრობ, გადავრჩები. ვხედავდი, ვიღუპებოდი და ჩემი ოჯახის წევრებმა კლინიკაში მიმიყვანეს. საკმაოდ ძვირი ჯდება ეს მკურნალობა, ისინი იხდიან ამ ფულს. მე არ მაქვს ახლა უფლება, რომ ვუღალატო. ბოლო შანსი მომცეს, მართლა ვებრძვი ნარკომანიას და ვფიქრობ, გავიმარჯვებ.
ოჯახი დამენგრა, ჩემი შვილები ცალკე იზრდებიან და მათ მივეცი პირობა, რომ დავაღწევ თავს. შვილებს იმედი არ უნდა გავუცრუო. ბევრი ტკივილი მივაყენე დედას, მეუღლეს, შვილებს, ჩემი ქმედებების გამო და არ მაქვს უფლება, კიდევ ერთხელ დავაღალატო. დედაჩემი ემიგრაციაში წავიდა, იქ მოაგროვა ჩემი სამკურნალო ფული, ის თანხა გადაიხადა.
ძალიან მძიმე დღეები, იმედია, უკან დარჩა, ახლაც კი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, გავიმარჯვებ.
(სპეციალურად საიტისთვის)