„ტრამპის დღის წესრიგში საქართველო პირველი არ არის, მაგრამ...“
მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს კაპიტოლიუმში გაიმართა - დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა "საღი აზრის რევოლუციის" დაპირებით. "ჩვენ დავიბრუნებთ სუვერენიტეტს. დავიბრუნებთ უსაფრთხოებას. სამართლის სასწორი ხელახლა დაბალანსდება", - თქვა ტრამპმა საინაუგურაციო გამოსვლაში. მან ასევე პირობა დადო, რომ "დაამარცხებს სარეკორდო ინფლაციას". ტრამპმა დადო პირობა, რომ დაუყოვნებლივ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას საზღვარზე და მის დასაცავად არმიას გაგზავნის. ინაუგურაციიდან მალევე მან ხელი მოაწერა 100 ბრძანებას, მათ შორის უკანონო იმიგრაციის შესახებ, სავაჭრო პარტნიორებისთვის გადასახადების დაწესებასა და ტრამპის იმ მომხრეთა შეწყალებაზე, რომლებიც კაპიტოლიუმში შეჭრისთვის გაასამართლეს. დონალდ ტრამპის პირველ განცხადებებსა და ნაბიჯებზე გვესაუბრება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე:
- უკვე ცხადად ჩანს, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი აგრძელებს იმავე ხაზს, რაც მას პირველი პრეზიდენტობისას ჰქონდა - მისი განცხადებები თუ ნაბიჯები ჯერჯერობით სრულ ჰარმონიაშია ჯერ კიდევ პირველ საპრეზიდენტო ვადაში გაცხადებულ პრიორიტეტებთან როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, რის თაობაზეც მან ინაუგურაციაზე ვრცლად და მკაფიოდ ილაპარაკა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დაბრუნებით ქვეყნის პოლიტიკაში მეტი სიცხადე შევა. ტრამპი იმ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან პატარა სივრცეს ტოვებს ბუნდოვანებისთვის. შესაბამისად, მისი რიგ საკითხებთან დაკავშირებული ნაბიჯები იქნება უფრო მკვეთრი, ზოგ შემთხვევაში უფრო ხისტიც, ვიდრე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, ცხადია, გაძლიერდება კონსერვატიზმი, რაც უპირველესად შეეხება როგორც სოციალურ, ისე მიგრაციულ პოლიტიკას. ჩვენთვის საინტერესოა, რომ მან უკვე წარმოაჩინა, რა დამოკიდებულება აქვს ჩინეთსა და რუსეთთან. მას სურს ისტორიაში შევიდეს პრეზიდენტად, რომელიც კიდევ უფრო ძლიერ ამერიკას დატოვებს. ტრამპი გეგმავს ომების დასრულებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზად არის დაასრულოს ნებისმიერი პირობით - მას სურს ომი დასრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და ამასთანავე, დაცული ამერიკის და საზოგადოდ, დასავლური სამყაროს ინტერესები.
მნიშვნელოვანი იყო მისი პირველი გზავნილები კრემლისა და პუტინისთვის, რაც ვფიქრობ ქართველი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა. ის, რომ ტრამპს პირველი კომუნიკაცია არა რუსეთის, არამედ ჩინეთის ლიდერთან ჰქონდა, მიანიშნებს, თუ რა ადგილი უკავია მის იერარქიაში ჩინეთს და რა - რუსეთს. მან განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის ჩინეთმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს რუსეთზე. ტრამპის პირდაპირი გზავნილი კი პუტინისთვის იყო, ბოლომდე არ დაანგრიო და მოსპო რუსეთის სახელმწიფოო.
ტრამპი იქნება კიდევ უფრო მომთხოვნი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის პარტნიორებთანაც. ცხადია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი უფრო წინ წამოიწევს. ამაზე პირველი პრეზიდენტობის დროსაც ლაპარაკობდა, მოუწოდებდა პარტნიორებს, რომ შეესრულებინათ ნატოს სტანდარტი და მშპ-ს 2% მიემართათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ. დღეს გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ცხადია, 2% საკმარისი არ იქნება და ის პარტნიორებისგან უფრო მეტს მოითხოვს. მას მიაჩნია, რომ ევროპამ უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა გაიღოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. მისთვის ასევე პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი, ის უფრო გააძლიერებს ისრაელთან ურთიერთობას.
ის ბრძოლა, რომელიც მან გამოუცხადა საერთაშორისო დანაშაულებრივ და ნარკოკარტელებს, მათი ტერორისტულ ორგანიზაციებთან გათანაბრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ასევე მოსალოდნელია ე.წ. არადემოკრატიულ-არამეგობრულ მეზობელ ქვეყნებზე წნეხის გაძლიერება. ყოველივე ეს სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და ამ თვალსაზრისით ტრამპი ხისტი და შეუვალი იქნება.
- მსოფლიო ინტერესით ელოდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრას... რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი, "დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უკეთესია, შევხვდეთ და მშვიდად ვისაუბროთ ყველა იმ სფეროზე, რომლებიც საინტერესოა როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე რუსეთისთვის", - განაცხადა პუტინმა და ტრამპს უწოდა "არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ პრაგმატული ადამიანიც".
- შეხვედრა, დიდი ალბათობით, მალევე გაიმართება, თუმცა ერთი შეხვედრით დიდ ცვლილებებს არ ველოდები. აქ სხვა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, უპირველესად, თუ როგორ მიდის პოზიციების მოსინჯვა. ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, თუ რა მოთხოვნები ექნება რუსეთთან. საინტერესოა რუსეთის რიტორიკის ტრანსფორმაციაც. თავიდან ჩვენ გვესმოდა პესკოვის, მედვედევის აგდებული ლაპარაკი, განცხადებები, რომ ტრამპის აზრი არ აინტერესებდათ, თუმცა ინაუგურაციის პარალელურად პუტინმა დანიშნა უშიშროების საბჭო, რომელზეც თქვა, რომ მზად არის დიალოგისთვის, ანუ აშკარად შეიცვალა მათი ლაპარაკის ტონი.
სი ძინპინთან ლაპარაკის შემდეგ პუტინის ტონი კიდევ უფრო შერბილდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოუწოდა, არ დაანგრიოს რუსული სახელმწიფო, ილაპარაკა ახალი სანქციების შესაძლებლობასა და ნავთობის ფასის მიზანმიმართულ შემცირებაზე, პასუხად კრემლისგან კვლავ მოვისმინეთ, რომ დიალოგისთვის მზად არიან.
მეტიც, პუტინმა ტრამპის ქებაც არ დაიშურა. ცხადია, ყოველივე ეს პოზიციების მოსინჯვაა, რაც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებების გაცვლა-გამოცვლით. ცხადია, პუტინი შეეცდება ზეწოლა გააძლიეროს უკრაინაზე, რათა მოლაპარაკებისას უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. იმავდროულად, ტრამპიც ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს, რისი დამსახურებაც არის, მაგალითად, ის, რომ ორბანი, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გამო რუსეთის სანქცირებას, დღეს იცვლის პოზიციას. ასე რომ, პუტინისთვის არ იქნება ადვილი ტრამპთან ლაპარაკი.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხიც - ჩვენ, ძირითადად, ვლაპარაკობთ ტრამპის განცხადებებზე, მაგრამ ამერიკა არ არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა. როცა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, სენატისა და კონგრესის განცხადებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასევე ძალიან საინტერესო იყო მარკო რუბიოს პოზიცია სენატში, როდესაც მას სახელმწიფო მდივნად ამტკიცებდნენ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. მან თქვა, ცეცხლის შეწყვეტა კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია იმგვარი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომ ახალი ომი აღარ დაიწყოსო. ეს დამაფიქრებელია და გვაძლევს იმედს, რომ ახალი ადმინისტრაციის ძალიან საინტერესო ნაბიჯებს ვნახავთ იმ პოლიტიკის გასატარებლად, რაზეც ლაპარაკობს ტრამპი და ქვეყნის პოლიტიკური ელიტა.
- მოგეხსენებათ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც ესწრებოდნენ ტრამპის ინაუგურაციას, რის შემდეგაც ზურაბიშვილი საფრანგეთში ჩაფრინდა და ემანუელ მაკრონს შეხვდა. მან ამ ვიზიტისას ინტერვიუ მისცა "ფრანს 24"-ს, რომლის დროსაც შტატების ინტერესებზე ილაპარაკა და განაცხადა: "დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკა იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს, მაგრამ რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7-მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს"...
- ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, ამერიკის ინტერესებს ყოველთვის უპირველეს ადგილას დავაყენებო. შავი ზღვის რეგიონი გეოგრაფიულად შეიძლება შორს არის შტატებიდან, მაგრამ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ცდილობს შავი ზღვა პარტნიორობის შესაძლებლობა კი არ იყოს, არამედ ერთგვარი წყალგამყოფი, რომელზეც ახალი რკინის ფარდა დაეშვება და კრემლი, ასე ვთქვათ, თავისი გავლენის სფეროებს მოიზომავს, რისი დაშვებაც პრინციპულად მიუღებელია ამერიკისთვის. დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაძლიერება ნიშნავს მომავალში დიდ საფრთხეს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო უარესი შედეგები მოიტანოს, რადგან შავი ზღვის რეგიონს გავლენა აქვს ევროპაზეც, აზიაზეც და ახლო აღმოსავლეთზეც...
გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამბიცია, რომ მისი პოზიციები უფრო გაძლიერდეს მსოფლიოში, ის აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს, - სწორედ ამას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც.
თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, რეგიონის სახელმწიფოები რამდენად აქტიურები იქნებიან და რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ეს მყიფე გარემო, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, და რომელსაც ყოველდღიურად აფეთქებს რუსეთი, დასტაბილურდეს და რუსეთის გავლენა შემცირდეს.
- არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ ტრამპის სიხისტიდან გამომდინარე, მან საქართველოს შესახებ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს და ქვეყანას უმკაცრესი სანქციები დაუწესდეს.
- სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს. მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა. ერთი არის რეგიონული კონტექსტი, უკვე ვილაპარაკეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, რომელსაც უკავშირდება უსაფრთხოების თემა, უკრაინის ომი, რომელიც ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და ა.შ.; მეორე არის ინტერესი იმ შუა დერეფნის მიმართ, რომელზეც საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობენ რუსეთიც და ჩინეთიც. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯებმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ირანის, ჩინეთის თუ რუსეთისკენ, შესაძლოა განაპირობოს საქართველოს საკითხის აქტუალიზება ტრამპის ადმინისტრაციაში. კიდევ ერთი საკითხია საქართველოში მიმდინარე პროცესები. რაც არ უნდა ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ", ამერიკისთვის დემოკრატია ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია... როგორც უკვე ვთქვი, აშშ-ის პოლიტიკა არასდროს არის ერთი პირის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, იქ დიდი როლი აქვს გუნდს. ის პროცესი, რაც ახლა მიდის კონგრესსა და სენატში საქართველოს საკითხზე, თან პროცესი ისეთი ძლიერი პოზიციების მქონე რესპუბლიკელებს მიჰყავთ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში. გარდა ამისა, იქ არიან ადამიანები, რომლებმაც იმაზე კარგად იციან ქართული რეალობა, ვიდრე თბილისში ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ასეთია მარკო რუბიო, ასევე ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაპარაკობდა "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასე რომ, რთული მოცემულობა აქვს "ქართულ ოცნებას". იმ შემთხვევაში, თუ ის ძველებურად გააგრძელებს მოქმედებას, ახალი ადმინისტრაციის რეაქცია იქნება უფრო მძიმე და ხისტი, ვიდრე ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციისას, რომელიც უფრო მეტ სივრცეს ტოვებდა მოლაპარაკებისთვის. ტრამპი გაცილებით მტკიცედ და მკაფიოდ მოქმედებს. შეხედეთ, როგორი განაცხადი გააკეთა რუსეთზე, თუ არ დამთანხმდებით ომის დასრულებას, მაშინ მე გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება თქვენთვისო. პირდაპირ ილაპარაკა ნავთობის ფასის დაწევაზე, უკრაინისთვის გაყინული აქტივების გადაცემაზე და ა.შ. თუ ის რუსეთთან არ ერიდება ასეთ განცხადებებს, რატომ მოერიდება ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას"?!
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, არამედ ქვეყანაც მოექცა მძიმე სანქციების ქვეშ, რა ელის საქართველოს?
- ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელისუფლებაში იმ ძალის ყოფნა, რომელთანაც პარტნიორებს ურთიერთობა არა აქვთ, უკვე პრობლემურია, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლის რესურსებიც ძალიან შეზღუდულია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოებისაც. როდესაც ვართ ამ უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში, სადაც არსებული საფრთხეები ჩვენს ძალას აღემატება, უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც ამერიკა და ევროკავშირია. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იმავე ჩინეთისთვის, საქართველო საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა დასავლური ინსტიტუტების დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მხარდაჭერა ჩანაცვლდება სანქციებით, მაშინ ჩვენ ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობას რამენაირად დააბალანსებს "ქართული ოცნება" სხვასთან ურთიერთობით... ეს პირდაპირ დაგვაყენებს იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია რუსეთის პირისპირ დარჩენა. რა მოელის ასეთ შემთხვევაში საქართველოს, არა მგონია, არ გვესმოდეს. ამიტომაც არის ასეთი საშიში ეს კრიზისი და ის ნაბიჯები, რასაც "ქართული ოცნება" ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებისკენ დგამს.