„ჩვენმა დემონსტრანტებმა გადაწყვიტეს, რომ თავისუფალ ადამიანებად დარჩნენ“
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი", - ასეთი წარწერები გაჩნდა საპროტესტო აქციებზე, რადგან საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია, ქუჩაში პროტესტს უწყვეტად გამოხატავს, ხელისუფლებისგან სწორედ ძალადობასა და უსამართლობას გრძნობს. ყველაზე მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი კი უსამართლობის განცდაა, რაც იმ ასობით სასამართლო პროცესის შედეგად გაჩნდა, ზუსტად ერთნაირი სცენარითა და ერთნაირი გადაწყვეტილებით რომ მიმდინარეობს: აქციაზე ყველა დაკავებულს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, შემდეგ პროცესს გადადებენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ პატიმრობაში. პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები, ე.წ. მოწმეებიც ზუსტად ერთნაირი ტექსტებით ლაპარაკობენ, არსად ჩანს მათი მოწმედ ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი. დაკავებულების უმეტესობა დაკავებისას ნაცემია, მოსამართლეები კი ზუსტად ერთნაირ გადაწყვეტილებებს იღებენ - ყველა ციხეში და ყველას მაქსიმალური ჯარიმა. რაზე მეტყველებს ყოველივე ეს და ქვეყანა რა საფრთხის წინაშეა, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ.
- ამ ყველაფერს ცოტა ფართოდ და ცოტა შორიდან უნდა შევხედოთ და ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ. რა თქმა უნდა, საწყისი არჩევნებია. პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაცია ანუ რამდენად არის სამართლიანი არჩევნებით მიღებული მხარდაჭერა საკმარისი იმისთვის, რომ დემოკრატიული მმართველობა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცეს? ამ კითხვაზე პასუხი არის "არა", იმიტომ, რომ ქვეყანაშიც და მის გარეთაც არჩევნებთან დაკავშირებული 3 კომპონენტიდან უმთავრესზე, რომელიც სამართლიანობასთანაა დაკავშირებული, კონსენსუსი არ არსებობს. გავიხსენოთ, პირველი სხდომა რამდენად კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნა და რა გადაწყვეტილებები მიიღეს კვორუმის შესახებ. ყოველივე ეს უფრო და უფრო აშორებდა "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული და კონსტიტუციური ჩარჩოებისგან. ბოლო "აკორდად" "ოცნებამ" პრაქტიკულად პირველივე სხდომაზე მიიღო რეპრესიული კანონი, რომლითაც გაამკაცრა ყველაფერი და რის გამოც დღეს ხალხს აჯარიმებს. ამაში იკითხება მათი პოლიტიკა - ძალადობა, ძალაზე დაფუძნებული მმართველობა და პრინციპი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან კომპრომისი; არ უნდა დაუშვან მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და თავისუფლების დამცველი დემონსტრანტების დემოკრატიული, სამართლიანი სასამართლო პირობები, სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ლიბერალური.
სასამართლო პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის - ძალიან დიდი ხანია ქვეყანაშიც და მის გარეთაც ყველამ იცის, რომ ის მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მსახურია. მმართველობა არადემოკრატიულია. ეს არის ერთიანი სისტემა და ყველა ქმედება თუ გადაწყვეტილება ოქტომბრის შემდგომ, განსაკუთრებით კი ევროპულ გეზზე უარის თქმის მერე, უკვე ყველაფერი თეთრისა და შავის დაპირისპირებად წარმოგვიდგება.
ერთ მხარეს არის დემოკრატიისა და თავისუფლების ერთგული და დამცველი ხალხი, დემოსი, ხოლო მეორე მხარეს ძალადობასა და შიშით დამორჩილებაზე ორიენტირებული მმართველი პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, ასეთ დაპირისპირებაში არა მგონია, დიდხანს გაძლოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და მით უმეტეს, საქართველოში.
ყველაფერი, პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებზე, გახარიასა თუ ქორიძეზე თავდასხმა და ამის იგნორირება, სერვერების ამოღება და ა.შ., მიუთითებს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია არა სამართალზე, არამედ ძალადობაზე. გახარიას საქმის გამოძიებისთვის ვიდეოჩანაწერის ამოღება საკმარისი იქნებოდა და სერვერები რატომ ამოიღეს? იმიტომ, რომ არავის ენახა. გამოძიება თაროზე შემოდებს ამ საქმესაც და სერვერები, როგორც საკუთარი დანაშაულის მტკიცებულება, მასთან დარჩება.
- ყველა მოსამართლე ზუსტად ერთნაირ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის მითითება, რომ ასე უნდა მოიქცნენ? ვისგან, ხელისუფლებისგან, სასამართლო კლანისგან?
- რა თქმა უნდა, ეს დავალებით ხდება. ეს ხომ არ არის დემოკრატიული სისტემა, რომელიც უშვებს გამონაკლისებს. არჩევნებთან დაკავშირებით ვიხილეთ ერთი გამონაკლისი, ბიულეტენის გაჟონვის შესახებ, რამაც ხმის ფარულობა დაარღვია და სისტემამ მყისიერად მოახდინა რეაგირება, მაშინვე აღიკვეთა. სისტემა მობილიზდა და ამის მერე ამ რეჟიმშია - დემონსტრანტებსა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობენ, აკავებენ და უმკაცრესად ასამართლებენ. სამართლიანი სასამართლოს მოლოდინიც კი არ დატოვეს. მიზანი ერთია - დაშინება, ძალადობა საზოგადოებაზე. თუმცა ვფიქრობ, უმთავრესი რამ დაავიწყდა ხელისუფლებას, ძალადობა ყოველთვის არ ამართლებს, განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, რა არის დემოკრატია და რომელმაც იცის, რომ თავისუფლება და დემოკრატია მისი, ასე ვთქვათ, საარსებო გარემოა და უნდა დაიცვას.
- მოსამართლეს როგორ აიძულებენ, რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ან მოსამართლეებს რატომ არ ეშინიათ სანქციების, მომავალში ამ საქმეების გამო გასამართლებისთვის. მათ ხომ უნდა ესმოდეთ, რომ ეს მათი პირადი პასუხისმგებლობაა?
- ხელისუფლებაში ასეთი კითხვებისთვის ადგილი არ არის.
"ქართული ოცნების" სისტემას ტყვედ აჰყავს დემოკრატიისთვის მებრძოლი დემონსტრანტები იმ მიზნით, რომ ისინი პოლიტიკური ვაჭრობისთვის ანუ თავის გადასარჩენად გამოიყენოს. შსს იქნება თუ სასამართლო, ყველა მისი ინსტრუმენტებია. დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ ანაღვლებთ, სტრასბურგი რას იტყვის, მით უმეტეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ოპერატიული ვერ არის, შეიძლება რამდენიმე წლის მერე მიიღოს, ვთქვათ, 2030 წლისთვის, როგორც ივანიშვილს აქვს ხელისუფლებაში ყოფნა დაგეგმილი. რა იქნება, სულ არ ანაღვლებთ, რადგან მათთვის მთავარია, რომ ნებისმიერი საშუალებით ქვეყნის მმართველობის სადავეები შეინარჩუნონ.
რაც შეეხება მოსამართლეების გადაწყვეტილებას, დემოკრატიული ღირებულების შესაბამისად და სამართლიანი სასამართლოს უტყუარობის გარანტიად როგორ შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის სპეციალიზაცია სამოქალაქო სამართალია, წლობით მხოლოდ ამ საკითხებზეა ნამუშევარი. ეს ყველაფერი ფიქციაა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოსამართლეები განიხილავენ ადმინისტრაციულ საქმეებს. მანქანით რომ გადაადგილდებიან და პატრულმა დააჯარიმოს, მგონი, მაშინაც ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, არათუ სხვის ქმედებებზე იმსჯელონ.
- როდესაც ვხედავთ, რომ მოქალაქე არათუ დაუცველია, არამედ სახელმწიფო მის წინააღმდეგ ყველანაირ ბერკეტს იყენებს, ხალხმა როგორ უნდა დაიცვას თავი და ეს უმართავ პროცესებამდე ხომ არ მიგვიყვანს?
- მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს საზოგადოების ძალადობისკენ პროვოცირებისთვის, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და გვქონდეს ნებისყოფა იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული საშუალებებით, მასობრივი სოლიდარობით, თანამიმდევრულად და მოთმინებით დავიბრუნოთ დემოკრატია. ეს შეიძლება რთულია ვინმესთვის, მაგრამ არა შეუძლებელი.
კვლავ გაგახსენებთ "1984"-ს, რომელსაც "ქართული ოცნების" კონსტიტუცია ვუწოდე და კვლავ გავიმეორებ იმავე ფრაზას - თუკი თითოეული ადამიანი ჩათვლის, რომ ღირს ადამიანად ანუ დემოკრატიის მთავარი ღირსების ერთგულად დარჩენა, მასთან ნებისმიერი აუცილებლად დამარცხდება და მით უმეტეს, თუკი სოლიდარობა მასშტაბური და თანამიმდევრულია. საბჭოთა კავშირმა, იმ ტოტალიტარულმა სისტემამ, ვერ შეძლო ეს. რამდენ ხანს იარსება საბჭოთა კავშირმა? მაქსიმუმ 70 წელი და შიგნიდან დაიშალა, ხომ? საქართველოში საბჭოთა კავშირი ვეღარ აღდგება, გამორიცხულია. ჩვენ დემოკრატიის ერთგულნი ვართ და ჩათვალეთ, რომ უკვე დამარცხებული გვყავს "ქართული ოცნება", მისი მმართველობა, რომელიც დემოკრატიისა და დემოსისგან ძალიან დაცილებულია.
დღეს სახელმწიფო ძალადობს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფოებრივი დემოკრატიული აღმშენებლობის ისტორია არ არის ძალიან დიდი - 30 წელი სახელმწიფოს განვითარებისთვის, აშენებისთვის, მით უმეტეს, პოსტტოტალიტარულ პერიოდში, არ არის ადვილი. ჩვენმა თაობამ შეძლო საბჭოთა კავშირის დანგრევა, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს, მდგრადი ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა ვერ შევძელით. ამის გამოცდილება არ გვქონდა. ბუნებრივია, ის მონსტრი, რომელიც ჩრდილოეთში გვყავს, არ იყო გულზე ხელდაკრეფილი და ყველაფერს აკეთებდა დემოკრატიაზე რევანშისთვის და ასე ნელ-ნელა მოვედით აქამდე.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ვერც პუტინი და ვერც საბჭოთა კავშირი ვერ გაიმარჯვებს, სანამ ერთი ქართველი მოქალაქე მაინც იქნება დემოკრატიისა და თავისუფლების ერთგული.
რუსა მაჩაიძე