„ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ისეთს, რომელსაც ენდობა“
ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რთულია, ხალხი ისევ ქუჩაშია გამოსული და ხელახალ არჩევნებსა და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გვესაუბრება:
- პროტესტი გრძელდება, მაგრამ ხელისუფლება არც იმჩნევს, რომ პროტესტი მასშტაბურია და ცდილობს თავი დააჯეროს, ეს არაფერია, დღეს-ხვალ მორჩება. ჯერ გაიძახოდნენ, 20 იანვარი მოვაო, გავიდა 20 იანვარიც, იმედი აქვთ, რომ ტრამპი და პუტინი მორიგდებიან. ივანიშვილი ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს, ცოტა პარადოქსულია და უცნაური ასეთი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ. ეს პოლიტიკოსის საქციელს არ ჰგავს. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოებრიობას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რაღაცას აპროტესტებს, შენ კი მას არ უსმენ და უფრო და უფრო რეპრესიულ კანონებს იღებ. სპეციალურად იღებენ ასეთ კანონებს, აანონსებენ რაღაც ღონისძიებებს. მაგალითად, უმაღლესი განათლების კომისიამ თქვა, პრობლემებია და რეფორმას საჭიროებსო. ამ დროს ეს არის დაანონსება იმის, რომ დაიწყება იდეური წმენდა, პოლიტიკური რეპრესიები უნივერსიტეტებში.
აქამდე შედარებით თავისუფალი იყო აკადემიური სივრცე, წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად თავისუფალი პოლიტიკური წნეხისგან, მაგრამ ახლა ჩათვალეს, რომ ეს პრობლემაა და ცდილობენ ასე მოუარონ ამ საკითხს. სურთ დაიღალოს ხალხი და ქვეყანაში რა მოხდება, ეს არ აინტერესებთ. მართლა ჰგონიათ, ხალხი დაიღლება, დაიქანცება და პროტესტი მიილევა, თუმცა ეს თუ არ მოხდა, იმედი აქვთ, რომ ამასობაში ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ და ამის შემდეგ შეწყდება ზეწოლა ამერიკიდან ბიძინა ივანიშვილზე, რომ სანქციები გაუქმდება და ყველაფერი კარგად იქნება.
მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ვიცი, დარწმუნებულია, რომ ამ პროტესტს ამერიკა უძღვის წინ და თუ ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ, ჰგონია, პროტესტი შეწყდება, ამერიკა უბრძანებს თავის ჯაშუშებს და დაწყნარდება სიტუაცია საქართველოში. როცა ეგენი ჯაშუშებსა და აგენტებზე ლაპარაკობენ, ზოგს ჰგონია, მხოლოდ პროპაგანდაა. არა, ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის, მართლა ასე ჰგონიათ. ივანიშვილს მართლაც ჰგონია, რომ იმდენად მაგრად ჰყავს ამერიკას აქ აგენტურა, რომ ჩვენმა სუს-მა ვერ იპოვა მტკიცებულებები. ამას არაფერი უშველის, მაინც ასე ეგონება, როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები.
- ხალხმა მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ ხელისუფლება მათ დაელაპარაკოს?
- რომ არ გამოსულიყო ამდენი ადამიანი ქუჩაში, არ იქნებოდა დასავლეთიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც სანქციები დაუწესდებოდათ და შერჩებოდა გაყალბებული არჩევნები ხელისუფლებას. ამ პროტესტმა აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ტრამპის დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორსაც "ქართული ოცნება" ელის. ერთადერთი, რაც პროტესტს სჭირდება, გაფართოებაა, სხვადასხვა სფეროს ადამიანების ჩართვა და რაც მთავარია, ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ალტერნატივა ამ პროტესტიდან. ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალ პოლიტიკურ ალტერნატივას, ისეთ ძალას, რომელსაც ენდობა. ამ პროტესტის ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პოპულარობამ მოიკლო ამ პროტესტის განმავლობაში. არადა, პირიქით ხდება ხოლმე, ოპოზიციის რეიტინგი იზრდება. ახალი ძალის შექმნა ადვილი არ არის. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, სულ ახალი ხალხი, რომელსაც არავინ იცნობს. რომ შეიკრიბონ და გამოაცხადონ, ჩვენ ვართ ახალი ძალაო, მასაც ხალხი ბრმად არ გაჰყვება, ამიტომ შუალედური ვარიანტი უნდა მოიძებნოს. ერთი მხრივ, უნდა გამოჩნდნენ ახლებიც და გადაჯგუფება მოხდეს არსებულ პოლიტიკურ ფიგურებშიც.
ვფიქრობ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე სიმბოლური გამაერთიანებელი ფიგურა სალომე ზურაბიშვილი იქნება. თუ სწორი კომუნიკაცია იქნება ხალხთან, ამის შემდეგ, ვფიქრობ, იქნება ნახტომისებური მომენტი პროტესტის განვითარებაში და ეს მოკლე ხანში ახალ კონტინგენტს შემატებს აქციას.
ახალი პოლიტიკური ალტერნატივა სჭირდება დასავლეთსაც, რათა იქიდანაც გაძლიერდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა, და არა არსებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მხოლოდ ხელისუფლების ხისტი პოლიტიკა აერთიანებთ.
დავუშვათ, ხვალ ხელისუფლებამ გამოაცხადა, კი ბატონო, ჩავატარებ ახალ არჩევნებსო, დავუშვათ, გადააყენა კობახიძე, ყველას რომ ჰყავს დავიწყებული ყაველაშვილი, ის გამოვიდა და დანიშნა ახალი არჩევნები, ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, და რა ხდება ამ დროს? წინასწარ გეტყვით - ოპოზიციური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი იტყვის, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არაფერში, ეს ხაფანგია, ხელისუფლება აგებს და ახლა ეს უნდა გააკეთოს. პირიქით, ყველანი ქუჩაში უნდა გავიდეთ და ბოლომდე გავტეხოთ "ქართული ოცნება" წელშიო. მეორე ნაწილი კი იტყვის, აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ხელისუფლება გატყდა და უკან იხევსო. ხელისუფლება ერთ ნაწილს ამას კონსტრუქციულობაში ჩაუთვლის, მეორეს დესტრუქციულობაში. აი, ასეთი სცენარისთვის არ არის დღეს ოპოზიცია მზად.
- გამოდის, ოპოზიციის სისუსტით სარგებლობს ხელისუფლება?
- ხელისუფლებას ჯერ იმედი აქვს, რომ ყველაფერს დაალაგებს. ელოდებიან ტრამპი და პუტინი როდის მოილაპარაკებენ. თუ დაინახავენ, რომ ეს არ გამოდის, მერე შეიძლება რამე გააკეთონ, რაიმე მანევრები დაიწყონ. ოპოზიციური სპექტრი და ვეჭვობ, საპროტესტო მოძრაობაც არ არის მზად, რომ ხელისუფლებასთან დაიწყოს მანევრები, რა და როგორ გააკეთონ. ამიტომ არის საჭირო ძლიერი საპროტესტო მოძრაობიდან ამოზრდილი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. მე იმ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომამდე ასე მივიდეთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებდეს, ხალხი ქუჩაში იდგეს და ამასობაში მოვიდეს თვითმმართველობის არჩევნები.
- ამ დროს რა ხდება?
- ეგ არის საკითხავი. ვიღაცები იტყვიან, არ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ხელისუფლება არალეგიტიმურიაო, ვიღაცები იტყვიან, მივიღოთ მონაწილეობაო, ამიტომ საფიქრალია ამ ყველაფერზე. ძლიერი, ავტორიტეტული ალტერნატივა წაართმევდა ხელისუფლებას ძალაუფლებას.
ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი და ამ საპროტესტო მოძრაობიდან ამოზრდილი ალტერნატივაა კოზირი. მერე ვერ იტყვიან, ამათზე, რომ "ნაცები" არიან, რომც თქვან, ხალხი არ დაიჯერებს ამას.
ზოგადად, ვინც სააკაშვილის თემას ("თავისუფლება მიშას") წინ წამოსწევს, ამით მოახდენს პროტესტის დისკრედიტაციას.
- სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამას?
- არ ვიცი, რამდენად შეძლებს, მაგრამ ამ რეალობაში როგორც გამაერთიანებელი სიმბოლო, ის არის.
ამ ახალგაზრდებშიც არიან ნიჭიერები, მაგრამ მათ რომ შეძლონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერები გახდნენ, ამას დრო უნდა. დიახ, უამრავი ნიჭიერი ადამიანია და შეიძლება ძალიან საინტერესო პოლიტიკოსებადაც ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება.
ჩილეში პინოჩეტის რეჟიმის გადაგდებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. შეიძლება იქ სპეციფიკა სხვა იყო, მაგრამ იქაც არ უნდოდა წასვლა პინოჩეტს, დაჭერებიც იყო, ზონდერებიც, მაგრამ ხალხის პროტესტმა მაინც მიაღწია თავისას.
- მოლოდინი იყო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდებოდა დაენიშნა არჩევნები.
- შეიძლება, თუ გამოიკვეთება საგარეო ალტერნატივა. თუ ტრამპი არ აპირებს კავკასიის დათმობას რუსეთისთვის, არ აპირებს საკუთარ ინტერესებზე ხელის აღებას, მაშინ შეიძლება ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. თუ ეს ყველაფერი იქნა, შეიძლება შემოდგომაზე სერიოზული გარდატეხა მოხდეს...