„ილუზიაა იმის მოლოდინი, თითქოს ამერიკა რუსეთს დაუთმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს“ - კვირის პალიტრა

„ილუზიაა იმის მოლოდინი, თითქოს ამერიკა რუსეთს დაუთმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს“

"ქვეყანაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა,­ რამაც ბიძინა ივანიშვილის გეგმები დაანგრია", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. მისი განმარტებით, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს ეგონა, რომ აქტივისტები მალე დაიღლებოდნენ. "ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ვიცი, არჩევნების შემდეგ აქციები რომ იქნება, მაგრამ მალევე განელდებაო. ამ მოლოდინზე იყო დაფუძნებული მისი ტაქტიკა, რომელიც მთლიანად ჩამოეშალა".

- მმართველი კლანის წევრების განწყობები არანაირ ამინდს არ ქმნის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთადერთი პირის მოლოდინი და ის ივანიშვილია. დიახ, ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს იმედი, მაგრამ მისი მოლოდინი მცდარია. პროცესში ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი და უკან მარტივად ვეღარ დაიხევს. ისიც ფაქტია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური გადატვირთვა მიუღწეველია.

- რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი აქტივისტების, მსახიობებისა და ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებებით?

- ის აშშ-ს მიანიშნებს, რომ უკან არ დაიხევს. მას ეგონა, რომ ტრამპი ლოიალური იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული ლიდერების მიმართ. გარკვეულწილად, სწორიც არის ეს მოლო­დინი - ამერიკელები მართლაც აღარ იქნებიან უწინდებურად კრიტიკული, მაგალითად, ალიევისა და ფაშინიანის მიმართ. მეტიც, ავტორიტარებმა მხოლოდ პოსტსაბჭოთა­ სივრცეში კი არა, მთელ მსოფლიოში ამოისუნთქეს, მაგრამ ამ ბონუსს ივანიშვილი არ მიიღებს. ამერიკელები მას მხოლოდ ავტორიტარიზმის გამო კი არა, პრორუსული პოლიტიკური კურსისთვის აკრიტიკებენ და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან შეღავათი არ იქნება. ივანიშვილის მცდარი მოლოდინი კი დიდ საფრთხეს შეუქმნის მასაც და მის პოლიტიკურ გუნდსაც. ამის უტყუარი დასტურია ის, რომ ამერიკულ-შვეიცარიულმა ბანკმა ჟულიუს Bაერ-მა ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ივანიშვილმა დიდი თანხა გადაიტანა ამ ბანკში ჩრედიტ შუისსე-იდან და სხვა ბანკებიდან. ხომ საინტერესოა, რატომ გადაიტანა თავისი ქონება ამერიკულ ელიტასთან ყველაზე დაახლოებულ ბანკში? იმიტომ, რომ სანქციებს აღარ ელოდა. სანქციები ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. საქართველოში პოლიტიკური პროცესების ორგანიზებისთვის დიდი ფული სჭირდება, განსაკუთრებით პროტესტის ჩახშობისთვის. ძალიან ბევრი სუბიექტის ლოიალურობის ყიდვა სჭირდება. სავარაუდოდ, ამერიკელებმა კონტრდარტყმა იმ მიზნით მიაყენეს­, რომ პოლიტიკური სიტუაციის კოპირების რესურსები შემცირებოდა...

- მაგრამ დასავლური სანქციებისა თუ მუქარების მიუხედავად, რღვევა ჯერ არ დაწყებულა არც საპოლიციო სისტემაში და არც სახელისუფლებო შტოებში. ფიქრობთ, რომ ახალი სანქციები ამ მოცემულობას შეცვლის?

- ივანიშვილს ძალიან ხშირად მოსდის სტრატეგიული შეცდომები, მაგრამ ტაქტიკური ჯადოქარია, ზუსტად შეუძლია ადამიანის ამოცნობა, ყოველთვის კარგად ხვდება, ვინ რაში გამოადგება, ვინ რაზეა წამსვლელი და ვისი გამოყენება შეიძლება. ყველა საკვანძო ფიგურა ადეკვატური ლოიალურობის ინდექსით ჰყავს შერჩეული. მხოლოდ ამიტომ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება ამდენ ხანს. თუმცა მისი სტრატეგიული პრობლემები მის ტაქტიკურ შესაძლებლობებთან დისონანსში მოდის, რაც დიდი პრობლემაა მისი ხელისუფლებისთვის. "ქართულ ოცნებაში" რღვევას არ ველი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მალე სხვა ტიპის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება - რეპრესიებისა და სისასტიკის ის დონე, რასაც ახლა მიმართავს, ცოტა ხანში საკმარისი აღარ იქნება, სისასტიკისა და რეპრესიების დონის ამაღლების შემთხვევაში კი შესაძლოა ფინანსები აღარ ეყოს სუბიექტების ლოიალურობის საყიდლად.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წევრი მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ უკვე ყველა ქართველისთვის ცნობილი ჯო უილსონის მოსაზრებები ტრამპის პოზიციებს არ შეესაბამება, მეტიც, მას ახლა არ აინტე­რესებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და მისი მიდგომა შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ ქუჩებში შეტაკებები­ დაიწყება. არის საფრთხე, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც ვიხილოთ შეტაკებები?

- ტრამპის ადმინისტრაცია ამგვარად დალაგდა - ჩამოყალიბდა საქართველოს გულშემატკივართა გუნდი: ლინდსი გრემი, მარკო რუბიო, ტედ კრუზი... ეს არის ცნობილი გავლენიანი წრე, რომელსაც ამერიკელებმა საქართველოს "ქეისი" მიანდვეს. სხვათა შორის, ამ დაჯგუფებამ შეძლო და მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასვა.

ტრამპის პრიორიტეტი საქართველო ნამდვილად არ არის, მას ამერიკისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს, მაგრამ როგორც კი ლინდსი გრემი­ და მარკო რუბიო საქართველოს საკითხის აქტუალიზებას შეძლებენ, მაშინ დაქოქილი ტრამპის გაჩერება შეუძლებელი გახდება. ის არ არის ბაიდენი, მოზომილად და რბილი ძალით რომ იმოქმედოს, ტრამპი მოქმედებას პირდაპირ ხისტი ნაბიჯებით იწყებს. შესაბამისად, მისი ყურადღების მოტრიალება­ პირველივე დღიდან საშიში იქნება "ქართული ოცნებისთვის".­ ბაიდენმა არც არჩევნები­ აღიარა და არც ხელისუფლებას მისცა ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ სანქციების დაწესებამდე ოპერატიული პაუზა აიღო. ტრამპი ასე არ მოიქცევა. ის პირველს მეორეს მოაყოლებს და დაიწყება სანქციების კასკადი. სხვათა შორის, რუბიოს გარემოცვისთვის აღარც არის საჭირო მიტინგების გაგრძელება, ქართველებმა უკვე აჩვენეს, რომ არსებულ რეალობასთან შეგუებას არ აპირებენ და ეს სრულებით საკმარისია. ამერიკელები "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას აღარ მისცემენ - გამორიცხულია! რუბიო ბიძინა ივანიშვილს კარს ღიას დაუტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ძველმა ხელისუფლებამ ახალს გადასცეს ესტაფეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდნენ, სადაც­ წერია, რომ არჩევნებში მთელი რიგი გადაცდომები იყო, მაგრამ არა ფატალურ მასშტაბამდე, და გვეტყოდნენ, ევროპელებმა ასე გვითხრეს, ამიტომ მოდით, "ქართულ ოცნებას" გამოსაცდელი ვადა მივცეთო. რაკი ეს არ თქვეს, ნავარაუდევია თვისებრივად სხვა რეალობის შექმნა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ უნდა ჰქონდეს და კონფრონტაციისთვის უნდა გაემზადოს. თუ როგორ, ცოტა მოგვიანებით გავიგებთ...

- შეიძლება ტრამპი მართლა იყოს საქმის კურსში ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის შესახებ, როგორც ოპოზიციონერებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ირწმუნება?

- საქართველოში ძალიან აზვიადებენ­ კობახიძის ირანში ვიზიტის მნიშვნელობას. ალბათ, არ იციან, რომ ამერიკასა და ირანს შორის კულუარული ურთიერთობაა.­ არავის ეგონოს, რომ ტრამპი ირანს ომს დაუწყებს, ვაშინგტონში ნამდვილად არის ანტიირანული ფრთა, მაგრამ თეთრი სახლი ძალიან სერიოზულად უყურებს ირანის რეგიონულ როლს კავკასიაში, როგორც თურქეთის შემაკავებელს, შუა აზიაში კი, როგორც ჩინეთის შემაკავებელს, განსაკუთრებით თურქმენეთსა და ტაჯიკეთში. შესაძლებელია ამერიკამ ირანის შემაკავებელი ღონისძიებები გაატაროს, მაგრამ ირანის, როგორც სახელმწიფოს დაქცევაზე, აქცენტს არასოდეს გააკეთებს.

ხათუნა ბახტურიძე