ტრამპის „იძულება მშვიდობისთვის“ და რას უწინასწარმეტყველებს ამერიკული პრესა ზელენსკის?! - კვირის პალიტრა

ტრამპის „იძულება მშვიდობისთვის“ და რას უწინასწარმეტყველებს ამერიკული პრესა ზელენსკის?!

დონალდ ტრამპი მართლაც უნიკალური ფიგურაა - თავისი ბიოგრაფიით, აღმასვლებით, დამარცხებებითა და იმის უნარით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ ახერხებს ფეხზე დადგომას. კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ყველა ამერიკელი ექსპერტი შეთანხმდა ერთ საკითხზე - მორჩა,­ ტრამპი პოლიტიკურად დასრულებულია (ზოგიერთი დაჭერასაც უწინასწარმეტყველებდა). თუმცა დღეს კვლავ ტრამპი ზის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და არა კამალა ჰარისი. ნახევარი მსოფლიო ტრამპს შიშით უყურებს, ნახევარი - იმედით. თუმცა საბოლოოდ რა როგორ დალაგდება, ეს შესაძლოა თვითონ ტრამპმაც არ იცის. ერთია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ და თავს უფლებას აძლევ, ხმამაღალი განცხადებები გააკეთო და მეორე, როდესაც უკვე პრეზიდენტის რანგში "შეეჯახები" ისეთ პრობლემას, როგორიცაა მუხრუჭებაწყვეტილი პუტინი, სი ძინპინის ორმაგი და სამმაგი გეოპოლიტიკური თამაში, აქეთ ირან-ისრაელის ლამის ომამდე მისული ურთიერთობა, იქით ამერიკული შიდა პრობლემები, რომელთა გადაჭრაც თავად ამერიკელებს პრიორიტეტულად მიაჩნიათ.

ტრამპი და საქართველო

ტრამპზე დიდ იმედს საქართველოშიც­ ამყარებს პოლიტიკური კრიზისის ყველა­ ფიგურანტი. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ტრამპის დროს ამერიკული ზეწოლა­ თბილისზე ისე გაძლიერდება, რომ ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტრამპის დროს თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყება.

ასი პროცენტით იმის თქმა, თუ ვისი იმედი გამართლდება, ძნელია. პროგნოზის გაკეთებაც უმადური საქმეა. ტრამპს არც დრო აქვს და არც ინტერესი, რომ ქართულ შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩაიხედოს­. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ და საკვანძო გადაწყვეტილებებს თავად იღებს, თუმცა ისეთ ქვეყნებთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოა, ამერიკის პრეზიდენტი ეყრდნობა მრჩეველთა გუნდის რეკომენდაცი­ებს. შესაბამისად, ვინ იქნება ამ გუნდში და როგორ დაინახავენ ისინი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, ამაზეა დამოკიდებული მოვლენების განვითარების შემდეგი სცენარი...

zelenski-valeri-zalujni-1737904851.jpg

დასრულდება თუ არა ომი?

რა თქმა უნდა, ტრამპი პირადად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების პროცესში. ის აპირებს პუტინთან შეხვედრას და შესაბამისი სიგნალები მოსკოვიდან ვაშინგტონშიც მიდის. თუმცა მთავარი კითხვაა, მოილაპარაკებენ კი? ან რაზე მოილაპარაკებენ? ტრამპის გეგმა ასეთი იყო: უკრაინა 20 წლით ამბობს ნატოში შესვლაზე უარს; უკრაინისა და რუსეთის ჯარების გამყოფ ხაზზე ჩადგებიან ევროპული სამშვიდობო ჯარები; უკრაინას დასავლეთი მისცემს უსაფრთხოების გარანტიას.

პუტინმა ამ გეგმაზე ტრამპს ჯერ უარი შეუთვალა, შემდეგ კი საუბარს დათანხმდა­. კრემლის ბინადარი გაქნილი ვაჭა­რივით იქცევა - უნდა მოითხოვო მეტი, რომ მიიღო ის, რაც გინდა.­ დიდი ალბა­თობით, პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწ­ყვეტას დათანხმდება... სამწუხაროდ,­ ფრონტზე ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა­, რუსები ნელა, მაგრამ წინ მიიწევენ. შესაბამისად, პუტინი ამ შეთანხმების მიღწევას­ ყველანაირად გააჭიანურებს, რათა ხელმო­წერის მომენტში უფრო მეტი ტერიტორია ჰქონდეს დაპყრობილი. გარდა ამისა, ის აუცილებლად მოითხოვს­ ისეთი­ სანქციების მოხსნას, რომლებიც ძალზე აზიანებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ნიშნები რუსეთში უკვე შეიმჩნევა.­ კერძოდ, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ დაუწყო თანამოქალაქეებს ტვინში­ იმის ჩატენვა, რომ "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ" მიზანს მიაღწია. დიახ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას პუტინი გაასაღებს თავის დიდ გამარჯვებად და დაახ­ლოებით ასე შეეცდება სურათის წარმოჩენას: მთელ კოლექტიურ დასავლეთს და ნატოს ვებრძოდით, თუმცა საბოლოოდ გვეახლნენ და ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვესო.

ცეცხლის შეწყვეტას საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს ტრამპიც, რადგან ამით შეასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას. მთავარია, ომი მორჩეს­ - რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. დაახლოებით ასეთი ტაქტიკა აქვს ტრამპს და არა მხოლოდ მას.

მშვიდობა ყველაზე მძიმე უკრაინისთვის იქნება - დე ფაქტო მას მოუწევს იმ ტერიტორიებზე უარის თქმა, რომლებიც პუტინმა უკვე დაიპყრო. თუმცა, მეორე მხრივ, მშვიდობა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. იმედია, ტრამპი და დასავლეთის სხვა ქვეყნები პასუხს გასცემენ კითხვაზე: როგორი გარანტიები იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ, რომ პუტინი რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის ან თავისი სხვა რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ მეორე და მესამე წრეზე არ წავა?!

რას წინასწარმეტყველებს ამერიკული პრესა

ამერიკულმა გამოცემა "ნიუსვიკმა" გამო­აქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით, ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში უკრაინაში პოსტზელენსკის ეპოქა დაიწყება. "ნიუსვიკი" იმაზეც წერს, თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი.

"როცა დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა და სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა რეალური გახდა, შეიძლება ურთიერთობის ახალი პერიოდი დაიწყოს, როგორც ვაშინგტონისათვის, ისე კიევისათვის. გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და ის პოსტიდან უნდა წასულიყო, მაგრამ მან არჩევნები გადაავადა საომარი ვითარების მიზეზით, რაც სადავო გახდა და... ქვეყნის მეთაურის თანამდებობა შეინარჩუნა. ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთ გადაწყვეტილებას მაინცდამაინც დემოკრატიულ ნაბიჯად ვერ ჩავთვლით, რადგანაც მსოფლიოში ბევრჯერ ჩატარებულა ომის პერიოდში არჩევნები, შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში ხელი არ შეუშლია სისხლიან სამოქალაქო ომს (როცა აბრაამ ლინკოლნი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს) ან აშშ-ის ომს იაპონიასა და გერმანიასთან, მეორე მსოფლიო ომის ჩარჩოებში (როცა ფრანკლინ რუზველტი პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს), თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის ვადის გაგრძელებას დასავლური სამყარო მაინც გაგებით შეხვდა.

მაგრამ დადგა 2025 წელი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი უფლებამოსილების შესრულებას დე იურე შეუდგა. რესპუბლიკელი კანდიდატის დაპირებათა შესრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე უკვე გარდაუვალი გახდა­. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ აგრესიულ და კატეგორიულ მოთხოვნა-პრეტენზიებს აყენებდა აშშ-ის წინაშე, დონალდ ტრამპის ნოემბრის ტრიუმფის შემდეგ უფრო დამთმობი გახდა: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავა­კეთოთ, რომ ეს კონფლიქტი [2025 წელს] დავასრულოთ, თანაც დიპლომატიური საშუალებებით", - აი, მისი ტრანსფორმირებული პოზიცია...

მოსკოვიც და კიევიც უკვე გზავნიან ვაშინგტონში შემრიგებლურ სიგნალებს - ანუ, შეიძლება ითქვას, აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მომრიგებელი შუამავლის როლის შესრულება დიპლომატიური მეთოდებით. რასაკვირველია, მოლაპარაკების ჩატარებისა და ხელშეკრულების პირობები ზოგიერთს გააღიზიანებს და გააბოროტებს კიდეც, მაგრამ საომარი მოქმედებების თუნდაც ხანმოკლე, დროებით შეჩერებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები.

და თუ ასე მოხდება, ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც პოლიტიკოსი, იმწუთასვე მოწყვლად ფიგურად გადაიქცევა. ამასწინანდელი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ, უკრაინის პრეზიდენტის წარსული პოპულარობისა­გან კვალიც კი აღარ არის დარჩენილი: ომისაგან დაღლილი უკრაინელი საზოგადოება სულ უფრო ნაკლებად ენდობა ხელისუფლებას და სულ უფრო მეტად ადანაშაულებს პრეზიდენტსა და მის მთავრობას შიდასახელმწიფოებრივი პრობლემების ზრდაში.

როგორც კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან­ ჩანს, ამჟამად ზელენსკის უკრაინელთა მხოლოდ 52% ენდობა (არადა, 2023 წელს მას მხარს 77% უჭერდა) ანუ ერთი წლის განმავლობაში მისი მოწინააღმდეგეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე ნაკლები პოპულარობით უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში სარგებლობს, სადაც ახლა საომარი მოქმედებებია. პრეზიდენტისადმი ნდობის კრახის საფუძველია არა მარტო საომარი მდგომარეობა, არამედ უკრაინაში გამეფებული კორუფციაც, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების ყველა რგოლშია. კორუფციის საცეცებშია მოქცეული ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვაც - მისი ადმინისტრაცია, ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით. რასაკვირველია, ასეთი მაღალი დონის კორუფცია უკრაინაში უეცრად არ გაჩენილა, მას თავისი ისტორია აქვს - ფესვები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიდგა, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში გაღრმავდა და ახლა მექრთამეობა მთელ სახელმწიფო მმართველობის სისტემას აქვს მოდებული.

დიახ, ქვეყანაში კორუფციის არსებობას­ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ დავაბრალებთ­ - ჯერ კიდევ მის გაპრეზიდენტებამდე წერდა ბრიტანული გაზეთი "გარდიანი", რომ "უკრაინა ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა", მაგრამ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებამ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ (თანაც სისხლიანი ომის დროს, როცა ფრონტზე უამრავი ადამიანი იღუპება) ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკვე მრავალჭირნახული და ცამდე გაზრდილ კორუფციას მიჩვეული უკრაინელებიც კი განრისხდნენ.

უკრაინის კორუმპირებულ სახელმწიფო­ სისტემაში კონტრასტულად ჩანს გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელსაც სავარაუდო არჩევნების დროს პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად ვოლოდიმირ ზელენსკის­ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. ვალერი­ ზალუჟნიმ, როცა იგი უკრაინის არმიის მთავარსარდალი იყო, მოსახლეობის სიყვა­რული და პატივისცემა დაიმსახურა: მან თავისი ხალხი და მსოფლიო სამხედრო მამაცობით და სწორი სტრატეგიით განაცვიფრა და იმ დროს მოიგერია რუსეთის აგრესია, როცა ყველა უკრაინის კრახს წინასწარმეტყველებდა. იმ მომენტისათვის, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი მთავარსარდლის პოსტიდან გაათავისუფლა, გენერალს უკრაინელებში გასაოცრად მაღალი რეიტინგი ჰქონდა - 92%. დღეს ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია­, მას ლიდერის ყველანაირი თვისება აქვს: უშიშარია, პატიოსანია, უმწიკვლოა და კარგად ერკვევა პოლიტიკაშიც", - წერს "ნიუსვიკი".

გამართლდება თუ არა ამერიკული გამოცემის პროგნოზი, შესაძლოა წელსვე ვნახოთ.

პ.ს. სტატიას საქართველოს ამბით დავასრულებთ - 25 იანვარს ბათუმში "ნაცმოძრაობამ" აქცია გამართა "თავისუფლება მიშას" მოთხოვნით. ადრეც ვწერდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ვინც შეეცდება პროტესტში "თავისუფლება მიშას" ინტეგრაციას, ხელს შეუწყობს მის მარგინალიზაციას. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დროშას დაიჭერენ ხელში, დაუშვებენ კატასტროფულ შეცდომას. საქართველოში სადიზმის დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, რაშიც გამორჩეულები იყვნენ მიშა და მისი ამფსონები. ეს იმ ევროპარლამენტარებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც რეზოლუციებში დაჟინებით ტენიან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

გიორგი კვიტაშვილი