„ახლა გასაღები ამერიკის ხელშია“ - კვირის პალიტრა

„ახლა გასაღები ამერიკის ხელშია“

დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რამდენიმე ბრძანებას მოაწერა ხელი. მათ შორის არის შეერთებული შტატების მამოძრავებელ, იდეოლოგიურ ნიშად მიჩნეული "მიგრანტების შესახებ" კანონიც. კონკრეტულად, რა კანონები გააუქმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა და რას შეიძლება მისგან ველოდოთ, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- მან უპირველესად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ ის ნარკოკარტელები, რომლებიც მოქმედებენ ამერიკის სიახლოვეს, გამოცხადდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებად... მეორე საკითხია კუბა, რომელიც ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციების პოლიტიკა, კუბასთან აღედგინათ ურთიერთობა, მკვეთრად შეიცვალა. ისიც აღსანიშნია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წარმოშობით კუბელი და ანტიკომუნისტია. ეს მიანიშნებს, რომ ამერიკა ძალიან ხისტი იქნება კუბასთან, ისევე, როგორც ვენესუელასთან, რომლის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მმართველობა ტრამპის ადმინისტრაციამ არ აღიარა... საინტერესოა, პალესტინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც პალესტინის დროებითი ადმინისტრაციაა, ისრაელის სახელმწიფოს სანქციები ჰქონდა დაწესებული, ტრამპმა კი მოხსნა. სანქციები შეეხებოდა ებრაულ ახალშენებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. 80-იანი წლებიდან ებრაელი მოსახლეობა­ იქ აქტიურად სახლდებოდა და ამის გამო დაწესებული სანქციები ახლა შტატებმა გააუქმა. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ ისრაელის სახელმწიფომ მოახდინოს დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსია. დე ფაქტო ისედაც მის კონტროლშია, ახლა კი შეიძლება ამ ოკუპირებული ტერიტორიების მიერთება სცადოს. პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, აშშ არ აღიარებს და მისთვის შეზღუდვა არ არსებობს, რომ ისრაელი გააჩეროს... რაც შეეხება ისრაელში­ საომარ მოქმედებებს, ტრამპს ჰქონდა გეგმა, რომ პალესტინის ტერიტორია დაიყოფოდა კონტროლის ზონებად, ახალშენების ნაწილი რჩებოდა ისრაელს, სანაცვლოდ კი პალესტინა მიიღებდა უდაბნოს ტერიტორიას, ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს. ერთგვარი გაცვლითი პროექტი იყო, რაზეც პალესტინამ უარი განაცხადა. ახლა ამაზე ხელახლა მოლაპარაკება შეუძლებელი მგონია­, რადგან­ პალესტინას ჰყავს ორი ადმინისტრაცია: ერთი ღაზაში, ერთი კი პალესტინაში და მათ შორის კომპრომისი­ საეჭვოა. ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები არის ნიშანი იმისა, რომ სანამ ტრამპი პრეზიდენტია, ისრაელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. მან პოლიტიკურ მიზნებს ნებისმიერი მეთოდით უნდა მიაღწიოს, მათ შორის მოახდინოს ახალშენების სრული ანექსია.

- საინტერესოა ტრამპის დამოკიდებულება­ ევროკავშირსა და ჩინეთთან.

- ტრამპისთვის ევროპასთან ურთიერთობა სუფთად დარჩენილი ფურცელია. მისთვის ჯერ პრიორიტეტი არ არის ევროკავშირთან ურთიერთობა. ეს იმის ხაზგასმაა, რომ ტრამპისთვის ევროპასთან ურთიერთობა მიბმული იქნება ნატოსთან. ის ევროპული სახელმწიფოებისგან მეტ დაფინანსებას ითხოვს. მისი მოთხოვნით მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ნაცვლად უნდა იყოს 5%. მეორე საკითხიც არის - ევროკავშირისთვის შეიძლება იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ მან დაიწყოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე ზრუნვა. წლების განმავლობაში შტატებზე იყვნენ ჩამოკიდებული, ახლა ევროპელ ლიდერებს მოუწევთ პოლიტიკის გადახედვა, უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული საკუთარი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების განვითარებაზე.

რაც შეეხება ჩინეთს, ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება დროის საკითხია. იმ ამბიციიდან გამომდინარე, რომელიც აქვთ, შეუძლებელია მშვიდობიანად­ იარსებონ. ამბიციები შეეხება როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ თუ სამხრედრო საკითხებს. ბევრი გამოწვევაა: Bსამხრეთ ჩინეთის ზღვის ხელში ჩაგდება, ტაივანის გაკონტროლება, ფილიპინებზე ამერიკის შევიწროება და მისი გამოძევება, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში შესვლა­, ახლო აღმოსავლეთის სრული ათვისება, სამხრეთ ამერიკაში შესვლა, აფრიკაში შესვლა - ჩინეთს ამბიციების მთელი ციკლი აქვს და გამორიცხულია, ამერიკამ წაუყრუოს. ტრამპი ცდილობს იპოვოს ისეთი რამ, რაც ორივე მხარის ეკონომიკური ურთიერთობისთვის იქნება საინტერესო. ის ცდილობს დრო მოიგოს, რადგან ჩინეთიდან ეკონომიკის სწრაფად გადმოტანა ვერ ხერხდება. ასევე, ცდილობს დაარეგულიროს სხვა ყველა ფრონტი, რომელთა გადაწყვეტაც ახლაა საჭირო. ჩინეთსაც კარგად აქვს გააზრებული ეს ყველაფერი. როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, არ არსებობს იმაზე დიდი მოწინააღმდეგე ამერიკული ჰეგემონიისთვის, როგორიც ჩინეთია.

- მსოფლიო ინტერესით­ ელის ტრამპი-პუტინის შეხვედრას. ვიხილავთ შედეგს?

- თუ იქნება რამდენიმესაათიანი შეხვედრა, სერიოზულ შედეგს არ ველოდები. თუკი იქნება მასშტაბური, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება­, შესაძლოა მოჰყვეს ძალიან სერიოზული­ შედეგი. თავად­ კრემლს სურს იალტის კონფერენციის მსგავსი შეხვედრა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა გადაანაწილა.­ რუსეთს საუბარი სურს მხოლოდ ამერიკასთან, რათა გავლენის­ ზონები გადაანაწილონ და მშვიდობა დამყარდეს ევროპაში. ვფიქრობ, აშშ-ს ცალკე დღის წესრიგი აქვს. ნაკლებსავარაუდოა, მან რუსეთთან ერთად გადაინაწილოს ევროპა,­ რადგან ეს მხოლოდ ჰეგემონიის დათმობაზე­ მიანიშნებს. გამოდის, რუსეთი დაპყრობით ომში წარმატებას მიაღწევს და შეიქმნება დაპყრობითი ომის პრეცედენტი. ეს იქნება პანდორას ყუთი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის, კონფლიქტის გაღვივების წამახალისებელი ქმედება სხვა ქვეყნებისთვის.

ტრამპის ხელშია ბევრი რამ და არა პუტინის, ამ კონფლიქტის გასაღები ამერიკის ხელშია. ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ თქვა, რომ თუ პუტინი მოლაპარაკებაზე არ წავა, შტატები განაგრძობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და სანქციებს დაუწესებს რუსეთს. პუტინს მოუწევს კომპრომისების ძიება, რათა ომი არ წააგოს.

- შესაძლოა პუტინი რაიმე ფორმით კომპრომისზე დათანხმდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რაზე იქნება თანახმა უკრაინა...

- ეს მართლაც საინტერესოა. ვფიქრობ, არ დათანხმდება ტერიტორიების დე იურე ანუ სამართლებრივად დათმობაზე. შესაძლოა თანახმა იყოს ცეცხლის შეწყვეტაზე, ნატოში გაწევრებაზე, მის ტერიტორიაზე დასავლური შეიარაღების განთავსებაზე, მაგრამ სამართლებრივად დათმოს ტერიტორიები, გამორიცხულია. უკრაინამ ამდენი იმიტომ იომა, რომ ტერიტორიები ოფიციალურად დათმოს?! ცეცხლის შეწყვეტაში არ იგულისხმება ომის დასრულება. ზავის გარეშე ომი დასრულებულად არ ითვლება, მხოლოდ ცეცხლია შეწყვეტილი. თუკი ცეცხლი შეწყდა და უკრაინის დანარჩენი ტერიტორია არ შევიდა ნატოში ან დასავლური სამხედრო ცოცხალი ძალა და შეიარაღება არ განთავსდა ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინამ ომი წააგო. მეეჭვება ორივე მხარემ ზავს ხელი მოაწეროს და თქვან, ომი დავასრულოთო. ამასთან, ამ ომის იმგვარად დასრულება, რომ უკრაინა დამარცხებული გამოვიდეს, დასავლეთის დამარცხებაც იქნება. შემდგომში შესაძლოა რუსეთმა ეს პრეცედენტული ომი საქართველოს,­ მოლდოვის, ბელარუსის, ბალტიისპირეთის და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოიყენოს.

რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და აღმოსავლეთ უკრაინა კი არ უნდა, მისი ამოსავალი წერტილი იყო, რომ შეეცვალა საერთაშორისო წესრიგი. შტატებს კი სურს იხილოს სუსტი რუსეთი, რომელსაც აღარ შეეძლება სხვა თავსატეხების გაჩენა და ამიტომაც შესაძლოა შტატებმა იმგვარად გადაიარაღოს უკრაინა, რომ შეაჩეროს და დააბალანსოს რუსული საფრთხე.

- რას შეიძლება ელოდოს საქართველო ტრამპი-პუტინის შეხვედრისგან?

- ნათელია, რომ ის ცენტრალური დერეფანი, რომელსაც საქართველო წარმოადგენს, საკვანძოა ამერიკისთვის, რათა მისი ინტერესები სხვადასხვა სფეროში საჰაერო თუ სახმელეთო გზით აზიაში გატარდეს. ამერიკისთვის თურქეთი საიმედო პარტნიორი აღარ არის, ამიტომ საქართველოს ფასი ძალიან მაღალია. ამერიკა ხედავს, რომ აქ ჩინეთი და რუსეთი ძალიან ძლიერდება. ამიტომ მას მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუმცა არა მგონია, ეს არჩევანი იყოს რეგიონიდან გასვლა. მას არა აქვს ფუფუნება, გამტარობის თვალსაზრისით ეს რეგიონი სხვა რეგიონით ჩაანაცვლოს.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩემი აზრით, ყველაზე უარესი სცენარია, შტატებმა ჩვენი ხელისუფლების მიმართ ხისტი ღონისძიებები გაატაროს, ან პირიქით, მოადუნოს ყურადღება. ეს გამოიწვევს რეგიონში დასავლური ინვესტიციების შემცირებას ან სულაც გაქრობას. ეს იქნება წინა პირობა ჩინური, რუსული და ირანული ინტერესების სწრაფად შემოსვლის. ეს გამოიწვევს საქართველოს იმ ბანაკში­ აღმოჩენას, რომელიც დაუპირისპირდება დასავლეთს. თუკი შტატები რეგიონიდან თუნდაც, დროებით გავა, ეს სიტუაცია უფრო დააზიანებს... დღეს დემონსტრაციები მიმდინარეობს სერბეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში. საქართველო ჯაჭვური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს, სანამ პოლიტიკური მიზნები არ იქნება მიღწეული.

სოფო კაჭარავა