„2 აღარ კმარა, 5% უნდა გაიმეტოთ საკუთარი ჯარისთვის“ - ტრამპი ნატოს ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს...
ნატოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის დაპირებული ალიანსის წევრობა რომ დიდი ბლეფი გამოდგა, ამ განვლილ 17 წელიწადში დავრწმუნდით, მაგრამ რა ბედი ელის თავად ნატოს უახლოეს მომავალში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალიან ბევრი სისუსტე გამოამჟღავნა? ნატოს ახალ რეალობასთან მოუწევს შეგუება მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ისევ ტრამპი დაბრუნდა.
ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში (2017-2021) დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს ულტიმატუმი წაუყენა - ან ალიანსის წევრი ევროპის სახელმწიფოები კეთილინებებენ და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ასწევენ საკუთარი შეიარაღებული ძალების დაფინანსებას, ან ამერიკელებს მოგვბეზრდება "ძუნწი" ევროპის დაცვა, გავალთ ნატოდან და თავად მოგიწევთ პუტინის რუსეთის მზარდ აგრესიულ ამბიციებთან შეჯახებაო.
მართლაც, 2014 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ალიანსის მხოლოდ სამი ქვეყანა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საბერძნეთი თუ ხარჯავდნენ თავდაცვაზე, დანარჩენებისთვის კი ეს მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლები იყო.
თითქოს ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები უნდა გამოეღვიძებინა პუტინის არმიის ჯერ საქართველოში შემოჭრას და შემდეგ უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსიასა თუ დონბასში სეპარატისტული ომის გაჩაღებას, მაგრამ ასე არ მოხდა - "ბებერი" ევროპა ძველებურად განაგრძობდა არხეინ ცხოვრებას და ისევ იმ ილუზიების ტყვეობაში იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას აღმოსავლეთიდან საფრთხე თითქოს გაუქრა.
ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში დამუქრებამ ნელ-ნელა, მაგრამ ნაყოფი მაინც გამოიღო და უკვე 2023 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს საკუთარ არმიებს ნატოს უკვე 11 ქვეყანა ახმარდა, ხოლო 2024 წელს მათ შეუერთდა გერმანიაც, რომელსაც პირველი "ცივი ომის" დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არმია ჰყავდა ბუნდესვერის სახით, მაგრამ შრიოდერისა და მერკელის ძალისხმევით გერმანული არმია, ფაქტობრივად, ბრძოლისუუნარო შეიქნა.
ტრამპი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად და მას უკვე ახალი კატეგორიული მოთხოვნა აქვს თანაალიანსელებთან - 2 აღარ კმარა, საჭიროა 5%-ის დახარჯვა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტიდან, რათა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაიბრუნოს ბრძოლისუნარიანობა და მართლაც ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს მსოფლიოსა და უპირველესად პუტინის რუსეთისთვისო, აცხადებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი და მართალიცაა.
ხუთი წლის წინ, როდესაც ტრამპი ნატოს ევროპული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს აძალებდა, რომ 2%-იანი დაფინანსება მაინც გაემეტებინათ თავიანთივე არმიების გასაძლიერებლად, ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში პუტინის არმია მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში და უპირველესად ნატოსთვის, რომლის აღმოსავლეთ საზღვარზე მიმდინარეობს გახანგრძლივებული ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, რომლის მსგავსი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ უნახავს.
ასეთ შემთხვევაში თეთრი სახლის მოთხოვნა, რომ ალიანსის წევრმა ევროპის ქვეყნებმა 5%-მდე გაზარდონ სამხედრო ხარჯი, სავსებით ლეგიტიმურია და უპირველესად ისევ ბრიუსელის, პარიზისა თუ რომის ინტერესებში შედის და აი, რატომ...
როგორც ჩანს, უმაღლეს პოლიტიკურ ოლიმპზე დაბრუნებულ ტრამპს დიდი ამბიციური გეგმები აქვს, რომელთა შესრულებაც ვერ მოასწრო პირველ საპრეზიდენტო ვადაში და ამ გეგმებში ევროპის კონტინენტს პირველი ადგილი ნამდვილად არ უკავია.
ტრამპი აშშ-ის უმთავრეს მეტოქედ ჩინეთს მიიჩნევს და მთელი ძალისხმევის ფოკუსირება სწორედ მისკენ სურს, რათა ვაშინგტონმა ჯერ "სავაჭრო ომი" მოუგოს პეკინს, ხოლო თუკი საჭირო გახდა, ტრამპის პენტაგონი არც კუნთების დემონსტრირებას მოერიდება.
ტრამპს მართლაც სურს რაც შეიძლება სწრაფად "გაიყინოს" რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელმაც დროზე "მოუგვაროს" "ჰამასსა" და "ჰეზბოლას" და გაირკვეს ირანის ბირთვული პროგრამის ბედიც - თუ დასჭირდებათ, ამერიკელები ისრაელს სრულ დახმარებას გაუწევენ ირანული ბირთვული ობიექტების წერტილოვან განადგურებაშიც.
მაშინ როდესაც ტრამპი მთავარი დაპირისპირების მიმართულებად ჩინეთს სახავს, მას აღარ სურს ევროპელებმა თხოვნებით მოაწყინონ, ამერიკა დაგვიცავი პუტინის რუსეთის შესაძლო შემოტევებისგანო!
ამიტომაც ტრამპი ევროპას თავიდანვე სთავაზობს, კმარა უსაქმურობა, ნუ ძუნწობთ, კეთილინებეთ და გამოყავით ბევრად მეტი თანხა თქვენივე უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ნუ დარჩებით ისევ ამერიკის იმედზე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დღემდე გრძელდებაო.