ტრამპს გრენლანდია რუსეთზე გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად სჭირდება?! - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულს
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, რაც ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის ინფორმაციით, თითქმის ჩხუბში გადაიზარდა. ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა დანიის პრემიერ-მინისტრისგან გრენლანდიის კუნძულის აშშ-ისთვის მიყიდვას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დანიელები.
მსოფლიოში უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე ნორვეგიელი ვიკინგები ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში გადასხდნენ, თუმცა გრენლანდიის ხელახალი კოლონიზაცია მე-18 საუკუნეში დანიამ დაიწყო.
1953 წელს გრენლანდიას მოეხსნა კოლონიის სტატუსი და დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი გახდა, ხოლო 1979 წელს მიიღო ფართო ავტონომია შიდა და არა საგარეო საქმეებში.
დანიის ნატოს წევრად გახდომის შემდეგ, 1951 წელს, აშშ-მა და დანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გრენლანდიის კუნძულის ერთობლივ თავდაცვაზე და იქ ორი მსხვილი ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდა.
ამერიკელებმა დანიელებს გრენლანდიის მიყიდვა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შესთავაზეს და 100 მლნ დოლარს დაჰპირდნენ, რაც მაშინ დიდი თანხა გახლდათ, მაგრამ დანიამ უარით გაისტუმრა.
ტრამპს ჯერ არ გაუმჟღავნებია, თუ რა თანხის შეთავაზებას აპირებს დანიისთვის გრენლანდიაში, მაგრამ შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ამერიკელებს ასე სურთ გრენლანდიაზე სრული იურისდიქციის დამყარება.
საქმე ის არის, სწორედ გრენლანდიაზე გადის ის უმოკლესი მარშრუტი, რომლითაც ჩრდილოეთ პოლუსზე გავლით შეიძლება სტრატეგიული ბირთვული დარტყმების მიყენება ბალისტიკური რაკეტებითა და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებით როგორც ჩრდილოეთ ამერიკიდან რუსეთზე, ისე რუსეთიდან აშშ-ზე.
გრენლანდიაში მოქმედებს ტულეს მსხვილი ამერიკული საჰაერო ბაზა, აგრეთვე, აშშ-ის კოსმოსური ძალების ანტისარაკეტო ბაზა, სადაც განთავსებულ მძლავრ ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორს შეუძლია რამდენიმე ათასი კმ-ის დაშორებით ადრეულად აღმოაჩინოს სტარტაღებული რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური "ტოპოლები" და "იარსები".
ისევე, როგორც პანამის არხს, გრენლანდიასაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აშშ-ის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ამიტომაც სწადია ტრამპს ორივე მათგანის ხელში ჩაგდება ან შესყიდვის გზით, ან კი...
მეორე გზა კი შეიარაღებული დაპირისპირებაა, რაც ტრამპის წინამორბედს, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსს ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს, როდესაც ამერიკელი მოქალაქეების დაცვისა და "დემოკრატიის აღდგენის" მოტივით 1989 წლის 20 დეკემბერს აშშ-ის არმია პანამაში შეიჭრა.
აშშ-ისა და დანიის დაპირისპირება, ისევე როგორც მანამდე ტრამპის შეთავაზება მეზობელი კანადისთვის აშშ-სთან შეერთების თაობაზე, ნამდვილად არ განამტკიცებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიდა ერთობას, რასაც ემატება პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, ევროპიდან სამშობლოში დააბრუნოს 20 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ნატოს ევროპული ქვეყნები კიდევ უფრო დაუცველი დატოვოს პუტინის აგრესორი რუსეთისგან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.