საქართველოს ყველაზე საშიში ადგილები ანუ სად დაგვარტყამს სტიქია?! - "თუნდაც თბილისში არაერთი კორპუსი არასტაბილურ ფერდობებზე აშენდა და ხალხი უკვე შესახლდა"
მეწყრული პროცესების გააქტიურების დრო უმთავრესად გაზაფხულია თავისი უხვნალექიანი კლიმატური ფაქტორებით, თუმცა მეწყერი არც სხვა სეზონისათვის არის უცხო. სწორედ ზამთარში დატრიალდა ბაღდათის სოფელ ნერგეეთში ტრაგედია. 2 წლის წინ, სექტემბერში, გურიაში მეწყერმა ოჯახები შეიწირა. იმ დღეებში ოზურგეთის სოფელ მთისპირში მეწყერმა სატრანსპორტო გზის ნაწილი ხევში ჩაიტანა. საბედნიეროდ, მოსახლეობა მიმდებარედ არ ცხოვრობს, მეწყრის დაძვრა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს დამთხვევია. თუმცა გამორიცხული არ არის, მეწყერი ამავე სოფელში სხვა ადგილებშიც ჩამოწვეს, რასაც, სპეციალისტთა თქმით, იქ ასკანიტის მოპოვება უწყობს ხელს. შესაძლებელია თუ არა მეწყრის პროგნოზირება, ჩვენში რომელი კუთხეებია განსაკუთრებით მეწყერსაშიში, ამის შესახებ გეომორფოლოგ გიორგი დვალაშვილს ვესაუბრეთ.
- სტატისტიკით, უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში მეწყრის შემთხვევებმა და ამით გამოწვეულმა მსხვერპლმა მკვეთრად იმატა. მიზეზი შეცვლილი კლიმატია, თუ ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე?
- მეწყრის წარმოშობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ადგილის გეოლოგიური აგებულება, ნალექების რაოდენობა, რელიეფის დახრილობა, გეოგრაფიული პირობები და ადამიანი, რომლის უხეში ზემოქმედება ბუნებაზე მიზეზთაგან უმთავრესია. სწორედ ადამიანი ჭრის და ცვლის ფერდობებს, რაც მეწყრის საფუძველია. თუმცაღა სხვა შემთხვევებიც არსებობს - ადამიანს არაფერი შეუცვლია, მაგრამ მეწყერი მაინც ჩამოწვება. უხშირესი მიზეზი მაინც ადამიანია.
- მეწყრის დროს ბევრად მეტი მსხვერპლია, ვიდრე ღვარცოფებისა და წყალდიდობების დროს ერთად. რატომ გაგვიხშირდა ასეთი სურათი?
- როგორც ვთქვით, თავადვე ვუწყობთ ხელს ამ პროცესების განვითარებას, რაც მერე ტრაგედიებად გვიბრუნდება. სხვათა შორის, ბევრი მეწყერსა და ღვარცოფს ერთმანეთში ურევს. ღვარცოფი მთის მდინარეთა ხეობაში წარმოქმნილი ქვა-ღორღიან-ტალახოვანი მოვარდნილი მასაა, მეწყერი კი ფერდობული პროცესების ნაწილია. უხვი ნალექი ფერდობის მიწის მასებში ჩადის და ასველებს. შემდეგ დასველებული, ხშირად გიგანტური მასების მოსრიალება იწყება მის ქვეშ მდებარე წყალგაუმტარი ფენებიდან. მოსრიალებასაც თავისი მიზეზი აქვს, უხშირესად მეწყერი წარმოიქმნება ფერდობებზე, რომლებზეც ადამიანის ჩარევა გეოგრაფიულ წონასწორობას არღვევს: ან თავად ფერდობს ჭრიან, ან მასზე ბუნებრივად, საუკუნეების განმავლობაში გაშენებულ ხეტყეს ჩეხენ. უხეშ სამეურნეო საქმიანობას დისონანსი შეაქვს ქანების განლაგების კანონზომიერებაში. დისონანსს აძლიერებს ბუნებრივი მოვლენებიც, განსაკუთრებით ნალექი, რომელიც მიწის მასებს ადგილიდან წყვეტს და სხვა ადგილზე გადააქვს. ზოგჯერ მოწყვეტილი მასა საცხოვრებელ სახლებზეც გადაივლის და ადამიანებს მოიყოლიებს. სამწუხაროდ, ადამიანმა ვერ გააცნობიერა, რომ თავად არის ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი.
- ანუ ყველგან, სადაც მეწყერსაშიში ადგილებია, ადამიანმა შეიტანა წვლილი?
- მეწყერი ხანდახან შეიძლება ისეთ ადგილებშიც ჩამოწვეს, სადაც ადამიანი არასდროს დასახლებულა და არც არაფერი შეუცვლია. ჩვენი წინაპრები ისე არ იქცეოდნენ, როგორც დღეს ვიქცევით - სადაც გარემო მოგვეწონება, წინდაუხედავად იქ დასახლებას ვცდილობთ. ძველად ძალიან სწორად ირჩევდნენ საცხოვრებელ ადგილებს, რომ სტიქიური მოვლენების მაქსიმალური არიდების შესაძლებლობა ყოფილიყო. ზედ მდინარის პირზეც რომ არავინ დასახლდებოდა, ისე როგორც დღეს, ცხადია. ასე იყო აჭარაშიც, რაჭაშიც, იმერეთშიც, ყველგან... ახლა კი სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებს თავად ვქმნით.
მაღალმთიან აჭარაში გამძაფრებული მეწყრული მოვლენები სწორედ ფერდობების არასწორმა ჭრამ გამოიწვია. როდესაც მოსახლეობა გამრავლდა და ფერდობებზე მეტი დასახლება გაჩნდა, დახრილ ფერდობებზე სახნავ-სათესი სავარგულების ხაზობრივი დამუშავება და ხეტყის მოჭრაც დაიწყეს. ამას დაემატა ისიც, რომ იქ ტენიანი ჰავაა, უხვი ნალექი იცის, რაც მიწის მოწყვეტას განაპირობებს. ზემო აჭარაში მეწყერმა ერთ-ერთი დიდი მსხვერპლი 1989 წელს მოიტანა, 23 კაცი შეეწირა. არადა, მეწყრის პრევენციას შედარებით მარტივი პირობა აქვს: ფერდობებს ისე არ უნდა შეეხო, რომ მიწა დაიძრას. თუ შეეხები, გვირაბს გაიყვან, გზას გააკეთებ, სახლებს ააშენებ, უპირობოდ უნდა მიიღო ზომები, რომ მეწყრის დაძვრა შეაჩერო - სამაგრი კედელი უნდა ამოუშენო ან იქაურობას გაეცალო.
- უამრავი ოჯახი ვიცი, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად მეწყერსაშიშ ადგილებში ცხოვრობენ. არსებობს თუ არა მეწყრის ჩამოწოლის წინასწარ გამოცნობის საშუალება?
- მიწა როდის და რა მომენტში დაიძვრება, გამოცნობა რთულია. თუმცა გეოლოგიასა და გეოგრაფიაში დიდი განსწავლულობაც არ არის აუცილებელი მეწყერსაშიში ადგილების გამოსაცნობად, რომ მეწყერი, ადრე თუ გვიან, დაიძვრება. ამაზე დაფიქრება უპირველესად იმ ხალხს მართებს, რომლებიც კარ-მიდამოების შორიახლო მეწყერსაშიშ ნიშნებს ხედავენ, მაგრამ არაფრად აგდებენ. დიდი ძალისხმევა არ სჭირდება მეწყრის მაუწყებელი ჯერ კიდევ მცირე ნაპრალების შემჩნევას, მით უფრო ზამთარში ან გაზაფხულზე, როდესაც ბუნება ჯერ კიდევ მწვანედ შემოსილი არ არის. ასეთ დროს საჭიროა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან დაკავშირება. მოვა შესაბამისი სამსახური, სიტუაციას გააანალიზებს და დამცავ ღონისძიებებს დასახავს.
გეოგრაფის თანამონაწილეობით კომპლექსური კვლევებით სპეციალისტი საშიშ არეალს განსაზღვრავს და საყოყმანო აღარაფერია, რომ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილო. უნდა ვუთხრათ, რომ ადგილზე დარჩენა საშიშია მათთვის.
არც ერთ მეწყრულ სოფელში არ უთქვამთ, დღეს-ხვალ მეწყერი რომ შემოგვიტევს, წინასწარ ვიზრუნოთ, გავამაგროთო. ასეთ ცნობიერებას შეცვლა სჭირდება. თუმცა არა მაქვს ამის იმედი. თუნდაც თბილისის მაგალითზე ვისაუბროთ, სადაც არაერთი კორპუსი შედარებით არასტაბილურ ფერდობებზე აშენდა და ხალხი უკვე შესახლდა. არ მჯერა, რომ მათგან ნახევარმა მაინც გაისიგრძეგანა, სად სახლდებოდა ან მშენებლობაზე კომპლექსური დასკვნა მოითხოვა. საშველი ერთია - არ უნდა დავსახლდეთ იქ, სადაც დარწმუნებული არა ვართ, რომ უსაფრთხო ადგილია.
- სად არის ჩვენში ყველაზე მეწყერსაშიში ადგილები?
- მთიან ადგილებში, ფერდობებზე. თორემ დაბლობებში, მაგალითად, ქალაქ ფოთში, მეწყერი ვერ ჩამოწვება, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და გურიის მთიანეთში შესაძლებელია მეწყრული მოვლენები დაფიქსირდეს, ყველგან, იქ, მთაგორიანი რელიეფია. ჩვენ კი უმეტესად მთაგორიანი ქვეყანა ვართ, სადაც უხვნალექიანი დღეები საშიშია. თუმცა, როგორც ვთქვი, თუკი ცნობიერება შეგვეცვლება და მეწყერზე განგაშს დროულად, ნიშნების გამოჩენისთანავე ავტეხთ, არაერთ უბედურებას ავიცილებთ.
ეთერ ერაძე