„აქ ადამიანებს­ ყველაფერი აკლიათ, გარდა ბედნიერებისა“ - კვირის პალიტრა

„აქ ადამიანებს­ ყველაფერი აკლიათ, გარდა ბედნიერებისა“

"ტროპიკული სამოთხე, ფერადი რიფები, ლაჟვარდისფერის 50 ელფერი, თეთრ ქვიშიანი სანაპირო ზოლი, უმდიდრესი ფლორა და ფაუნა, ოკეანის ყოველდღიური მიქცევა-მოქცევა, - ეს ზანზიბარია", - ამბობს ემილია ხალილოვა და ტანზანიაში მოგზაურობის საოცარ კადრებს და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

- ტანზანიაში უკვე მეორედ ვიმოგზაურე. პირველად პანდემიის შემდგომ ვიყავი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამჯერად კი დამხვდა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გზები - ყველგან მანქანით ვიარეთ. ეს კარგია, მაგრამ ავთენტურობა იკარგება. ის, რამაც მაშინ გამაოცა, თითქოს ნელ-ნელა ქრება...

ყველაზე მთავარი, რამაც ამ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გამიჩინა, ეს იყო კონტაქტური საფარი. ეს არის უზარმაზარი ნაკრძალი, რომლის ტერიტორიაზეც ფეხით შედიხარ და იქ ყველა ცხოველი შენთან ერთად მოძრაობს. შეგიძლია შეეხო, დააპურო, მიეფერო. ეს იმდენად განსხვავებული ემოციაა, ვერაფერს შევადარებ. იქ ვნახეთ ვეებერთელა ჟირაფები, საკვებიც მივართვით. ვნახეთ ლომები, ანტილოპები.

- თავდასხმის საფრთხე არ არსებობს?

- საფრთხე ყველგან არსებობს, მაგრამ რადგან ნებას გრთავენ, ალბათ, თავდასხმის საფრთხე ნაკლებია.

- თქვენ ლომთანაც გაქვთ ფოტოები, მოთვინიერებულია?

- როგორც ჩანს, ამ ცხოველებს ძალიან ბევრს აჭმევენ. კონტაქტურები არიან, გაძლევენ საშუალებას ფოტოები გადაიღო, მიეფერო, ამას შეჩვეულები არიან...

ამ ნაკრძალიდან ნგორონგოროს კრატერზე წავედით, ეს არის 21 კილომეტრზე გადაჭიმული დაცული ტერიტორია. მანქანით შედიხარ და გადასვლის უფლება არ გაქვს. შეიძლება ნებისმიერი ცხოველი დაგესხას თავს. იქ 25 000-მდე ცხოველი ბინადრობს. ჯერ ადიხარ ვულკანური კრატერის ყველაზე მაღალ წერტილზე, საიდანაც სასწაული ხედები იშლება, მერე ჩადიხარ კრატერის გულში და ახლოდან უყურებ ველურ ბუნებას, თითქოს მისი ნაწილი ხდები.

3-1737912913.jpg

- როგორც ვიცი, კრატერისკენ მიმავალ გზაზე მასაის ტომებს შეხვდით...

- დიახ, იქ არის მასაის ტომების სოფ­ლები, თითოეულში 10-15 სახლია, თუმცა­ სახლი კი არა, უფრო საცხოვ­რებელი ადგილია. თითქმის არაფერი აქვთ, ჭურჭელიც­ კი, ველურ პირობებში ცხოვრობენ. ზოგი ქალაქში მიდის, მაგრამ ამ ტომიდან ადამიანების გადინება ძალიან იშვიათია, რადგან იმ ბუნებასთან და იმ ყოფასთან ჰარმონიულად არიან შერწყმული. ისინი ფიზიკურადაც განსხვავებულები არიან.

- როგორები?

- ლამაზები, მაღლები,­ გამხდრები, იქ ჭარბწონიანი იშვიათობაა. უცხოპლანეტელებს ვეძახდი - გრძელი კიდურები აქვთ და ძალიან სწრაფად მოძრაობენ.

- მათთან კომუნიკაცია მარტივია?

- კი, ძალიან კეთილები არიან, სულ გიღიმიან, არავინ გერჩის, ამის ხაზგასმა მინდა. როდესაც საქართველოში იგებენ, რომ აფრიკაში, ასეთ ადგილებში მოგზაურობას ვგეგმავ, მეკითხებიან, არ გეშინიაო? არ მეშინია, ამ ადამიანებში რაც ყველაზე მეტად მიზიდავს, ბედნიერების განცდაა. არაფერი აქვთ, მაგრამ ბედნიერები არიან და ეს იგრძნობა მათთან ურთიერთობაში.

7-1737912913.jpg

- რით იკვებებიან?

- ბოსტნეულით, ხილით, ნადირობენ, თევზაობენ. იმდენი ტურისტი ჩადის, ყველა სასტუმრო დაკავებულია. სეზონი თითქმის მთელი წელიწადი აქვთ, მხოლოდ 2 თვეა წვიმების პერიოდი...

ჩვენ ზანზიბარის ზოოპარკიც მოვინახულეთ, ძალიან სასაცილო ზოოპარკია, მაიმუნები, სირაქლემები მოდიან, ადამიანების არ ეშინიათ. სანაპიროზე საოცარი­ თეთრი ქვიშაა, დასასვენებლად ყველაზე კარგი პლაჟებია ქენდვა და ნუნგვი, სადაც ოკეანის მიქცევა-მოქცევა მინიმალურია­ და შეგიძლია იცურო. ცალკე სანახავია პაჟე და ჯამბიანის სანაპიროები. მიქცევის დროს წყალი 1-2 კილომეტრით მიდის, გშორდება და ამ დროს ოკეანის ფსკერი და რიფები­ საოცარი სანახავია. მზის ჩასვლისთანავე სანაპიროზე მოდიან ახალგაზრდები - ზოგი ვარჯიშობს, ზოგი ფეხბურთს თამაშობს, ცეკვავს, მღერის... ადამიანები ცხოვრებით ტკბებიან, "პოლეპოლე" (სუახილურ ენაზე ნიშნავს ნელა-ნელა) ცხოვრობენ. იქ თითქოს არსად ეჩქარებათ. ყველა გიღიმის და გეუბნება "ჯამბო" (გამარჯობა), მნიშვნელობა არ აქვს, გიცნობს თუ არა და ბოლოს აყოლებენ "ჰაკუნა მატატა" (პრობლემა არ არის). აქ ადამიანებს­ თითქმის ყველაფერი აკლიათ, გარდა ბედნიერებისა.

- თქვენ ნახეთ ბილ გეითსის კუნძულიც.

- დიახ, ზანზიბარიდან 2 კილომეტრის მოშორებით ბილ გეითსს საკუთარი კუნძული აქვს, მას ჰქვია "მნემბა". რა თქმა უნდა იმ კუნძულზე არავინ შეგიშვებს, თუმცა მიახლოება შეიძლება. ეს არის ტროპიკული სამოთხე, წყლის საოცარი ფერით. შეგიძლია ჩახვიდე წყალში და წყალქვეშა სამყარო დაათვალიერო. საოცრებაა, ისეთი ფერადი გიფებია, ისეთი ლამაზი და ფერადი თევზები დაცურავენ. იმ პერიმეტრში ახლოს მოდიან დელფინები, შეგიძლია მათთან იცურო. ჩვენ იქ ავთენტური პატარა ხის გემით ვიყავით, რომელიც ქართველი გოგოს, ნათიას საკუთრებაა. ნათია იქ გადავიდა საცხოვრებლად, იქაური მეუღლე ჰყავს. ახლა საქართველოდან ჩასულ ძალიან ბევრ ტურისტს ეხმარება...

იქ ძალიან ბედნიერია ხალხი, ჰარმონიაში ცხოვრობენ გარემოსთან. ნატურალური პროდუქტით იკვებებიან. ფული არ აქვთ, ეს ხალხი ძალიან ღატაკია, მაგრამ გიღიმის, თავად არაფერი აქვს, მაგრამ ცდილობს დაგეხმაროს... საოცრებაა.

5-2-1737912913.jpg

- მათთვის ჯანდაცვაზე, განათლების მიღებაზე წვდომა ალბათ, შეუძლებელია.

- ხშირად შეუძლებელია, ეს ყველაფერი ძვირია და საამისოდ თანხა არა აქვთ.

- სურვილი?

- ალბათ, ესეც ნაკლებად. თავისუფლად ცხოვრობენ, სპორტით არიან დაკავებული, ნატურალური პროდუქტით იკვებებიან... იქ ძალიან კარგი სასტუმროებია, ბევრი ფეშენებელური და ძვირად ღირებულიც, მაგრამ მათი მფლობელები უცხოელები არიან, უფრო ევროპელები. იტალიელებს და ესპანელებს აქვთ ნაყიდი და ამუშავებენ...

- სამზარეულოზე რას გვეტყვით?

- უცნაური რაღაცები აქვთ. დავაგემოვნეთ სირაქლემას სტეიკი, ანტილოპას რაგუ, ნიანგის ხორცისგან მომზადებული კერძი. უმეტესად ზღვის პროდუქტები აქვთ. ასევე სასწაულ ფრეშს ამზადებენ - იქაური ტროპიკული ხილი უგემრიელესია. ისეთი ბანანი, როგორც ტანზანიაშია, სხვაგან არ გამისინჯავს. აღსანიშნია მათი ყავა, იმდენად კარგი გემო აქვს, თბილისში წამოვიღე.

თამუნა კვინიკაძე

TOP.GE