„მე-6 კლასში იყო, რომ ამბობდა, საქართველო უნდა ვასახელოო“
19 იანვარს, გამთენიისას, ვანის რაიონის სოფელ სულორში, მერაბ დვალიშვილის მშობლიურ ოჯახში ახლობლების ტრადიციული შეკრება იყო, დიდი ბრძოლის წინ დიდი გამარჯვების მოლოდინით... ბევრი კილომეტრით შორს, ოკეანის გაღმა, UFC-ის ქართველ ჩემპიონს საჩემპიონო ქამარი უნდა დაეცვა. მისი მეტოქე, იმ დღემდე დაუმარცხებელი, რუსეთის სახელით მოასპარეზე, დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვი გახლდათ... როცა საკუთარი თავის რწმენა გაქვს, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია და ბიჭმა, რომელსაც გულზე სამშობლოს დროშა აქვს ამოსვირინგებული, საქართველოს მორიგი წარმატება მოუტანა.
დარეჯან დვალიშვილი ჩემპიონის დედა გახლავთ, ჯერ ისევ დიდი ემოციით და დიდი სიხარულით სავსე გულით, რომელიც შვილის ჩხუბს პირდაპირ ეთერში ვერასდროს უყურებს.
- დღემდე ჩემი შვილის არც ერთი ბრძოლა პირდაპირ ეთერში ნანახი არ მაქვს, მხოლოდ შედეგის გაგების შემდეგ შემიძლია ვნახო, ძალიან რთული და ემოციურია ეს წუთები, ყველასგან განვმარტოვდები ხოლმე და ვლოცულობ, ასე მირჩევნია.
- რა ხდებოდა თქვენს ოჯახში 19 იანვრის დილას?
- როგორც ყოველთვის, საგულშემატკივროდ ამჯერადაც უამრავი ადამიანი მოვიდა. როგორ შეიძლებოდა, მერაბს მათი იმედი არ გაემართლებინა. ამ ადამიანების ემოციით მივხვდი, რომ მერაბმა ქამრის შენარჩუნება მოახერხა. ეს საჩემპიონო ქამარი იყო მაგის დიდი ოცნება და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მიაღწია.
- თუმცა ეს გზა მარტივი სულაც არ ყოფილა.
- ძალიან რთული იყო, მერაბს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წინააღმდეგობებმა მეტად გააძლიერა. მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბა. მერაბს 2 უფროსი ძმა ჰყავს, მოგეხსენებათ, სოფელ სულორში ვცხოვრობთ, ბავშვობაში სამივე ჭიდაობაზე დადიოდა. მეოთხე კლასში იყო მერაბი თბილისში რომ გადავედით საცხოვრებლად. მერაბი ფეხბურთზე შევიდა, მაგრამ მაშინ რთული პერიოდი იყო, ყველასთვის მძიმე წლები, ეკონომიურად ჩვენც არ ვიყავით დალხენილად, მე და ჩემი მეუღლე ბაზარში ვვაჭრობდით, ნაქირავებში ვცხოვრობდით, ფეხბურთზე რომ ევლო, თანხა იყო გადასახდელი, მერაბს მწვრთნელისთვის თავად უთქვამს, ჩემს მშობლებს საშუალება არ აქვთო. იძულებული გახდა, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა, ვარჯიშით კი სულ ვარჯიშობდა, საოცრად მიზანდასახული ბავშვი იყო.
- მიზანდასახულობის გარდა, კიდევ რა თვისებებით გამოირჩეოდა?
- ადამიანის დაჩაგვრა არ უყვარდა, მის გვერდით ერთი მეორეს ზემოდან ვერ დახედავდა. ძალიან ცელქი და მოუსვენარიც იყო. ამავე დროს ზრდილობიანი და კეთილი. ძმები გამორჩეულად უყვარდა. თბილისში რომ გადავედით, უფროსი ბიჭები კადეტთა კორპუსში სწავლობდნენ, მერაბი სპორტით იყო დაკავებული. ჭიდაობდა, კარგი მიღწევებიც ჰქონდა. ძალიან პატარა იყო, რომ ამბობდა, მე საქართველო უნდა ვასახელოო, მე კი გულში მეცინებოდა, შენ როგორ უნდა ასახელო, პატრონი და ხელის წამკრავი არავინ გყავს-მეთქი. ჭიდაობიდან ერთ დღეს განერვიულებული მოვიდა, შავდათუაშვილი მომერიაო, კიმონოც იქვე დაუტოვებია და წამოსულა. თავიდანვე ემოციური იყო და ამ წაგებას ვერ შეეგუა. მაშინ ვეცადე, დამემშვიდებინა, ვუთხარი, დედი, არაუშავს, ჭიდაობაში თუ არაფერი გამოგივა, "შოფრობა" ისწავლე-მეთქი, ამის გაგონებაზე სულ გადაირია, უფრო განერვიულდა, რას ამბობ, მე ჩემი ქვეყანა უნდა ვასახელოო. კიმონო და სხვა ნივთები, რაც დარბაზში დატოვა, ყველაფერი ბიჭებმა მოუტანეს, მაშინ მეექვსე კლასში იყო. დაბრუნდა მერე დარბაზში და გააგრძელა ვარჯიში. მართლა გამორჩეული და ხასიათითაც განსხვავებული ბავშვი იყო.
- ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღო?
- ჯარში მსახურობდა, იქ მისი ფიზიკური მონაცემები არ გამოპარვიათ, დარბაზში ავარჯიშებდნენ. ამერიკაში პირველად შეჯიბრზე ჯარიდან წაიყვანეს. მერაბს ერთწლიანი ვიზა ჩაურტყეს, სხვებს - 2-თვიანი. ამერიკაში მაშინვე წავიდა, როგორც კი სავალდებულო სამხედრო სამსახური დაასრულა. ეკონომიურად ოჯახს იმის საშუალება არ გვქონდა, ჩვენი თანხით გაგვეშვა. იქ არაერთი სიძნელე შეხვდა, მაგრამ არ დანებდა. ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობდა, სამსახურიდან დაბრუნებული, როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, ვარჯიშზე მიდიოდა. ახლაც იხსენებს, ზოგჯერ ისეთი გაყინული ვიყავი, ცხელი დუშის ქვეშ ვდგებოდი, ვთბებოდი და დარბაზში მერე მივდიოდიო. ოჯახურ საუბრებში არაერთხელ უთქვამს, არ მეგონა, ამდენს თუ შევძლებდიო.
- არასდროს დანებებულა?
- არა, ამერიკაში რომ ჩავიდა, ინგლისური ენა არ იცოდა, ამის გამოც ძალიან გაუჭირდა. დაახლოებით ერთი წელი თითქმის ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობას მაინც არ წყვეტდა, მერე კარგი დარბაზი ნახა და ვარჯიში გააგრძელა. მერაბს თავის საქმე ძალიან უყვარს და აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. ალბათ, მისი წარმატებაც ამ ყველაფერმა განაპირობა.
- როგორი შვილია, რამდენად ყურადღებიანი, მზრუნველი?
- ძალიან თბილია, რომ მირეკავს, სულ მთხოვს, დედიკო, ჯანმრთელობას მიხედე, თავს გაუფრთხილდიო. სითბოს და სიყვარულის გამოხატვაც შეუძლია. ყოველი ჩხუბის დროს მამშვიდებს, შენ არაფერზე ინერვიულოო, ყოველთვის თავდაჯერებული ჩანს. ჩემი შვილის იმედი მაქვს, მჯერა, ის არასდროს არც ერთ ადამიანს ცუდს არ გაუკეთებს და უღირს საქციელს არ ჩაიდენს.
- ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მის საჩემპიონო ქამარზე მეტია.
- იმდენად კეთილია, ერთი ლუკმის გაყოფაც კი შეუძლია. ზოგჯერ მის ქცევებს რომ ვაკვირდები, ჩემთვის გავიფიქრებ ხოლმე, ალბათ ასეთი იმიტომ არის, სიღარიბეში რომ გაიზარდა.
- ვიცი, რომ საკუთარი შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.
- კი და ეს ძალიან მახარებს. იმ მილიონი ლარიდან, რომელიც სახელმწიფომ აჩუქა, პირადი სურვილებისთვის ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს, თანხას სრულად სავარჯიშო დარბაზის მშენებლობას ახმარს, ახალგაზრდებზე ფიქრობს.
- საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავს?
- მერაბს ახლა ტრავმა აქვს, ჩამოსვლის ზუსტი დრო ჯერ თავადაც არ იცის, მაგრამ გვეუბნება, რომ მალე შეძლებს.
- საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ რომ ჩამოვიდა, როგორი იყო თქვენთვის ის დღეები?
- იმ დღეებში ჩემს შვილთან ყოფნა ვინ მადროვა, მოვიდა თუ არა, გადამღები ჯგუფები მოჰყვნენ, იმდენი ხალხი იყო, ოჯახში 2 საათიც ვერ გაატარა. ერთი ჩაგვეხუტა, მოგვეფერა და სულ ეს იყო, ვერ ვილაპარაკეთ. ჩემი მონატრებული შვილი ვერ მოვისიყვარულე.
- ამბობს, ცოლად ქართველი გოგო უნდა მოვიყვანოო, მის პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის?
- მაგ დღეს მეც ძალიან ველოდები, აქამდე ამბობდა, ქამარს რომ მოვიპოვებ, მერე ვიფიქრებო, ახლა სხვა გზა არ აქვს, სიტყვა უნდა შეასრულოს. ქართველ გოგოსთან რომ უნდა ოჯახის შექმნა, მისი ეს სურვილი მეც ძალიან მომწონს, მეტსაც გეტყვით, გოგო მეგრელი თუ იქნება, უფრო გამიხარდება, მეგრელი ქალები კარგი მეოჯახეები არიან. ვნახოთ, ვის აირჩევს (იცინის).
- პირად ცხოვრებაზე თქვენთან გახსნილად საუბრობს?
- კი, მერაბს სერიოზული ურთიერთობა ჯერ არ ჰქონია. მერაბის ჩხუბის შემდეგ ჩვენი ტელეფონის ზარი არ ჩერდება, მისი წარმატება ყველას ძალიან უხარია.
- ჩვენც გვიხარია, ვულოცავთ და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!
- დიდი მადლობა!
რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა პირველი მარცხი ქართველ ჩემპიონთან განიცადა
აღსანიშნავია, რომ 19 იანვრის დაპირისპირებაში მერაბ დვალიშვილმა მხოლოდ საჩემპიონო ქამრის დაცვა კი არ მოახერხა, ისტორია დაწერა. მან ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი გდება (91) დააგროვა. მერაბ დვალიშვილი 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა. მის ანგარიშზე 19 გამარჯვება და 4 მარცხია. უმარ ნურმაგომედოვის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო, რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა პირველი მარცხი ქართველ ჩემპიონთან განიცადა.
თამუნა კვინიკაძე