ნინო კასრაძის პოლიტიკა - "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რეალობაში არა ვარ...ჩვენ ვიბრძვით სცენაზეც და ქუჩაშიც“
ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ქუჩაშია. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან კულტურის დარგის მუშაკები. ცნობილი მსახიობი ნინო კასრაძეც პირველივე დღიდან ჩართულია ამ პროცესებში.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რეალობაში არა ვარ. ქვეყანაში ნამდვილი ტერორია, საუკეთესოებს ერჩიან. ახალგაზრდებს, რომლებშიც საქართველოს გული ფეთქავს, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნა აქვთ, არავინ ელაპარაკება. არა აქვთ სურვილი, რომ მოუსმინონ საზოგადოებას. ერთი კარგი "თავშესაფარი" აქვთ მოფიქრებული, რომ ყველა "ნაცია". მაგათ რა უნდა გველაპარაკონ! ადრე თქვეს, ახალგაზრდები ტროას ცხენებია, შემოგვაპარეს და გვებრძვიანო. ამას სიბეცე ჰქვია. როდესაც ასეთი კრიზისია საზოგადოებასა და სახელმწიფოში, ხელისუფლებას როგორ არა აქვს გამოსავლის გამონახვის სურვილი? ისევ ძალადობრივი, უფრო დიდი ძალის შემოყვანის იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი ჩაახშონ. სირცხვილია, რომ არ იციან, ვინ არიან ეს ახალგაზრდები. ჩვენ ვიბრძვით სცენაზეც და ქუჩაშიც. ჩვენ, ხელოვანები, ერთი გუნდი ვართ, კრიტიკულ მომენტში მაინც ყველა ერთად დავდგებით, როცა საქმე ქართულ იდენტობას, კულტურასა და საზოგადოებას შეეხება. დღეს გაჩერება და დუმილი ვერ წარმომიდგენია, რადგან სინათლესა და ბოროტებას შორის აღმოვჩნდი.
იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ისევ მოვიდოდა რუსული ენა ჩვენს ცხოვრებაში. ნახეთ ნებისმიერი ბანკომატი, მენიუ რუსულადაც დაემატა, რესტორნები, კაფეები, საუბარზე უკვე აღარაფერს ვამბობ - ყველგან, სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის. ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია. მერე რუსეთის ხელისუფლება მათი ინტერესების "დასაცავად" იწყებს მოქმედებას. ჩვენ ხომ ეს ვნახეთ, გავიარეთ... არ მინდა ვიყო რადიკალური, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა. სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ კომფორტი უპირველესად თავის მოსახლეობას შეუქმნას. თუ ხალხსა და ხელისუფლებას შორის რაღაც კონსენსუსი არ შედგა, მაშინ მოსახლეობა თავის კონტროლზე აიყვანს პროცესს და ძალიან დიდი შარის მოწმენი გავხდებით.
როგორც წესი, ჩვენ თეორიული ცოდნა გვაქვს ევროპის შესახებ და პატარ-პატარა ვიზიტებით იქ ჩასვლა არ ქმნის რეალურ შთაბეჭდილებას. ჩემი შვილების სწავლის დროს წავედი, პანდემიის პერიოდი მოგვესწრო და ვცხოვრობდი იქ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. ახლა უფრო ნათლად შემიძლია გავცე პასუხი შეკითხვას: რატომ ევროპა? პირადად ჩემთვის ევროპას ალტერნატივა არა აქვს. არა იმიტომ, რომ იქ ყველაფერი იდეალურადაა, არამედ იმიტომ, რომ ევროპას აქვს ის ფუნდამენტური დებულებები, რომელიც მინდა ზუსტად იმავე სახით იყოს ჩემს ქვეყანაში. წელიწადი და 7 თვე ვიცხოვრე საფრანგეთში, ლიონში და კარგი შესაძლებლობა მომეცა დავკვირვებოდი, როგორ ფუნქციონირებს ევროპული სისტემა. თავიდან მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საფრანგეთშიც იყო დაბნეულობა, მაგრამ შემდეგ ვუყურე, როგორ მოერია ამ გამოწვევას სახელმწიფო. არანაირი შიში, პანიკა და აპოკალიფსური განწყობა არ ყოფილა.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ევროპული განათლების სისტემაზე?
- ეს ძალიან გამართული განათლების სისტემაა, რომელიც პროფესიონალებს აყალიბებს. საფრანგეთში ბაკალავრიატის დიპლომს ვერ აიღებს სტუდენტი, თუ შესაბამისი ცოდნისა და მომზადების დონე არა აქვს. გაცნობიერებული აქვთ, რომ სხვა შემთხვევაში ეყოლებათ ბევრი არაკვალიფიციური კადრი, რაც საზოგადოებას ზიანს მოუტანს. მითი, რომ ევროპა დამთავრდა, რუსული პროპაგანდის ნაწილია და სავარაუდოდ, მსოფლიოსა და უპირველესად, ევროპის არევას ემსახურება. ევროპული ღირებულებები, მდგრადი სისტემური წყობა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა - ეს საკუთარი თვალით ვიხილე და გამოვცადე.
ევროპელები სრულად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისა და თავისუფლების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ევროპაში ყველაფერი იდეალურად არ არის, მათაც აქვთ პრობლემები, არის ბიუროკრატია, მაგრამ სისტემა მუშაობს. კიდევ ერთი დიდი ნიშანი, რაც ევროპელებს აერთიანებთ, ისაა, რომ იცავენ მთავარ ფასეულობებს, რაც მათ ქცევასა და ურთიერთობაში ვლინდება.
- როგორ ფიქრობთ, ქართველები რომელი ნიშნით ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან?
- ჩემი შვილი, როგორც კი ევროპაში ჩავა, იტყვის ხოლმე, ჩაირთო თვითგადარჩენის რეჟიმიო (შურვივალ მოდე). როგორც კი ქართველების დიდი ნაწილი ამ დალაგებულ, სტრუქტურირებულ სამყაროში მოხვდება, ათიდან ცხრა წარმატებას აღწევს. ქართველს ძალიან კარგად გამოსდის საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება. როცა ლიონში გაიგებდნენ, რომ ქართველი ვარ, მაშინვე სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდნენ იქ მცხოვრებ და მომუშავე ქართველებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ევროპაში ჩასულ ქართველებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის გზა ეხსნებათ. მე ვფიქრობ, დღეს ჩვენი, ქართველების მთავარი პრობლემა ბუნდოვან ორიენტირებშია. ზოგჯერ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, არარეალურ მოსაზრებებსაც ვისმენ, რაც, ალბათ, პროპაგანდისა და უმეცრების ნაყოფია. სწორედ ეს გვაშორებს ევროპისგან - უმეცრება და პროპაგანდა. მთავარია, სწორი, გააზრებული და არგუმენტირებული არჩევანი გავაკეთოთ.
- რა არის თქვენთვის კულტურა?
- განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ის კულტურის ნაწილია. ადამიანი მხოლოდ საკუთარი სახლით, სოფლით, ლოკალური გარემოთი ვერ შეიქმნის თვალსაწიერს, ვერ იქნება თვითკმარი, მან მეტი უნდა იცოდეს. ცოდნას, განათლებას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველა მტრად არ ეჩვენებოდეს. შეიძლება ადამიანი იყოს შინაგანად კულტურული, მაგრამ უცოდინარობის გამო შეპყრობილი ათასი შიშით, დაძაბულობითა და აგრესიით, ეს კი უკვე უკულტურობაა. ჩემთვის კულტურულია ადამიანი, რომელმაც ბევრი იცის, ბევრი ესმის და ბევრს იღებს, რომლის შინაგან კულტურას, ბუნებასა და თვისებებს ერწყმის ცოდნა და გონიერება. არცოდნა-არცოდვის დრო დასრულდა.
მინდა საქართველო პროგრესულ მსოფლიოში ღირსეულ ადგილს იკავებდეს, მაგრამ ამისათვის დიდი მუშაობაა საჭირო. რუსული ბოროტების იმპერია უნდა დაინგრეს, სხვანაირად საქართველოს ვერ ექნება მომავალი. საბჭოთა კავშირამდე პერიოდის საქართველოს პირველ რესპუბლიკას თუ გავიხსენებთ, პირველ კონსტიტუციას, კონსტიტუციამდე პერიოდს, ჩვენ მართლაც ევროპული განვითარებისკენ მიმავალი ქვეყანა ვიყავით, საოცარი პერსპექტივებით. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი.…დღეს არის ის გადამწყვეტი პერიოდი, როცა რუსული იმპერია უნდა დაინგრეს. ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან არსით ის უკვე დასრულებულია. იმპერიების დრო მსოფლიოში დამთავრდა.
- ახლა რაში ხედავთ გამოსავალს?
- მხოლოდ და მხოლოდ დიალოგში ვხედავ. აუცილებელია დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება და მათი მოსმენა! მერწმუნეთ, ხელოვანებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს. როგორც ჩემმა მეგობარმა დათო დოიაშვილმა თქვა, გადავდივართ აგრესიულ პროტესტზე, რომელსაც რა შედეგებიც მოჰყვება, თავად იხილავს ეს ხელისუფლება და საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულა. ამიტომ, სანამ კიდევ არის დრო, მოგვისმინეთ!
რუსუდან შაიშმელაშვილი