„ერთი შვილი სამშობლოს შევწირე, მეორეც სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება“
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი 10 იანვარს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, დაკავებულები: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციარულ დაწესებულებაში რჩებიან. მათი ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივად 1000, 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა. პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რისთვისაც გათავისუფლებულ ბრალდებულებს შესაძლოა ხელი შეეშალათ. დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს დანაშაული სასჯელად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულთა შორის არის გიორგი ტერიშვილი, რომლის 17 წლის ძმა, მამუკა წლების წინ აქციაზე სამფეროვანი დროშით ხელში დახვრიტეს, მას სნაიპერის ნასროლი ტყვია მოხვდა საძილე არტერიაში.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების დღეებში და მას შემდეგაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. იყო სისხლიანი 3 იანვარი და 2 თებერვალი. სამხედრო საბჭოს სისასტიკის მიუხედავად, საპროტესტო მუხტი უფრო და უფრო იზრდებოდა. 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს სპეცრაზმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, 2 თებერვალს თამარ მეფის გამზირზე "მხედრიონმა" და გვარდიამ უიარაღო მანიფესტანტები დახვრიტეს.
"ნებისმიერი პოლიციელი შეუძლიათ ალაპარაკონ და ის ათქმევინონ, რაც მათ სურთ"
მარიამ ტერიშვილი, ნოემბრის აქციების მონაწილე პატიმრის, გიორგი ტერიშვილის ქალიშვილი: - პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არა აქვს იმისა, რომ მამა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, არადა, მას სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. სასამართლო 5 მარტამდე გადაავადეს. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ მის გათავისუფლებას ველოდით, თუმცა მაინც იმედი გვქონდა, რომ გამოუშვებდნენ. ამათგან არაფერი გვიკვირს... იმ 11-მა კაცმა, ვისაც ჯგუფურ დანაშაულს ედავებიან, პირველად სასამართლოზე ნახა ერთმანეთი. ერთმა პატიმარმა სასამართლოზე ისიც კი თქვა, გამიხარდა, ვისთანაც ჯგუფურში ვყოფილვარ, ახლა რომ გავიცანიო.
პროკურატურას ერთადერთი კადრი აქვს, სადაც მამა ჩანს - მოდის ჭიჭინაძის ქუჩიდან, ძირს გდია გასროლილი ფეიერვერკის ნარჩენი, მუყაო და ამას ისვრის. ის არც არავის მოხვედრია და არც ვინმე დაზიანებულა, არადა, მამას ამისთვის სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. პირველივე სასამართლოზეც უთხრეს, არ გედავებით ვინმეს ან რამის დაზიანებასო. ამ სასამართლოზე თქვეს, რომ 52-მა კაცმა 158 პოლიციელი დააშავა, პოლიციელები დაიკითხებიან და მასალები ჩაიდება საქმეშიო. ნებისმიერი პოლიციელი შეუძლიათ ალაპარაკონ და ის ათქმევინონ, რაც მათ სურთ. რამდენად სანდო, ესაა საკითხავი. ალბათ, ვიდეომასალა უნდა დაურთონ, რომ დაამტკიცონ, სხვანაირად ვერ დაამტკიცებენ. დარწმუნებული ვარ, რომ მამას არც ერთი პოლიციელისთვის ხელი არ უხლია.
მამა აქციებზე დადიოდა, თუმცა არა ისეთი სიხშირით, როგორც ჩვენ, მისი შვილები. 31 ნოემბერს მამამ რომ გაიგო შვილები აქციაზე ვიყავით, ისიც წამოვიდა, მაქსიმუმ საათ-ნახევარი იყო ჩვენთან, მერე არეულობაში დავკარგეთ. პირბადე არც ჰკეთებია, სახე არ ჰქონია დამალული და ვიდეოკადრებმა დააფიქსირა. 6 დეკემბრის დილით მოვიდნენ და მამა სახლიდან წაიყვანეს. რა ჯგუფური დანაშაული, ამაზე პასუხი არავის აქვს, ვის რა მოვთხოვოთ, რაც მათ უნდათ, მარტო იმას ლაპარაკობენ.
მამა 53 წლისაა. აქამდე არასდროს ჰქონია შეხება პოლიციასთან, ციხესთან. ის მხნედაა, რომ გვეგონა დათრგუნვილი იქნებოდა, აქეთ გვაწყნარებს, გვითვლის, არ ინერვიულოთ, არაფერი მიჭირს, თავს მიხედეთო. უფრო ამაყად არის. მამა ყოფილი ძალოვანია, ადრე დაცვის პოლიციაში მუშაობდა და მათთვის განკუთვნილ ციხეშია, მასთან ერთადაა საკანში აქციებზე დაკავებული ანატოლი გიგაური - ქარელელი ბიჭი, ხალხი მოსავლის, კარტოფილის და ვაშლის გაყიდვაში რომ დაეხმარა.
მამა სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. ეს ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, სამართალს ვერ ვიპოვით. მოსამართლეებს ზემოდან რა ბრძანებაც აქვთ, იმას ასრულებენ, სამართალი ვის აინტერესებს?
მჯერა, ამაოდ არ ჩაივლის ჩემი შვილის დაღვრილი სისხლი და გიორგის დასჯაც
მარინე არჩვაძე-ტერიშვილი, გიორგი ტერიშვილის დედა: - გიორგი მთელი ჭაბუკობიდანვე დადის აქციებზე, მით უმეტეს, მოკლული ძმის, მამუკას შემდეგ. როგორ არ ივლის? სულ იმას ამბობდა, ჩემი ძმა რას შეეწირა და ჩვენი ქვეყანა საით მიდისო. მამუკა სახლიდან აიყვანეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში უნახავთ და ედავებიან, ვითომ წყლის ბოთლი გიჭირავს და პოლიციელებს ესვრიო. არავინაა დაზარალებული. 10 იანვარს სასამართლო იყო, თქვეს, მასალები ვერ მოვიძიეთო და 5 მარტისთვის გადადეს პროცესი. როგორ, ვერც ერთის საქმე და მასალა ვერ მოიძიეს? მათთვის არაფერია, აბა, მე მკითხონ, რამდენს ნიშნავს ამდენ ხანს ჩემი შვილის საპატიმროში ყოფნა? რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა გიორგიმ, ვერ გავიგეთ. არავის იცნობდა, ჩვენ თუ მივდივართ, მთელი ოჯახით მივდივართ აქციაზე, გიორგი დაკავებულებიდან არავის იცნობს. ეტყობა, რადგან აქციებზე აქტიურად დადიოდა, იქ ამათი ხალხი სურათებს უღებდა, ალბათ, იციან ჩვენი ოჯახის ისტორია და მდგომარეობაც და ამიტომ სჯიან.
მე ერთი შვილი 1992 წლის 2 თებერვალს დავკარგე, ჩემთვის უბედური დღე ახლოვდება... მამუკა მომიტინგეებთან ერთად დროშით ხელში მიდიოდა ცირკისკენ, როგორც კი ხიდზე გადავიდნენ, სნაიპერის ტყვია მოხვდა საძილე არტერიაში და იქვე გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში, 14 თებერვალს, 18 წლის უნდა გამხდარიყო... მტერსაც არ ვუსურვებ შვილის სიკვდილს და ასეთ სიმწარეს. უფროსი ვაჟი - გიორგი ეროვნულ მოძრაობაში იყო, მუდმივად დადიოდა აქციებზე და მამუკაც დაჰყვებოდა. 9 აპრილის დღეებში გიორგი შიმშილობდა, მამუკაც აკითხავდა ძმას. 9 აპრილსაც იმიტომ გადარჩა გიორგი, რომ იმ საღამოს ჩემმა ძმამ სოფელში წაიყვანა, რაღაც პრობლემა ჰქონდა, დილით ჩამოვიდნენ და ეს უბედურება დახვდათ, გიორგი ძალიან ნერვიულობდა, რატომ მეც იქ არ ვიყავი, რატომ წავედი სოფელშიო. ერთი შვილი სამშობლოს შევწირე, მეორეა და, ისიც სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. ამას წარმოვიდგენდი? ამ ადამიანებს უნდოდათ ევროპული მომავალი, ამ ხელისუფლებას კი რუსეთისკენ უჭირავს თვალი. გიორგი ამბობს, მაშინ რისთვის მოკვდა ჩემი ძმა, ან 9 აპრილს რას შეეწირა ამდენი ხალხი, ისევ რუსეთისკენ თუ წავედით, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთო, ასეთი რწმენით იყო. ახლაც ვაგრძელებთ აქციებზე სიარულს, მჯერა, ამაოდ არ ჩაივლის ჩემი შვილის დაღვრილი სისხლი და გიორგის დასჯაც. ამ ბრძოლამ ნაყოფი უნდა გამოიღოს. გიორგი იქიდან გვითვლის, ტელევიზორში სულ გათვალიერებთ და რატომ აღარ მიდიხართ აქციებზე, წადით, ხომ არ შეგეშინდათო... ჩემი შვილი მხნედ არის, ამბობს, კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთო. ამისთანა შვილების დედას მეამაყება. ზუსტად იმისთვის დავდივართ აქციებზე, ამაოდ რომ არ ჩაითვალოს ჩემი მამუკას სისხლი. სადამდეც შევძლებ, ვივლი და გავაპროტესტებ, არ დავიღლები. თუ ეს მთავრობა არ წავიდა, ამათ ხელში არაფრის იმედი არა გვაქვს. ხალხს თავპირი ამტვრიეს, დაასისხლიანეს, ამის მერე ამათი იმედი როგორ უნდა გვქონდეს? ამათ არაფერი და არავინ ადარდებთ, ამიტომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს, საკმარისია 12 წელი. მთელ საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში გვეცხოვროს.
„რისთვის დამიხვრიტეს უდანაშაულო შვილი, რას ერჩოდნენ, რა დააშავა?!“
გთავაზობთ 2015 წელს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული დედის ინტერვიუდან ამონარიდს:
მარინე არჩვაძე-ტერიშვილი: - მამუკა 14 თებერვალს 18 წლის უნდა გამხდარიყო, 2-ში კი მოკლეს. იმ წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა. 3 იანვარს დიდუბეში მიტინგზე იყო. შოკირებული დაბრუნდა, ამბობდა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, ხალხს ხოცავდნენ, სისხლის გუბეები დააყენესო. ჩემი შვილი მაშინ სიკვდილს გადაურჩა. მას შემდეგ არც ერთ მიტინგს არ ტოვებდა. მეც დავდიოდი, ჩემი შვილები იქ იყვნენ და მე რა გული გამიძლებდა, შინ ვმჯდარიყავი? 2 თებერვალს, დილით, შინიდან გასვლის წინ ხელი გადამხვია, ჩამიხუტა და მითხრა, რისი გეშინია, დედა, რა მოხდება, ერთი შვილი შენც შესწირო საქართველოსო. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.
12 საათზე კოლონამ სადგურის მოედნიდან დაიწყო მსვლელობა. ცოტა ხანში მეც წავედი მიტინგზე, ბავშვებს ვეძებდი, მაგრამ იმდენ ხალხში რას ვიპოვიდი. მამუკას დროშა ეჭირა და წინა ხაზზე მიდიოდა თურმე, მე კი უკანა რიგებში დავეძებდი. როგორც კი თამარ მეფის ხიდზე გადავიდნენ, სადაც გზა ავტობუსებით იყო გადაკეტილი, მომიტინგეებზე წყლის ჭავლი მიუშვეს, რასაც სროლა მოჰყვა - ცირკის მოპირდაპირე მხარეს, ფერდობზე იყვნენ სნაიპერები ჩასაფრებული.
ხალხს ფუჭი ტყვიები ეგონა, ვერ გაგვიმეტებენო, ამბობდნენ, მერე დაიჩოქეს, იფიქრეს, აღარ გვესვრიანო. ხიდს რომ მივუახლოვდით, დავინახე, ხელში აყვანილი ჩემი შვილი მიჰყავდათ ბიჭებს, ფეხსაცმლით ვიცანი. სნაიპერის ტყვია საძილე არტერიაში მოხვედრია და იქვე გარდაცვლილა. დღემდე ვინახავ ჩემი შვილის სისხლიან პერანგს, საყელოზე აქვს ნატყვიარი... ამბობდნენ, რომ იმ დღეს 18 მომიტინგე დაიღუპა. მაშინდელი კომენდანტი გელა ლანჩავა იყო და ის ასრულებდა სისხლიანი მთავრობის ბრძანებებს. სად იყო იმ დროს კომენდანტის საათი, როცა დღის 12 საათზე მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს?!
სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის კისერზეა იმ ახალგაზრდების სისხლი. იოსელიანი დღეს დიდუბის პანთეონში რომ არის დაკრძალული, ამის ღირსი იყო?!
რაც მათ ცოდვა დაატრიალეს - ახალგაზრდები დახოცეს, ააოხრეს მთელი თბილისი, ბარათაშვილის ხიდზე ავტობუსში ჩახოცეს ხალხი და ამის მერე მათ ნამოქმედარს გამართლება აქვს? რისთვის დამიხვრიტეს უდანაშაულო შვილი, რას ერჩოდნენ, რა დააშავა?!
ეს ბიჭები მართლაც ზვარაკად შეწირულები არიან და რაღაცით ხომ უნდა დაფასებულიყო მათი თავგანწირვა? ჯერ იყო და, რეპრესირებულის სტატუსი ძლივს მოგვანიჭეს, შემდეგ პენსიაზე დაგვიმატეს კომპენსაცია - 7 ლარი, რაც მასხრად აგდებაა. ბავშვების საფლავებისთვის მაინც მიეხედათ ან მოეკითხათ მათი ოჯახები?! ამ ბავშვების სიკვდილი არავის არაფრად ჩაუგდია".