„ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოსტეხა კიდისა“
"ლაშარს მოვიდა თილიძე, /დიდგულად დადგა ხარია, შემოეხვია მტარვალი,/როგორც ბატონსა ყმანია", - ეს ლექსი თუშებმა უკრაინაში გმირულად დაცემულ კახა თილიძეს მიუძღვნეს. ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, 11 იანვარს მძიმედ დაიჭრა, 12 იანვარს კი გარდაიცვალა. არადა, ის იმ დღეს 40 წლის უნდა გამხდარიყო. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
კახა უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო აზოვის პოლკის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. ბოლო პერიოდში უცხოური ლეგიონის რიგებში ირიცხებოდა, მისი საძახისი "თუში" იყო. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, საკუთარ ბრძოლას შინდისის ომის გმირებს უძღვნიდა, საბოლოოდ კი სიცოცხლეც მათ მიუძღვნა. "შინდისელებისთვის, საქართველოსთვის!" - შესძახებდა ხოლმე, როდესაც რუსებს ჭურვებს ესროდა. მიღებული აქვს ჯილდოები არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მთავარსარდლებისგან, არამედ ეკლესიისგანაც - 27 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კახა თილიძე თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის გამო დააჯილდოვა. ის ყოველთვის ამაყობდა, რომ გიორგი ანწუხელიძის სამშობლოდან იყო, პრივილეგიად მიიჩნევდა რუსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას, იშვიათად წერდა ვიდეომიმართვებს, მაგრამ როდესაც ჩაწერდა, ქართველებს სთხოვდა, რომ სამშობლოს გაფრთხილებოდნენ. "ანწუხელიძე, მოგყვა კვალში კიდევ ერთი არწივი! უფალს ებარებოდეთ, თუშნო, ვაჟკაცნო, შეუპოვარნო ბრძოლაში", - ასე გამოემშვიდობა კახას უკრაინაში მებრძოლი უახლოესი მეგობარი, თავადაც თუში დათო აბულიძე.
მიხეილ ბატურინი, კახა თილიძის მეგობარი, ჯგუფ "სარანგის" მეთაური: - მე და კახას 20-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, ერთად ვმუშაობდით, საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახურში. პედანტი იყო და ეს მის ნამუშევარს ყოველთვის ეტყობოდა. ბოლო დავალებაც პედანტურად შეასრულა, საუკეთესო შედეგით, მაგრამ უკან დაბრუნებისას დრონების თავდასხმაში მოყვა და ერთი სწორედ მის მანქანას შეეჯახა. კახასთან ერთად კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა... პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა, უზომოდ განათლებული იყო, ანალიტიკური აზროვნება ჰქონდა, ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უაღრესად შეყვარებული იყო საქართველოზე.
კახა ამერიკაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, მაგრამ როგორც კი რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, 2014 წელსვე ჩამოვიდა და წვრთნასა და აღჭურვაში ეხმარებოდა უკრაინულ არმიას. 2022 წლის თებერვალში პირადად ჩაერთო საომარ მოქმედებებში. ეს არ ევალებოდა, მაგრამ სამშობლოს სიყვარული, მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი განაპირობებდა, რომ ყოველთვის წინ, ცხელ წერტილში ყოფილიყო და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებაზე გვიწევდა ბრძოლა და ერთმანეთს ფრონტის ხაზზე ვერ ვხვდებოდით. ერთხელ ბახმუტთან დაჭრილი საავადმყოფოში ვიწექი, 31 დეკემბერი იყო, გაიღო პალატის კარი და კახა შემოვიდა, ხელში დათუნია ეჭირა, ახალ წელი და დაბადების დღე მომილოცა.
გოგიტა თორღვაიძე, მეგობარი: - კახა პირველად ჩემთან ჩამოვიდა, ამერიკაში. მერე ოჯახიც ჩამოიყვანა, მაშინ ერთი ქალიშვილი ჰყავდა, დანიელი აქ შეეძინა და მე მოვნათლე. კახა სწრაფად დადგა ფეხზე და იქით დაიწყო სხვების დახმარება. ახლაც მირეკავენ ამერიკაში მყოფი ქართველები და იმ სიკეთეებზე მესაუბრებიან, რაც მათ კახამ გაუკეთა. კახას ძალიან კარგი სამსახური ჰქონდა, სამეგობროც არაჩვეულებრივი ჰყავდა. ყველაფერი ჰქონდა უზრუნველი ცხოვრებისთვის, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა არ მოასვენა. ჩვენი ბოლო საუბარიც ამ თემას შეეხებოდა... მითხრა, რომ იანვარში ამერიკაში უნდა ჩამოსულიყო და აქ აღენიშნა დაბადების დღე, მაგრამ აღარ ჩამოვიდა. სწორედ თავის დაბადების დღეს დაიღუპა. ერთხელ ვკითხე, რატომ აღარ ბრუნდებოდა ამერიკაში. იცით, რა მიპასუხა? ისეთი საქმე ხომ გიკეთებია, ყველაზე მაგრად რომ გიყვარს და გამოგდის, გინდ პროფესია იყოს, გინდაც გატაცება. ჰოდა, აი, ასე ვარ, როდესაც რუსებს ვებრძვიო. მხოლოდ ბრძოლაში კი არ ეხმარებოდა მეომრებს, პირადი ხარჯებით ყიდულობდა ძვირადღირებულ ამუნიციას მათთვის. კახა ომში არც სახელისთვის წასულა, არც ფულისთვის, ყველაფერი ჰქონდა, მარტო საქართველოსთვის იყო იქ წასული, აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების სახელით იბრძოდა. მტრის ჯავრი სჭირდა... თანამებრძოლებმა მისთვის შეუძლებელი შეძლეს, ცხელი ხაზიდან მეორე დღესვე გამოიყვანეს. ამერიკაში მყოფი ქართველებიც ვაპირებთ მის პატივსაცემად ღონისძიების გამართვას. ის გიორგი ანწუხელიძის ტოლი გმირი იყო და ჩვენ მას მსოფლიოს გავაცნობთ.
თამაზ ალვანელი, მეგობარი: - კახა სულ პატარა ბიჭი იყო, დედას ხელჩაკიდებული რომ ვნახე. 9 აპრილის მომდევნო დღეები იყო, დედა-შვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს მიაგებდნენ პატივს, მაშინ წუთიერად დავფიქრდი, ვინ იცის, რას ფიქრობს მისი პატარა გული-მეთქი. ეს ამბავი უნებურად გამახსენდა, როდესაც კიევის საკათედრო ტაძარში დასვენებული მისი ცხედარი და მის წინაშე მუხლმოყრილი სამხედროები დავინახე. წლების წინ, როდესაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა აზვირთდა, ერთ ხალხმრავალ აქციაზე, ათასობით აქციის მონაწილეთა შორის თუშები მოვიდნენ საბრძოლო შავი დროშებით და ტრანსპარანტით: "ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოსტეხა კიდისა", მერაბ კოსტავამ თავისი ომახიანი ხმით შესძახა და მოუწოდა ათასობით ადამიანს მუხლი მოეყარათ კავკასიის მცველთა და მეციხოვნე თუშთა წინაშე. ახლა კახა-თუშის წინაშე მოიყარა მუხლი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა. კიდევ ერთი დეტალი გამახსენდა: კახა, კაცო, ამხელა მანქანა რად გინდოდა, ცოტა პატარა გეყიდა-მეთქი, ღიმილით ვუთხარი, როდესაც ჩემთან სტუმრად მოვიდა. თუშეთისთვის მინდა, თამაზ, ახლავე ვიჭერ თადარიგსო. ყველაფერი თავისი თუშეთისთვის, საქართველოსთვის უნდოდა, სიცოცხლეც კი.
ნათია თილიძე, ბიძაშვილი: - ერთად გავიზარდეთ, ისიც კი ვიცი, როგორ სუნთქავდა. ზემო ალვანში გაიზარდა, ბავშვობიდან გამორჩეულად კეთილშობილი იყო, ვერც წარმომედგინა, რომ გაიზრდებოდა და ჯარში წავიდოდა. ქათმის არათუ დაკვლა, ამ პროცესის ყურებაც კი არ შეეძლო. ცხოველს რომ ფეხი ეტკინებოდა, იმას დარდობდა, ამიტომაც არ შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ კახა ომში წავიდოდა. უნივერსიტეტში ისტორიულზე ჩააბარა და სამ დღეში ერთხელ სამხედრო-სავალდებულო ჯარს იხდიდა. კანცელარიაში იყო ხოლმე დაცვაში და მოწესრიგებულობის, განათლებისა და წესიერების გამო პრეზიდენტის პირად დაცვაში აიყვანეს. ვიდრე ამერიკაში არ წავიდა საცხოვრებლად, ისიც არ ვიცოდით, რამხელა გავლენა ჰქონდა და რისი გაკეთება შეეძლო.
დიდი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ქონების დაგროვებაზე არასდროს ფიქრობდა, არაფრით გამორჩეული სახლი დარჩა თუშეთში, არც თბილისში ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული. არაფერს აკლებდა ცოლ-შვილს, მაგრამ გადამეტებულიც არაფერი უყვარდა. ერთადერთი, რაშიც ზომიერება არ იცოდა, ხალხის დახმარება იყო. მთელი სანათესაოსა და სამეგობროს იმედი იყო. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, წავიდა, ამბობდა, საქართველოში უსაფრთხოდ არ ვარო, რადგან მთავრობას რუსებისთვის სამხედროების სიები ჰქონდა გადაცემული. იქ ექვსთვიანი სამხედრო სასწავლებლის კურსები გაიარა. მერე კარგი სამსახურიც იშოვა, ცოლ-შვილიც წაიყვანა. ყველაფერი ჰქონდა, რაც ბედნიერებისთვის სჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინვე ჩაერთო ომში. ჩვენ ვიცოდით, რომ მისი საქმე უკრაინელებისთვის ამერიკული იარაღის მოხმარების სწავლება იყო და სხვა არაფერი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თავადაც იბრძოდა.
ბევრს უკვირდა, ამერიკაში უზრუნველი ცხოვრება რომ მიატოვა და ომში წავიდა. ამის გამო ძალიან ბრაზობდა, როგორ შეიძლება არ გესმოდეთ მე რატომ ვაკეთებ ამასო. ერთხელ ისიც კი თქვა, თქვენ ასე იმიტომ ლაპარაკობთ, მკვდარი ბავშვებით სავსე მანქანა რომ არ გინახავთო. სულ იმას ამბობდა, რუსეთი ბოროტების იმპერიაა და აუცილებლად უნდა დამარცხდეს, რომ ჩვენ მშვიდად ვიცხოვროთო.
ანდერძი ჰქონია დაწერილი, თუ ჩემი გვამის ბრძოლის ველიდან გამოტანას ვერ მოახერხებთ, ფერფლად წამიღეთ საქართველოში და თუშეთის მთებზე მოაბნიეთო. ისე მოხდა, რომ ანდერძს ვერ ვუსრულებთ, მისი ცხედარი პატივით ჩამოასვენეს საქართველოში და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
"არ გეგონოს, უაზრო იყო შენი სიკვდილი, არ გეგონოს, უაზრო იყო ეს სიკვდილი"... - ამ სიტყვებით გააცილა დედამ უკანასკნელ გზაზე თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი შვილი.
ხათუნა ბახტურიძე