რა ბედი ეწია „სამოთხის კარიბჭეს“ და რა ხდება „ქანდაკებების სასაფლაოზე“
რუსთავის პარკი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან მდებარეობს. მისი მოწყობა 1940-იან წლებში, ქალაქის აშენებასთან ერთად დაიწყო. მტკვარს შეუცვალეს კალაპოტი და შექმნეს ხელოვნური ტბა. ტბის გარშემო მოწესრიგდა ტერიტორია. ლანდშაფტი ბუნებრივია და ასწლოვანი ხეებით არის დაფარული.
რამდენიმე წლის წინ პარკს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ყველა პირობაა შექმნილი დასასვენებლად... 2016 წელს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი - პარკში მდებარეობს V-VIII საუკუნეების რუსთავის ციხესიმაგრე და ნაქალაქარიც. პარკის ბოლოში მოწყობილია ადგილი, სადაც 90-იან წლებში რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს ჩაეყარა საფუძველი და ქართველი და უცხოელი მოქანდაკეების შეკრების ადგილია. სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებები რუსთავს საჩუქრად რჩება და ქალაქის ხელმძღვანელობა განსაზღვრავს, სად განათავსოს ესა თუ ის ქმნილება.
ახალი წლის წინა დღეებში რუსთავის ცენტრში დადგეს სწორედ 2024 წლის სიმპოზიუმის ფარგლებში, ჩინელი მოქანდაკის, პეკინის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორის, ზაო ლეის მიერ შექმნილი ქანდაკება სახელწოდებით "პორტალი-სამოთხის კარიბჭე", რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქალაქის მერი მაშინვე გამოეხმაურა მოქალაქეებს და დილით დადგმული ქანდაკება საღამოს აიღეს - პირვანდელ ადგილს, რუსთავის პარკს დაუბრუნეს. თუმცა, სხვა ქანდაკებებისგან განსხვავებით, შეფუთული.(?!)
ადგილი, სადაც სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ძველი და ახალი ქმნილებებია თავმოყრილი, ქანდაკებების სასაფლაოს უფრო მოგაგონებთ. მით უმეტეს, რომ პარკში ხალხის სიუხვის მიუხედავად, ამ ადგილს თითქმის არავინ სტუმრობს... გაშლილ სივრცეში ძველი და ახალი ქანდაკებებია მიმოფანტული, რომელთაგან უმეტესობა აბსტრაქციულია და ხელოვანების საყვარელი ფრაზა - "მე ასე ვხედავ" - თავსატეხივით ჩნდება, რადგან არც ერთ მათგანს წარწერა არ აქვს, რომ მიხვდე, რისი თქმა უნდოდა და რა იგულისხმა მოქანდაკემ... რაც ამ სივრცეში ყოფნის დროს ვიცანი, მხოლოდ ცხენების დაშლილი ნაწილები და სავარაუდოდ, ჯარისკაცის ფეხებია, დანარჩენი უბრალოდ, ინტერესით დავათვალიერე და თქვენც გიზიარებთ ფოტოებს.
მარიამ როინიშვილი