„კლიმტის „კოცნას“ მდიდარი თურქი 25.000 დოლარად ყიდულობდა, მაგრამ შუამავალი 10.000 დოლარს მთხოვდა...“
წლებია ხათუნა ბაბუხაძე გურჯაანის სოფელ მუკუზანში გობელენებს ქსოვს და ხალხს აჯადოებს. მათში, რასაკვირველია, მხოლოდ მისი თანასოფლელები არ იგულისხმებიან, არამედ სხვებიც, ამერიკა-ევროპელების ჩათვლით, ვინც გობელენებზე "გიჟდება"...
- გობელენები ძვირია, მაგრამ მისი შემქმნელი მხატვრები მაინც ცოტა ხართ. რატომ?
- იმიტომ, რომ ძნელი სამუშაოა: ჯერ უნდა დახატო, ნახატი შაბლონზე გადაიტანო, მერე საქსოვ დაზგაზე, მერე კი უნდა ქსოვო და ქსოვო, ზოგჯერ თვეების განმავლობაში. გობელენისთვის კიდევ ბევრი რამ არის საჭირო: დაზგა და ძაფი. ძაფი უნდა შეღებო და როცა ქსოვ, გონება და თითები ერთად უნდა ამუშაო, მერე, ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც კი, სკამზე დალურსმულივით უნდა ქსოვდე.
რატომ ავირჩიე ეს საქმე? იმიტომ, რომ გობელენი ცოცხალია, ხელს რომ მოჰკიდებ, რაღაცას გეუბნება, სულს ეძახის. 18 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემიაში რომ დავიწყე სწავლა. პირველად დაზგასთან დაჯდომისას შემეშინდა: სულ სკამზე დამჯდარი ხომ წონაში მოვიმატებ-მეთქი, და ამიტომაც დღემდე ვვარჯიშობ. დანარჩენს, რაც გობელენს სჭირდება, საკუთარი ხელითY ვაკეთებ. საქსოვ დაზგებსაც თავად ვაწყობ. ძაფს ჩვენებური ოჯახიდან ვყიდულობ, რომელთაც ცხვრის მატყლის ქარხანა აქვთ. ჯერ მამისაგან ვყიდულობდი, მამა რომ გარდაიცვალა, შვილისაგან. პირველად რომ შევუკვეთე, ორჯერ იმაზე მეტი მომიტანა, ვიდრე მჭირდებოდა, და თანაც, მაჩუქა.
ერთხანს მხატვრებს ძალიან გაგვიჭირდა: საღებავებს სიონთან, პატარა მაღაზიაში ერთი კაცი ყიდდა და ის რომ გარდაიცვალა, მაღაზიაც დაიკეტა და საღებავებიც ვეღარ ვიშოვეთ. სწორედ ამან მომაგონა, რომ ამქვეყნად ბუნებრივი საღებავებიც არსებობს და მივადექი ენდროს, ბროწეულს, ბალახს... სასწაული გამომივიდა, ვუყურებდი და ფერებით ვტკბებოდი. ასე მოვქსოვე გუსტავ კლიმტის "კოცნა" და "სიცოცხლის ხე". "სიცოცხლის ხე" ზომით 3 მეტრკვადრატია. ახლა ჰოლანდიაში ერთი ოჯახის საკუთრებაშია.
- გობელენს, ალბათ, ყველა ვერ იყიდის, რადგან ძვირია.
- ეს საქმე მუდამ შუამავლების ხელშია. ხანდახან ვბრაზდები, თუ ჩვეულებრივზე მეტი მადა აღმოაჩნდებათ. მაგალითად, კლიმტის "კოცნის" კლიენტი რომ მომიძებნა, იმ შუამავალმა მითხრა, მდიდარი თურქი ყიდულობს 25.000 დოლარად, მაგრამ 10.000 დოლარს თუ არ მომცემ, არ გაგიყიდიო. ისე გავმწარდი, რომ არ გავყიდე, ეკიდოს ჩემს კედელზე, რას მიშლის-მეთქი.
ერთხელ ჩემი გობელენების სანახავად მოსულმა ჰარვარდის პროფესორებმა მკითხეს, ამ საქმეს კოლეჯებში ხომ ასწავლითო. რომ ვუთხარი, არსად არ ვმუშაობ-მეთქი, გაუკვირდათ, ამ საქმეს თუ არ შეასწავლით და არ მუშაობთ, აბა, ვინ მუშაობს თქვენს ქვეყანაშიო.
- ზოდიაქო-გობელენების ამბავი მაინტერესებს. ყოველ წელიწადს ქსოვთ?
- ექვსი წელიწადია, ჯერ შუა გზაში ვარ, ვიდრე 12 ზოდიაქოს მოვქსოვ. წლევანდელი გველი ყველაზე საინტერესო გამომივიდა.
- ალბათ ქსოვისას სურვილიც ჩაუთქვით...
- ამაზე უკეთესს რას ჩავუთქვამდი - მინდა ჩემი ქვეყანა დამშვიდდეს და სიკეთის გზას დაადგეს.