მელანია ტრამპის დაფარული სახე ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ამერიკას ძალიან გემოვნებიანი პირველი ლედი ჰყავს
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საზოგადოების ყურადღების საგანი იყო ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩაცმულობა. მუქი ლურჯისა და თეთრის კომბინაცია, სავარაუდოდ, თავად მელანიასა და მისი მრჩევლის, ერვე პიერის ერთობლივი არჩევანია. ელეგანტური და დახვეწილი სამოსი ბრენდ Adam Lippes-ის ნამუშევარია, ქუდი კი დიზაინერმა ერიკ ჯევიტსმა დაამზადა, ფეხსაცმელი - მანოლო ბლანიკმა. ადამ ლიპსი ამერიკელი დიზაინერია. მან კარიერა 1995 წელს კომპანია "რალფ ლორენში" დაიწყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოსკარ დე ლა რენტას მოდის სახლში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ბრენდის დამფუძნებლებთან.
2004 წელს ლიპსმა საკუთარი ბრენდი დააარსა. პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადით არჩევის პერიოდში მელანია ევროპელ დიზაინერებს სწყალობდა: დოლჩე&გაბანას, ალექსანდრ მაკქუინს, კრისტიან დიორს და ახლა არავინ ელოდა მას სრულიად სხვა დიზაინერის სამოსში, თუმცა 2017 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად პირველი ვადით არჩევისას, ინაუგურაციის დღეს, მას ამერიკელი რალფ ლორენის სამოსი ეცვა. 2025 წელსაც ამ დღისთვის მან ამერიკელი დიზაინერი აირჩია. 2017 წლის ინაუგურაციაზე მელანიას გამოჩენა ღია ცისფერ სამოსში ძალიან ჰგავდა ჟაკლინ კენედის სამოსს ჯონ კენედის ინაუგურაციის დღეს. დღესაც მოდის სამყაროში ჟაკლინ კენედი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და დახვეწილ ქალად მიიჩნევა...
მოდა, როგორც განაცხადი
წლევანდელი ინაუგურაციის მუზად მედია ხუმრობით ზოროსაც კი მიიჩნევს მელანიას დაფარული სახის გამო, მაგრამ მისი დიზაინერი ადამ ლიპსი ამბობს: "პრეზიდენტის ინაუგურაციის ტრადიცია გადმოსცემს ამერიკის დემოკრატიის სილამაზეს და დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ჩავაცვათ პირველ ლედის. მისი ქურთუკი ამერიკის გამორჩეული მკერავის შექმნილია და მე ვგრძნობ უდიდეს სიამაყეს, რომ შემიძლია მსოფლიოს ვაჩვენო ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარი". ერვე პიერი, მელანია ტრამპის მრჩეველი, ფრანგი წარმომავლობის დიზაინერი, უკვე მრავალი წელია მას აცმევს. 2017 წელსაც მელანია მისი შექმნილი კაბით წარდგა ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საღამოზე, წელს კი კვლავ პიერის ავტორობით შექმნილი შავი მაქმანებით გაწყობილი თეთრი კაბა ეცვა. ფრანგი წარმომავლობის ამერიკელი დიზაინერის კლიენტთა შორის არიან ჰილარი კლინტონი, ლაურა ბუში, მიშელ ობამა. "ჩემთვის დიდი პატივი იყო პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის კაბის შექმნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერების გრძნობას. ეს იყო დიდებული პროექტი, დიდებული თანამშრომლობა, როგორც ყოველთვის", - განაცხადა ერვე პიერმა. მელანია ტრამპის ჩაცმულობა, განსაკუთრებით კი მისი დაფარული სახე, ბევრმა მოდურმა გამოცემამ გააკრიტიკა, თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ამერიკას ძალიან გემოვნებიანი პირველი ლედი ჰყავს. ხშირად ისმის კითხვა: "რატომ დაიფარა სახე პირველმა ლედიმ?" პროფესორმა ნიკოლა გუთგორდმა, ავტორმა წიგნისა "Electing Madam Vice President: When Women Run, Women Win" განმარტა: "მელანია ნახევრად დაფარული სახით თითქოს დისტანციის დაცვას ცდილობს.
ის თითქოს მოუხელთებელია და თავის უპირატესობას აფიქსირებს, რაც ტრამპისთვის უჩვეულო არ არის. პირველი ვადის განმავლობაში (2017-21) პირველი ლედის სტილისტური ევოლუცია მოიცავდა უფრო სტრუქტურირებულ, სამხედრო თემატიკით შთაგონებულ კაბებს და ხაკისფერ ქვედაკაბებს, საზღვაო ფერებსა და ნაცრისფერს. მას შემდეგ, რაც მელანია საჯარო პერსონა გახდა, მას მაინც სწყუროდა კონფიდენციალურობა. სწორედ ამას გამოხატავდა მელანიას სამოსი, მისი სილუეტის იდეალური წყობა, სიმკაცრე, სიზუსტე, გრძელი ქვედაკაბა, თითქოს სამხედრო ელფერი".
პირველი ლედის ჩაცმულობის ფარული სიმბოლიკა
პირველი ლედისთვის ინაუგურაციის დღე შთაბეჭდილების მოხდენის საუკეთესო მომენტია. ამ დროს მოდა, როგორც არასდროს, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მაყურებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. 2021 წელს ჯილ ბაიდენმა არჩევანი დახვეწილ სიმბოლიზმზე შეაჩერა. მის ჩაცმულობაში იკითხებოდა ერთიანობის სული. მას ეცვა სპილოსძვლისფერი კაბა და გაბრიელა ჰერსტის ქაშმირის ქურთუკი, რომელშიც ჩაქარგული იყო ყვავილები აშშ-ის ყველა შტატიდან. ინაუგურაციის დღეს სამოსმა, როგორც მესიჯმა, საზოგადოებისთვის მნიშვნელობა 1900-იანი წლებიდან შეიძინა, როდესაც ჰელენ ტაფტმა, ამერიკის პირველმა ლედიმ (1909-1913) კაბა, რომელიც ინაუგურაციის დღეს ეცვა, სმითსონის ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადასცა. მას შემდეგ დამკვიდრდა ტრადიცია, რომ პირველი ლედის სამოსი დაცული იყოს მუზეუმში. გამოცემა "სი-ენ-ენმა" მოამზადა სტატია, სადაც ამერიკის ისტორია პირველი ლედის ჩაცმულობით არის გაცოცხლებული.
მეიმი ეიზენჰაუერმა (ამერიკის პირველი ლედი 1953-61) კარგად იცოდა, თუ რამხელა ძალა აქვს მედიას. 1953 წელს, მიუხედავად პრესის დაჟინებული თხოვნისა, გაესაჯაროებინა საინაუგურაციო სამოსის დეტალები, მეიმიმ საიდუმლოდ შეინახა. დიზაინერ ნეტი როზენშტაინის შექმნილ კაბაზე 2000-ზე მეტი კრისტალი იყო დაქარგული, კაბას თან მოჰყვებოდა საოპერო ხელთათმანი, ასევე თვლებით მორთული ჩანთა და მარგალიტის ყელსაბამი. მოგვიანებით მედიამ მის კაბის ფერს ჩრდილისფერი უწოდა, - ზუსტად ამ შეფასებით გახდა მეიმის კაბა ცნობილი, პრესრელიზში კი პირველი ლედის კაბის აღწერილობაში ეწერა: "პირველი ლედის კაბა ნაზი, მაგრამ გარკვეულწილად რენუარის ვარდისფერია".
1981 წელს რეიგანის პირველი ვადით არჩევის დროს ნენსიმ არჩევანი შეაჩერა ცალ მხარმოშიშვლებულ ნაზ კაბაზე, რომელიც მძივებითა და მაქმანებით იყო გაფორმებული. ნენსის ამ ჩაცმულობაზე გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" წერდა: "პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მოდას მნიშვნელობა აქვს". ფრანგული სტილის ვარცხნილობა, გრძელი ხელთათმანები და დახვეწილი კაბა ძალიან ამშვენებდა ნენსის ინაუგურაციის დღეს, თუმცა მედიის კრიტიკას მაინც ვერ გაექცა, მას ექსტრავაგანტურ გემოვნებაში დასდეს ბრალი.
მაშინდელი მედია წერდა, რომ ინაუგურაციის დღეს, დღის დასაწყისში, ნენსი რეიგანმა წარმოადგინა ის ელფერი, რომელთანაც ყველაზე მეტად იქნებოდა დაკავშირებული ქმრის პრეზიდენტობის დროს - ეს იყო რეიგანისეული წითელი, რადგან ინაუგურაციის დღეს ნენსის სწორედ წითელი ქურთუკი ეცვა. პირველმა ლედიმ არჩევანი კვლავ წითელ ფერზე შეაჩერა რეიგანის მეორედ ინაუგურაციის დღესაც.
ნინო წიფურია