C ჯგუფი – D ჯგუფი 2-0(ევრო 2012, დღე XVII ) - კვირის პალიტრა

C ჯგუფი – D ჯგუფი 2-0(ევრო 2012, დღე XVII )

და აი ისიც – მისი აღმატებულესობა სტატისტიკა. აბა როგორ შეიძლებოდა, რომ ევროპის ჩემპიონატი 0-0-ისა და პენალტების სერიის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დამდგარიყო. წინ კიდევ სამი მატჩია და რა თქმა უნდა,Eანალოგიური სცენარი რომელიმე მათგანში შეიძლებოდა, რომ განვითარებულიყო, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ "მიკროფინალის" შთაბეჭდილება ბოლო მეოთხედფინალურმა შეხვედრამ ნამდვილად დაგვიტოვა.

მატჩი კი კიევის ოლიმპიურ არენამდე ცოტა ხნით ადრე კიევის ქუჩებში ინგლისელმა ქომაგებმა წამოიწყეს. ფან-ზონაში 400-მდე გულშემატკივარმა ლუდის სმით, შეძახილებითა და სიმღერებით მოიყარა თავი. ერთ-ერთი "ფანი" ხეზე აძვრა, ტოტებმა მის დაწოლას ვერ გაუძლო, საბოლოოდ ხე ჩამოიშალა, ვაჟბატონი კი ბედად თანამოაზრეებმა მიწაზე დანარცხებისაგან იხსნეს. ღრიანცელი კიევის ქუჩებში მოსიარულეთ მაინცდამაინც არ მოსწონებიათ და სტუმრები შეძახილებით – "პირუტყვებო, პირუტყვებო" შეუმკიათ.

უეფა უკრაინელ მოქალაქეთა ამგვარ საქციელზე რეაგირებას ნამდვილად არ მოახდენს, მაგრამ კიევი, რომ 6000-მდე გაწბილებული ინგლისელი გულშემატკივრის სამშობლოში გამგზავრების მოლოდინშია, ეს ფაქტია. საერთოდ, ფეხბურთით უკვე გადაიღალა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. უკრაინის ნაკრები ხომ რახანია გამოეთიშა ასპარეზობას...

საინტერესოა, როგორ შეხვედრას მოუწყობენ გულშემატკივრები თავიანთ სათაყვანებელ ნაკრებს სამშობლოში დაბრუნებისას. თავად ფეხბურთელები მათი თქმით თავაწეულნი ბრუნდებიან ნისლიან ალბიონზე: "ჩვენგან ბევრს არვინ ელოდა, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ კარგად ორგანიზებული გუნდი და ახალგაზრდა – იმედისმომცემი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ტურნირში მონაწილეობით, უდიდესი გამოცდილება მიიღეს. დასანანია, როდესაც თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხდები და მით უფრო, რომ ეს საკმაოდ ხშირად ემართება ინგლისის ნაკრებს. იტალიელებმა ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს, მაგრამ მათგან ნაღდი საგოლე ეპიზოდი მხოლოდ მარიო ბალოტელის უკავშირდება მატჩის პირველ ნახევარში" – განაცხადა ინგლისელთა ფორვარდმა უეინ რუნიმ.

ალბათ უეინი იმდენად გართული იყო მატჩის პერიპეტიებით, რომ მრავალი ხიფათი ვერ შენიშნა თანაგუნდელთა კართან, ან ხიფათის დროს უბრალოდ, საკმაოდ შორს იმყოფებოდა ხოლმე ეპიცენტრიდან...

ინგლისელთა მცველმა გლენ ჯონსონმა კი ინტერვიუში ყურადღება მხოლოდ გუნდის დაცვითი ხაზის სიძლიერეზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ იტალიელებს ფანტასტიკური მოთამაშეები ჰყავთ და რომ ამ შემადგენლობით "სკუადრა აძურა" სხვადასხვა ტურნირებზე ფავორიტების რანგში, კიდევ დიდხანს იქნება.

იტალიის ნაკრების მიმართ კომპლიმენტები, არც დამარცხებულთა ლივერპულელმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა დაიშურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინგლისის ნაკრები თავაწეული ტოვებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს...

იტალიის ნაკრების ბანაკი კი გამარჯვების ეიფორიას მოუცავს და ფეხბურთელებიც დიდი სიხარულით საუბრობენ განვლილი მატჩის შესახებ: "ჩვენ შესანიშნავი _ ლამაზი და შემტევი ფეხბურთი ვუჩვენეთ. ამ კომპონენტში მხოლოდ ესპანელები თუ გვჯობნიან, მაგრამ კოლექტივი იმდენად შეკრულია, რომ იტალიის ნაკრებს ნამდვილად შესწევს ჩემპიონობისათვის ბრძოლის გაგრძელების უნარი" – განაცხადა მოგებული მატჩის შემდგომ დანიელე დე როსიმ. საინტერესოა, რომ იგი ესპანელებთან ერთად, "სკუადრა აძურას" მომავალი და მძვინვარე მეტოქის – გერმანიის ნაკრების შემტევ ხაზსაც არ მოიხსენიებს...

გერმანელებს, ესპანელებთან ერთად რიკარდო მონტოლივო მოიხსენიებს: "ჩემთვის გუშინდელ მატჩში მოპოვებული გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულოა გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ. ჩვენ ბედი გვწყალობს, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია ჩვენი კარის დარაჯი. ინგლისელებთან მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, უამრავი სახიფათო მომენტი შევქმენით და ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვარდნა. წინ კი გერმანიის ნაკრებია, რომელიც ესპანელებთან ერთად, ტურნირის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია" – განაცხადა მატჩის შემდგომ "სკუადრა აძურას" ფეხბურთელმა.

მიმდინარე ტურნირზე იტალიელებმა მართლაც რომ თავიანთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და რომ მეტოქის გაძლიერებასთან ერთად, იტალიელებიც ტრადიციულად ძლიერდებიან ხოლმე, გუშინდელმა შეხვედრამ ეს დაამტკიცა. "სკუადრა აძურამ" მეტოქე აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით დაჯაბნა დაწყებული ბურთის ფლობით, დამთავრებული კარში დარტყმების რაოდენობით, კუთხურებითა, თუ თამაშგარე მდგომარეობებით. წინ გერმანიის ნაკრებია და მის წინააღმდეგ კიდევ მეტად მოძლიერებულ "სკუადრა აძურას" ველით. ევროპის სამგზის ჩემპიონებთან კი თერთმეტმეტრინების "თამაში" რომ არ შეიძლება, ეს ყველაზე უკეთ თავად "სკუადრა აძურამ" იცის...

აი საფრანგეთის ნაკრები კი ბოლოდროინდელ ამპლუას იბრუნებს და ინგლისისა და უკრაინის ეროვნულ გუნდებთან ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული შესანიშნავი მატჩებისგანაც, თითქოს აღარაფერია დარჩენილი.

სამშობლოში დაბრუნებული საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები პარიზის აეროპორტ "ლე ბურჟეში" დაშვებისთანავე სასწრაფოდ ტაქსებში განთავსდნენ, ისე რომ იქ მყოფ გულშემატკივრებს არც კი დაეკონტაქტნენ. ქომაგთა მიმართ გულისხმიერება მხოლოდ ალუ დიარამ გამოიჩინა, რომელმაც ავტოგრაფები უხვად დაურიგა დამხვდურთ...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)