„მტირალი“ ხატები და მათ მიერ აღსრულებული სასწაულები - კვირის პალიტრა

„მტირალი“ ხატები და მათ მიერ აღსრულებული სასწაულები

მირონმდენი ხატების ფენომენი მორწმუნეებისთვის ღვთის სასწაულია. წმინდა გადმოცემა მოგვითხრობს, მაგალითად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან მირონის ყოველწლიური ნაკადის შესახებ. წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში ათას წელზე მეტია, რაც მირონს აფრქვევს...

მართლმადიდებლურ სამყაროში მირონის ნაკადი ხშირად აღიქმება, როგორც გაფრთხილება მოახლოებული განსაცდელების ან მონანიებისკენ მოწოდებად. მიჩნეულია, რომ მირონმდინარე ხატებს სამკურნალო თვისებები აქვთ, რასაც მრავალი ჩვენება ადასტურებს.

ეკლესიას აქვს მკაცრი პროცედურა მირონის შესამოწმებლად. კომისიები გულდასმით იკვლევენ ხატს, რათა გამორიცხონ გაყალბების შესაძლებლობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხატი აგრძელებს "ტირი­ლს" დახურულ ხატის ყუთში, ითვლება, რომ ის ჭეშმარიტად მირონმდინარეა.

გადმოცემის თანახმად, საქართველოში­ წმინდა მირონის გადმოსვლა პირველად მოხდა მცხეთაში, სწორედ იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული, შემდგომ კი იმ ადგილას სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ...

საეკლესიო გადმოცემით, დედამიწაზე არსებობს კუთხეები, რომელზედაც განსაკუთრებით ზრუნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მსოფლიოში ასეთი კუთხე ბევრია.

ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია. ყოვლად უბიწომ სიხარულით მიიღო თავისი ხვედრი და განიზრახა, წასულიყო ივერთა ქვეყანაში, მაგრამ უფლის ანგელოზის გამოცხადების შემდეგ, რომელმაც აცნობა, რომ იერუსალიმს არ უნდა გაშორებოდა, მარიამმა უხმო ანდრია მოციქულს და გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი, ივერიის საკურთხებლად. ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილი ქვეყნად ოთხია: დიოევოს დედათა მონასტერი, სადაც განისვენებს ბოლო ჟამის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი სერაფიმ საროველი; ტიბოელოს მამათა ლავრა, სადაც განისვენებს ათეულობით წმინდა მამათა უხრწნელი და მირონმდინარე ნეშტები; ათონის წმინდა მთა, რომელზედაც განლაგებულია ათობით სამონასტრო კომპლექსი და ერთადერთი ქვეყანა - საქართველო.

ათონის მთის ივერთა მონასტერშია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთის მფარველია. ამ ხატს მრავალი სასწაული უკავშირდება.

1980 წელს ათონის წმინდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც იქცა XX საუკუნის ადამიანებისათვის ერთ-ერთ უდიდეს მოწმობად - ღვთის დედის გამოუთქმელი სასწაული.

საკვირველმოქმედი ხატის ისტორია დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან. იოსების მშობლები კათოლიკები იყვნენ. ბავშობაში იგი ზურგზემოკიდებული ჩანთით შევიდა მართლმადიდებლურ ტაძარში და იმ დღიდან მისი გული იქ დარჩა. მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. იგი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში.

1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა­ მოენახულებინა ხატმწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. მათ სკიტისკენ მიმავალი გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი სხვა, ქრისტეშობის სახელობის ღარიბ სკიტში­ მიიყვანა­, სადაც თორმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. "აქ მე ვიხილე ივერიის ღვთისმშობლის ხატი - იხსენებდა იოსები­ - ვერ გადმოგცემთ, რა განვიცადე იმ დღეს, უთუოდ მკერდში გული გადამიბრუნდა, დიდხანს ვევედრებოდი ბერებს მოეყიდათ ხატი, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ხატი მათი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი­ აღმოჩნდა და არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. ბოლოს შევწყვიტე მუდარა და დავმორჩილდი ბედს. ღამე სკიტში დავრჩი ლიტურგიაზე დასასწრებად. გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღვთისმშობელს, რათა წამოსულიყო ამერიკაში, რადგან უმისოდ ძალიან გვიჭირდა.

დილით, საუზმის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობეთ. იღუმენი არსად ჩანდა და აი, უკანასკნელ წუთს დავინახე, რომ მონასტრიდან იგი სწრაფად ეშვებოდა კიბეზე ქაღალდში გახვეული ხატით ხელში. "ღვთისმშობელს ნებავს, თქვენთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში", - მითხრა მან და ხატი გამომიწოდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი, რომ უჩვეულო რამ მოხდა, ძლიერი შინაგანი ხმის კარნახით პირდაპირ ივერთა მონასტერში მივედი. აქ უფლება მოგვცეს, ნაჩუქარი ხატის კურთხევისა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველსახესთან შეხებით. ხატი წმინდანთა­ ნაწილების გვერდით დავაბრძანე. მასთან ენთო უქრობი კანდელი. სამი კვირის განმავლობაში ძილის წინ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუკითხავდი დაუჯდომელს. 24 ნოემბერს ღამის სამ საათზე გამომაღვიძა ძლიერმა კეთილსურნელებამ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ სუნს გამოსცემდა წმინდა ნაწილები, მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ხატს, დავინახე, რომ ხდებოდა დიდი სასწაული - ხატი მთლიანად დაცვარული იყო სურნელოვანი მირონით"...

მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს, ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონდენა, გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა.

ბზობის კვირას ხატი თითქოს შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონდენას დიდ შაბათს. აღდგომის წინა დღეს...

ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოვიდა ხატის შუშის გარეთა ზედაპირიდან. მასზე იწყეს გაჩენა მკურნალი მირონის ცვილის მსგავსმა უმცირესმა წვეთებმა ისე, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება­ თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე კი მუდამ მშრალი რჩებოდა. იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღვთისმშობლის უცვლელი მცველი იყო. თხუთმეტი წლის მანძილზე იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა წმინდა ხატთან ერთად. თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ღვთისმშობელმა იოსები­ მოწამეობრივი გვირგვინის მიღების ღირსი გახადა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში­ იგი ტანჯვა-წამებით მოკლეს, ხოლო საკვირველმოქმედი ხატი კი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

1999 წელს გელათის მონასტერში ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმ. ნინოს და დავით აღმაშენებლის ხატებიდან (კანკელზე)­ დაიწყო მირონდენა და დღემდე გრძელდება. 2000 წლის ივნისში გელათის მონასტრიდან ბოდბესა და დავით დარეჯის მოსალოცად წასული მრევლი კვლავ გახდა ხატებიდან მირონდენის მოწმე. სტეფანწმინდის მონასტერი (კახეთში, სოფელ ტიბაანში), რომელიც VI საუკუნეში დააარსა ასურელმა მამამ სტეფანე ხირსელმა, ბოლო დროს მოძღვრის გარეშე დარჩა, ამიტომაც აქ წირვა-ლოცვა გარკვეული დროის განმავლობაში არ ტარდებოდა. გელათის მრევლი შეუდგა ტაძრის დასუფთავებას, ლოცვასა და გალობას. და აი, მოხდა სასწაული, როდესაც ერთ-ერთი მორჩილი კანკელის ხატების გასაწმენდად ამბიონზე ავიდა, შეამჩნია, რომ ხატებიდან დიდი რაოდენობით მირონი მოედინებოდა.

ხატმა კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა: განკურნა მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიურიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - უშვილობა. ამბობენ, ყოფილა შემთხვევა, კაცი წყალში იხრჩობოდა. იგი ამ ხატს შევედრებია გადარჩენას და რაღაც ზებუნებრივ ძალას ნაპირზე გამოუყვანია.

ცნობილი მირონმდინარე ხატები

ილიინსკაია-ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატი (1662). მან დაიწყო მირონის ნაკადის გამოყოფა და ომების დროს მონასტერი უვნებლად შეინახა.

სოკოლსკაიას ღვთისმშობლის ხატი (1854). ის რუმინეთში მირონს აფრქვევდა­ და გახდა რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი.

მონრეალის ივერონის ხატი (1981-1997). მსოფლიოში მოგზაურობისას "ტიროდა" 15 წლის განმავლობაში.

ყველა ეს ხატი მიიჩნევა სასწაულმოქმედად­ და მათთან მოსალოცად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი მორწმუნე ჩადის.

ეკლესიისთვის მირონის ნაკადი არის სასწაული, რომელიც ხელს უწყობს სულიერ ზრდას. ხატებიდან მირონის დენა არის მიწიერი და სულიერი საზღვრის შეხსენება, რომლის გააზრებასაც ადამიანი ცდილობს.

მარიამ როინიშვილი