თუ მამას შვილებთან ურთიერთობა ეზღუდება
შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
ახლობელს ვასესხე ფული და წლებია ვალს არ მიბრუნებს. ვუჩივლე პოლიციაში, დაიბარეს, აღიარა და თქვა, რომ დააბრუნებს, მაგრამ მას შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა. რა შეიძლება გავაკეთო, პოლიცია მომცემს თუ არა მის აღიარებას, რომ შევიტანო სასამართლოში საჩივარი?
- როგორც წესი, ფაქტის დაფიქსირებას პოლიცია ახდენს ოქმის შედგენით, გამოითხოვეთ ოქმი და მის საფუძველზე მიმართეთ სასამართლოს სარჩელით.
მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მანქანა, რომელსაც დავეჯახე, დაზღვეულია და მძღოლმა გამოიძახა შემთხვევის ადგილზე სადაზღვევო. ჯერ არავინ დამკავშირებია, მაგრამ როგორც ახლობელი მეუბნება, სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება არარეალური თანხის გადახდა მომთხოვოს. რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ავანაზღაურო ზარალი, მაგრამ არა გაბერილი ფასებით. რას მირჩევთ?
- სამწუხაროდ, ვერაფერს იზამთ, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არის მხარე, ვინაიდან მას დაუკავშირდნენ. უნდა დაელოდოთ, როდის დაგიკავშირდებიან სადაზღვევო კომპანიიდან, თუკი მათ მიერ დასახელებული თანხა არ იქნება მისაღები თქვენთვის და ვერ შეთანხმდებით, სადაზღვევო კომპანია მიმართავს სასამართლოს თანხის დაკისრების მიზნით, ხოლო თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაასაბუთოთ, თუ რატომ არის არაგონივრული თანხა. ასევე თუკი გაქვთ დაზიანებული მანქანის ფოტოსურათები, შეგიძლიათ მოითხოვოთ ექსპერტიზის ჩატარება, რეალურად რა ღირებულებას შეადგენდა ა/მანქანის დაზიანება.
შემიძლია თუ არა დავიბრუნო მამის გვარი, ვარ სრულწლოვანი და ვარ დედის გვარზე. როგორც ვიცი, დედამ მამასთან გაშორების შემდეგ გადამიყვანა თავის გვარზე?
- დიახ, შეგიძლიათ, ვინაიდან სრულწლოვან პირს უფლება აქვს საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს გვარი მხოლოდ ერთხელ. გვარის შეცვლის მიზნით სამოქალაქო რეესტრში განცხადებას უნდა დაურთოთ ცნობა/დოკუმენტი ჯანმრთელობის /ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი), თუ დაქორწინებული ბრძანდებით, ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი), არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობა (მოწმობები) - თუ გყავთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში.
ავიყვანე ადვოკატი, გამომართვა საკმაოდ სოლიდური თანხა და დღემდე არ მოუგვარებია ეს საკითხი, დროს მიწელავს. ძლივს შევატანინე სასამართლოში საჩივარიც. შემიძლია თუ არა ადვოკატს ვუჩივლო თაღლითობისთვის და დავიბრუნებ თუ არა მისთვის გადახდილ თანხას. ან ადვოკატთა ასოციაციაში ჩივილს აქვს აზრი?
- მიმართეთ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და ისინი იმსჯელებენ ადვოკატმა თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით დაარღვია თუ არა პროფესიული ქცევის წესები.
გვაქვს დიდი კერძო სახლი, რომელიც უნდა ყოფილიყო ორი ძმის. დედამ თავის სიცოცხლეში სახლის ნახევარი გადაუფორმა ერთ შვილს, სადაც ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მეორე ნახევარი უნდა გადაეფორმებინა ჩემი შვილისთვის, ანუ შვილიშვილის სახელზე, რადგან მეორე შვილი გარდაცვლილია. დედამთილმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო მეორე ნახევრის გადაფორმება შვილიშვილის სახელზე, არადა, უნდოდა ჩუქება გაეკეთებინა, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობა ეკუთვნის თუ არა იმ შვილს, რომელსაც ერთხელ უკვე მისცა თავისი წილი?
- პასუხის სრულყოფილად გასაცემად მნიშვნელოვანია საქმის კონკრეტული დეტალების ცოდნა. მაგალითად, დედამ თავის სიცოცხლეში ჩუქების საფუძველზე გადასცა სახლის ნახევარი ერთ შვილს, თუ ნასყიდობის საფუძველზე, აღნიშნული გარიგების დადებიდან რამდენი ხანია გასული, როდის გარდაიცვალა მამკვიდრებელი. თუ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აქვს შვილს მიღებული ქონება გარდაცვალებამდე 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული წილი შესაძლოა მას ჩაეთვალოს სავალდებულო წილად. სხვა შემთხვევაში შვილი პირველი რიგის მემკვიდრეა და მასაც ეკუთვნის წილი. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრემ ან მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს.
შუქნიშანთან ვიდექი მანქანით, უკნიდან დამეჯახა სხვა მანქანა, საჭესთან იჯდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. როგორც გავარკვიე, მანქანაც არ იყო მის სახელზე. პოლიცია გამოვიძახე და მითხრეს, რომ მანქანას გადაიყვანდნენ საჯარიმოზე, შემდეგ ჩემი თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდა ის მანქანის გამოყვანას. ერთი წელი გავიდა ამ ამბიდან, არც გამომძიებელი დამკავშირებია, ვერც მივაგენი იმას, ვისაც აქვს ეს საქმე. ვიყავი მისული კახეთის გზატკეცილზე მდებარე საპატრულოს შენობაში, მითხრეს, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ ტყუილად ველოდები. ვის უნდა მოვთხოვო ზარალის ანაზღაურება?
- უნდა მიმართოთ იმ რაიონის პოლიციას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და შეადგინა ოქმი. მოითხოვეთ ოქმი, გაეცანით ავარიის ბრალეულობას და შემდგომ მის მიხედვით შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი.
ბინის დაგირავება მინდა და მეპატრონე მეუბნება, რომ მისი ბინა უკვე არის იპოთეკით დატვირთული, თუმცა ამ ბინის დაგირავება არ არის პრობლემა, რადგან ქონება საკმაოდ ძვირად ღირებულია. ასეთ შემთხვევაში გირავნობა ამ ბინის რამდენად სარისკოა და რა ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომ დაცული ვიყო და ჩემი ფული არ დავკარგო? საუბარია 20.000 დოლარზე.
- აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ იქნებით მეორეული იპოთეკარი, და ჯერ მოხდება პირველი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შემდგომ უკვე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რა თანხითაა დატვირთული იპოთეკით ბინა.
ვაპირებ კურიერად მუშაობას და მთხოვენ, რომ გავაკეთო ინდმეწარმის დოკუმენტი. როგორ უნდა ავიღო ეს დოკუმენტი და რაიმე საფრთხეს ხომ არ შეიცავს? მერე რაიმე ვალდებულება ხომ არ მექნება? რომელ სამსახურს უნდა მივმართო დოკუმენტთან დაკავშირებით?
- რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოთ სამეწარმეო რეესტრს (იუსტიციის სახლს). ინდმეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სადაზღვევო მთხოვს ზარალის ანაზღაურებას, რომელიც არარეალურია, სად შეიძლება გავასაჩივრო და რომ არ გადავიხადო, რა მოხდება?
- მიმართეთ სასამართლოს სარჩელით. თუ სადაზღვევო მიმართავს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვს თანხის დაკისრებას, ხოლო სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას არ გადაიხდით ნებაყოფლობით, მოხდება იძულებითი აღსრულება და თქვენს სახელზე არსებული ქონება/ანგარიშები დაგიყადაღდებათ. თუ გერიცხებათ ხელფასი, იქიდან ჩამოგეჭრებათ ყოველთვიურად.
შემიძლია თუ არა წლების წინ ნოტარიუსთან გაფორმებული დოკუმენტის ამოღება? მაშინ არ იყო ერთიანი ბაზა. ეს დოკუმენტი ძალიან მნიშნელოვანია. მივედი მისამართზე და როგორ გავარკვიე, ის ადამიანი აღარ მუშაობს თურმე ნოტარიუსად.
- თქვენს შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსთა პალატას, უნდა მიუთითოთ ნოტარიუსის სახელი, გვარი, შედგენილი დოკუმენტის შინაარსი და მისი შედგენის სავარაუდო თარიღი.
ცოლთან ოფიციალურად გაცილებული არა ვარ და მინდა ბავშვები ვნახო, მაგრამ მეუღლე წინააღმდეგია, როგორ მოვიქცე?
- როდესაც ერთ-ერთ მშობელს ეზღუდება შვილთან ურთიერთობა და არ ეძლევა შესაძლებლობა ბავშვის ნახვის, აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად უნდა მიმართოთ სასამართლოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოთ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. თავად მიუთითებთ ასეთ დროს ნახვის დღეებისა და საათების რაოდენობას, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე წაყვანის პერიოდს. ასევე, თუ გსურთ, რომ ღამე დარჩენით წაიყვანოთ, ესეც უნდა აღნიშნოთ, ხოლო სასამართლო იმსჯელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები