ტაქსი მომავლიდან
კარლ ბენცმა 1886 წელს შექმნა თავისი პირველი ავტომობილი, რომელმაც მთელ მსოფლიოში სახელი და მატერიალური კეთილდღეობა მოუტანა. დღეს სწორედ კარლ ბენცი მიიჩნევა პირველი ავტომობილის გამომგონებლად. ის სამგზავრო ეტლს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით შექმნილ მანქანებს, მაგრამ მას ყველა აღტაცებით შეხვდა. 21-ე საუკუნეში ავტომობილების წარმოება დღითი დღე ვითარდება - უკვე შექმნილია თვითმავალი რობოტაქსი, რომელიც მძღოლის გარეშეც მოძრაობს. ლოსანჯელესელები უკვე სარგებლობენ ამგვარი მანქანით, რომელსაც სპეციალური აპლიკაციით იძახებენ. ამბობენ, რომ ასეთი ტრანსპორტი 2025 წელს ჰიუსტონშიც იმუშავებს. რამდენად საიმედოა ავტომობილი, რომელსაც არც საჭე აქვს, არც სატერფულები და არც მძღოლი მართავს? - ამის თაობაზე `საავტომობილო სპორტის ფედერაციის~ ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გვესაუბრება:
- ლოს-ანჯელესში რობოტაქსები ახლაც დადიან. ამ ავტომობილებს სპეციალური აპლიკაცია ჭაყმო Oნე-ით იძახებენ. ამ ქალაქში მეგობრები მყავს, რომლებსაც რობოტაქსებით რამდენჯერმე უმგზავრიათ. ცხადია, როდესაც აშშ-ში ჩავალ, მეც აუცილებლად ვიმგზავრებ ამ უახლესი მანქანით. როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რობოტაქსის საჭესთან მძღოლი არ ზის, მაგრამ მაინც უსაფრთხოდ გრძნობ თავს.
- ბატონო მევლუდ, რა ნაკლი აქვს ამ ავტომობილს?
- რობოტაქსი შეიძლება გაიჭედოს და საცობიც შექმნას, მაგრამ არავის შეეჯახება, რადგან ჩვეულებრივ ავტომობილზე ნელა მოძრაობს. სხვათა შორის, ასეთი ტაქსი სან-ფრანცისკოში უფრო ადრე გამოჩნდა, რადგან იქ გზები გაცილებით კარგადაა დახაზული და მოძრაობაც ადვილია, ვიდრე ლოს-ანჯელესში. ჯერჯერობით, ეს თვითმართვადი ავტომობილი სრულყოფის სტადიაზეა, ამიტომ მის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე მსჯელობა ნაადრევია. რობოტაქსის სრულყოფაზე ბევრს მუშაობს ილონ მასკი, რომელსაც ამ სფეროში თავისი იმპერია აქვს. ცხადია, შეცდომები `ტესლას~ ავტომობილებსაც მოსვლიათ, ბოლომდე სრულყოფილი ვერც ერთი ავტომანქანა ვერ იქნება.
ალბათ, ყველას გასჩენია შეკითხვა - რისთვის სჭირდება ილონ მასკს ბევრი სატელიტი ცაში? - თუნდაც იმისთვის, რომ რობოტაქსებმა ქუჩებში სწორად იმოძრაონ. რობოტაქსს რამდენიმე სატელიტის სიგნალი სჭირდება, რათა გარემო ზუსტად აღიქვას. მისი ამუშავება ადვილია, რამდენიმე კომბინაციაა საჭირო, რომ ჩაირთოს და წავიდეს, მერე კი მანქანას მართავს კომპიუტერი, რომელიც რამდენიმე სატელიტიდან მიღებულ სიგნალს იყენებს. სწორედ ასე `ხვდება~ რობოტაქსი, მარცხნივ მოუხვიოს, მარჯვნივ თუ წინ წავიდეს. რობოტაქსის მოძრაობის პრინციპი ძალიან ჰგავს პულტიანი ავტომობილის მოძრაობას, რომლის მართვა ბავშვსაც შეუძლია. პულტის მაგივრობას კამერები და სენსორები სწევენ. დღევანდელ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ეს რთული არ არის, მაგრამ როგორც გითხარით, ჯერ კიდევ დასახვეწია.
- ცნობილია, რომ თვითმავალი ავტომობილების წარმოება ჩინეთშიც მიმდინარეობს.
- დიახ, ჩინეთში ამგვარი მანქანების გამოცდა და ტესტირება 2017 წელს დასრულდა და პირველი თვითმავალი მანქანები უკვე ქუჩებში დადიან. ამისათვის ჩინეთშიც 2-3 ქალაქი შეარჩიეს, ისევე როგორც ამერიკაში. თავდაპირველად რობოტაქსებს ღამის საათებში ცდიდნენ, რათა საგზაო მოძრაობას ხელი არ შეშლოდა. იყო შემთხვევები, როცა რობოტაქსი მგზავრთან ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში წრეზე დადიოდა, რადგან პროგრამული პრობლემა ჰქონდა, შეჯახებაც ყოფილა, ერთი რობოტაქსი ძაღლს დაეჯახა, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რამდენი ავარია და საგზაო შემთხვევა ხდება ჩვეულებრივი ავტომობილების გამო, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რობოტაქსების შემთხვევაში ავარიების სტატისტიკა გაცილებით დაბალი იქნება.
- ესე იგი, რობოტაქსი ავტომობილს წარმატებით ჩაანაცვლებს?
- ეს მომავლის ამბავია, ამ ტაქსებს ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს და მათი შემქმნელები ძალიან ფრთხილობენ: რაღაც რომ მოხდეს, ამ იდეას მარცხი უწერია, ამიტომ მწარმოებლებიც და მეცნიერებიც არ ჩქარობენ, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ამოწმებენ, რომ დაზღვეული იყვნენ. სრულყოფილი ვერც ერთი მანქანა ვერ იქნება, თანაც საფრენი აპარატები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მომავალში რობოტაქსები მათ კონკურენციას ვერ გაუწევენ. ვფიქრობ, დრონების ეპოქა უფრო მალე მოვა, ვიდრე თვითმავალი ავტომობილებისა.
- ამ მანქანების მომრავლება უამრავი ადამიანის უმუშევრობას ხომ არ გამოიწვევს?
- უახლეს ავტომობილებს მძღოლი შეიძლება არ დასჭირდეს, მაგრამ მათ სერვისს ბევრი ხალხი დასჭირდება. ჯერჯერობით ადამიანის ჩარევის გარეშე ავტომობილი ვერც მზადდება და ვერც მოძრაობს.
- საინტერესოა, ჩვენთან როდის იმოძრავებს მსგავსი ტრანსპორტი?
- სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა სულ თავდაცვის რეჟიმშია, ტექნოლოგიების განვითარება ასეთ ქვეყნებში რთულია, თანაც უახლესი ტრანსპორტის განვითარებას გამართული, კარგი გზები სჭირდება. ევროპელები და იაპონელებიც კი ვერ რისკავენ, რომ მათ ქალაქებში რობოტაქსებმა იმოძრაონ. ჯერჯერობით კი ეს სიახლეა - სიახლე, რომელიც დახვეწას და განვითარებას საჭიროებს.
ხათუნა ჩიგოგიძე