ბრძოლა გელათის გადასარჩენად!!! - კვირის პალიტრა

ბრძოლა გელათის გადასარჩენად!!!

(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #2)

"სამწუხაროა, რომ ეს ვითარება ასე სწრაფად მას შემდეგ შეიქმნა, რაც ძეგლი (გელათი - ავტ.) 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების ნუსხიდან ამოიღეს".

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი 2021წ.

მეხუთე წელი დაიწყო, რაც სრულიად საქართველოს ყურადღება ერთი ძეგლისკენ არის მიპყრობილი. ერის თუ ბერის ფიქრი და სადარდებელიც სწორედ მას უკავშირდება. გელათის მონასტერი, რომელიც 900 წელი ქართველთა დაცემის თუ ამაღლების არაერთგზის მომსწრე გამხდარა, დღეს კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. თითქოს ეს ხუთი წელი ყველა მის გადარჩენაზე ზრუნავს (რამდენად შედეგიანად, ეს ცალკე განხილვის თემაა), იცვლებიან "მოთამაშეები" და შესაბამისად, იცვლება ექსპერტთა გემოვნებაც და ძეგლის გადარჩენისთვის ერთხმად მოწონებული პროექტები ასევე ერთხმად უარყოფილი ხდება(?!), ამასობაში კი გადის დრო. თითქოს ამჟამად გელათი საიმედო ხელშია და სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ უკვე პერიოდულად ჩნდება მინიშნებები, რომ ექსპერტთა მიერ ორი წლის წინ ზარ-ზეიმით მიღებული გელათის გადარჩენის ბოლო გეგმაც არაეფექტურია(?!).

განგაში

2020 წლის თებერვალში გელათის მთავარი ტაძრის სახურავზე მოჭიქული კრამიტი დასკდა - მიზეზი დიდთოვლობა იყო. ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა. მთელი საქართველო ელდანაცემი უყურებდა მედიით გავრცელებულ ვიდეოფირს. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ასეთ მდგომარეობაში ნახვა ნამდვილად შემზარავი იყო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებდა კონტრაქტორ კომპანია "იკორთა 2007"-თან ერთად. პროცესს მონიტორინგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საერთაშორისო კომპანია "ეპტისა" (პროექტის დამფინანსებელ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული) უწევდა, ეს კი ერთგვარი გარანტია იყო, რომ ის, რაც „გამორჩებოდა“ სააგენტოს, არ გამოეპარებოდა „"ეპტისას". ასეთი მრავალზღუდიანი საზედამხედველო პროცესიდან გამომდინარე, ცხადია, დაიბადა კითხვა, როგორ მოხდა, რომ რამდენიმე თვის წინ დაგებული კრამიტი პირველივე დიდთოვლობისას დასკდა და ტაძარი დააზიანა?

არის ერთი საინტერესო დეტალიც - იმხანად მოზღვავებული ინფორმაციის გამო საზოგადოებამ ისე აღიქვა, თითქოს წყლის ჩასვლის მიზეზი ეკვდერებზე დაგებული უხარისხო კრამიტი იყო. მეტი სიცხადისთვის ვიტყვით, რომ წყალი ჩავიდა სულ სხვა ადგილას, ტაძრის დასავლეთ მკლავზე, იქ, სადაც კრამიტი კარგი იყო. ეს კი მოწმობდა, რომ უხარისხო კრამიტის გარდა, იყო კიდევ სხვა პრობლემა - გაცილებით მნიშვნელოვანი წყლის ინფილტრაცია, რაც გახდა კიდეც ყველა იმ უბედურების წყარო, რომელიც მოგვიანებით გელათის თავზე დატრიალდა.

მოჭიქული კრამიტი

როგორც ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში ვწერდით, მას შემდეგ, რაც გელათის მოჭიქული კრამიტით გადახურვის იდეა დაიბადა, პროექტის ავტორებმა უამრავი სხვადასხვა სახეობის კრამიტი შეისწავლეს, მათ შორის უცხოეთშიც. ბოლოს არჩევანი ქართველი ოსტატების ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ წითელ თიხის კრამიტზე შეჩერდა (მაია გადაბაძე - გერონტი ექიზაშვილი). 2015 წლის "იკომოსის"“ და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საკონსულტაციო მისიის ანგარიშში ვკითხულობთ: "ტრადიციული ფერის შემადგენლობის გამოცდილება, ფერებად წასმის მეთოდი და გამოწვის ძველი ტექნოლოგია მიღებულია ხანგრძლივი კვლევისა და ექსპერიმენტული მუშაობის შედეგად. ფერთა პალიტრა ითვალისწინებს არა მხოლოდ ერთი ფერის, არამედ ფერების მთელი სპექტრის გამოყენებას, რომელიც ბუნებრივი რკინის შემცველი პიგმენტებითა და სხვა დანამატებით მიიღწევა. ფერების მაღალი გამჭვირვალობა არის ის, რაც განასხვავებს ქართული მოჭიქვის ტექნიკას აზიურისგან".

წითელი თიხის კრამიტის დამზადებას დიდი დრო და ფინანსები სჭირდებოდა, ვინაიდან სათითაოდ, ხელით იქმნებოდა. სწორედ ამ კრამიტით გადაიხურა გელათის სამონასტრო კომპლექსში წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიები და სამრეკლო, ასევე გელათის მთავარი ტაძრის გუმბათი და ზედა კალთები.

2019 წელს მსოფლიო ბანკმა, რომელიც იმხანად სამუშაოების დამფინანსებელი იყო, აუცილებელ პირობად 9 თვეში მთავარი ტაძრის ეკვდერების გადახურვის დასრულება წამოაყენა (დამფინანსებლების ასეთი პირობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, ყოველთვის ქმნის საფრთხეს, რომ სამუშაოები სიჩქარის გამო ხარვეზიანად ჩატარდეს), ამ ვადაში კი საჭირო რაოდენობის ხელით დაწნეხილი კრამიტის ხარისხიანად დამზადება შეუძლებელია, ამიტომ დამამზადებლებმა შეკვეთაზე უარი თქვეს. ამიტომ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრმაც ალტერნატივა სწრაფად მოძებნა - თეთრი თიხის კრამიტი. სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ხელით დაწნეხის მეთოდით ინდივიდუალურად დამზადებულ კრამიტს მეტი სიმტკიცე აქვს, ვიდრე კონვეიერულად ჩამოსხმულს, რომელიც ფუყეა, თუმცა პირველისგან განსხვავებით ბევრად იაფი ჯდება. მნიშვნელოვანი განსხვავებაა მასალაშიც - თეთრი თიხა არის ფაიფური, რომელიც სამშენებლო მასალად ნამდვილად ვერ გამოდგება. შესაბამისად, ის ვერ გაუძლებდა გარე პირობებს (საჭირო რაოდენობის თიხა თურქეთიდან უნდა შემოეტანა კომპანიას, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან). მოგვიანებით, როდესაც გადახურვა უკვე ფაიფურის კრამიტით მიმდინარეობდა, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის განკუთვნილ ანგარიშებში გამოსაყენებელ მასალად რატომღაც კვლავ წითელი თიხის კრამიტს მიუთითებდა(?!.) იმის გამო, რომ კრამიტი მოჭიქული იყო (ფირუზისფრად), ვიზუალურად დადგენა, სინამდვილეში რა სახის მასალასთან გვქონდა საქმე, რთული იყო. ამიტომ პერიოდულად სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგისთვის ჩასულ სააგენტოს თანამშრომლებს შესაძლოა ვერც შეემჩნიათ, რომ კრამიტი შეცვლილი იყო. კომიკურია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ 2020 წლის თებერვალში ტელეეთერით შეიტყო, რომ ძეგლზე გამოსაყენებელი მასალა შეცვლილი იყო და თანაც მასთან შეთანხმების გარეშე. შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაცია არც "იუნესკოს" ჰქონდა.

მაშ როგორ მოხვდა ფაიფურის კრამიტი ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერებზე? ერთადერთი, ვისგანაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს შეიძლებოდა თანხმობა მიეღო, კომპანია „"ეპტისაა", რომლის წარმომადგენელი ძალზე დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ მუდმივად ადგილზე იმყოფებოდა და ზედამხედველობას უწევდა სამუშაოებს. ჩვენი ინფორმაციით, თავიდან „"ეპტისა"“ ფაიფურის კრამიტის გამოყენების წინააღმდეგი იყო. მისი დაყოლიება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეძლო, რაც ფაიფურის კრამიტზე წულუკიძის ინსტიტუტის ლაბორატორიული შემოწმების დასკვნა წარუდგინა და დაარწმუნა, რომ კრამიტი მოჭიქვის შემდეგ წყალს არ გაატარებდა(?!). რა თქმა უნდა, დამატებით არგუმენტად ისიც გამოდგებოდა, რომ ხელით დაწნეხილ კრამიტს დასამზადებლად დიდი დრო სჭირდებოდა და დათქმულ ვადაში (9 თვე) სამუშაოები ვერ დასრულდებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, წულუკიძის ინსტიტუტის ლაბორატორიული შემოწმების დასკვნაში საუბარი იყო მხოლოდ თეთრი თიხის კრამიტის შემადგენლობაზე და არაფერი იყო ნათქვამი, აკმაყოფილებდა თუ არა ის სამშენებლო ნორმებს (განსხვავებით ხელით დაწნეხილი კრამიტის შესახებ დასკვნისა, სადაც ეწერა, რომ გამოსადეგი იყო გარე პირობებისთვის). საბოლოოდ დათქმული 9 თვის ნაცვლად გადახურვის სამუშაომ 20 თვეს გასტანა(?!).

2020 წლის დეკემბერში „"იკომოსი" ქართული მხარის გაგზავნილ „გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის საინფორმაციო ანგარიშის“ შეფასებით ნაწილში გაკვირვებას გამოთქვამდა, რომ "არ არსებობს ახსნა იმისა, თუ რატომ არ გაგრძელდა მოჭიქული წითელი თიხის კრამიტის პირველი პარტიის გამოყენება, რომელიც, როგორც დასტურდება, კარგად ფუნქციონირებდა და შეიძლებოდა კირის ხსნარით ეფექტურად დაგება. არ არის ნახსენები მიზეზები, რის გამოც ისინი შეიცვალა ახალი, თეთრი თიხის კრამიტით. არც ის სპეციფიკაციებია, რომელთა საფუძველზე შეირჩა თეთრი თიხის კრამიტების მეორე პარტია და დამტკიცდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ".

და კითხვა: ვინ ვის?

2020 წლის 11 მარტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა თავის სამსახურებთან ერთად გელათში ჩავიდა. მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლები დაუზარებლად მიუთითებდნენ იმ ადგილებს, სადაც სამუშაო, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზიანად ჩატარდა, და ამით თავდაყირა აყენებდნენ მათივე ხელმოწერილ ანგარიშებს, სადაც თეთრზე შავით იყო მითითებული, რომ მუშაობა სწორად მიმდინარეობდა. დათვალიერებით გაირკვა, რომ გადახურვაში ფიქსირდებოდა ორი პრობლემა: კრამიტის დიდი ნაწილი დაბზარული ან სულაც დამტვრეული იყო, ხოლო გადახურვის დიდი ნაწილი - არაჯეროვნად შესრულებული.

გაყალბებული ანგარიშები, რა თქმა უნდა, იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, თუმცა იმ დროს ყველა პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრაზე ფიქრობდა და ვინმეს დამნაშავედ გამოცხადება, როგორც ჩანს, აქტუალური არ იყო.

"გამოვლენილ იქნა „კედლის მხატვრობის და ისტორიული შეკეთებების დანაკარგი, სხვადასხვა სახის დაზიანებები, ბიოლოგიური აქტივობა, კედელს მოცილებული მხატვრობის და შეკეთების ფენები, მათი გაფხვიერება და ფერწერული ფენის აქერცვლა"“=. მძიმე მდგომარეობა იყო წმ. გიორგის ეკლესიაშიც, სადაც "ჟოლობების არარსებობის გამო წვიმის წყალი სახურავიდან პირდაპირ კედლებზე გადმოედინება და ცოკოლის ქვებს ეცემა. აკუმულირდება რა ეკლესიის პერიმეტრის გარშემო, იწვევს ფასადების, კარნიზებისა და ცოკოლის მიმდებარე ნაწილების დაზიანებას. ინტერიერის ქვედა ნაწილებში გვხვდება აქტიური ბიოდაზიანება და მარილის კრისტალიზაციის პროცესი. ტაძრის სამხრეთ კედელზე ფასადის ისტორიული ბზარიდან წყლის ინფილტრაციის გამო დაზიანდა ქტიტორის ფიგურა და დაიკარგა მცირე ზომის ფრაგმენტები".

იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ძეგლზე მომუშავე კომპანიებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლები (მსოფლიო ბანკს წარმოადგენდა) და ექსპერტებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით სამუშაოების შემსრულებელს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მოსთხოვეს 10 დღის ვადაში ტაძრის ნალექისგან დასაცავად თუნუქის დროებითი სახურავის პროექტის წარდგენა, რასაც, რა თქმა უნდა, შემსრულებელი დაეთანხმა. შემდეგ კი მოვლენები ტრადიციულად განვითარდა - ძეგლზე შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, რასაც კლიმატური პირობები უფრო ამძიმებდა, დროებითი გადახურვის პროექტი იგვიანებდა, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს დაჯარიმებით დაემუქრა და პროექტის წარდგენის ახალ ვადად 20 დღე განუსაზღვრა. ამჯერად პროექტი განსახილველად მართლაც წარედგინა სააგენტოს. თუმცა ახლა სააგენტოს სანებართვო სამსახური ბჭობდა დიდხანს პროექტის თითოეულ დეტალზე, დაკარგული დრო კი ძეგლის სასიკეთოდ ნამდვილად არ მუშაობდა. ამასობაში ქარმა სახურავი უფრო დააზიანა, საბოლოოდ თუნუქის დროებითი სახურავის ნაცვლად, ძეგლი ლურჯი ტენტის იმედად დარჩა.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანია არ ჩქარობდა დროებითი გადახურვის დაწყებას(?!). საბოლოოდ სააგენტო იძულებული გახდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისთვის სასამართლოში ეჩივლა და ტაძრის დროებითი გადახურვა თავად დაეწყო.

იუნესკო

გელათში მომხდარის შესახებ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს 2020 წლის 4 სექტემბერს ეცნობა (გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლია და მასზე ნებისმიერი ჩარევა მხოლოდ იუნესკოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს).

მიუხედავად ქართული მხარის დიდი სურვილისა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოების მისია ჩამოსულიყო, ვერ მოხერხდებოდა, რადგან კოვიდპანდემიის გამო მსოფლიოში საყოველთაო ლოქდაუნი იყო, იუნესკო, რომ იტყვიან, სახლიდან მუშაობდა, ამიტომ ურთიერთობა მხოლოდ ელექტრონული მიმოწერითა და ონლაინკონსულტაციებით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა გამოთქვა სურვილი დაეფინანსებინა იუნესკოს საკონსულტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ იუნესკოს ონლაინ შეხვედრის დანიშვნა სთხოვა. მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, შეხვედრა მხოლოდ 2021 წლის 12 იანვარს გაიმართა. მანამდე, 2020 წლის ბოლოს, ქართულმა მხარემ „"იკომოსს" გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის საინფორმაციო ანგარიში წარუდგინა, სადაც ცხადად ჩანდა, რომ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოს შედეგები ბევრად მასშტაბური იყო, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა.

ამ ანგარიშზე დაყრდნობით, „"იკომოსმა"“ შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცა. უნდა ითქვას, რომ ამავე დოკუმენტში იუნესკოს მრჩეველი ორგანო მიიჩნევდა, რომ „ქართული მხარის შემოთავაზებული "ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებების და ქმედებების მოკლევადიანი გეგმა" ადეკვატურად პასუხობს "გადაუდებელი ღონისძიებების მოთხოვნებს"“ და სახელმწიფოს მოუწოდებდა ამ გეგმის მიხედვით შეესრულებინა "იკომოსის" რეკომენდაციები.

2020 წელს პანდემიის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა. 2021 წელს კი სხდომაზე იუნესკომ აღიარა, რომ გელათის პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და ამით თავისი წილი პასუხისმგებლობაც გაიზიარა, მოსთხოვა ქართულ მხარეს რეკომენდაციების სწრაფად და ეფექტურად შესრულება, ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდს გაეძლიერებინათ მობილიზაცია საქართველოსთვის მეტი ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა სახელმწიფოს შესძლებოდა გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოკლე და შუალედური ღონისძიებების ჩატარება.

სახიფათო ტენდენციები

2021 წლის 15 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რეკომენდაციები პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ქუთაისში გასვლითი სხდომიდანაც მიიღო, რომელთა მიზანი გელათის კონსერვაცია-რესტავრაციისას გამოვლენილი ხილული ხარვეზების ეფექტურად აღმოფხვრისთვის ხელშეწყობა იყო. თითქოს უკვე არსებობდა გამოსასწორებელი სამუშაოს გეგმაც, დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციებიც და იუნესკოსთან ონლაინ, მაგრამ სტაბილური კავშირი. შესაბამისად, ღვთისმშობლის ტაძარსა და წმ. გიორგის ეკლესიაში ყველა პრობლემა ეტაპობრივად უმტკივნეულოდ უნდა აღმოფხვრილიყო. სამწუხაროდ, 2021 წლიდან თავი იჩინა სახიფათო ტენდენციამ, რომლის ნიშნებიც ექსპერტთა წრეებში ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში გაჩნდა.

შეხვედრებზე, რომლებიც გელათის საკითხზე იმხანად ხშირად იმართებოდა, "ძეგლი უპირველეს ყოვლისა“ საინტერესო აღარ იყო, ამიტომ უკვე ხშირად ისმოდა მოსაზრება, რომ 2008 წლის პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაო, უხარისხო იყო და მასზე ნებართვა არ უნდა გაცემულიყო (საუბარია პროექტზე, რომელმაც სამუშაოებზე ნებართვა 2008-2014 წლებში ყველა არსებული სამეცნიერო საბჭოს და იმავე ექსპერტებისგან დადებითი შეფასების შემდეგ მიიღო). დაპირისპირება ექსპერტთა წრეებში განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც კულტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ხისტი საკადრო პოლიტიკის გატარება დაიწყო და სპეციალისტები "სასურველ" და "არასასურველ" კატეგორიად დაჰყო. "არასასურველების" ნებისმიერი ინიციატივა თუ შეფასება, რაც არ უნდა დროული და მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ყოველთვის უგულებელყოფილი იყო. ამან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი სპეციალისტი ნებით თუ იძულებით გელათს ჩამოსცილდა.

კვლავ შეუსრულებელი მისიები

2021 წლის აპრილში კულტურის სამინისტრომ იუნესკოს დახმარება სთხოვა. ახალი ხელმძღვანელობა საქართველოში 4 პროფილის ექსპერტის ისტორიულ ნაგებობებში წყლის ინფილტრაციის ინჟინრის, შუა საუკუნეების საეკლესიო ძეგლების არქიტექტორ-კონსერვატორის, კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვატორისა და „კრამიტის დამგების“ ჩამოსვლას ითხოვდა. მიუკერძოებელი პოლიტიკიდან გამომდინარე, იუნესკო კონკრეტულ სპეციალისტებს არავის სთავაზობს, თუმცა, როგორც ჩანს, ორი კანდიდატურა მაინც იქნა შერჩეული და ორივე ინჟინერიის მიმართულებით (არადა, გელათის მხატვრობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კედლის მხატვრობისა და მოზაიკის ექსპერტის ჩამოსვლაც). ქართულმა მხარემ მოლაპარაკება დაიწყო ფლორენციის უნივერსიტეტში აკრედიტებულ კერძო კომპანია "რესტრუირესთან", რომლის ავტორიტეტულმა პრეზიდენტმა, პროფესორმა უგო ტონიეტიმ კოლეგა სარა სტეფანინისთან ერთად მოგვიანებით ჩაატარა პირველი სამუშაო მისია გელათის მთავარ ტაძარზე სტრუქტურული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად. შედეგად, მაღალკვალიფიციური დასკვნაც დაიწერა.

ამასობაში ქუთაისელმა აქტივისტებმა შეიტყვეს, რომ გელათში ფრესკების ფრაგმენტები კვლავ იშლებოდა. ამიტომ ახალი სკანდალის მოლოდინში კულტურის სამინისტრო სასწრაფოდ კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვატორს ეძებდა.; ჩვენი ინფორმაციით, წერილით იუნესკოსაც მიმართეს, თუმცა პასუხი გვიანდებოდა. მოულოდნელად საქართველოში ჯოვანი სეკო სუარდოს ასოციაციის ექსპერტები, მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი ჩამოდიან გელათის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობის შეფასების და გადასარჩენი სამუშაოების შეფასებისთვის (თავად ქართულ მხარეს მიუმართავს თხოვნით ასოციაციის პრეზიდენტ ლა ფრანკო სეკო სუარდოსთვის). საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეარჩიეს 1991 წელს იტალიის ბერგამოს პროვინციის ერთ პატარა დასახლებაში დაარსებული სარესტავრაციო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ქაღალდის რესტავრაციას შეადგენდა?

ვინაიდან საერთაშორისო დონეზე უცნობი ორგანიზაცია "რესტრუირეს"“ ვებგვერდზე პარტნიორად მოიხსენიება, არ არის გამორიცხული, ფორს მაჟორში მყოფ ქართულ მხარეს უგო ტონიეტისთვისაც მიემართა თხოვნით და სწორედ ამ გზით მოხვედრილიყვნენ ისინი საქართველოში. მართალია, კულტურის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ჯოვანი სეკო სუარდოს ასოციაციის წარმომადგენლები იუნესკოს ექსპერტები იყვნენ, თუმცა შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა რამ ცხადყო.

პირველი სამუშაო ვიზიტი ივნისში გაიმართა. გელათში მათ კულტურის სამინისტროს თხოვნით ქართველი სპეციალისტებიც ახლდნენ. პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამ მისიის დროს გაჩნდა, მოწვეული ექსპერტების კვალიფიკაციით უკმაყოფილიო ექსპერტები უკვე განგაშს ტეხდნენ. ქუთაისში გამართულ ზუმ-შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის მინისტრიც ესწრებოდა, გამოითქვა მოსაზრება, რომ მოწვეული ექსპერტების სატესტო მასალები ზედმეტად ინტენსიური იყო ანუ კომერციული ფორმულების (კომერციულ ფორმულის რეცეპტში ყოველთვის არის საიდუმლო ნაწილი, რაც არ იძლევა საშუალებას გაიგო, როგორ რეაგირებს ის, მაგალითად, მინერალებზე ან სხვა მასალებზე, როცა ისინი რეაქციაში შევლენ. ამიტომ მის გამოყენებას ყველა თავმოყვარე კონსერვატორი ერიდება), რომლის გამოყენებაც მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტ სტეფანო ვოლტას თუ დავუჯერებთ, "მხოლოდ სამზარეულოში შეგიძლია და არამც და არამც კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე". ამიტომ გელათზე, როდესაც ბათქაში ჯერ კიდევ სველი იყო, ინტენსიური მასალებით ჩარევა ძალიან სარისკო იყო. ასევე იყო უკმაყოფილება მათ დასკვნაზეც, რომელიც დილეტანტური გახლდათ.

მაშინ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ქართველი ექსპერტების შენიშვნები ყურად არ იღო და მოწვეული კოლეგების დაცვას მოჰყვა. თუმცაღა მინისტრი დაეთანხმა იდეას: "ჯოვანი სეკო სუარდოს ასოციაციის ექსპერტების დასკვნასაც და ასევე შესრულებული სამუშაოების ანგარიშებს უფრო ავტორიტეტული ინსტიტუტებიც გასცნობოდნენ". სწორედ ამ მიზნით მასალები გადაეგზავნა ლონდონის კურტოს ინსტიტუტს და მისი შეფასებები იმდენად მძიმე იყო, ქართულმა მხარემ გასაჯაროება ვერ გაბედა. ამასობაში გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და შეიქმნა საფრთხე, რომ მის შენარჩუნებას ვეღარ შევძლებდით.

ბრძოლა იწყება თავიდან

სწორედ ეს გახდა მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსის მეპატრონის, საქართველოს საპატრიარქოს გააქტიურების. პატრიარქმა პირადად სთხოვა იუნესკოს, უზრუნველეყო გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის შეფასებითი მისიის ჩამოსვლა საქართველოში. 2022 წლის ნოემბრის მიწურულს "იკრონის" მისიამ ცხადყო, რომ გელათის კრიზისის დასაძლევად საჭირო იყო ახალი, უფრო ქმედითი ღონისძიებები.

2023 წლის 6 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება და გელათის რეაბილიტაციის მართვა საპატრიარქომ გადაიბარა. დღეს იუნესკოს რეკომენდაციებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ასრულებს 2 სათათბირო ორგანოსთან ერთად (ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოები). გელათის გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართული არიან მსოფლიოს ავტორიტეტული სპეციალისტებიც. დამთავრდება თუ არა გელათის გადარჩენისთვის 800-წლიანი ბრძოლა ძეგლის გამარჯვებით, დრო გვიჩვენებს.