„კვირის პალიტრა“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს - კვირის პალიტრა

„კვირის პალიტრა“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

“კვირის პალიტრა“ სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს - მიუხედავად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ვინ როგორ კითხულობს კანონს.

პირველ რიგში, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ასევე, ვთხოვთ მზია ამაღლობელს, რომ გაითვალისწინოს მეგობრებისა და კოლეგების თხოვნა და შეწყვიტოს შიმშილობა.

ვფიქრობთ, რომ 12 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა წინასწარი პატიმრობა. შესაბამისად, აღკვეთის ეს ღონისძიება არაპროპორციულად და უსამართლოდ მიგვაჩნია.

სოლიდარობა მზია ამაღლობელს!