საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია გრძელდება
„პალიტრა L“ აგრძელებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ვეფხია კასრაძის მხარდამჭერ საქველმოქმედო კამპანიას, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციის ფარგლებში „გადაიხადე რამდენიც გინდა“, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“ და გადახდილი თანხით სოლიდარობა გამოუცხადონ დაკავებულის ოჯახს. კამპანია 24 იანვარს დაიწყო და წიგნის ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება.
„ჯაყოს ხიზნების“ სააქციო გამოცემა წარმოდგენილია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი 5 ლარამდე თანხის 10% გადაერიცხება პატიმრის ოჯახს, მეტის გადახდის შემთხვევაში კი - თანხა სრულად ბენეფიციარს მოხმარდება.
ცნობისთვის, ვეფხია კასრაძე, ცხინვალის თეატრის მსახიობი და რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია. ის 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.
R