ფიქრისა და დასვენების დღე (ევრო 2012, დღე XVIII) - კვირის პალიტრა

ფიქრისა და დასვენების დღე (ევრო 2012, დღე XVIII)

როდესაც დიდ ტურნირზე შესვენებაა და წინ ნახევარფინალური მატჩებია, ძალაუნებურად ფეხბურთის მოყვარული დაფიქრდები განვლილი მატჩებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, შეაფასებ თითოეული გუნდის გამოსვლას, მსაჯობისა თუ შემთხვევითობების ფაქტორს და გამოგაქვს ვერდიქტი – ვარგა თუ არა მიმდინარე ჩემპიონატი? ალბათ, იმის გათვალისწინებით, რომ წინ სავარაუდოდ კიდევ სამი შესანიშნავი სანახაობა გველის, უკრაინა – პოლონეთის საფეხბურთო ფორუმმა ნამდვილად გაამართლა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატს აქამდე ჩატარებულ ცამეტ ტურნირთან შედარებით, გულშემატკივართა სარეკორდო რაოდენობა დაესწრო. ამჟამინდელი ციფრი 1,300000 მაყურებელია, თუმცა წინ კიდევ სამი მატჩია და ეს ციფრი სავარაუდოდ 1,400000-მდე გაიზრდება. აქამდე დასწრების რეკორდი ავსტრია – შვეიცარიის 2008 წლის ჩემპიონატს ეკუთვნოდა და 1,140000 კაცს ითვლიდა. ევრო 2012 –ზე სტადიონების საშუალო შევსება თითოეულ მატჩზე 45507 მაყურებელია. აქამდე, ამ მაჩვენებლით, გერმანიაში 1988 წელს ჩატარებული ჩემპიონატი ლიდერობდა, მაგრამ მაშინდელ სტადიონებზე ნაკლები იყო კომფორტული ზონები და ისინი დიდი ტევადობით გამოირჩეოდნენ.

გულშემატკივართა სარეკორდო რაოდენობის მიუხედავად, სტადიონზე, თუ მის გარეთ მათი ქცევა, ნორმის ფარგლებშია და მცირეოდენი შეხლა-შემოხლის გარდა, რაც პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის აღინიშნა, რაიმე განსაკუთრებული ექსცესი არ გამოვლენილა. თანაც ტურნირი უკვე უმტკივნეულოდ დაემშვიდობა აღვირახსნილი ქცევით სახელგანთქმულ ინგლისის ნაკრების გულშემატკივარსაც...

ჩემპიონატზე დარჩენილ ოთხ გუნდთაგან ყველაზე "სახიფათო" გულშემატკივარი გერმანელებს ჰყავთ. უეფა-მ გერმანიის საფეხბურთო კავშირი 25000 ევროთი დააჯარიმა, რადგანაც დანიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს, ისინი სტადიონის ტრიბუნებზე მეტოქის და მისი გულშემატკივრის მისამართით შეურაცხმყოფელ სიმღერებს ასრულებდნენ.

სავსებით შესაძლებელია, რომ თავის გულში იმავე ხასიათის სიმღერებს ლუკაშ პოდოლსკიც მღეროდეს, ოღონდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის – იოაჰიმ ლიოვის მისამართით: "ძალიან მსურს თამაში, შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და ვიმედოვნებ, რომ ნახევარფინალში მაინც მათამაშებენ" – განაცხადა ბერძნებთან მოგებული მატჩის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე მყოფმა გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა.

რუსეთის ნაკრებში კი საფეხბურთო ცხოვრება ხელახლა რომ იწყება და ბურუსით მოცულ მრავალ კითხვას, პასუხი რომ მომავალში გაეცემა, ახლავე ნათელია. ჯერ იყო და ნაკრების მთავარ მწვრთნელ – ჰოლანდიელ სპეციალისტ დიკ ადვოკაატს პოსტი საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის შემდგომ, ლამის მსაჯის საფინალო სასტვენის ხმასთან ერთად დაატოვებინეს. ახლა კი მას უკვე ფედერაციის პრეზიდენტი სერგეი ფურსენკოც მიჰყვა. ამ ამბავს წარსულში ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი – ანზორ კავაზაშვილი გამოეხმაურა: "გაკვირვებული ვარ ფურსენკოს მიერ გაკეთებული განცხადებით გადადგომის თაობაზე. ნაკრები რომ დამარცხდა, მას ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. იგი აგვარებდა აბსოლუტურად ყველა საკითხს, რაც შეეხებოდა სასტუმროების, ბილეთების, ფეხბურთელების ოჯახურ თუ ფულად საკითხებს. მან უამრავი სასარგებლო რამ გაუკეთა ნაკრებს მუშაობის საკმაოდ მცირე პერიოდის განმავლობაში" – განაცხადა რუსეთის მოლაპარაკებული თამაშებისა და მსაჯების შეცდომების გამოვლენის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარემ.

უბრალოდ აქ გავიხსენებთ, რომ ტურნირიდან რუსების გამოვარდნის შემდეგ, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე მოსტოვოიმ საინტერესო რამ აღნიშნა: "ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებიდან რუსეთის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ფინანსური საკითხები აღელვებს". ფურსენკოს ხომ არ ბრალდება გუნდში შექმნილი ამგვარი ვიათერება? ისიცFფაქტია, რომ "ერთიანი რუსეთის" რამდენიმე დეპუტატმა ჯერ კიდევ ევრო 2012-ის დაწყებამდე გაუგზავნა პუტინს მოთხოვნა სერგეი ფურსენკოს პოსტიდან გადადგომის თაობაზე. მის ადგილს სავარაუდოდ ბორის გრიზლოვი ან ვიტალი მუტკო დაიკავებს.

ინგლისში კი სიტუაცია სხვაგვარადაა. არავინ არვის არსად არ აგდებს და გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელმაც ოთხივე მატჩში შეუცვლელად მიიღო მონაწილეობა და სამი საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა, აცხადებს რომ მომავალშიც დიდი სიამოვნებით ითამაშებს ნაკრებში. როგორც გუნდი, ასევე ნაკრები, საკმაოდ მშვიდად გამოეთხოვა ჩემპიონატს და ამაში წვლილი ვინ იცის და მის აღმატებულესობა სტატისტიკას მიუძღვის...

აბა როგორ ვიფიქროთ, რომ ის, რაც ემართება ინგლისის ნაკრებს, ეს მხოლოდ შემთხვევითობაა და არა კანონზომიერება? წლების განმავლობაში იცვლებიან მწვრთნელები, მაგრამ ინგლისის ნაკრები ყოველთვის მარცხდება თერთმეტმეტმეტრიანების სერიაში. იტალიელებთან წაგებული თამაში მათთვის ზედიზედ მეხუთე იყო, ხოლო აქამდე ჩატარებული შვიდი პენალტების სერიიდან, ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები გამარჯვებულნი მხოლოდ ერთხელ, სამშობლოში, 1996 წელს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდნენ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. ამიტომაც, ხომ არ აჯობებდა, რომ ფრანგებს მოეგოთ ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა შვედებისათვის. ამ შემთხვევაში მეოთხედფინალში ინგლისელთა მეტოქე კვლავ ესპანეთის ნაკრები იქნებოდა და ეგებ იქაც მისულიყო საქმე პენალტების სერიამდე...

ერთი კია, რომ ტრადიციულად გათამაშებას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა ინგლისის ნაკრები და მის ერთგულ ქომაგსაც ისღა დარჩენია, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დაელოდოს.

ჩვენ კი დარჩენილი სამი მატჩიდან თერთმეტმეტრიანების სერიას ვერცერთში ვერ გამოვრიცხავთ. ოთხეულიდან უძლიერესი ამ დარგში უდავოდ გერმანიის ნაკრებია, მაგრამ გააღწევს კი ევროპის სამგზის ჩემპიონი ფინალში სათამაშოდ? მის წინააღმდეგ ხომ მათგან აქამდე უძლეველი "სკუადრა აძურა" ითამაშებს...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)