ვის დაარტყამენ ტრამპის ბომბები?! - ემზადება თუ არა ისრაელი ირანზე დიდი დარტყმის მისაყენებლად - კვირის პალიტრა

ვის დაარტყამენ ტრამპის ბომბები?! - ემზადება თუ არა ისრაელი ირანზე დიდი დარტყმის მისაყენებლად

პრეზიდენტი ტრამპი რომ ელვის სისწრაფით აუქმებს მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ბრძანებებსა და გადაწყვეტილებებს, ეს იმ განვლილ ერთ კვირაშიც კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა.

თუმცა ტრამპის მიერ „გადახაზულ“ ბაიდენის ბრძანებებში, ერთი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, რადგან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არათუ ირიბად ,არამედ ღიად შეიძლება მიუთითებდეს უახლეს პერიოდში დაგეგმილ მსოფლიო დონის კონკრეტული ქმედებებისთვის, კერძოდ კი ისრაელის საბრძოლო ავიაციის მიერ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტებზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმებისთვის, მზადებას...

რატომ არ აძლევდა ბაიდენი ბომბებს ისრაელს?!

2024 წლის ივლისში აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი გადაწყვეტილებით დაბლოკა ისრაელისთვის 1 800-მდე MK-84 ტიპის საავიაციო ბომბის მიწოდება იმ მოტივით, რომ ისრაელის ავიაცია ამ 2 000 ფუნტიან(დაახლოებით 925 კგ-იან) ბომბებს აქტიურად გამოიყენებდა ღაზას სექტორის დასაბომბად და ისედაც დანგრეულ პალესტინურ დასახლებებს სულ მიწასთან გაასწორებდა.

1-bombi-1737976016.png
პლანირებისა და მართვის ორგანოების დაყენების შემდეგ MK-84 ტიპის უმართავი საავიაციო ბომბი ზუსტი დამიზნების „ჭკვიან“ GBU-31-ად გადაიქცევა...

ამაში იყო ლოგიკა, რადგან ისრაელის გენშტაბი ნადირობდა ღაზას სექტორში გაყვანილ მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებზე, რომლებშიც „ჰამასის“ მებრძოლები გადაადგილდებოდნენ და ამასთანავე მალავდნენ მძევლებს.

ამერიკული MK-84 ტიპის საავიაციო ბომბი მთლად ბუნკერსაწინააღმდეგოდ არ ითვლება, მაგრამ კონკრეტული მოდიფიცირების შემდეგ ის გამოიყენება მიწისქვეშ არაღრმად ჩამალული სამიზნეების გასანადგურებლად.

MK-84 ტიპის უმართავი საავიაციო ბომბის მასიური გამოყენება ამერიკელებმა ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროს დაიწყეს-3,14 მ სიგრძის 925 კგ საერთო მასის ბომბში მოთავსებული იყო 429 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტრიტონალი“.მიწაზე დაცემისას მისი ფუგასური მოქმედების შედეგად წარმოიქმნება 15 მ დიამეტრისა და 11 მეტრი სიღრმის ღრმული, ხოლო ნამსხვრევევბი 100-120 მ-ის რადიუსში გაიტყორცნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბომბი არ არის ბუნკერსაწინააღმდეგო, მას შეუძლია 3,4 მ სისქის რკინაბეტონის კონსტრუქციის გარღვევა. ბომბის აქტივაცია შეიძლება მიწაზე დაცემამდე,ჯერ კიდევ ჰაერში, რის შემდეგაც ნამსხვრევების გატყორცნის რადიუსი 300 მ-მდე იზრდება.

პრინციპში აქ რაიმე განსაკუთრებული არ არის, რადგან ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ერთტონიან საავიაციო ბომბებსაც თითქმის ასეთივე საბრძოლო მონაცემები გააჩნდათ.

2-bombi-1737977828.png
MK-84 ტიპის უმართავ საავიაციო ბომბებს ამერიკელები ჯერ კიდევ ვიეტნამის ომიდან იყენებენ...

მაგრამ, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ამერიკელმა ინჟინრებმა ვიეტნამის ომისდროინდელ MK-84 ტიპის საავიაციო ბომბებს ახალი „სიცოცხლე“ შესძინეს, როდესაც ისინი პლანირებისა და მართვის ორგანოებითა და ხელსაწყოებით აღჭურვეს და უმართავიდან მართვად ანუ ისეთ „ჭკვიან“ ბომბად გადააკეთეს, რომელიც რამდენიმე ათეული კმ-ის თავისუფლად პლანირების შემდეგ ორი-სამი მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს...

სწორედ MK-84 ტიპის უმართავი საავიაციო ბომბის ბაზაზეა შექმნილი GBU-31 და GBU-56 პლანირებადი საავიაციო ბომბები, რომელთა მიზანში მიმართვა ხდება ლაზერული დამიზნების ან GPS სისტემით.

რუსეთის მიერ უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეებისა და ქალაქების წინააღმდეგ მასიურად გამოყენებული პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК) აღჭურვილი საბჭოთადროინდელი უმართავი საავიაციო ბომბები ფაქტობრივად ამერიკელებისთვის მიბაძვაა მეოთხედი საუკუნის დაგვიანებით, მაგრამ ამისდა მიუხედვად, ძალიან დიდ ზიანს აყენებს როგორც უკრაინის დამცველებს,ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

რისთვის ემზადება ისრაელი?!

„ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ისრაელმა ფაქტობრივად დაამარცხა(ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) და ამერიკულ 2 000 ფუნტიანი ბომბების ჩამოყრა ღაზას სექტორში ან სამხრეთ ლიბანში საბედნიეროდ აღარ სჭირდება, მაგრამ მაშინ რატომ არის ასე ძალიან დაინტერესებული ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ 1800-მდე ასეთი ბომბი რაც შეიძლება მალე დაიტვირთოს გემზე ამერიკულ პორტში და ისრაელის ნაპირებს რაც შეიძლება მალე მიადგეს?

3-bombi-1737977786.png
ისრაელის საბრძოლო ავიაციას თავის დროზე დაბომბილი აქვს ერაყისა და სირიის მშენებარე ატომური ელექტროსადგურები და არც ირანის ბირთვული ობიექტების შეტევაზე დაიხევს უკან...

2 ათას ფუნტიანი ანუ თითქმის ერთტონიანი საავიაციო ბომბების წაღება და მათი საბრძოლო გამოყენება შეუძლიათ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სამივე ძირითადი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს- F-16I Sufa-ს, F-15I Ra'ams -სა და F-35I Adir -ს.

ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის თავზე თითქმის მთლიანად მოიშალა ისედაც სუსტი რადიოლოკაციური კონტროლის სისტემა(რასაც მალე ალბათ, დაემატება რუსული რადიოლოკატორების გამოტანა ჰმეიმიმისა და ტარტუსის ბაზებიდანაც), რაც ისრაელის საბრძოლო ავიაციას კიდევ უფრო გაუადვილებს ირანის ტერიტორიამდე მალულად მიღწევას-უშუალოდ სირიის ცაში ისრაელის ავიაცია შესძლებს საჰაერო ტანკერებიდან ორჯერ საწვავით გაწყობას - როგორც ირანისკენ ფრენისას, ისე უკან დაბრუნებისას, შესაბამისად, უფრო მეტ ბომბებს წაიღებს საწვავის მარაგის შემცირების ხარჯზე.

GBU-31 და GBU-56 პლანირებად საავიაციო ბომბებად გადაკეთებული MK-84-ების მასიური გამოყენებით კი ისრაელს შეეძლება ირანის ბირთვულ ობიექტებს(მათ შორის მიწისქვეშ განთავსებულებს) ისეთი კრიტიკული დაზიანებები მიაყენოს, რაც წლებით უკუაგდებს პირველი ირანული ბირთვული ბომბის შექმნის პერსპექტივას...