საქართველოს საკითხი 24 საათში გაირკვევა - რა გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ - კვირის პალიტრა

საქართველოს საკითხი 24 საათში გაირკვევა - რა გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას დებატების გარეშე მიიღებენ.

შესაბამისი ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა დააყენა და შესაბამისი მხარდაჭერა მიიღო.

“საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი - მხოლოდ „ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა, სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესდების თანახმად, ამ გადაწყვეტილების დებატების გარეშე მიღებას ასამბლეის 30 წევრზე მეტის ხმა სჭირდება.

ობერგის ინიციატივას 30-ზე მეტი წევრი დაეთანხმა. შესაბამისად საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადაეცა, რაზეც გადაწყვეტილება 24 საათში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა.

ქართულმა ოპოზიციამ “ქართული ოცნებისთვის” დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"