სიკვდილი, გადასახადები და აღსრულების ბიურო - კვირის პალიტრა

სიკვდილი, გადასახადები და აღსრულების ბიურო

პირველი სექტემბრიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროს სესხების, გირავნობა-იპოთეკისა და მსესხებლების რეგისტრაციის და კონტროლის უფლება ექნება.

შესაბამისი ცვლილება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. კანონს ხელი საქართველოს პრეზიდენტმაც მოაწერა.

კანონში შესული ცვლილების თანახმად, მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო სესხის, ან გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციას მოახდენს და მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვალდებულების შესრულებას გააკონტროლებს. ამავე დროს აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ან გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს შესაბამისი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს - მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართსა და გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს.

შოთა მურღულია, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "გამოდის, ბანკის პარალელურად კლიენტზე ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც ექნება და ის გააკონტროლებს, როგორ დაფარავს მოვალე სესხს. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ბანკების დასაცავად არის შექმნილი. მაგალითად, თუ აქამდე ბანკს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მოვალის შესახებ, რეალურად მას თავიდანვე ექნება ყველა ეს ინფორმაცია და ბანკს აღარ დასჭირდება ზედმეტად დასაბუთება იმისა, რამდენად დაარღვია კლიენტმა სესხის გადახდის ვადები და ა.შ. ვფიქრობ, კეთილსინდისიერ გადამხდელს ეს ცვლილება არ შეეხება, მაგრამ ვალის ამოღების პროცესს ბანკის სასარგებლოდ გააიოლებს.

საზოგადოდ, საზოგადოებაში ბანკებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაა როგორც საპროცენტო განაკვეთების, ასევე სესხის გაცემისას მკაცრი მოთხოვნების გამო. ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია და შესაბამისად, ბანკებსაც ოპერირებისთვის უხდებათ ისეთი მექანიზმების გამოყენება, რაც მათ რისკებს მაქსიმალურად დააზღვევს. ცოტა აჭარბებენ და ზედმეტად ითხოვენ რაღაცებს, მაგრამ გარემოც არ არის ისეთი, რომ ბანკს მიეცეს საშუალება ცივილიზებული ფორმით იმოქმედოს. დღეს საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან დიდი რისკებია და შესაბამისად, ბანკსაც კრედიტის გაცემისას ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევს. ახლა კი გამოდის, რომ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცესს, გირავნობა-იპოთეკასა და გადახდებს თავად ფინანსური ინსტიტუტის გარდა, აღსრულების ეროვნული ბიუროც გააკონტროლებს".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უხეში ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში. მეორე მხრივ, ეს არის ადამიანის პირად ცხოვრებაში ხელების ფათური და ცხვირის ჩაყოფა. საკრედიტო ურთიერთობა არის ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა, ეს არის როგორც პირისთვის, ისე ბანკისთვის კომერციული საიდუმლო და სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში არათუ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, პირადი ცხოვრების ხელყოფა და უხეში ჩარევაა. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც გაფორმებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება ფინანსურ ინსტიტუტთან, ეს არის მისი პრივატული ურთიერთობა ბანკთან და სახელმწიფოს ამ ურთიერთობაში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს.

აღსრულების ბიურო აქამდე მხოლოდ მაშინ ერეოდა ბანკისა და კლიენტის ურთიერთობაში, თუ სესხი პრობლემური ხდებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდებოდა სესხის ამოღება. ახლა კი სახელმწიფო უწყების უფლებამოსილება უსაზღვროდ იზრდება.

ეს ცვლილება, ბუნებრივია, აისახება საბანკო სფეროს იმიჯზე და დისკომფორტს შეუქმნის საბანკო პროდუქტის მომხმარებლებს. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს - პოლიტიკური და პოლიციური კონტროლის დამატებითი საშუალება, რათა მან გააკონტროლოს აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი.

(სპეციალურად საიტისთვის)