ტრამპის "შავი სია" და დიდი წმენდა აშშ-ის ხელისუფლებაში - "დიდი დონალდი" მსოფლიო რევოლუციისთვის" ემზადება?!
აშშ-ის მოქალაქეების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. რას მოუტანს აშშ-სა და მსოფლიოს ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში? პროგნოზები სრულიად საპირისპიროა. ამ მხრივ ყველაზე ინფორმირებული, ალბათ, მაინც რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინია, რომელსაც აშკარად პოზიტიური მოლოდინები აქვს. მან შესაბამისი „მესიჯი“ უკვე გაუგზავნა ამერიკელ კოლეგას, როცა ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: - მე არ შემიძლია არ დავეთანხმო მას (იგულისხმება ტრამპი – ბ.ა.), რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, 2020 წელს მისთვის გამარჯვება რომ არ მოეპარათ, შესაძლოა არ ყოფილიყო უკრაინაში 2022 წელს წარმოქმნილი კრიზისიო.
პუტინმა ტრამპის "მონუსხვის" პროცესი დაიწყო?!
პუტინმა ისიც დაამატა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე, ხოლო ტრამპთან ყოველთვის საქმიანი და სანდო ურთიერთობა მქონდაო. როგორც ხედავთ პუტინის მიერ უკვე დაწყებულია ტრამპის „მონუსხვის“ პროცესი. რუსი პოლიტოლოგების შეფასებებს თუ გაეცნობით, ნახავთ მათ ოპტიმისტურ განწყობებს: ბაიდენს მართავდნენ გლობალისტები, რომლებიც ძილშიც კი იმას ხედავდნენ, თუ როგორ დაემარცხებინათ რუსეთი. ტრამპი კი არ ცდილობს რუსეთის დამარცხებას, მისთვის მნიშვნელოვანია შიდაამერიკული პრობლემები (პირველ რიგში, იმიგრანტები). ტრამპს სწრაფი, დიდი გამარჯვებები სჭირდება. მან გააცნობიერა, რომ უკრაინაში სწრაფი გამარჯვება არ ექნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა გადასულიყო გახმაურებული და სკანდალური საკითხების (პანამა, გრენლანდია, კანადა, მექსიკა) წინ წამოწევაზე, ის ამბიციური ადამიანია და ძალიან მალე დაიწყებს შეცდომების დაშვებასო, – ეიმედებათ რუსეთში.
თავად აშშ-ის ძველი-ახალი პრეზიდენტი კი „მსოფლიო რევოლუციისთვის“ ემზადება. შესაძლოა, ბევრმა უსმინეთ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლას, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იყო მსგავსი ღონისძიებების ისტორიაში. პირადად ჩემთვის ეს „რომის იმპერატორის“ გამოსვლა უფრო იყო, ვიდრე - მსოფლიოში „დემოკრატიისა და თავისუფლების ბურჯად“ სამართლიანად აღიარებული ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის. ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო „მოწოდება-ლოზუნგებს“ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლიდან:
„ამ დღიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მთელი მსოფლიო კვლავ პატივს მოგვაგებს... პირველ რიგში ამერიკას დავაყენებ. ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება. ჩვენი უსაფრთხოება აღდგება... ამერიკა უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე - ოდესმე. მე ვუბრუნდები პრეზიდენტობას ოპტიმიზმით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვართ ეროვნული წარმატების ახალი ეპოქის ზღურბლზე... მე, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, არ მაქვს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე დავიცვა ჩვენი ქვეყანა საფრთხისა და შემოსევებისგან და ეს არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ჩვენ ამას გავაკეთებთ იმ დონეზე, რომელიც აქამდე არავის უნახავს. . . ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება ის, რომ გავხდი მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. აი, რა მინდა ვიყო - მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. . . ამერიკა დაიბრუნებს თავის კანონიერ სტატუსს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლევამოსილი, ყველაზე პატივსაცემი ქვეყანა დედამიწაზე, რომელიც აღფრთოვანებასა და მოწიწებას იწვევს მთელ მსოფლიოში. . . ყველაზე მთავარი – პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს, მაგრამ ჩვენ არ მიგვიცია არხი ჩინეთისთვის. პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ... შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ დაინახავს საკუთარ თავს, როგორც მზარდ ერს, რომელიც ზრდის თავის სიმდიდრეს, აფართოებს თავის ტერიტორიას... ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და არ შეიძლება ჩვენ, რომ დავმარცხდეთ. ამ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო”.
არ გაგახსენდათ ბავშვობა და: „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ...“ – საბავშვო ბაღების უცვლელი რეპერტუარიდან?
ტრამპის შეტევა ანუ სახელების გადარქმევა
პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნის „გაძლიერება“ გეოგრაფიულ დასახელებებზე შეტევით დაიწყო. მისი განკარგულებით „მექსიკის ყურეს“ დაერქვა „ამერიკის ყურე“ და ალასკის ქედზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს (რომელსაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, 2015 წელს სახელი გადაარქვეს და „დენალი“ უწოდეს) აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის, უილიამ მაკ-კინლის სახელი დაუბრუნდა.
„ტრამპის რევოლუციის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია არალოიალური ჩინოვნიკების თავისი მხარდამჭერებით შეცვლა და აშშ-ის ყველა ფედერალურ უწყებაზე სრული პარტიული კონტროლის დაწესება. პრეზიდენტობის პირველივე დღესვე ტრამპმა გააუქმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 78 ძველი განკარგულება, ხელი მოაწერა 42 ახალ განკარგულებას და მიიღო 115 საკადრო გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ტრამპი და მისი „გუნდი“ დროს არ კარგავდა და „შავ სიას“ ადგენდა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკვე დანიშნულმა ჩინოვნიკებმა მიიღეს დავალება, გაწმინდონ სახელმწიფო სტრუქტურები ტრამპისადმი „არალოიალური ელემენტებისგან“.
პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი განზრახვა, გაათავისუფლოს ყველა არაპოლიტიკური თანამდებობის პირი და აშშ-ის სპეცსამსახურებიდან მივლენილი თანამშრომლები, რათა საბჭო დაკომპლექტდეს იმ პირებით, ვინც მხარს უჭერს ტრამპის „დღის წესრიგს“.
2025 წლის 21 იანვარს მაიკ უოლცის განკარგულებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის 200-მდე თანამშრომელი გადაიყვანეს სახლიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და აუკრძალეს ადმინისტრაციულ შენობაში დაბრუნება, სპეციალურ ბრძანებამდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თანამშრომლებისთვის სახლიდან ინტერნეტით დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, საიდუმლოების დაცვის რეგულაციებიდან გამომდინარე, მაშინ გასაგებია იქნება, რომ ისინი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს მოვალეობის შესრულებას, ჯერ - დროებით.
მაიკ უოლცმა მედიას ისიც განუცხადა, რომ სურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი დაკომპლექტდეს პერსონალით, რომელიც 100%-ით შეესაბამება პრეზიდენტის დღის წესრიგსო. ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლების შემოწმება პრეზიდენტ ტრამპთან ლოიალობის დასადგენად (კერძოდ კი, თუ ვის მისცეს ხმა 2024 წლის არჩევნებში და გამოაქვეყნეს თუ არა მესიჯები სოციალურ მედიაში, რომელიც შესაძლოა, არ მოეწონოს ტრამპის გუნდს“). ამგვარი, რბილად, რომ ვთქვა, ხისტი „საკადრო წმენდა“ ამერიკელებისთვისაა მიუღებელი, თორემ საქართველოში ხომ ჩვეულებრივი ამბავია: ჩვენთან ახალი მინისტრი დანიშვნისთანავე ყველას ცვლის – მოადგილით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული და, როგორც წესი, მასზე დაბალი პროფესიონალიზმითა და ინტელექტით “დამშვენებული” “თავისი გუნდი” მოჰყავს (პარტიულ სიმპათიებზე ხომ საუბარი ზედმეტია!). დემოკრატიული ქვეყნები კი ყოველთვის იმით იყვნენ გამორჩეულები, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პროფესიონალების (მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა) დაფასების კულტურა ჰქონდათ. იმავე აშშ-ში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ პროფესიონალები საჯარო სამსახურში რჩებოდნენ, როგორც დემოკრატიული, ისე -რესპუბლიკური ადმინისტრაციების დროს. ისიც ცნობილია, რომ როდესაც ჯო ბაიდენმა 2021 წელს თანამდებობა დაიკავა, ტრამპის ადმინისტრაციის პერსონალის უმეტესმა ნაწილმა ჩვეულებრივ გააგრძელა მოვალეობის შესრულება, თუმცა ახალი პრეზიდენტის შურისძიებას ისინი ვერ გადაურჩნენ.
"დიდი დონალდის" შავი სია
2025 წლის 20 იანვარს ღამით დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა: „ჩვენი პირველი დღე თეთრ სახლში ჯერ არ დასრულებულა! ჩემი ოფისი აქტიურად ავლენს და ათავისუფლებს წინა ადმინისტრაციის ათასზე მეტ თანამდებობის პირს, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს ხედვას, „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“.
ეს არის ოფიციალური ცნობა ამ ოთხი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მალე მოჰყვება კიდევ ბევრი: ხოსე ანდრესი - სპორტის, ფიტნესისა და კვების საპრეზიდენტო საბჭოდან, მარკ მილი - ეროვნული ინფრასტრუქტურის საკონსულტაციო საბჭოდან, ბრაიან ჰუკი - ვილსონის ცენტრიდან და კეიშა ლენს ბოტომსი - ექსპორტის საპრეზიდენტო საბჭოდან - თქვენ მოხსნილები ხართ!“ - წერს ტრამპი.
საინტერესოა, კიდევ ვის რგებია ამგვარი „პატივი“: პირადად ქვეყნის პრეზიდენტი (და არა მისი აპარატის უფროსი სუზი უაილზი) მსოფლიოს თვალწინ „შამპანურის საცობივით“ ხსნის სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაგან ზოგი მისი პირადი ოპონენტია (მაგალითად, ცნობილი ამერიკელი რესტორატორი ხოსე ანდრესი, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ყოფილი თავმჯდომარე მარკ მილი და ატლანტის ყოფილი მერი კეიშა ლენს ბოტომსი), ხოლო ზოგი (ბრაიან ჰუკი, რომელიც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი იყო ირანის საკითხებში) ბოლო დღეებამდე ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მაღალ პოსტზე მოიაზრებოდა.
მარჯვნიდან პირველი ბრაიან ჰუკი, 2018-2020 წლებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში
2024 წლის ნოემბერში, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბრაიან ჰუკი აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო დეპარტამენტის გარდამავალი გუნდის ფორმირების პროცესში და გასულ პერიოდში რა მოხდა და რით დაიმსახურა ტრამპის რისხვა, ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ბრაიან ჰუკი ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრე იყო, რის გამოც თეირანმა „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, ბრაიან ჰუკს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები იცავდნენ... 2025 წლის 23 იანვრამდე - სანამ პრეზიდენტმა ტრამპმა დაცვა არ მოუხსნა.
ტრამპის განკარგულებით პირადი დაცვა მოუხსნეს, ასევე, ამერიკის ყოფილ „პირველ მზვერავს“ (ცსს-ს დირექტორს) და შემდეგ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ასევე, პრეზიდენტ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯონ ბოლტონს. არსებული ინფორმაციით, ჰუკი, პომპეო და ბოლტონი აქტიურად იყვნენ ჩართულნი 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვაში, როდესაც აეროპორტზე წერტილოვანი ავიადარტყმების შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის - „ყუდსის“ ძალების მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამის შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით სამივე მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მათი სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის საფუძველი გახდა.
ჯონ ბოლტონი და მაიკ პომპეო
პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპი წყენას არ ივიწყებს. 2021 წლის 7 იანვარს ჯერ კიდევ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კაპიტოლიუმის შტურმი დაგმო და სრულიად მიუღებელი უწოდა. ამასთან ერთად დამნაშავეების დაუყონებლივ დასჯისკენ მოუწოდა. მაშინ უკვე დამარცხებული ტრამპი ფარ-ხმალს არ ჰყრიდა და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, ხოლო კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეები ლამის „ეროვნულო გმირებად“ გამოაცხადა. „თავისიანი“ მაიკ პომპეოს განცხადება მან პირად ღალატად შეაფასა, ამიტომაც იყო, რომ 2024 წლის 10 ნოემბერს, უკვე გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიწვევდა მაიკლ პომპეოს პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციაში.
მაიკ პომპეო და დონალდ ტრამპი, 2018 წლის 26 აპრილი
დონალდ ტრამპისა და ჯონ ბოლტონის დაპირისპირებას კი უფრო სერიოზული მიზეზები აქვს. 2018 წლის აპრილში ტრამპმა ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა. თუმცა ბოლტონმა 2019 წლის სექტემბერში დატოვა ეს უმნიშვნელოვანესი თანამდებობა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზად მასთან "მნიშვნელოვანი უთანხმოება" დაასახელა. შემდეგ გაირკვა, რომ ბოლტონთან ტრამპის უთანხმოების მიზეზი რუსეთთან ურთიერთობის თემა ყოფილა: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკაცრ ხაზს უჭერდა მხარს, პრეზიდენტი ტრამპი კი მას არ ეთანხმებოდა და საპირისპირო პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა.
27 იანვარს ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ - ტომ კოტონმა და ლინდსი გრეჰემმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღადგინოს ჯონ ბოლტონის, მაიკ პომპეოსა და ბრაიან ჰუკის სახელმწიფო დაცვა. თუმცა ტრამპის გეგმები ჯერ უცნობია. ერთი კი ნამდვილად შეიძლება ითქვას: დიდი „საკადრო წმენდა“ და „კუდიანებზე ნადირობა“ კვლავ გაგრძელდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი “MAGA“-ს („Make America Great Again“) გააძლიერებს თუ დაასუსტებს?