სამხრეთული დაპირისპირების მოლოდინში (ევრო 2012, დღე XIX) - კვირის პალიტრა

სამხრეთული დაპირისპირების მოლოდინში (ევრო 2012, დღე XIX)

სულ სამიოდე მატჩი გვაშორებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინიშს და ნეიტრალური გულშემატკივარიც მით უფრო დიდი აზარტით ელის ნახევარფინალურ შეხვედრებს.

პირველ მათგანს, დღევანდელ საღამოს დონეცკის დონბას არენა უმასპინძლებს. ესპანელთა და პორტუგალიელთა დაპირისპირებებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ახლა სამ მათგანს გამოვყოფდით. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ლუიშ ფიგუს ეპოქის პორტუგალიის ნაკრებმა შინაურ კედლებში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ანგარიშით 1-0 სძლია ესპანეთის ეროვნულ გუნდს, დატოვა რა ეს უკანასკნელი ჩემპიონატს მიღმა. ესპანელებმა მეტოქეზე შური ექვსი წლის შემდეგ იძიეს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინაურ ეტაპზე ანალოგიური ანგარიშით დაამარცხეს იგი და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულადაც იქცნენ.

მესამე – მართალია ამხანაგური დაპირისპირება კი 2010 წლის ნოემბერში შედგა. იგი იმდენად მოულოდნელი შედეგით დასრულდა, რომ დღემდე გაოცებას იწვევს ჩვენში. შემთხვევითი ამ ქვეყნად არაფერია და ნუთუ პორტუგალიელთა თავკაცმა პაულუ ბენტუმ, მართლაც იცის ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდების ანგარიშით 4-0 განადგურების საიდუმლო...

რა იქნება ამჯერად? აი საკვანძო კითხვა, რომელზედაც პასუხს მხოლოდ მომავალი მატჩი გაგვცემს. 2010 წლის ნაკრებები დიდად არც შეცვლილან, ამიტომაც გულშემატკივრები და საფეხბურთო სპეციალისტები მატჩის პროგნოზირებამდე, ძალაუნებურად იშველიებენ უახლოეს წარსულში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრას, რომელშიც მომავალმა ჩემპიონებმა პორტუგალიელთა ლიდერ რონალდუს სრული ნეიტრალიზაცია მოახერხეს. როგორც ჩანს, მსოფლიოს წამყვანი საბუკმეიკერო კანტორები დიდად არ ითვალისწინებენ პაულუ ბენტუს თავკაცობით პორტუგალიელთა მიერ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა მიწასთან გასწორებას, რაც აქამდე ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ მოახერხა და დაპირისპირების აშკარა ფავორიტად დელ ბოსკეს გუნდი გამოჰყავთ. მატჩის ძირითად დროში ესპანელთა გამარჯვებაზე კოეფიციენტი 2.0 – 2.2-ს შორის, ხოლო პორტუგალიელებზე კი 4.1 – 4.3 შორის მერყეობს...

ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე მშვიდადაა და მატჩის წინა პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ იცის, თუ როგორ გააუვნებელყოს პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. თანაც დასძენს, რომ მისი ფეხბურთელები საჯარიმო მოედნის სიახლოვეს წესების დარღვევას მოერიდებიან, მაგრამ რამე რომ იყოს, ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს, რომელმაც მშვენივრად იცის კრიშტიანუს დარტყმული საჯარიმოების მოგერიება...

დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული ინტერესით მადრიდის "რეალში" რონალდუს თანაგუნდელი ალვარო არბელოა მოელის. მისი სურვილია, რომ დელ ბოსკემ კრიშტიანუს ნეიტრალიზაცია დაავალოს...

ესპანელებს ბევრს საყვედურობენ ერთგვარ ინერტულობას. გუნდი თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს და ყურადღებას არ აქცევს მატჩის ვიზუალურ მხარეს. ამაზე გუნდის წამყვანი მოთამაშეები ჩაბი ალონსო და ანდრეას ინიესტა ბანალურად პასუხობენ, რომ მთავარი შედეგია და გამარჯვებულებს არ განსჯიან...

მაგრამ განსჯა აუცილებლად იქნება და თანაც სერიოზული, თუკი აქამდე ნაჩვენები თამაშების ფონზე, ესპანეთის ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობება. ქომაგი მათგან ხომ შედეგთან ერთად, მეტოქე გუნდზე მუდმივ დაწოლასა და მრავალ საგოლე მომენტს ითხოვს...

გულშემატკივრები კი ტრადიციისამებრ რომ უშუალოდ მატჩამდე გააქტიურდებიან ხოლმე, სულაც არაა გასაკვირი. ესპანელ ქომაგთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა კრიშტიანუ რონალდუს მწყობრიდან გამოყვანა განიზრახა და დონეცკის სასტუმრო "ვიქტორიის" წინ, სადაც პაულუ ბენტუს გუნდი სტადიონზე გამგზავრებამდე იცხოვრებს, გამოფინა ტრანსპარანტი წარწერით "მესი". ადრესატი "კეთილის მსურველ" სტუმრებს მისასალმებელი ჟესტით შეეგება...

გაცილებით სერიოზულად პორტუგალიელები მატჩზე დანიშნული არბიტრის საკითხს განიხილავენ. საქმე ისაა, რომ ამჟამად უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარეობას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ ვილიარი ითავსებს. ამავე კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი სენეშ ერზიკი წარმოშობით თურქია და კლუბ "ბარსელონასთან" და მის სპონსორთან დაახლოებული პირია. ესპანეთი – პორტუგალიის მატჩს კი მისი თანამემამულე ჯიუნეით ჩაქირი განსჯის...

პორტუგალიაში საზღვრის გამაგრებასაც აპირებენ. აქ კარგად ახსოვთ, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, მრავალმა ესპანელმა გულშემატკივარმა არაადექვატურ და ნასვამ მდგომარეობაში დაარღვია საზღვარი. პორტუგალიელი სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ იგივეს გამეორებას აღარ დაუშვებენ.

იქამდე კი უეფა-მ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია, ერთ-ერთი გულშემატკივრის ჩეხეთის ნაკრებთან მეოთხედფინალური მატჩის დროს სათამაშო მოედანზე გამოვარდნის მცდელობის გამო, 7000 ევროთი დააჯარიმა.

უეფა-ს მკაცრ განაჩენს, როგორც ჩანს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც ვერ გადაურჩება. ესპანელი გულშემატკივრები "ეჭვმიტანილნი" არიან 10 ივნისს გდანსკში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დროს რასისტულ გამოვლინებებში. ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს ვერდიქტი ესპანელთა მიმართ ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ერთ-ერთი ფინალისტი, ვარშავაში იტალია – გერმანიის მატჩში გამარჯვებულის მოლოდინში იქნება კიევის ოლიმპიურ სტადიონზე...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

ყურადღება! ყველაფერი EURO 2012 -ის შესახებ SPORTALL-ზე