ნუთუ კვლავ ესპანეთი? (ევრო 2012, დღე XX) - კვირის პალიტრა

ნუთუ კვლავ ესპანეთი? (ევრო 2012, დღე XX)

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ესპანელთა გუნდის სახელოვანი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებდა, რომ მისი ბიჭები მოერიდებოდნენ პორტუგალიელთა წინააღმდეგ წესის დარღვევას საჯარიმო მოედნის სიახლოვეს... მაყურებელმა კი მთელი მატჩის განმავლობაში კრიშტიანუს მიერ შესრულებული არაერთი სტანდარტი იხილა და ძალაუნებურად რობერტო კარლოსის დარტყმული საჯარიმოებიც გაიხსენა, პარალელიც გაავლო და შეიძლება იფიქრა კიდევაც, რომ ბრაზილიელის ჯარიმები უფრო სახიფათო იყო...

მატჩის შემდგომ კი პორტუგალიისა და ჩეხეთის ეროვნული გუნდების მეოთხედფინალური შეხვედრის წინ ანტონინ პანენკას მიერ მიცემული ინტერვიუ გაგვახსენდა, რომელშიც ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიის შემთხვევაში, უპირატესობას თანამემამულეებს ანიჭებდა პორტუგალიელთა ზედმეტი ემოციურობისა და კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორის გამო, რომელიც "გადამწყვეტ მომენტში პენალტებს ვერ იყენებს..."

გუშინ კრიშტიანუს თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს, მაგრამ სადაც პანენკას პირველი ვარაუდი გამართლდა, რატომ მეორეც არ უნდა ახდენილიყო. საფეხბურთო ექსპერტებს მსგავსი ხედვა ხშირად ახასიათებთ და პორტუგალიელთა თავკაცმა პაულუ ბენტუმაც, ალბათ პანენკასავით იფიქრა და ააცდინა რონალდუს შესაძლო "დამნაშავის" ხვედრი.

არადა კრიშტიანუმ ნამდვილად შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ძირითადი დროის მიწურულს რომ გაეტანა, ალბათ ფინალში პორტუგალიის ნაკრებს ვიხილავდით.

მიუხედავად ამისა, მატჩის დამატებითი დროის შემყურე ნეიტრალური მაყურებელი, ალბათ კმაყოფილი უნდა დარჩეს შედეგით და აღნიშნოს, რომ ფინალში უძლიერესი გავიდა... კრიშტიანუ მართლაც კარგი იყო, მაგრამ რადგან მისი გუნდი დამარცხდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სერხიო რამოსი დაასახელეს.

ესეც სიმბოლურია, რადგან საოცარ მატჩში, რომელშიც თითოეულმა მოთამაშემ უმაღლესი კლასის ფეხბურთი გვიჩვენა, ორივე გუნდის დაცვითი ხაზი დომინირებდა და პორტუგალიელთა მეკარესაც ორი ურთულესი ბურთის აღება მოუწია.

თერთმეტმეტრიანები კი იტალია – ინგლისის მატჩის ტყუპისცალ პაექრობად იქცა და საბოლოოდ ავტორიტეტმა იმარჯვა.

აწი ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო შტაბს აღარ მოუწევს წუწუნი დასვენების ფაქტორის შესახებ, რადგანაც მატჩის შემდგომ სავარაუდოდ დახოცილ იტალიელებს ან გერმანელებს ძალების აღსადგენად, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან შედარებით, ერთი დღით ნაკლები ექნებათ.

პორტუგალიის ნაკრები კი დანარჩენ 15 გუნდთან ერთად, უეფასაგან გარანტირებული 8 მილიონი ევროს გარდა, ნახევარფინალამდე მიღწევისათვის დამატებით 3 მილიონ ევროს მიითვლის. აქვე ვიტყვით, რომ ესპანეთის ნაკრებს, როგორც ფინალისტს, პრემიის სახით 4.5 მილიონს დაუმატებენ, ხოლო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს (ესპანეთს ან მის მომავალ მეტოქეს) კი დამატებით შვიდი მილიონი ერგება.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების მომავალი მეტოქის ვინაობას, სტატისტიკის მიხედვით ეს "სკუადრა აძურა" უნდა იყოს, რომლისთვისაც გერმანიის ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში უხსოვარ დროში თუ მოუგია...

ჟურნალისტებს რა გამოაპარებდათ ასეთ საგულისხმო მომენტს და როგორ შეიძლებოდა რომ არ შეეხსენებინათ იგი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვისთვის... პრესკონფერენციაზე ამ უკანასკნელის პასუხი კი დაახლოებით ასეთი იყო: "ვიცი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი დღით ვფიქრობთ და გერმანიის ნაკრებს ძალუძს იტალიის შესანიშნავი გუნდის დამარცხება. ჩვენ ვიცით, როგორ დავიპყროთ მოედნის ცენტრი". პრესკონფერენციაზე ისაუბრა გერმანელთა ნახევარდაცვის ბურჯმა ბასტიან შვაინშტაიგერმაც. მან აღნიშნა, რომ გერმანიის ნაკრებს წარსულში მოგებული აქვს ისეთი მაღალი კლასის გუნდებისათვის, როგორიცაა ინგლისი და არგენტინა და რატომ არ შეიძლება, რომ მათ რიცხვს იტალიის ნაკრებიც შეემატოს...

თუ რატომ "არ", ირიბ პასუხს შესაძლოა წარსულში დიდი იტალიელი გოლკიპერის – დინო ძოფის პასუხში ვეძიოთ: "როგორც იტალიელებს, ასევე გერმანელებს, შესანიშნავად ბალანსირებული გუნდები ჰყავთ. გერმანელებმა აქამდე ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ პორტუგალიელებთან საკმაოდ გაუჭირდათ და ფორტუნა მათ მხარეს იყო. იტალია კი ის გუნდი არაა, რომ მის წინააღმდეგ შემთხვევითობის ფაქტორმა იჩინოს თავი".

ფინალის მასპინძელ ქვეყანას კი მიუხედავად ფეხბურთისადმი უკიდურესი სიყვარულისა, საერთოდ აღარ ეფეხბურთება, რადგან უკრაინის ნაკრები დოპინგის მიღებაშია მხილებული. როგორც ირკვევა, რამდენიმე ფეხბურთელი პრეპარატ დექსამეტაზონის მიღებაშია ეჭვმიტანილი და როგორც ჩანს, აქამდე არც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბლოხინი ყოფილა საქმის კურსში: "ახლაღა ვხვდები, თუ რატომ იყვნენ მკვდრებივით მინდორზე ნაკრების ფეხბურთელები თურქებთან საკონტროლო მატჩის დროს. ზოგიერთ მათგანს კუჭის გამორეცხვაც კი დასჭირდა" – აცხადებს უკრაინელთა გაოგნებული თავკაცი. საბედნიეროდ "დამნაშავე" უკრაინელი ფეხბურთელები ჩემპიონატის დროს დოპინგ-კონტროლს დაუძვრნენ.

ჩვენთვის – რიგითი გულშემატკივრებისთვის კი ყოველთვის ეჭვის აღმძვრელია ამგვარი ინფორმაციები. უცებ შეიძლება დავფიქრდეთ ესპანელთა "რეაქტიული ძრავის" ჩართვაზე მაინცდამაინც დამატებით დროში უმძიმესი ფიზიკური დატვირთვით მიმდინარე მატჩში პორტუგალიელთა წინააღმდეგ და რუსების "უეცარ სიკვდილზე" ჯგუფური ეტაპის პირველი საოცარი მატჩის შემდეგ...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)