ჩაძირავენ თუ არა უკრაინელი საზღვაო დივერსანტები სირიიდან გამოსულ, ჯავშანტექნიკით გადავსებულ რუსულ გემებს?! - კვირის პალიტრა

ჩაძირავენ თუ არა უკრაინელი საზღვაო დივერსანტები სირიიდან გამოსულ, ჯავშანტექნიკით გადავსებულ რუსულ გემებს?!

სირიის ახალმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ნება დართო მოსკოვს, რომ დაეწყო ტარტუსის საზღვაო პორტიდან რუსული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორების ევაკუაცია...

ამაზე მიუთითებს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია ის ცვლილება, რაც სირიის ტარტუსის საზღვაო პორტის ნავმისადგომებზე მოხდა ბოლო დღეებში.

გასული წლის 8 დეკემბერს, როდესაც ბაშარ ასადის რეჟიმი დაეცა და დამასკოში ახალი ხელისუფლება დამყარდა, რუსეთის გენშტაბმა დაიწყო სირიის სხვადასხვა კუთხეში დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის პატარ-პატარა გარნიზონების სასწრაფო ევაკუაცია და მათი გადასროლა ორ მსხვილ რუსულ სამხედრო ბაზაზე-ჰმეიმიმისში და ტარტუსში.

ჰმეიმიმი საჰაერო ბაზას წარმოადგენს და კრემლს არ გააჩნია იმის ტექნიკური საშუალება, რომ 2015 წლიდან სირიაში ჩატანილი სამხედრო ტექნიკის ათასზე მეტი ერთეულის ევაკუაცია მხოლოდ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით მოახდინოს, რადგან თითოეულ ასეთ თვითმფრინავში მხოლოდ 2-4 ცალი ტექნიკა თუ ეტევა.

ამიტომაც სამხედრო ტექნიკის უდიდესი ნაწილი თავმოყრილი იქნა ტარტუსის სავაჭრო პორტში, სადაც მოსკოვს ჯერ კიდევ 1971 წლიდან ჰქონდა მოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

თანამგზავრულ ფოტოებზე,ჯერ კიდევ ერთი თვის ფიქსირდებოდა ტარტუსის პორტის ნავმისადგომზე თავმოყრილი არანაკლებ ორასი ერთეული სამხედრო სატვირთო ავტომობილი და ორ ათეულამდე ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებიც საზღვაო გზით ევაკუაციას ელოდნენ.

მართლაც, ასადის რეჟიმის დამხობიდან რამდენიმე დღეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ ავრალურ რეჟიმში ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებიდან სირიის ტარტუსისკენ გააგზავნა რამდენიმე დიდი სადესანტო ხომალდი და მშრალტვირთმზიდი გემი ევაკუაციის განსახორციელებლად.

2-tartusii-1738059781.png
ტარტუსის პორტში ორასზე მეტი ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა ერთ თვეზე მეტხანს ელოდა ევაკუაციის დაწყებას...

მაგრამ ამ ხომალდებისა და გემების ეკიპაჟების მცდელობა ,რაც შეიძლება მალე გადაელახათ ატლანტიკის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვაში ფუჭი აღმოჩნდა, რადგან ისინი ტარტუსის პორტში სირიის ახალმა ხელისუფლებამ უბრალოდ არ შეუშვა...

ტარტუსთან ორი კვირა მაინც მოუწიათ დრეიფი რუსული გემების კაპიტნებს, სანამ სირიელებმა ნება დართეს მხოლოდ ორ რუსულ სატვირთო გემს(და არა დიდ სადესანტო ხომალდებს), რომ პორტის ნავმისადგომებთან ღუზები ჩაეშვათ.

18 და 27 იანვრის თანამგზავრული ფოტოების შედარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ რუსულმა მშრალტვირთმზიდმა გემმა Sparta II-მა უკვე გაიტანა ის რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ერთ თვეზე მეტი ელოდებოდა ევაკუაციას, ხოლო ნავმისადგომთან მდგარ მეორე გემთან- Sparta-სთან უკვე დახვავებულია კონტეინერები, მასში ჩატვირთვის პროცესში.

გამოდის, რომ რუსული სამხედრო ბაზების სირიიდან ევაკუაცია მაინც ხდება ,ოღონდ ნაწილობრივი თუ სრული, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს...

თუმცა ახლა,უკვე სხვა საკითხია აქტუალური,თუ სად წაიღებს სირიიდან ევაკუირებულ სამხედრო ტექნიკას, რაც ერთი ქვეითი დივიზიის აღჭურვასაც კი ეყოფა, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა...

3-tartusi-1738059781.jpg
18 იანვრის თანამგზავრული ფოტო-რუსული სამხედრო ტექნიკით გადავსებული სირიის ტარტუსის პორტის ნავმისადგომი ევაკუაციის დაწყებამდე...

27 იანვრის მონაცემებით, ტარტუსიდან ევაკუირებული სამხედრო ტექნიკით დატვირთულ რუსულ გემს Sparta II-ს გეზი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთით ეჭირა და ხმელთაშუა ზღვის შუაგულისკენ მიემართებოდა.

არსებობს მოსაზრება, რომ პუტინს არ სურს დაკარგოს გავლენის ბერკეტები ხმელთაშუა ზღვის აუზში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და ნატოს სამხრეთ საზღვართან, ამიტომაც კრემლი ეცდება სირიიდან ევაკუირებული სამხედრო ტექნიკა ლიბიის იმ ნაწილში გადაიტანოს, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი აკონტროლებს, სწორედ ის ლიბიელი ფელდმარშალი, რომელიც „ლიბიის ნაციონალური არმიის“ მთავარსარდალია და აქამდე რამდენჯერმე ესტუმრა მოსკოვს იარაღის სათხოვნელად.(ამის თაობაზე იხილეთ 12 იანვრის სტატია „სირია რუსულ ხომალდებს ტარტუსის პორტში არ უშვებს, რუსები იძულებულნი არიან სარემონტო ჯავშანტრანსპორტიორები თავად დაწვან...“).

4-tartusi-1738059780.png
იგივე ნავმისადგომი, ოღონდ 27 იანვარს-ნავმისადგომის ჩრდილოეთ ნაწილი დაცარიელებულია, სამაგიეროდ მის სამხრეთ ნაწილში მდგარი რუსული გემი Sparta ელოდება კონტეინერების ჩატვირთვას...

თუმცა არის მეორე ვარიანტიც - უკრაინასთან ომის მესამე წლის თავზე რუსი ოკუპანტები ფრონტის ხაზზე შეტევებზე ხშირ-ხშირად უკვე „ჟიგულებითა“ და ველოსიპედებითაც კი გადადიან, რაც ჯავშანტექნიკის მწვავ დეფიციტზეც მიუთითებს.

ამიტომაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რომ სირიიდან ევაკუიერებული ასობით სამხედრო სატვირთო შეჯავშნული „კამაზი“ და „ურალი“, ასევე ათობით ჯავშანტრანსპორტიორი რუსეთის გენშტაბს სამშობლოში დაებრუნებინა, შემდგომ მათი უკრაინის ფრონტზე გადასასროლად.

მაგრამ, ამას მოსკოვი უმოკლესი გზით,ბოსფორის სრუტის გავლით ვეღარ განახორციელებს, როგორც „სირიის ექსპრესის“ ხომალდებითა და გემებით მანამდე შავი ზღვიდან სირიის ტარტუსში გადაჰქონდა იგივე ტექნიკა.

5-tartusi-1738059780.png

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთანავე, თურქეთმა 1936 წლის მონტროს საზღვაო კონვენციის თანახმად ჩაკეტა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და აღარ ატარებს საბრძოლო ხომალდებსა და სამხედრო ტვირთიან გემებს შავ ზღვაში და პირიქით.

ამიტომაც რუს ადმირალებს მოუწევთ ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის გავლით სირიიდან ევაკუირებული სამხედრო ტექნიკის ჩატანა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების რუსულ პორტებში.

და ამ დროს,უკვე სხვა გარემოებები შეიძლება ჩაერთოს საქმეში...

2024 წლის 27 დეკემბერს ამავე ბლოგის სტატიაში:"კრემლი გაცოფებულია - ვინ აუფეთქა რუსებს კრეისერ „მოსკვას“ ზომის გემი ხმელთაშუა ზღვაში?!"-ვწერდით იმის შესახებ, რომ ესპანეთის სანაპიროდან 70-იოდე კმ-ში ჩაიძირა 142 მ სიგრძის რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, რაც გემის სამანქანო განყოფილების გარე კორპუსზე მომხდარმა ორმა-სამმა აფეთქებამ გამოიწვია. დიდი ალბათობით ეს განხორციელდა გემის კორპუსზე გარედან მიმაგრებული მაგნიტური საზღვაო ნაღმების საშუალებით, რაც წყალქვეშა დივერსანტების ხელწერაზე მიუთითებს...

ძნელია იმის დასაბუთება, რომ ეს სერიოზული საზღავო დივერსია სწორედ უკრაინულმა მხარემ განახორციელა, მაგრამ რუს აგრესორებთან სამწლიან საზღვაო დაპირისპირებაშიც უკრაინელმა წყალქვეშა დივერსანტებმა იმხელა პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს, რომ არაფერია გამორიცხული. მით უმეტეს, პირველ რიგში სწორედ უკრაინა იქნებოდა დაინტერესებული იმაში, რომ ხმელთაშუა ზღვაში თითქმის იმხელავე რუსული გემი ჩაეძირა, როგორიც,სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ სახით მანამდე შავ ზღავში გაუყენა „სამი ასოს“ გზას...