"სრულიად გაუგებარია ის, თუ სად გაქრა ეს ცნობილი ევროპული სამართლიანობა, თუკი ასეთი არსებობდა" - კვირის პალიტრა

"სრულიად გაუგებარია ის, თუ სად გაქრა ეს ცნობილი ევროპული სამართლიანობა, თუკი ასეთი არსებობდა"

სრულიად გაუგებარია ის, თუ სად გაქრა ეს ცნობილი ევროპული სამართლიანობა, თუკი ასეთი არსებობდა - ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას, ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორობა შესაძლებელია სამართლიანი ურთიერთობის ფონზე და არა იმ „ცინიკური დამოკიდებულების ფონზე, რაც საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ“.

„მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო აბსოლუტურად ყველასთვის გასაგები კანონები, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა გააჩნია საკუთარი პოლიტიკით, შეერთებული შტატების მხრიდან, სწორედ ეს მოუდეს შარად ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ კონკრეტული დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ. ამ ზეწოლით, რა თქმა უნდა, ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში. სწორედ სამართლიანი ურთიერთობის ფონზე არის შესაძლებელი პარტნიორობა და არა იმ ცინიკური დამოკიდებულების ფონზე, რაც ჩვენ სამწუხაროდ, ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით," - განაცხადა მათიკაშვილმა.

IPN